ვინმე მონაზონი მამა აქილასთან მივიდა და დაინახა, რომ მან პირიდან სისხლი წამოანთხია. რა დაგემართა, მამაოო, - ჰკითხა. ღირსმა აქილამ მიუგო:
ეს არის ძმის ნათქვამი სიტყვა, რომელმაც შემაწუხა და ვითმენდი, რომ პასუხი არ მიმეგო. ვევედრე ღმერთს, რათა დაევიწყებინა ჩემთვის. ეს სიტყვა პირში სისხლად მექცა, წარმოვნერწყვე, განვისვენე და გულისსიტყვაც მიმავიწყდაო.
*მამა ვიტალი სიდორენკო ამბობდა: მადლის გარეშე ადამიანს არ შეუძლია თავით თვისით მოთმინება. სჯობს დაითმინო ტკივილი და განიწმინდო ცოდვათაგან, ვიდრე ჯანმრთელი იყო და ჯოჯოხეთის ცეცხლისთვის განკუთვნილი. მამა ვიტალის სულიერი შვილი ამბობდა: ღვთისმგმობ და ურწმუნო მეუღლესთან 23 წელი გავატარე. ბევრჯერ მოვინდომე გაყრა, მაგრამ მამა ვიტალი ამის ნებას არ მაძლევდა. მეუბნებოდა ხოლმე: ვინც დაითმენს და თავის ჯვარს ბოლომდე ატარებს, მისთვის გვირგვინი იწვნება და ზეცაში ღვთისაგან ისეთი ჯილდო განემზადება, რომ ადამიანს წარმოდგენაც არ შეუძლიაო.
*მამა სებასტიანე ყარაღანდელს (ფომინი, +1966) ზამთარში, ყინვაში, სასაფლაოზე პანაშვიდის გადახდისას სულიერმა შვილმა ჰკითხა: მამაო, ასეთ ყინვაში უთათმანოდ რკინის ჯვარი ხელთ როგორ გიპყრიათო. მან კი უპასუხა: - ეს რა არის. მართლმადიდებელი სარწმუნოების უარყოფას რომ მაიძულებდნენ, ასეთი გამოცდა მომიწყვეს: მთელი ღამე ყინვაში ანაფორის ამარა დამაყენეს და დარაჯი დამიყენეს, რომელიც ყოველ ორ საათში იცვლებოდა. მე კი გაუნძრევლად ვიდექი. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა ისეთ "ქოხში" მომათავსა, რომ თბილოდა კიდეც. დილით, დაკითხვაზე რომ მიმიყვანეს, მითხრეს: რახან ქრისტე არ უარყავი, მაშინ წადი ციხეშიო და შვიდი წლით ჩამსვეს.
*ქრისტეს სიყვარულისთვის ბევრი განსაცდელი დაითმინა მამა სამსონმაც (სივერსი, +1979). ის წმინდა ალექსანდრე ნეველის ლავრის მნე გახლდათ. ჩეკისტები და ეკლესიის განმაახლებლები მონასტრის საგანძურის საიდუმლო საცავის გასაღებს თხოვდნენ, მაგრამ მამა სამსონმა უარი განუცხადა. მაშინ ჩეკისტებმა ის ე.წ. "ტრამვაიში" ჩასვეს. "ტრამვაი" - ჩეკისტების გამოგონილ სატანჯველთაგან "საუკეთესო" გახლდათ. პატარა ოთახში უამრავი ადამიანია შეყრილი. ერთმანეთს მიკრულებს სივიწროვის გამო განძრევაც არ შეუძლიათ. საკანს კეტავდნენ თითქმის სამი კვირა. ადამიანები ზეზეულად იხოცებოდნენ, იხრწნებოდნენ. ცოცხლებს სიმყრალისგან სუნთქვაც უჭირდათ, ამას დავუმატოთ ლამის ჭკუიდან შემშლელი ნერვული გარემო... მამა სამსონმა ყოველივე დაითმინა და გასაღები არავის მისცა. შემდეგ კი სოლოვკის საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნეს. იქ ჩეკისტებს თურმე ასეთი რამ "მოეფიქრებინათ": პატიმრებს ჩაყრიდნენ სარდაფში, სადაც მშიერ ვირთხებს უშვებდნენ. მალე კაცისგან ჩონჩხიღა რჩებოდა. "მეც ასე მომექცნენ, - ჰყვებოდა მამა სამსონი, - ვირთხები ზედ მახტებოდნენ, მაგრამ მხოლოდ ფრჩხილები მომაღრღნესო. ისინი სუფთა სულის ადამიანებს არ ჭამდნენო".
