წმინდა იოანე ქოზიბელი (ახალი) რუმინეთში დაიბადა 1913 წელს. ადრე დაობლებულს ბებია ზრდიდა. მალე ისიც გარდაიცვალა.
სიკვდილის წინ მოხუცს ღვთისთვის უთხოვია, - მონაზვნობა მსურდა, მაგრამ შვილიშვილის გაზრდა მარგუნე, გევედრები, მან მაინც აღასრულოს ჩემი აღთქმაო. ილიამ (ასე ერქვა ერისკაცობაში) დაამთავრა სკოლა. არ იცოდა, რა გზას დასდგომოდა. ერთ დღეს, გულმხურვალე ლოცვის შემდეგ, ხმამ მონასტრისკენ მოუწოდა. მართლაც, მალე ნიამეცის მონასტერს მიაშურა. 23 წლისა პალესტინის მოსალოცად წავიდა და სამუდამოდ იქვე დარჩა. 1953 წელს წმინდა გიორგი ქოზიბელის მონასტრის ახლოს მღვიმეში დასახლდა, სადაც 7 წელი მოღვაწეობდა. დღე-ღამეში 3 საათი ეძინა, დღეში ერთხელ, საღამოობით, იხმევდა პურსა და წყალს. უაღრესად ასკეტურად ცხოვრობდა. 1960 წლის 4 აგვისტოს წმინდა იოანე 47 წლისა გარდაიცვალა. 20 წლის შემდეგ მისმა სულიერმა შვილებმა მამა იოანეს აკლდამა გახსნეს. ღირსი მამის სხეული უხრწნელი აღმოჩნდა, გარშემო კი კეთილსურნელება დატრიალდა.
* წმინდა იოანე რუსი რუსებთან ბრძოლის დროს ტყვედ ჩაიგდეს თურქებმა და ბოლოს ერთ არაბს მიჰყიდეს. ბატონი აიძულებდა, ქრისტე უარეყო, მაგრამ უდრეკი იყო იოანე. ბევრ წამებას გაუძლო. ბოლოს უთხრა თურქ ბატონს: ყველაფერს აღვასრულებ, ოღონდ რწმენის შეცვლას ნუ მაიძულებო. თურქი დათანხმდა. წმინდა იოანე საჯინიბოში დასახლდა. დღისით ცხენებს უვლიდა, სხვა საქმეებსაც აკეთებდა, ღამით კი მუხლმოდრეკილი ლოცულობდა. განთიადისას მცირე ხნით მოასვენებდა დაღლილ სხეულს. თავის საჭმელს გლახაკებს უნაწილებდა, თვითონ კი ხშირად პურსა და წყალზე გადაივლიდა. ყოველდღიური მარხვა და ლოცვა განაძლიერებდა იოანეს. შაბათობით მიდიოდა ბერძნულ მართლმადიდებლურ ტაძარში და ეზიარებოდა უფლის სისხლსა და ხორცს. 1730 წელს 40 წლისა გარდაიცვალა, მაგრამ უკვე დიდი მადლი მოეპოვებინა. სიკვდილის წინ მოინახულა მღვდელმა, თურქებისგან ფარულად ვაშლში ჩამალული წმინდა ზიარება შეუტანა და აზიარა. წმინდა იოანე ეკლესიის ახლოს დაკრძალეს. უამრავი ხალხი - ბერძნები, თურქები, სომხები - მიდიოდა მის საფლავთან და კურნებას იღებდა. სამი წლის შემდეგ წმინდა იოანე გამოეცხადა მღვდელს და უთხრა, რომ მისი სხეული უხრწნელი დარჩა. გათხარეს საფლავი და წმინდა იოანეს მირონმფრქვეველი უხრწნელი სხეული ტაძარში გადაასვენეს. საუკუნის შემდეგ მუსლიმანებმა წმინდანის სხეულის დაწვა სცადეს, მაგრამ ვერ შეძლეს. ყველამ დაინახა, ცეცხლში ფეხზე მდგომი წმინდა იოანე მრისხანე სახით როგორ ემუქრებოდა მკრეხელებს. წმინდანის უხრწნელი სხეული 1924 წელს კუნძულ ევბეაზე გადაასვენეს და მის სახელზე დიდი ტაძარიც ააგეს. ერთხელ წმინდა იოანე მამა იაკობ ევბეელს გამოეცხადა და უთხრა: ქრისტიანები ფიქრობენ, რომ მე მოვკვდი, მივიძინე, მაგრამ ცოცხალი ვარ და ყველაფერს ვხედავ. სხეული ჩემი სარკოფაგშია, მე კი ხშირად გამოვდივარ იქიდან და ადამიანებს შორის დავდივარ დასახმარებლად. ისინი მე ვერ მხედავენ, მე კი ვხედავ. შემდეგ შევდივარ ჩემს სარკოფაგშიო.
