მღვდელმონაზონი ანტონ მთაწმინდელი, "XIX საუკუნის ათონელი მამები"
გაგრძელება
ამგვარად, მამა პართენი უნებურად გახდა ჰაჯი-გიორგის მოწაფე.
ყოფილმა ვაჭარმა, რომელსაც მრავალი ნაცნობი ჰყავდა და ბუნება მეწარმისა ჰქონდა, მაშინვე აუწყა ყველას თავისი აღკვეცის ამბავი და საკუთარი მოძღვრის საკვირველი ღვაწლი და დაფარულთმცოდნელობა, რაც მიზეზად შეიქნა მრავალი განსაცდელისა და მწუხარების დაწყებისა მამა გიორგის თავს, მთელი მისი დარჩენილი ცხოვრება შეიცვალა. უხვად, მდინარესავით მოედინებოდა მათთან შემოწირულობანი და ამ დროიდან ბერდიდთან მრავალი რუსი მოვიდა და დარჩენა ითხოვა. მამა პართენი გულმხურვალე შუამავალი გახდა ბერდიდსა და მოსულებს შორის, მამა გიორგი კი ყველას იღებდა, ოღონდ იმ პირობით, რომ სრულ მარხვას შეინახავდნენ. რუსები ყველაფერზე თანხმდებოდნენ, ოღონდ კი ასეთ მოძღვარს დამოწაფებოდნენ. ამგვარად, სულ სამ წელიწადში ძალზე მოწესრიგებული რუსულ-ბერძნული ძმობა შეიკრა. 1873 წელს ბერდიდი კეთილგონივრულად მოიქცა და დარჩენის მსურველი ბერძნული ძმობა კესარიაში დატოვა, თვითონ კი დანარჩენებთან ერთად სხვა ადგილას გადასახლდა. თავიდან გრიგორიატის მონასტრის საზღვრებში სავანის სიახლოვეს დასახლდნენ. საცხოვრებელი შენობა და ეკლესიები ააშენეს მაღალ მთაზე, სადაც წმინდა სტეფანე მთავარდიაკვნის ტაძარი დგას. ამის გამო მადლიერების ნიშნად ჰაჯი გიორგიმ და პართენმა მონასტრისთვის წმინდა მოციქულის, იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარი ააგეს. გაგრძელება
ძმათა საცხოვრებელი დიდი კორპუსი ააშენეს პეტერბურგელი ვაჭრის, ალექსანდრე სტარიკოვის დახმარებით. ძველი, პატარა საყდრის ნაცვლად ახალი, ფართო და ნათელი ეკლესია ააგეს. აქ მათ სულ სამი წელი იცხოვრეს და იძულებული გახდნდენ, სხვა ადგილზე გადასულიყვნენ. რუსიკის მაშინდელმა ბერდიდებმა კარეესის საზღვრებში მდებარე წმინდა სტეფანეს სახელობის კელია შესთავაზეს. პეტერბურგელმა ვაჭარმა ეფრემ სივოხინმა ამ კელიის გამო მონასტერს 6000 მანეთი გამოუგზავნა შენატანის სახით. დაუღალავ მამა პართენს უსაქმოდ ჯდომა არ შეეძლო: ძმობა იზრდებოდა, გაჩაღდა მშენებლობა, გაიმართა სახელოსნოები, მომლოცველებს და რუს კეთილისმყოფელებს ხატებით, ზეთით და მეუდაბნოეთა სხვადასხვა ნაკეთობებით ამარაგებდნენ. ძმობა ორმოცდაათამდე გაიზარდა. ერთ მოწაფეს, მღვდელმონაზონ ანტონს, რომელმაც თავის ვაჟთან და თორმეტ სხვასთან ერთად, რომელთაც მათგან წასვლა მოინდომეს, წმინდა ნიკოლოზის სახელობის "ბელოზარკად" წოდებული დიდი კელია უყიდეს (ბერძნებს "ბელოზარკას" თქმა უჭირდათ და კელიას შემდგომში "ბურეზარი" ეწოდა, - კ.კ.), სადაც ისინი ბერდიდის კურთხევით გადავიდნენ. მან მათ 3000 მანეთი გადასცა, რომელსაც ჰაჯი-გიორგი რუსიკში ინახავდა.
1883 წელს უსიამოვნებამ აიძულა მამა პართენი ეს კელია და თვით მთაწმინდა დაეტოვებინა და კონსტანტინოპოლში გადასულიყო, თან ბერდიდი და ზოგიერთი მოწაფე გაჰყვა. იქ იჯარით აიღეს წმინდა პანტელეიმონისა და წმინდა მღვდელმოწამე ერმოლაოსის სახელობის მიტოვებული მონასტერი, სადაც მათ ჰაჯი-გიორგის გარდაცვალებამდე იცხოვრეს.