*ღირსი იოსებ მღვიმელის (ათონელი) თანამოღვაწე მამა არსენი წარმოშობით პონტოდან იყო. ის აღფრთოვანებით იხსენებდა პონტოელ ქრისტიანთა ღრმა სარწმუნოებას, განურისხველობას: პაპა მაგალითი იყო ჩვენთვის, ის არასოდეს მინახავს განრისხებული. სხვებს რჩევებს აძლევდა. თვითონ იყო მათი პირველი აღმსრულებელი. ბებიაც ცდილობდა, რომ ბავშვებისთვის მოთმინების სათნოება ესწავლებინა. ერთხელ პაპა სამუშაოდან დაღლილი დაბრუნდა და სუფრას მიუჯდა. ბებიას კერძში იმდენი მარილი ჩაეყარა, მისი ჭამა შეუძლებელი იყო. "ჰოი, რა მლაშეა", - წამოიძახა პაპამ. ეს ნიშნავდა - წყალი მომიტანეთო. კოკიდან კერძში ბლომად ჩაასხა წყალი და იტრაპეზა. მეორედ კი საჭმელი ბებომ სრულიად უმარილო მოამზადა. არიქა, სამარილეო, - დაიძახა პაპამ. ნატრაპეზევს წამოდგა, ჯვარი გამოისახა და მთელი გულით წარმოთქვა: "გმადლობ შენ, ღმერთო ჩვენო, რამეთუ განმაძღე დღეს ჩვენ". ისე ჩარჩა გულში მამა არსენს ეს სიმშვიდის, მოთმინების მაგალითები, რომ მასზე ამბობდნენ, ხმამაღალი სიტყვაც კი არასოდეს არავისთვის უთქვამსო. მამა არსენი და მამა იოსები ხორცს იმითაც თრგუნავდნენ, რომ ქრისტეს სიყვარულისთვის მთელი ორმოცი წლის განმავლობაში ფეხშიშველნი დადიოდნენ, ზამთარ-ზაფხულ, ყინვასა და სიცხეში, თოვლისა და სიცხისაგან გაქვავებულ მიწაზე.
*XVIII საუკუნეში გარეჯის უდაბნოში მოღვაწეობდა ბერი ზაქარია, დიდად მოღვაწე, მლოცველი, ძმათა მორჩილი და მსახური. შემდგომში იკონომოსადაც დაადგინეს. ზაქარია კეთილად განაგებდა მონასტერს და იყო "ფრიად მომთმინე ყოველსა შინა". ერთხელ კბილი ასტკივდა. მოინდომა მისი ამოღება და ყბაც შეემუსრა. დიდ სალმობას მიეცა. მამანი და ძმანი აიძულებდნენ, წასულიყო სოფელში სამკურნალოდ. მაგრამ ის ანდამატზე უმტკიცესად "მრავლითა მადლობითა ღმრთისათა" ითმენდა, თავის კანონს ასრულებდა და არც მეტანიებს მოაკლებდა. გავიდა დრო, ჭრილობა დაუჩირქდა, დაასხდა მატლები. თუ გადმოვარდებოდა მატლი, ზაქარია მათ კვლავ წყლულზე დაისვამდა და ეტყოდა: "არა ვარ ნეტარ იობზე უმეტესი, ამიტომ, მატლო, სჭამე ჩემი ხორცი, რათა ამით მომეტევოს ცოდვები და განვეშორო დაუძინებელ მატლსა და კბილთა ღრჭენას". უმეტეს ზომისა განძლიერდა სენი, ტკივილმა საშინლად შეაწუხა ზაქარია. დავარდა ღვთისმშობლის ხატის წინ და ლოცვა დაიწყო. ამ დროს ხატიდან უფლის დედის ხმა მოესმა, რომელიც ანუგეშებდა. სიხარულით აღევსო ღირს მამას გული, უმეტესი მადლობით მოითმენდა ტკივილს და ასე აღესრულა...
