არქიმანდრიტი იოანიკე, "ათონური პატერიკი"
ჩვენი ღირსი მამის, მაქსიმე კავსოკალიველის შესანიშნავ ცხოვრებაში ვკითხულობთ:
ერთ ზამთარში დიდი ლავრის სანიტარმა ბერმა, ძმა გრიგოლმა, ერთ ძმასთან ერთად, თოფრაში პური, ღვინო და სხვა პროდუქტები ჩაიწყო და ღირსი მაქსიმეს მოსანახულებლად წავიდა. წინა ღამეს მოთოვა, ღირსი მამა სრულიად მოსწყდა სამყაროს და ვინ იცის, რამდენი დღის მშიერი იყო.
ძმებმა დიდი გაჭირვებით მიაღწიეს მის კალივამდე. შიგ შევიდნენ და თვალწინ უჩვეულო სანახაობა გადაეშალათ - თეთრ, ქათქათა, თითქოს ღუმლიდან ახალგამოღებულ პურს საკვირველი კეთილსურნელი ასდიოდა. გაოცებულებმა ირგვლივ მიმოიხედეს - ანთებული ცეცხლის კვალის მსგავსი ვერაფერი ნახეს. ეს იყო ზეციდან მოვლენილი პური, როგორც ზეციური ნუგეშინისცემა ზეციური ფრინველის - ღირსი მაქსიმესადმი.
კეთილმოკრძალებით დასხდნენ ისინი ამ იდუმალი პურის - მკაცრი უდაბნოს მანანის სიახლოვეს, რომელიც ზოგიერთ განსაკუთრებით უპოვარ მოსაგრეს მოევლინება ზეცით. ბერები წმინდანს ფეხებში ჩაუვარდნენ და სთხოვეს, რომ კურთხევის ნიშნად ამ პურის მცირე ნატეხი მიეცათ.
- მოგცემთ პურს, - უარი ვეღარ უთხრა ღირსმა მაქსიმემ, - ოღონდ იმ პირობით, რომ ჩემს გარდაცვალებამდე ნურავის გაუმხელთ, რაც ნახეთ.
მამა იოსებმა ას წელიწადს გადააბიჯა. ოცი წელი ცხოვრობდა ჩიტის ბუდის მსგავს, ღირსი იოანიკე დიდის სახელობის კელიაში, რომელიც ყუთლუმუშის მონასტრის კუთვნილ წმინდა პანტელეიმონის სკიტში მდებარეობდა. ერთხელ ქარმა კალივას სახურავი მოგლიჯა. ბერდიდი ამან ისე გაამწარა, რომ ნერვიულობისგან ავადაც კი გახდა.
მაშინ ითხოვა, მარტო დაეტოვებინათ სკიტის კირიაკონში, რომელსაც თავის მფარველად წმინდა დიდი მოწამე და მკურნალი პანტელეიმონი ჰყავდა. აქ სამი დღე დაჰყო მარხვასა და ლოცვაში და გამოჯანმრთელდა.
ყოველთვის, როცა ქრისტეს წმინდა საიდუმლოებასთან ზიარებისთვის ემზადებოდა, ბერდიდი მთელი ღამე, გათენებამდე ფხიზლობდა და ზიარების კანონის გარდა, მთელ "ფსალმუნს" კითხულობდა.
"ღირს არსის" კელიელი ცნობილი მოძღვარი მამა იანისი ყვებოდა, რომ ერთხელ მასთან აღსარებაზე ახალგაზრდა მუშა მივიდა წმინდა მოციქულის, ანდრია პირველწოდებულის სკიტიდან. უამბო, რომ პატარაობისას მოკვდა. დაკრძალვამდე თურმე დედამისი წავიდა ეკლესიაში, დაემხო მუხლებზე და დიდხანს აცრემლებულმა ილოცა. შინ დაბრუნებულმა სადღესასწაულო სამოსელი ჩაიცვა, მივიდა კუბოში ჩასვენებულ შვილთან, წამოწვა მის გვერდით და გარდაცვლილს უთხრა: "ადექი, შვილო, მე წავალ შენს ნაცვლად". ბავშვი მაშინვე გაცოცხლდა, დედა კი იმავე წუთს მოკვდა. როცა ბიჭი გაიზარდა, წავიდა მთაწმინდაზე და კარეესში მუშაობა დაიწყო.
როცა კოსტამონიტას ღირსსახსოვარი მონაზონი მამა აგალიდა მძიმედ ავად გახდა, იღუმენმა ის წმინდა ანტონის კათიზმაში გაგზავნა, სადაც მონასტრის ვენახები იყო გაშენებული - ექიმი მას ხორცის ჭამას ურჩევდა, რადგან ჭლექი გამოაჩნდა და ხშირი სისხლდენა ჰქონდა.
ავადმყოფი ბერდიდი ძალზე სწუხდა, რადგან მონასტრის ტაძარში ძველებურად მსახურება აღარ შეძლო, გამუდმებით ლოცულობდა და მხურვალედ სთხოვდა უფალს გამოჯანმრთელებას. ერთ დღესაც, როცა ლოცვად იდგა, მამა აგლაიდამ დაინახა შველი, რომელიც მასთან მივიდა. ეს ამბავი მან უთხრა მამებსა და მებაღეს, რომელიც ერისკაცი გახლდათ. მებაღემ აგონიაში მყოფი ცხოველი რომ იხილა, ყელი გამოჭრა და გაატყავა. მამებმა უბრძანეს მამა აგალიდას, ყოველდღიურად ხორცის ნაჭერი მოეხარშა და შეეჭამა. ეს ყველამ მიიღო ჭეშმარიტ საჩუქრად, კურთხევად და ღვთისაგან ბოძებულ წამლად, რომელიც არის "მკურნალი სულისა და ხორცისა".
