მამა ეფრემ ფილოთეველი. "მამა იოსების გვერდით"
თავი X. ჩვენი დამოკიდებულება ბერდიდ იოსების მიმართ
(გაგრძელება)
ბერდიდი ხშირად თავისთან მიტოვებდა და მარიგებდა, დამმოძღვრიდა, რჩევებს მაძლევდა.
მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რჩევა ამგვარი იყო: "აქ, მთაწმინდაზე, სადაც ჩვენ მოვედით, ვხედავთ მონაზვნებს, რომლებიც სწორად ცხოვრობენ, მაგრამ ვხედავთ არასწორად მცხოვრებ მონაზვნებსაც. ნუ გაგაოცებს ეს და ნუ დაგაბრკოლებს. რამეთუ ის, ვინც სწორად ცხოვრობს და ის, ვინც არასწორად ცხოვრობს, ორივე ერთნაირი კრძალულებით ჩამოვიდა მთაწმინდაზე, ერთნაირი თავისუარყოფით, ერთნაირი მოშურნეობით, ისევე, როგორც ჩვენ, ყველანი. ჩვენ, ყველანი, განვეშორეთ სოფელს, ჩვენ, ყველამ, დავუტევეთ მამა, დედა, შინაურები, საქმე, რომლითაც არსობის პურს მოვირეწდით.(გაგრძელება)
ყველაფერი დავუტევეთ და მთაწმინდაზე მოვედით. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის დიდი საქმე. დიდი საქმე მაშინ იქნება, თუ მთაწმინდაზე მოვალთ და ვნახავთ ბერდიდს, რომელიც დაგვმოძღვრის. ვიპოვით ბერდიდს, რომელიც მოგვაქცევს, გვასწავლის, თუ რა არის მონაზვნური ცხოვრება. და ჩვენ ვხედავთ, რომ ის, ვინც გზას აცდება, ეს იმის გამო შეემთხვევა, რომ ბერდიდი ვერ მონახა. და როცა დაბერდება და სავანის მოძღვარი გახდება, რას გადასცემს თავის მორჩილებს? მხოლოდ იმას, რაც აბადია. და ასე ხდება დაკნინება (მონაზვნობისა, -კ.კ.) მთაწმინდაზე".
ბერდიდი იოსები ამგვარად გვასწავლიდა იმას, რომ მორჩილის სულიერი წარმატება დამოკიდებულია გამოცდილი დამრიგებლის პოვნაზე. უდაბნო თავისთავად რომ აძლევდეს გონებისმიერ ლოცვას, მაშინ ყველას გვექნებოდა, არა მხოლოდ ერთს, არამედ მრავალს. მაგრამ სინამდვილეში გონებისმიერი ლოცვის მუშაკნი თითებზე შეიძლება დაითვალო. იმიტომ, რომ ჭეშმარიტი მასწავლებლები და დამრიგებელნი თითქმის აღარ არიან. უდაბნო ეხმარება, მაგრამ შედარებით და არა მთლიანად. თუნდაც ვინმემ რომ ოპოვოს დამრიგებელი და ამასთან უდაბნოში აღმოჩნდეს, უნდა იშრომოს, რათა თავისი ბერდიდის მადლი მემკვიდრეობით მიიღოს. ერთი სულიერი კაცი, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალია, გაოცებული იყო იმით, რომ ბოლო დროის დიდმა მამებმა მემკვიდრეები არ დატოვეს. ხომ იყო მოძღვარი საბა, მოძღვართა შორის ერთი უდიდესთაგანი, მაგრამ მემკვიდრე არ დატოვა, კალენიკე ბრმა იყო, მისი ლოცვის დროს კელია კეთილსურნელებდა, მაგრამ მანაც არ დატოვა მემკვიდრე. იყო დანიელი, რომლისაგან მამა იოსებმა ტიპიკონი და ბევრი სხვა რამ მიიღო, მაგრამ მამა დანიელის მორჩილმა არაფერი აიღო თავისი ბერდიდისაგან. ამ მამათა გვერდით განა არ იყვნენ ადამიანები? იყვნენ, მაგრამ მათ არ გააკეთეს ის, რის გაკეთებაც მოეთხოვებოდათ.
ჯერ კიდევ ბერდიდი იოსები ამბობდა: "თქვენ აქ პატივცემული ბატონებივით მოხვედით, იპოვეთ ბერდიდი, იპოვეთ ადგილი ეშმაკთაგან გაწმენდილი, გაქვთ ლოცვისა და ღვაწლის გამზადებული წესი - ყველაფერი აწყობილად გაქვთ. მაგრამ რა იქნებოდა, რომ მოსულიყავით და მოძღვარი არ დაგხვედროდათ? წარმოიდგინეთ, როგორ დაუწყებდით მას ძებნას, რამდენ შრომას გასწევდით ისეთი დამრიგებლის ძებნაში, რომელსაც შეეძლება ორიოდე სიტყვა გითხრას თავისი ლოცვითი და მონაზვნური ცხოვრების გამოცდილებიდან ისე, რომ თქვათ: "მოძღვარი ვიპოვეო!" თქვენ კი დამრიგებელი ადვილად ნახეთ, სოფლიდან გამოსვლისთანავე".
მართლაც, მთაწმინდაზე მოსულმა ვიპოვე მაღალ სულიერ საზომს მიღწეული მოძღვარი: თაბორის ნათლით განბრწყინვებული, ლოცვით, ჭვრეტითა და გამოცხადებებით. ასეთი იყო ჩემი ბერდიდი. დამნაშავე ვარ, რადგან მცირედითაც არ მივემსგავსე მას. ყოველ შემთხვევაში, მე თქვენ გადმოგცემთ იმას, რაც შევიტყვე ჩემი ბერდიდისაგან და არა წიგნებით, და ვმოწმობ, რომ ეს სიმართლეა, რამეთუ მე ამ კაცის გვერდით ვცხოვრობდი.
