მღვდელმონაზონი ანტონ მთაწმინდელი, "XIX საუკუნის ათონელი მამები"
(გაგრძელება)
სხვა მონაზონი ქრისტეფორე, ხუთი წლის განმავლობაში ზუსტად აღასრულებდა ბერდიდის წინაშე წმინდა მორჩილებას
, ბოლოს დაუძლურდა, როცა იგრძნო, გაბედა და ბერდიდს ამგვარი თხოვნით მიმართა:- მამაო, გამიშვი იმ ქვეყანაზე!
ბერდიდმა უპასუხა:
- შენ ცოტა მემსახურე და ახლა გაშვებას მთხოვ?
გულუბრალო ქრისტეფორემ უპასუხა:
- ცოტა ხომ სრულყოფილ მორჩილებაში ხუთი წელი, ერთი სიტყვაც კი არ შემიბრუნებია შენთვის; ამიტომ ვიდრე ცოცხალი ხარ გამიშვი, თორემ როცა მოვკვდები, უშენოდ, შეიძლება ეს ყველაფერი დავკარგო.
ბერდიდმა ილოცა უფლის მიმართ, უბრძანა მას, რამდენიმე დღის მერე მზად ყოფილიყო. გადის დღეები, ქრისტეფორე შეახსენებს, რომ უკვე ცოტა დარჩა. გადაიხადეს ღამისთევის ლოცვა, ზეთი სცხეს, აზიარეს წმინდა საიდუმლოს - უფლის წმინდა სისხლსა და ხორცს. ბოლოს, მისი სულის წასაყვანად უფლის ანგელოზები მოვიდნენ. მაშინ მან უთხრა შეკრებილ ძმებს:
- ჩემს წასაყვანად მოვიდნენ, შემინდეთ!
ძმები დაემშვიდობნენ და შემდეგ ბერდიდმა ამგვარი სიტყვებით აკურთხა;
- წადი უფალთან და იქ ილოცე ჩვენთვის!
მშვიდობიანად მიაბარა სული თვისი. ასე გარდაიცვალა ნეტარი ყმაწვილი ქრისტეფორე.
ჰაჯი-გიორგის ერთ-ერთი მოწაფე ერში წავიდა და იქ მრავალ ცოდვაში ჩავარდა. მიუხედავად ამისა, დიაკვნად ხელდასხმა მიიღო. ამ ხარისხში ის მრუშობის ცოდვაში ჩავარდა, მაგრამ შეინანა, ბერდიდთან დაბრუნდა და ორმოცი დღე დიდ სინანულში გაატარა, ასე რომ, მან თავისი სიკვდილის შესახებ წინასწარ შეიტყო. მან სთხოვა ბერდიდს ისევ თავის მოწაფეთა შორის ჩაერიცხა, რასაც ჰაჯი-გიორგი დაპირდა - და მშვიდად მიიცვალა უფლისა მიმართ.
სხვა მოწაფე, რომელიც სიკვდილის პირას იყო, ღირსი შეიქმნა ზეციური გამოცხადებისა: მას დიაკვნების სახით ოთხი ანგელოზი გამოეცხადა - შენს წასაყვანად გამოგვგზავნესო. ავადმყოფმა მათ განუცხადა, - მოძღვრის კურთხევის გარეშე ვერ გამოგყვებითო და ყოველივე ბერდიდს მოუთხრო. სულიერ ცხოვრებაში გამოცდილ მამა გიორგის შეეშინდა, რომ ეს ხიბლი არ ყოფილიყო ბნელი ძალებისა, რომლებიც მოციქულის სიტყვისაებრ ნათლის ანგელოზებად გარდაისახებიან და მოწაფეს უპასუხა:
- უთხარი შენს წასაყვანად მოსულებს, რომ ჯერ მზად არ ხარ, ორი დღის შემდეგ მოვიდნენ.