*მისი თანამედროვე იყო მღვდელმონაზონი დანიელ გარეჯელი, ღირსი და ქართველთაგან ჯერ დაუფასებელი მამა. სიბერისას ისე შეიქმნა ავად, რომ მის გამოჯანმრთელებას არავინ ფიქრობდა. თვითონ კი ტკივილებს ღვთისადმი მადლობით დაითმენდა და სხვათაც ასწავლიდა: "მრავალნი ვერ დაითმენენ და ავადმყოფობის ჟამს დრტვინავენ. თავიანთი მოუთმენლობით ხორციელადაც ვერ იკურნებიან და ვერცა ღმერთს მოიმადლებენ სულიერად. არამედ ჰშვენის უმეტესად მადლობდეს ღმერთს, როცა კაცი ავად იყოს". თვითონ კაცი ტკბილი და სახიერი, აკაკი ბერის უმანკოებას ჰნატრიდა. აკაკი თურმე მტერს ტყვედ ჩაუვარდა. სხვებთან ერთად გაქცევის საშუალება მიეცა, მაგრამ არ გაიქცა. თქვა: ვის ხელთაც ვართ, ამ კაცმა ფულით გვიყიდა ჩვენს გამტაცებელთაგან და ამის პურსა ვჭამთ. რომ გავიქცეთ, ფული დაეკარგება და ვაითუ ღმერთი განვარისხოთო. უფალმა კი ამ მოთმინების წილ კეთილი მიაგო და სასწაულებრივ გაათავისუფლა.
*მამა თეოდორემ და მამა ლუკამ უდაბნოში 50 წელი დაჰყვეს. გულისსიტყვა და უთმინოების ეშმაკი აჭირვებდა მათ, ამ ადგილის დატოვებას ეტყოდა. ისინი კი ამბობდნენ: ზამთრის შემდეგ წავიდეთ აქედანო. გაივლიდა ზამთარი, მოიწეოდა მკათათვე. იტყოდნენ, მომკის შემდეგ დავტოვოთ აქაურობაო. მკისKჟამს კი წასვლას შემდეგი წლისთვის გადადებდნენ და ასე მოთმინებით იცხოვრეს 50 წელი ერთ ადგილას.
*უდაბნოში ერთ ბერს წყალი ძალზე შორიდან და დიდი გაჭირვებით მიჰქონდა თავის კელიაში. ერთხელ სულმოკლე იქმნა და გადაწყვიტა, წყლის მახლობლად დასახლებულიყო. გაუდგა გზას და ამ დროს ხმა მოესმა. მოიხედა - ვიღაც მოჰყვებოდა და მის ნაბიჯებს თვლიდა. ვინ ხარო, - ჰკითხა ბერმა. მე ვარ უფლის ანგელოზი, - მიუგო მან, - ღმერთმა შენი ნაბიჯების დასათვლელად მომავლინა, რათა დიდი მადლი მოგცესო. ესმა რა ეს ბერს, განძლიერდა, წყლიდან მოშორებით, უფრო ღრმა უდაბნოში გადასახლდა.
*ერთი ბერი თავისი მოქსოვილი კალათების გასაყიდად მიდიოდა ქალაქში. ეშმაკმა კი უჩინო ჰყო ისინი. ბერი დადგა და ლოცვა დაიწყო: გმადლობ შენ, უფალო, რამეთუ მიხსენ მე განსაცდელისაგანო. ეშმაკმა ვეღარ აიტანა მისი სიბრძნე, თავშეკავება, მოთმინება და შესძახა: - აჰა, ბოროტო ბერო, შენი კალათებიო.
*თქვა ბერმა: იმიტომ არ წარვემატებით სულიერად და არც ჩვენი თავის საზომი (შესაძლებლობები) ვიცით, რომ არა გვაქვს მოთმინება საქმის აღსრულებისას, რომელსაც დავიწყებთ ხოლმე. გვნებავს სათნოებებით ავსება, ადგილ-ადგილ გადავდივართ, გვგონია, ვიპოვით ადგილს, სადაც არც ჭირი იქნება და არც ეშმაკი.