ტრაპეზი
წმინდა ანას სკიტში ერთად ვტრაპეზობდით. მაგიდად გვქონდა ფანერგადაკრული ორი ფიცარი. მორჩენილ ნამცეცებს არ ვიღებდით, მაგიდას არ ვრეცხავდით, ამიტომაც ზედ მუდამ ბუზები სხდებოდნენ: ბერდიდი მაგიდის გასუფთავების ნებას არ გვაძლევდა, ამბობდა: "საერთოდ ხელი არ ახლოთ". ორშაბათის, ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა დღეში ორჯერ ვტრაპეზობდით. მაგრამ დღე და ღამ იმდენს ვშრომობდით ტვირთის გადაზიდვით, მუხლთადრეკით, მღვიძარებით, მოღვაწებით, რომ დანაყრებას ვერასოდეს ვახერხებდით. დილით საშინლად მშივრები ვიყავით. დილით მხოლოდ ხახვს, ზეთისხილსა და ორცხობილას ვჭამდით, მხოლოდ სადილად გვქონდა სრულფასოვანი ტრაპეზი. სადღესასწაულო დღეებში ორჯერ ვტრაპეზობდით.ბერდიდი საჭმელს ყველას მოთხოვნილებისაებრ გვაძლევდა. ჩვეულებისამებრ, ახალი პური არა გვქონდა, მხოლოდ ორცხობილა. თუ გვსურდა ცოტათი რბილი პური გვეჭამა, ბერდიდი ორცხობილებს წყალს ასხურებდა, შემდეგ ათავსებდა ცხაურზე და დებდა მდუღარე წლიან ქვაბზე, ზემოდან კი პირსახოცს გადააფარებდა. ორთქლისაგან ორცხობილები ღრუბელივით რბილდებოდა. ხელოვნებათა ხელოვნება. შიმშილი რაღას არ მოგაფიქრებს კაცს! ძალზე იშვიათად ბერდიდი პურს გვიცხობდა თავისი რეცეპტით. მაჭკატის ცომივით მოზელდა, დაასხამდა ჟანგიან რკინის ფურცელზე და ღუმელში შედებდა. ამგვარი პური წელიწადში ორჯერ გვქონდა ხოლმე, ისიც უფუარი. აბა, საიდან მოვიტანდით ნამდვილ პურს!
ჩვეულებისამებრ, საჭმელს ბერდიდი გვიმზადებდა, ის მშვენიერი მზარეული გახლდათ. კერძის მზადებისას თვალებიდან ცრემლი სდიოდა. და რადგანაც ის მოუკლებელად ლოცულობდა იესოს ლოცვას, მადლი ღვთის სახელისა განსწმენდდა იმას, რასაც ამზადებდა და ეს საჭმელს ძალზე აგემრიელებდა. ამიტომაც მას ხშირად იწვევდნენ ხოლმე სხვა სავანეების ტაძრის დღესასწაულებზე ტრაპეზის მოსამზადებლად. როგორც წესი, ის არ მიდიოდა, მაგრამ ზოგჯერ თითქმის ძალით მიჰყავდათ.
დროდადრო საკმაოდ ბევრი სტუმარი გვყავდა, მათ ძალზე მოსწონდათ ჩვენი საჭმელი. თქვენთან საჭმელი როგორი გემრიელიაო, - ამბობდნენ გაოცებულნი. ბერდიდი მხოლოდ სამარხვო საჭმელს ამზადებდა ხან ტაქინით, ხან ლობიოთი. მაგრამ ეს იმდენად გემრიელი იყო, რომ თევზიც კი არ ახდენდა მათზე ასეთ ძლიერ შთაბეჭდილებას. საჭმელს კი ბერდიდის ლოცვა, მისი კურთხევა აგემრიელებდა. იქ, სადაც ღვთის საქმე აღესრულება, საჭმელიც და წყალიც თაფლივით ტკბილი ხდება. ერთხელ ბერდიდის ვკითხე:
- ეს როგორ ხდება, რატომ არის კერძი ასეთი გემრიელი?
- ეს ღვთისგანაა, იესოს ლოცვისგან. ლოცვა აღესრულება და საჭმელი იკურთხება.
- მამაო, ყოველდღე სამარხვო საჭმელს ვჭამთ. როცა თევზს ვჭამ, თაფლივითაა, როცა ხმელ პურს ვჭამ, ისიც, ლობიოც, ცერცვიც.
- ასეც არის, - თქვა ბერდიდმა, - მისთვის, ვისაც სწორი სულიერი განწყობა აქვს, რასაც არ უნდა ჭამდეს, იმაზე უკეთესი არაფერია. აქედან ნებისმიერს შეუძლია გაიგოს თითოეული ბერის სულიერი მდგომარეობა. ერთმა წმინდანმა მოყვა: ტრაპეზზე ერთი თაფლს ჭამდა, მეორე კი არაწმინდებას - თითოეული საკუთარი განწყობის მიხედვით.
ბერდიდი ღვინოსაც აყენებდა. ყურძენს მზეზე ცოტათი გამოაშრობდა, მერე საკუთარი ხელით დაწურავდა და ჩვენ ძალზე კარგი საეკლესიო ღვინო გვქონდა. ერთ ჩვენ პარიზელ სტუმარს ამ ღვინის გემო მთელი სიცოცხლე ახსოვდა.