ის ასეც მოიქცა. ავადმყოფმა მისთვის გამოთხოვილი მცირე დრო მოუკლებელ ლოცვაში გაატარა. ორი დღის შემდეგ, იმავე საათზე მას ზეცის მოქალაქენი ისევ გამოეცხადნენ, მისი სული სხეულს გაჰყარეს და ზეციურ, სამოთხის სავანეებში შეიყვანეს.
ერთხელ ჰაჯი-გიორგის ღვთისმშობლის ხილვა ჰქონდა: რომლის მარჯვნივ ანგელოზთა დასი იდგა მეომრების სახით, ხოლო მარცხნივ - ეშმაკები თურქი ჯარისკაცების სახით და მათთან სამსჯავროზე ათონზე დაუდევრად მცხოვრები მონაზვნები მიჰყავდათ. ღვთისმშობელმა თქვა: "მე არ დავუშვებ, რომ ზარმაცები (დაუდევრები) ცხოვრობდნენ ჩემს წილხვედრ მიწაზე" და თურქებს მათი მოწყვეტა უბრძანა, მოკლულთა სხეულებს კი ჰაერში ისროდნენ.
ხდებოდა ხოლმე, რომ ზოგიერთი გამოუცდელი ეწინააღმდეგებოდა და ეუხეშებოდა ბერდიდს, მაგრამ ასეთები მალევე ავად ხდებოდნენ, ანდა სხვა რაიმე ურვა შეემთხვეოდათ. თუ ზოგიერთები სავსებით კარგავდნენ მოთმინებას, მაშინ მათი სიცოცხლე მცირე ხანსღა გრძელდებოდა, რომელთაც დარჩენა არ უნდოდათ, მათ ბერდიდი აღარ აჩერებდა, უშვებდა, მხოლოდ ეტყოდა ხოლმე: "თუ ჩემთან იცხოვრებ და დაასრულებ სიცოცხლეს - ცხონდები, მე დაგიდგები თავდებად ღვთის წინაშე, ხოლო თუ წახვალ, პასუხს არ ვაგებ".
ჰაჯი-გიორგის მრავალი მოწაფე სხვადასხვა ადგილას, პატარა ქოხებში, სრულ უპოვარებაში განცალკევებით ცხოვრობდა. ხშირად ყოველდღიური საკვებიც კი არ ჰქონდათ. ერთხელ, დიდმარხვისას, მან სქემაში აღკვეცა ამგვარი გლახაკი ოცდათხუთმეტი კაცი, გაამზადა ისინი ამისთვის და თავისი სამოსიც კი გადასცა. ბერდიდს მტკიცე რწმენა ჰქონდა, რომელიც მან მრავალი განსაცდელისა და მწუხარებათა დათმენის მერე შეიძინა. ხშირად იღებდა ვალებს, და ყოველთვის ცდილობდა, მასთან მისული ღატაკებისთვის შეძლებისდაგვარად ყოველივე აუცილებელი მიეცა.
მის უდიდეს დამსახურებად შეიძლება ჩაითვალოს ისიც, რომ რამდენიმე თურქის ქრისტეს რწმენაზე მოქცევაც მოასწრო, რომელთა შორის ერთი აღაც იყო. ნათლისღებისთვის გამზადებული აღა მოვიდა კესარიაზე ბერდიდთან, წმინდა საიდუმლოს დაფარულად მისაღებად, მაგრამ უეცრად სხვადასხვანაირი გულისთქმა დაატყდა თავს და ბერის ბოლო დაძახილზე, რომ ყველაფერი მზად იყო, უარი თქვა მონათვლაზე. ღრმად დამწუხრებულ ბერდიდს დიდი ძალისხმევა დასჭირდა აღას დასამშვიდებლად, ბოლოს, როგორც იქნა, მისი გულწრფელი სურვილიც აღსრულდა და მონათლა იგი. ბერდიდი აღას ნათლია გახდა.
ბერდიდის ერთ-ერთი მოწაფე პაისი, მდიდარი ვაჭრის შვილი, ჰაჯი-გიორგისთან სიყმაწვილეში მოვიდა და თავიდანვე განსაცდელი დაატყდა თავს - როგორც კი მოვიდა, ბერდიდმა ის გააგდო და პაისიმ მთელი კვირა ბერდიდის მოწყალების მოლოდინში გარეთ, სიცივეში გაატარა. ბერდიდთან გატარებული რამდენიმე წლის მერე, პაისიმ აღიარა, რომ სოფელში დაბრუნება სურდა, მაგრამ ბერდიდმა მისთვის მხურვალედ შესთხოვა ღვთისმშობელს და იგი ღირსი შეიქმნა ანგელოსთა ხილვისა, რომელთაც მისი ლოცვა ქარტიაზე დაწერილი, ღვთისმშობელს აუტანეს, უფლის დედამ კი პაისი ჰაჯი-გიორგის აჩუქა. მან შემდეგ ექვსი წელი გაატარა სრულყოფილ მორჩილებაში, ღვაწლსა და მდუმარებაში. სიკვდილის წინ კი პაისი უფლის ხილვის ღირსი შეიქმნა.
მამა პაისის შეთანხმება ჰქონდა ბერდიდთან, რომ ის მასზე ადრე მოკვდებოდა. ერთხელაც ბერდიდი სასიკვდილოდ დაავადდა. მისი სული უკვე ანგელოზებს ზეცაში მიჰყავდათ და იგი სამოთხის გამოუთქმელ სილამაზეს სჭვრეტდა. ამ დროს იხილა, რომ ანგელოზი, რომელსაც მისი სული აჰყავდა, პაისის ეკამათებოდა, რომელიც ამბობდა, რომ ბერდიდთან პირობა ჰქონდა დადებული, რათა მასზე ადრე მომკვდარიყო. სძლია პაისიმ, ბერდიდს სიცოცხლე დაუბრუნა, როცა ბერდიდი გამოფხიზლდა, თავის გარშემო მტირალი მოწაფეები იხილა.
ერთხელ ბერდიდმა ჰაჯი-გიორგიმ, ხელსაქმობისას უნებურად დიდი ნემსი გადაყლაპა. დიდად სწამდა წმინდა დიდმოწამე მინასი და მას ლოცვით მიმართა. წმინდანი წარდგა მის წინაშე, ხელი ხახაში ჩაუყო და ნემსი ამოაცალა.
მონაზონი ანასტასი, რომელიც სამღვდელო ხარისხის ღირსი შეიქნა, თავისი ბერდიდის გვერდით 25 წლის მანძილზე კარგად ცხოვრობდა. მას ლოცვის მიმართ დიდი გულმოდგინება ჰქონდა და ღამის განმავლობაში მთელი ფსალმუნნი ზეპირად დაისწავლა, მაგრამ შემდეგ ეშმაკის მოქმედებით, მან ბერდიდისაგან დაფარულად რაღაცების შეძენა და თავის ჩაკეტილ კელიაში დამალვა დაიწყო, რისთვისაც, ღვთის დაშვებით, ეშმაკებმა სიკვდილის პირას მიიყვანეს. ბერდიდმა აიღო ნაკურთხი წყალი და ჯვრის სახით ასხურა. ისააკი გონს მოვიდა, ბერდიდს მუხლებში ჩაუვარდა და სთხოვა, წაეღო და მოეშორებინა მისთვის, რასაც კელიაში მალავდა. იცხოვრა ისააკმა ღვთივსასურველად და სიკვდილის წინ ანგელოზთა ხილვის ღირსი შეიქნა.
ერთხელაც ჰაჯი-გიორგის წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედი გამოეცხადა და უთხრა: "ოთხშაბათსა და პარასკევს მე დედის ძუძუს არ ვწოვდი, ახლა კი რუსეთში მარხვებს არ იცავენ, რისთვისაც მათ მრავალი განსაცდელი შეემთხვევათ. მე რუსებს ბევრს ვეხმარები, მაგრამ ისინი ძალზე ცუდად ცხოვრობენ".