* მადლი და შეწევნა წმინდანთაგან მამა იაკობსაც უგრძნია. ერთხელ იგი საშინელმა რადიკულიტმა მიაჯაჭვა საწოლს. კაცნი თავიანთი წამლებით ვერ კურნავდნენ. მაშინ მამა იაკობი შეევედრა წმინდა დავით ევბეელს, წმინდანი გამოეცხადა და განკურნა. მრავალი წლის შემდეგ საშინელმა ავადმყოფობამ ის კვლავ ლოგინად ჩააგდო. მაშინაც წმინდა დავითს მიმართა: - წმინდაო, გევედრები, ათ წუთში მოდი და დამეხმარე. გზად შეიარე პროკოპიაში და წმინდა იოანე რუსიც წამოიყვანეო. რამდენიმე წუთში გაიღო პალატის კარი და თეთრწვერა ბერი შემოვიდა კვერთხით ხელში, თან ახალგაზრდა კაცი შემოჰყვა. "მე მამა დავითი ვარ, ეს კი იოანე აღმსარებელია. შენს დასახმარებლად მოვედითო". ისე სწრაფად ევლო წმინდა დავითს, რომ შუბლზე ოფლი გადასდიოდაო, - ამბობდა მამა იაკობი. უფლის წმინდანთა ლოცვით მამა იაკობი განიკურნა.
* მრავალი დევნა, ცილისწამება დაითმინა წმინდა მღვდელმთავარმა ნექტარიოს პენტაპოლელმა. ღმერთმა სიცოცხლეშივე სასწაულმოქმედად გამოაჩინა, ხოლო როცა გარდაიცვალა, მრავალი ნიშ-სასწაულით განადიდა. წმინდა ნექტარიოსი საავადმყოფოში აღესრულა. პალატაში მის გვერდით ერთი დამბლადაცემული იწვა. გარდაცვლილ მღვდელმთავარს პერანგი გახადეს და მის საწოლზე გადადეს. კაცი მეყსეულად განკურნებული წამოდგა და ადიდა უფალი.
ამ პალატაში ექვსი თვე სხვა ავადმყოფი აღარ დაუწვენიათ, რადგან საოცარი კეთილსურნელება ტრიალებდა.
განსვენებული წმინდანის სხეული მირონით იყო დაცვარული. მის სამღვდელო შესამოსელს დღესაც კი აქვს შემორჩენილი ეს კეთილსურნელება. წმინდანი მრავალს შეეწეოდა და შეეწევა. მისი სხეული 1922 წელს გაქრა აკლდამიდან და სამი დღის შემდეგ დაბრუნდა. ამ წელს ომი იყო მცირე აზიაში, რასაც ბერძენთა საბერძნეთში გადასახლება მოჰყვა. უეჭველია, მღვდელმთავარი შეეწეოდა თავის ხალხს.
* მამა პაისი ათონელი წმინდა დიდმოწამე ეფემიას ევედრებოდა და ერთ რთულ საეკლესიო საკითხში გარკვევას სთხოვდა. წმინდა ეფემია გამოეცხადა და დიდხანს ისაუბრეს. ბოლოს, მამა პაისიმ ჰკითხა, როგორ ეწამეთ ქრისტესთვისო. წმინდანმა უპასუხა, - რომ მცოდნოდა, რა ნეტარებაში არიან ღმერთთან მყოფი სულნი, მზად ვიქნებოდი, ამისთვის მთელი სიცოცხლე მეტანჯა და დამეთმინა განსაცდელნი. მოწამეობა არაფერია იმასთან შედარებით, რაც ღმერთმა იმ ქვეყნად მიბოძაო.