*თანამედროვე დიდმა მოძღვარმა, ხარლამპე ათონელმა (+2001) ერთხელ სულიერ შვილებს თავისი ხორციელი მამის, ლეონიდეს ამბავი მოუთხრო. ახალდაქორწინებული ლეონიდე თანასოფლელებთან ერთად რაღაც საქმეზე მეზობელ ქალაქში წავიდა. მეზობელი ერთი წამხდარი ახალგაზრდა იყო და ლეონიდე ბორდელში მიიყვანა, ვითომდა სასტუმროაო. მან კი მეზობლის მზაკვრობაზე არაფერი იცოდა. შეაღო სასტუმროს ოთახის კარები და ხედავს, რომ იქ საწოლზე წამოწოლილი ქალი ეპატიჟება თავისთან. შეცბუნდა ლეონიდე, მაგრამ არ შეიმჩნია. ქალს სთხოვა, მწყურია და წყალი მომიტანეო. ისიც კოკით წყლის მოსატანად წავიდა. ლეონიდემ კარი ჩაკეტა, მიწვა საწოლზე და დაღლილს ღვთის განგებით ღრმად ჩაეძინა. უფალი ვნების დათმენისთვის, იმ ურჯულო სიამოვნების სანაცვლოდ მყისვე ახილვებს გემოს სამოთხისეული ნეტარებისა და ნუგეშისა. სიზმრად იხილა, რომ სამოთხის ბაღში დგას. ულამაზესი ჩიტები დამათრობლად გალობენ. ამ ხილვამ დიდხანს გასტანა და წარუშლელი კვალი დატოვა მის ცხოვრებაში.
*მამა ხარლამპე ამბობდა: ზოგჯერ შეიძლება ძმა განაწყენდეს ჩვენზე და მასთან კი მართალნი ვიყოთ. ამ დროს ეშმაკისგან აღძრული მისეული შფოთი ჩვენც გადმოგვეცემა. გვინდა თუ არა, უნდა ვთხოვოთ მას პატიება. მონასტერში ახალმისულს ერთხელ მეც ამგვარი რამ შემემთხვა. უხერხულ სიტუაციაში აღმოვჩნდი, თუმცა სიმართლე ჩემს მხარეს იყო. მაინც მოვიდრიკე მუხლი ძმის წინაშე, შენდობა ვთხოვე, თანაც რამდენჯერმე. ის კი ისევ მლანძღავდა. შინაგანად ავენთე. გავიქეცი მოძღვართან აღსარების სათქმელად. მან კი (მამა იოსებ მღვიმელი-ათონელი) მითხრა: ფრთხილად იყავი, არ გაცთუნოს ბოროტმა, ნუ შეეწინააღმდეგები და პირს ნუ გააღებ, თორემ ყველაფერი ამაოდ დაიკარგება. მასში მჯდომ სატანას სურს, ბაგეთაგან გამოგვტაცოს ერთი სიტყვა მაინც. ელოდება, პასუხის მისაცემად როდის გააღებ პირს, რომ შენში შემოვიდეს. მაშინ ბევრის გადატანა მოგიწევს, მაგრამ ნუ გეშინია, მე ვილოცებ შენთვის, მალე დაგიბრუნდება სული სიმშვიდისაო. მართლაც, ჩემი მოძღვრის ლოცვით იმავე წამს დავმშვიდდი, - ბრძანა მამა ხარლამპემ.
*წმინდა გრიგოლ დიალოღოსი მოგვითხრობს: ერთი მონასტრის წინამძღვარი, სახელად სტეფანე, წმინდა კაცი იყო, უფრო მეტად მოთმინების სათნოებით გამოირჩეოდა. ზეციური სამშობლოს სიყვარულისთვის გაურბოდა ყოველგვარ ამსოფლიურ სიმდიდრეს. მიიდრეკდა თავს სოფლის შფოთისაგან და მხოლოდ წმინდა ლოცვას აღასრულებდა. სათნოება მოთმინებისა ისე აღორძინდებოდა მასში, რომ ის თავის მეგობრად თვლიდა ყველას, ვინც აწყენინებდა. შეურაცხყოფისთვის მადლობას მიუგებდა, ზარალს დიდ შემოსავალს უწოდებდა, მტრებს კი თანაშემწეებს ეძახდა. სიკვდილის დღეს მის სასთუმალთან მრავალი შეიკრიბა. ზოგიერთმა ხორციელი თვალებით ამ წმინდა კაცის სულის წასაყვანად ზეცით ჩამოსული ანგელოზები იხილა.
*პირგოსის ლავრაში მკაცრი ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ბერი მიროგენი. ამ ღირს მამას წყალმანკი შეეყარა. მამებმა ინახულეს და შეიცოდეს. მას უთქვამს, ჩემთვის ილოცეთ, მამებო, რადგან ჩემს შინაგან კაცსაც არ შეემთხვას ამგვარი სნეულება. ვევედრები ღმერთს, მალე არ გამათავისუფლოს მისგანო.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი