13.07.2014
ეს ამბავი XIX საუკუნის რუსეთში მოხდა, კორენის მონასტერში. ბერი ვინმე გარდაიცვალა. იმ დროს მონასტრის წინამძღვარი პეტერბურგში იყო წასული საქმეზე და მხოლოდ ბერის დაკრძალვის დღეს, გვიან საღამოს დაბრუნდა სავანეში.
გზისაგან დაქანცული, სარეცელზე მიწვა დასასვენებლად, ჩათვლიმა და ასეთი ჩვენება იხილა: გარდაცვლილის სული ორ ანგელოზს აჰყავდა ზეცად. სულმა საზვერეები დაუბრკოლებლივ გაიარა. მიუახლოვდნენ ღვთის სასუფეველს, მაგრამ უეცრად აქამდე ღია სამოთხის კარი დაიხშო და შიგნიდან ხმა მოისმა: "ამ ცოდვის გამო ბერის სული ვერ შევაო ღვთის სასუფეველში!" მაგრამ რა ცოდვა იყო ეს, წინამძღვარმა ვერ გაარჩია. ანგელოზები დაბნეულები შედგნენ, არ იცოდნენ, რა ექნათ. ცოტა ხნის შემდეგ კვლავ მოისმა ხმა: "იმ შეურაცხყოფისთვის, იმ უპატიობისთვის, რაც ბერის სხეულმა დაკრძალვისას განიცადა, მიეტევოს ეს ცოდვა და ნება მიეცეს ღვთის სასუფეველში შესვლისაო" (თურმე დაკრძალვისას, როცა კუბოს სამარეში უშვებდნენ, ბერებს ცხედარი გადმოუვარდათ და ისეთი ძალით დაენარცხა მიწას, რომ გარდაცვლილს თავი გაუტყდა). სასუფევლის ბჭენი განიხვნა და გახარებულმა ანგელოზებმა შეწყალებული ბერის სული სამოთხეში შეიყვანეს.
წინამძღვარს გამოეღვიძა, იხმო მონასტრის ძმები, მოუთხრო სიზმრად ნანახი და დაკრძალვის ამბავი ჰკითხა. აღმოჩნდა, რომ გაუფრთხილებლობის გამო მიცვალებულის სხეული მართლაც გადმოვარდნოდათ კუბოდან, მაგრამ რაკი ცხედარი, წესისამებრ, მანტიაში იყო გახვეული, მათ არ იცოდნენ, მართლა გაუტყდა თუ არა მას თავი.
ხილვის ჭეშმარიტებაში რომ დარწმუნებულიყო, წინამძღვარმა მონასტრის ძმებთან მოითათბირა და გადაწყვიტა, ბერის საფლავი გაეთხარა. ასეც მოიქცა. გახსნეს კუბო და აღმოაჩინეს, რომ ბერს მართლაც გასტეხოდა თავის ქალა. ღვთის უსაზღვრო მოწყალებით გულშემუსვრილმა ბერებმა ადიდეს სახიერი უფალი, რომელიც საბაბს ეძებს კაცთა გადასარჩენად. დაილოცოს ღვთის მოწყალება და სამართალი, რომელიც აგრერიგად განსხვავდება კაცობრივი სიმართლისაგან.