* რუსმა ჯარისკაცებმა 1820 წლის 4 მარტს სამშობლოს დიდი სიყვარულისთვის შეიპყრეს ქართველი მღვდელმთავრები - დოსითეოს ქუთათელი, ექვთიმე გაენათელი და არქიმანდრიტი გრიგოლი. წელამდე ტომრები ჩამოაცვეს, ხელები უკან შეუკრეს და სცემეს. მიტროპოლიტ დოსითეოსს წინააღმდეგობა გაუწევია და ხიშტებით დაუჩხვლეტიათ. გასისხლიანებული და ხელებშეკრული დასვეს ცხენზე და სურამიდან გორის გზას გაუყენეს. შუა გზაში დოსითეოსი გარდაცვლილა და ჩუმად დაუკრძალავთ ანანურის ეკლესიაში "ღვთისმშობლის ხატის წინ ორ არშინ დაშორებული". წმინდა ექვთიმე გაენათელი, არქიმანდრიტ გრიგოლთან ერთად, ნოვგოროდში წაიყვანეს. იმპერატორი ალექსანდრე I დიდი პატივით დახვედრია წმინდა ექვთიმეს, მაგრამ მღვდელმთავარი არ მორიდებია და საქართველოს ეკლესიისა და ერის თავისუფლების წართმევისთვის, სამშობლოს დამცველების წამებისთვის მისთვის "ახალი ნერონი" უწოდებია, რისთვისაც სვირის მონასტერში გაუგზავნიათ. წმინდა მღვდელმთავარი 1822 წლის 21 აპრილს გარდაიცვალა. ერთი გადმოცემით, ის ღამით ბალიშით დაუხრჩვიათ. წესის აგებისას მღვდელმთავარი წამოდგა კუბოში, იქ მყოფნი მარჯვენა ხელით აკურთხა, კვლავ მიწვა და მიიძინა. ყველა შიშმა შეიპყრო, მაგრამ უფრო მეტად რუსები დაფრთხნენ და არ გაამჟღავნეს ეს ამბავი. მღვდელმთავრის გარდაცვალებამდე არქიმანდრიტ გრიგოლს ჩვენება უხილავს. წმინდა ექვთიმეს მისთვის უთქვამს: - "ჰე, აღვფუვდი მე, ავღორძინდი მე, განვახლდი მე". 2005 წლის 9 აპრილს წმინდა ექვთიმეს ნაწილნი გელათში დაიკრძალა. 8 აპრილს, 3 საათზე, როცა წმინდა ექვთიმეს ნეშტი სამღვდელოებამ და უამრავმა ხალხმა "წმინდაო ღმერთოს" გალობით გელათის მონასტერში გადაასვენა ქუთაისის ხარების ეკლესიიდან, აღესრულა სასწაული: მზეს ირგვლივ ცისარტყელა შემოეჭდო, თუმცა იმ დღეს არ უწვიმია. 2005 წელსვე ორივე წამებული მღვდელმსახური საქართველოს ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.
* რა ენამ აღწეროს წმინდა ილარიონ ქართველის (ძველის) ცხოვრება? სიყრმიდანვე მონასტერში გაიზარდა, მისი ღვაწლის შემხედვარენი ღვთისმსახურებისთვის აღიძვროდნენ. მათგან პატივს გაქცეული პალესტინაში, წმინდა იოანე ნათლისმცემლისეულ გამოქვაბულში ცხოვრობდა 17 წელი. ამის შემდეგ ბევრი იშრომა ღირსმა მამამ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ და ბოლოს თესალონიკში აღესრულა. მრავალი კურნება ხდებოდა მის საფლავთან. ამ ამბავმა კონსტანტინოპოლამდე, ბასილი მეფემდეც მიაღწია. წმინდანის ნაწილები თესალონიკიდან გადმოასვენებინა და თავის საძინებელში დაასვენა. შუაღამისას საოცარმა სურნელებამ გამოაღვიძა მეფე. მიხვდა, წმინდა ნაწილთაგან მოედინებოდა. კვლავ მიერულა მეფეს. წმინდა ილარიონი გამოეცხადა და უთხრა: - კარგი ქენი, რომ მე, უცხო, შემიწყნარე. მაგრამ იცოდე, ის სურნელება, რომელიც შენ იყნოსე, ქალაქში კი არ მომიგია, არამედ უდაბნოში. თუ გინდა მადლი გქონდეს, ისევ უდაბნოში წამიყვანეო. მეფე ბასილმა წმინდანის ნაწილნი დიდი პატივით გადაასვენა ჰრომანაში, ქართველთა მონასტერში.
* წმინდა ილარიონ ქართველის (ახლის) სახელი მთელ ათონზე იყო განთქმული. ახლაც კი დიდი სასოებით იხსენებენ ამ ღირს მამას. გარდაცვალებიდან სამი წლის თავზე გახსნეს მისი საფლავი. თხრისას საოცარი კეთილსურნელება იგრძნეს. წმინდა ნაწილების გადატანისას ერთმა მეუდაბნოემ დღისით-მზისით, ბიზანტიის დროით 5 საათზე, მზესავით მანათობელი ბურთი დაინახა მამა საბას სენაკის თავზე (იქ, სადაც წმინდა ილარიონის წმინდა ნაწილები იყო დასვენებული). ბურთი სხივებს აფრქვევდა და სენაკიდან მოშორებით ჰაერში ტრიალებდა. ერთი საათის შემდეგ ბურთი გაქრა. მაშინ უფიქრია ღირს მამას, ეტყობა, ილარიონ ქართველის საფლავი გახსნესო.
* ქმრისაგან ქრისტეს ღალატი ვერ აიტანა წმინდა შუშანიკმა და უარი თქვა მასთან სარეცლის გაზიარებაზე. განრისხებულმა ვარსქენმა მრავალგზის გვემა, მაგრამ გადაწყვეტილება ვერ შეაცვლევინა, ბოლოს კი ციხეში ჩააგდო. 6 წელი ციხეში ყოფნისას წმინდა შუშანიკი "წესიერებითა საღმრთოითა ყვაოდა": მარხვით, მარადის მღვიძარებით, ფეხზე დგომით, მეტანიათა აღსრულებით. დიდმარხვაში არც დღე და არც ღამე არ ჩამოჯდებოდა, არც იძინებდა, არც საჭმელს მიიღებდა. მხოლოდ კვირა დღეს, ზიარების შემდეგ, მცირე რამ მოხარშულ ბალახს შეჭამდა. აღდგომამდე პურს არ ეკარებოდა. ციხეში სასთუმლად აგური ჰქონდა, ქვეშაგებად - ძველი ჭილოფი. "საგვემელად სულისა" ტანთ ძაძა ემოსა, მაგრამ ამას კაცთაგან ფარავდა და ზევიდან ანტიოქიის პალეკარტი ეცვა. მისი სახელი მთელ ქართლში იყო განთქმული. მოდიოდნენ მასთან მამანი და დედანი, აღუთქვამდნენ შესაწირს და წმინდა შუშანიკის ლოცვით მიმადლებდა მათ კაცთმოყვარე ღმერთი: უშვილოს - შვილს, სნეულს - კურნებას, ბრმას - თვალთა ახილვას. წმინდა შუშანიკი დღედაღამ ფსალმუნებდა. ფეხზე დგომისა და გვემისგან გაჩენილ წყლულებში მატლნი ფუოდნენ. წმინდანი კი ამბობდა: თუ რაიმეს ღირსი ვარ უკანასკნელი ვენახის მეთერთმეტე ჟამის მუშაკი, იყავით თქვენცა ყოველნი კურთხეულნი უკანასკნელ ჟამამდე. მეშვიდე წელს გარდაიცვალა წმინდა შუშანიკი. მისი წმინდა ნაწილნი თბილისში, მეტეხის ტაძარშია დასვენებული.
* აშოტ კურაპალატის ძემ, ადარნასემ, სჯულიერი მეუღლე, ასული ბაგრატ შაროელისა ხელმწიფისა, მეძავი დედაკაცის შესმენით განიშორა და გაგზავნა უკან, აფხაზეთში. წმინდა გრიგოლ ხანძთელმა ამხილა ადარნასე, მაგრამ მან ყურად არ იღო ეს მხილება და სხვა ცოლი მოიყვანა. მაშინ წმინდა გრიგოლმა უწინასწარმეტყველა: ამ ცოდვის გამო დასნეულდები, ხოლო შენი შვილნი ეშმაკეულნი შეიქმნებიან. ვერ განიკურნოთ, სანამ იქ უსამართლოდ დასჯილი ღვთის მხევალი არ შეგინდობთ. თუმცა დედოფალი ამ დროს გარდაცვლილი იქნება, მაგრამ შენმა შვილებმა მის საფლავთან მიიღონ შენდობაო. მართლაც, ადარნასეს მალე ნიკრისის ქარი შეეყარა და იგვემებოდა ფრიად. მაშინ კი ინება და ცოლყოფილს მოციქული გაუგზავნა - "შენდობა გამომითხოვეო მისგან". მივიდა კუპრა (ასე ერქვა მოციქულს) ფერსათის მონასტერში და იხილა თავისი დედოფალი ბევრელი, რომლისთვისაც მონაზვნობაში ანასტასია უწოდებიათ. დედა ანასტასიას შეურაცხი ჩოხა ეცვა, ემოსა სქემა და ზურგზე შეშა ჰქონდა მოკიდებული. კუპრა შეევედრა მას: ქრისტეს ნების მყოფელო, შეუნდე ჩემს ბატონს და ნუ დაწყევლიო. დედა ანასტასიამ უპასუხა: - ქრისტეს გეფიცები, არასოდეს დამცდენია წყევლა ბაგეთაგან და არც ის დამიწყევლია. ღმერთმა შეუნდოს ცოდვანი ადარნასეს და განიკურნოს სულით და ხორცითო. იმწამსვე გამოჯანმრთელებულა ადარნასე.
დედა ანასტასიამ დიდი მოთმინებით, თავმდაბლობით, მოღვაწეობით განვლო ცხოვრება, ხოლო მისი საფლავის მიწას, როგორც სიწმინდეს, მიიღებდნენ მორწმუნენი და იკურნებოდნენ. ადარნასეს სამი ვაჟი ეშმაკისგან იტანჯებოდა. გაგზავნა ისინი დედის საფლავთან, შეურაცხი სამოსლით მოსილნი და ურიცხვი შესაწირით. რაჟამს ილოცეს საფლავთან მეფის ვაჟებმა, მყის განიკურნენ.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი