სტანისლავ სენკინი ათონური მოთხრობები
(გაგრძელება)
მოძღვარმა კიდევ უფრო შემპარვად დაიწყო საუბარი:
(გაგრძელება)
- გრიგოლ, ერთი საიდუმლო უნდა გაგიმხილო, მაგრამ უნდა დამპირდე, რომ ამის შესახებ ვერავინ შეიტყობს.
დაინტრიგებული მონაზონი მაშინვე დათანხმდა:
- რა თქმა უნდა, მამაო, სამარე ვიქნები.
- ასე რომ, მისმინე. ამასწინათ უფლისგან გამოცხადება მქონდა მთაწმინდის ყველაზე თავმდბალ ადამიანებზე. ნანახმა იმდენად განმაცვიფრა, რომ თავიდან შევეჭვდი კიდეც, თუ რამდენად ღვთისგან იყო ეს გამოცხადება. მაგრამ მერე ყველაფერი თავის ადგილზე დადგა, - ამ დროს მამა ექვთიმე უეცრად ჩაფიქრდა, თითქოს რაღაც გაახსენდაო, - ასე რომ, ამ წმინდა პირამიდის მწვერვალზე დგას მამა ბოგდან მაკედონელი, რომელიც კავსოკალივაში წმინდა დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის კელიაში ცხოვრობს. მე მას დიდი ხანია ვიცნობ, გრიგოლ, ის სკვნილებს ქსოვს და ამით საარსებო ფულს შოულობს. ვისურვებდი, რომ მისგან ისწავლო ცოტაოდენი ნამდვილი თავმდაბლობა, ამიტომ გგზავნი მასთან ერთი დამატებითი დავალებით.
- რა კარგია!
გრიგოლს მთლიანად დაავიწყდა თავისი მწუხარება და უკვე წარმოიდგინა, თუ როგორ შეხვდებოდა ათონის და, შესაძლებელია, მსფოლიოში ერთ-ერთ ყველაზე თავმდაბალ ადამიანს. რამხელა მადლია"...
მოძღვარმა ანაფორის ჯიბიდან ასი ევრო ამოიღო და გრიგოლს გადასცა.
- ხვალ იღუმენისგან კურთხევა აიღე და კავსოკალივაში წადი. მამა ბოგდანს უთხარი, რომ მისგან ოთხი სკვნილის ყიდვა გინდა. ახლა კი კელიაში დაბრუნდი, გვიანია, - მან მას მკლავზე ხელი მოჰკიდა და წამით შეაჩერა, - ხომ ყველაფერს ზუსტად შეასრულებ?
- რა თქმა უნდა, ყველაფერს ისე გავაკეთებ, როგორც დამიწერეთ: შვიდჯერ სკვნილზე ჩამოლოცვა მუხლთადრეკით.
- მაშინ, კარგი... წადი, ძვირფასო.
- მაკურთხეთ, მამაო! - ხვალინდელ დღეზე მოფიქრალი გრიგოლი გახარებული წავიდა კელიაში. მეორე დღეს ახალგაზრდა ბერძენი მონაზონი, რომელსაც ცუდი ხასიათი ჰქონდა, იღუმენისგან კურთხევამიღებული, ჩაჯდა ორთქლმავალში და კავსოკალივის სკიტში გაემგზავრა თავმდაბლობის სასწავლებლად. ორთქლმავალი ათონის გასწვრივ მიცურავდა და მონაზონიც მშვენიერი, მწვანეში ჩაფლული მონასტრებისა და სკიტების ცქერით ტკბებოდა. კავსოკალივა ბოლო გაჩერება იყო და მანამდე კიდევ დიდხანს უნდა გეცურა. გრიგოლმა შეამჩნია ერთი ნაცნობი სორომახი (მწირი) - რუსი მონაზონი, რომელიც უკვე მთელი წელია, რაც მთაწმინდაზე მონასტრიდან მონასტერში მიმომწირობდა.
- გამარჯობა, ნიკოლოზ, როგორ არის შენი საქმეები?
- ძალიან კარგად, შენთან რა ხდება? - ნიკოლოზი ბერძნულად ცუდად საუბრობდა და მხოლოდ ყველაზე მარტივი ფრაზები იცოდა.
- კარგად, ნორმალურად, საითკენ გაგიწევია?
- გრიგორიატში. შენ სად მიდიხარ?
ისინი ხმამაღლა საუბრობდნენ და ძრავას ხმის დაფარვას ცდილობდნენ.
- კავსოკალივაში მივდივარ მამა ბოგდანთან, იცნობ მას?
ნიკოლოზმა თითქოსდა გაოცებულმა თქვა:
- ვინ არ იცნობს იმ ბოროტ მონაზონს.
- ბოროტს?! - გრიგოლი ჩააფიქრა, თუ რაოდენ დიდია ეშმაკის შური. ათონის ყველაზე თავმდაბალ ადამიანს ვიღაც რუსი მაწანწალა ბოროტს ეძახის.
- გაჩუმდი მაინც, ნიკოლოზ, როგორც ვხედავ, შენ თვითონვე გაბოროტებულხარ. სჯობია უკან, შენს რუსეთში გაბრუნდე. ყველა აქ რატომ მოიწევთ, განა იქ, თქვენთან, ღმერთი არ არის?
განაწყენებული ნიკოლოზი სწრაფად დაემშვიდობა, ორთქლმავლის სხვა მხარეს გადავიდა, გრიგოლმა კი საკუთარ თავს სიფიცხისთვის უსაყვედურა და ლოცვაში ჩაიძირა.
ორთქლმავალი, როგორც იქნა, მივიდა ბოლო ნავსადგურამდე. კატერის გასასვლელში ყველა ერთად აირია - ჭაღარათმიანი მამები ათასნაირი რამით დატვირთული ჯორებით, თოფრააკიდებული ახალგაზრდა მორჩილები, მუშები და აღფრთოვანებული მომლოცველები. გრიგოლმა ჰკითხა ერთ თავაზიან სქემოსან მონაზონს, რომელსაც გასაოცრად მორჩილი ჯორი ჰყავდა, თუ სად მდებარეობდა სკიტში დიდმოწამე დიმიტრის კელია. როცა ამომწურავი პასუხი მოისმინა, გრიგოლს გაეღიმა, მიხვდა, რომ მამა ბოგდანი საკმაოდ ცნობილი მონაზონი და, შესაძლოა, პატივცმული ბერდიდიც არის - უცნაურია, რომ ადრე მის შესახებ არაფერი გამეგონაო, - გაიფიქრა. გრიგოლმა მადლობა გადაუხადა მონაზონს, მტკიცედ იპყრა კვერთხი და ძველ ქვის კიბეს შეუდგა.