ბერდიდი მთელი წელი იყო ავად, ფეხები სტკიოდა და სიარული არ შეეძლო, მაგრამ ექიმს არ ითხოვდა და წამლებს არ იღებდა, თავის მარხვის ტიპიკონს არ დაუტევებდა და სიცოცხლის ბოლომდე საღი გონება და მეხსიერება შერჩა. რამდენადაც შეეძლო, ყველა მისულს ანუგეშებდა, წინაწარ იგრძნო იმ ქვეყნად გადასახლების ჟამი და გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე ძმებს უთხრა: "ძილში სულ სხვადასხვა მდიდრული ნივთებით სავსე მაღაზიას ვხედავდი, რომელთაც კურთხევის ნიშნად უფასოდ ვურიგებდი ხალხს, მაგრამ არაფერი აკლდებოდა. ბოლოს, გაცემით დაღლილმა, უფალს ვკითხე, - ამ ყველაფრის გაცემას როდის მოვრჩები-მეთქი. უეცრად ჩემი მაღაზია დაცარიელებული ვიხილე, მასში აღარაფერი იყო ჩემი კაბის გარდა.
მან ანდერძად დაიბარა, დაემარხათ ბალუკლიაში, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წყარო ცხოველმყოფლის ეკლესიასთან, თავისი ღვიძლი ძმის ანასტასის საფლავში, რომელიც ბერდიდის კონსტანტინოპოლში ამოსვლამდე ორი წლით ადრე გარდაიცვალა.
გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ბერდიდთან ორი მნიშვნელოვანი პიროვნება მოვიდა სათხოვრით. ეგონათ, ბერდიდს დიდი ფული ჰქონდა და სკოლისა და სხვა დაწესებულებებისთვის მიცემა სთხოვეს. ბერდიდმა ზეცისკენ მიუთითა და უთხრა: "ჩემი ბანკი იქაა, აქ მე არაფერი მაქვს - და კიდევ ვალი მაქვს ოთხასი ლირა, რომელსაც ჩემი მევალე მთხოვსო. გარდაცვალების წინა საღამოს დაუძლურებული ბერდიდი აზიარეს წმინდა საიდუმლოს და ასევე გარდაცვალების დღესა და საათს. თავისთან შეკრებილ მოწაფეებს შენდობა და კურთხევა სთხოვა და მშვიდად ჩააბარა სული თვისი უფალს. ეს იყო 1836 წლის 17 დეკემბერს.
პატრიარქმა იოაკიმე IV-მ იზრუნა, რომ პატივცემული ბერდიდისთვის დიდ საპატრიარქო ტაძარში ყველაზე საზეიმოდ აეგოთ წესი, ამის გაკეთება კი დარაქიის ეპისკოპოს ზოსიმეს დაავალა. დაკრძალვაზე მარტო სამღვდელოებიდან ორმოცზე მეტი სასულიერო პირი მონაწილეობდა. პროცესიას უამრავი ადამიანი მიჰყვებოდა. წინ კი ბიჭები და გოგონები მიდიოდნენ, იმ სკოლების და თავშესაფრის აღსაზრდელები, რომელთაც ბერდიდი ბევრს ეხმარებოდა. გარდაცვალების შემდეგ ბერდიდი ბევრ ახლობელს ძილში გამოეცხადა.
ათონზე, კატუნაკში, მრავალი წელი მოღვაწეობდა ბერდიდი მამა ნეოფიტე, თავის მოწაფე ეგნატესთან ერთად. ეს ბერდიდი ძმობილი იყო ჰაჯი-გიორგისა, როგორც ერთი მოძღვრის, მამა ნეოფიტე კარამნოსის მიერ აღკვეცილნი. როცა ჰაჯი გიორგი კონსტანტინოპოლში გარდაიცვალა, ათონზე მამა ნეოფიტემ განსაკუთრებულად იგრძნო ძალის მოკლება. ერთ ხანს საწოლში წამომჯდარმა ბერდიდმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ჩათვლიმა. მალევე გამოფხიზლდა და თქვა:
- ახლა კონსტანტინოპოლში ვიყავი ჰაჯი გიორგისთან!
- იქიდან რა მოგვინატე? - ჰკითხა მოძღვარს ეგნატემ.
- აი, ეს კოლიო მოგიტანეთ!
- მან რა გითხრა? - განაგრძო მამა ეგნატემ.
- მითხრა, რომ სამი დღის შემდეგ ჩემს წასაყვანად მოვა! - უპასუხა ბერდიდმა და გაჩუმდა.
- ჩვენ ბერდიდის ამ ნათქვამს ყურადღება არ მივაქციეთ, - ამბობდა მამა ეგნატე; მაგრამ ჩვენდა გასაკვირად, მამა ნეოფიტე, რომელსაც სიბერის უძლურების გარდა, რაიმე განსაკუთრებული სნეულება არ აწუხებდა, მართლაც სამი დღის შემდეგ, 1886 წლის 20 დეკემბერს, მშვიდად გარდაიცვალა.
ბერდიდი ჰაჯი-გიორგი ძალზე უბოროტო იყო და თუ ვინმეს მისი განაწყენება მოუხდებოდა, ის პირველი ეძიებდა შემთხვევას, რომ კეთილი მიეგო. ცდილობდა, ყველასთან წრფელი მშვიდობა ჰქონოდა: მტრებს შეარიგებდა, მწუხარეებს ანუგეშებდა და ღარიბებს მოწყალებას აძლევდა.