"ხოლო თქუენ ეზიდებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ" (მათე, 6, 33). მაცხოვრის ეს მცნება, რომელიც გამოზრდის კაცში ღვთაებრივი განგებულებისადმი სრულ მინდობას, არის დევიზი და გამოცდილებით გამყარებული რწმენა ყველა მოსაგრისა.
წმინდა ბასილის სკიტელი ერთი უზრუნველი, რწმენითა და სასოებით აღსავსე მოსაგრე მამა ქერუბიმი, თავის საცოდავ ქოხში თოვლმა მინამქრა და მთელი კვირა სამყაროს მოწყვეტილი და ულუკმაპუროდ დარჩა. ერთხელ ვიღაც უცნობი მიადგა დატვირთული ჯორით და კარზე დაუკაკუნა. კაცმა ჰკითხა: - საღამოვდება და თუ მოვასწრებ ღირსი პეტრეს მღვიმეში ასვლას და წმინდა პავლეს მონასტერში დაბრუნებასო?
ბერდიდმა უპასუხა:
- ძმაო, იმხელა თოვლია, რომ წმინდა პეტრეს მღვიმემდე ერთ დღეშიც ვერ მიხვალ, დარჩი ამაღამ ჩემთან, ხვალ კი გაემგზავრეო.
უცნობმა უთხრა ბერდიდს:
- მამაო, რაღაც პროდუქტები მოვიტანე, მინდოდა გამეყიდა და საღამოს სამსახურში დავბრუნებულიყავი. თუ გინდა, აიღე და რაიმე მომეცი კურთხევის ნიშნად.
- თუ გეჩქარება, მაშინ პროდუქტი იმ კუთხეში დააწყე, მე კი წავალ, რაღაცას მოგიტან, რომელიც ერთმა მომლოცველმა დამიტოვა.
იმ დროს, როცა უცნობმა პროდუქტების ფუთები გადმოტვირთა, ბერი თავის კელიაში შევიდა. როცა დაბრუნდა, ოთახში ვეღარავინ ნახა, სტუმარი გამქრალიყო. ბერდიდმა ძახილი დაუწყო, მერე გარეთ გაიხედა, მაგრამ ნაკვალევიც კი არ ჩანდა, არც კაცის, არც ცხოველისა. მაშინ მიხვდა, რომ ეს ღვთაებრივი განგებულების ხილული მოქმედება იყო, რომელიც ყოველივეზე ზრუნავს. ბერდიდი შევიდა თავის პატარა ეკლესიაში და მადლობა შესწირა უფალს. მადლიერების გრძნობით ავსებულმა პროდუქტები საკუჭნაოში გაიტანა, მთელი ზამთარი იმით ირჩინა თავი.
მსგავსი ამბავი შეემთხვა მეუდაბნოე ეფრემ გლახაკს, რომელიც საცოდავ კალივაში ცხოვრობდა კატუნაკსა და წმინდა ბასილის უდაბნოს შორის - ეს მომიყვა მე, უღირსს, წმინდა პავლეს მონასტრის იღუმენმა არქიმანდრიტმა ანდრიამ. რამდენიმე თუნუქის ფირფიტისგან შეკრული ეფრემის კელია უზარმაზარ კლდეს იყო მიშენებული. ბერი გაუგონარ უპოვარებასა და გაჭირვებაში ცხოვრობდა.
ერთ ზამთარს დიდი თოვლი დადო და მამა ეფრემ გლახაკი სოფელს მოწყვეტილი აღმოჩნდა. ორცხობილა გაუთავდა და ულუკმაპუროდ დარჩა. ერთხელ მღვიმის შესასვლელში ერისკაცულად ჩაცმული, ზურგზე ტომარამოკიდებული უცნობი დაინახა. უცნობმა ჰკითხა:
- მამაო, კარეესში მინდა წასვლა, რადგან ბარაქიანად მოთოვა და თანაც მალე ბნელდება, შემიძლია, აქ ჩემი ტომარა დავტოვო, რომელსაც ხვალ გათენებისას წავიღებ?
გაოცდა მეუდაბნოე:
- აქ როგორ მოხვდი, ძმაო? თვითონ ხედავ, გზა არა ჩანს, შემოდი შიგნით, გათბი ცეცხლთან. დატოვე ბარგი და წაიღე, როცა გინდა.
მაგრამ მგზავრმა - წმინდა პავლეს მონასტერში წასვლა მეჩქარებაო და შესვლაზე უარი თქვა. ის გაოცებულ ბერდიდის თვალწინ გაუჩინარდა. ბერდიდი გონს რომ მოვიდა, ტომრის გარდა კალივაში ვერავინ დაინახა, დაუწყო ძებნა მღვიმეში, გარეთაც გამოვიდა, მაგრამ თოვლზე კაცის ნაკვალევიც კი ვერ დაინახა. ტომარა გახსნა, ბერდიდმა იქ ლამის მთელი ზამთრის საკმარისი ორცხობილა და სხვა პროდუქტი ნახა. მეუდაბნოეს სიხარულისა და მადლიერების ცრემლები ღვარად წამოუვიდა. ამაში მან საღვთო განგებულების რეალური ქმედება დაინახა და განადიდა თავისი საქმეებით საკვირველი ღმერთი.
ყოველ ცხრა ივლისს ღირსსახსოვარი გერასიმე ჰიმნოგრაფისა და ფრიად პატივცემული მღვდელმონაზონ დიონისეს საძმო, თავიანთ მღვიმეში, რომელიც მშვენიერ ტაძრად გადააქციეს, დღესასწაულობენ ღირსი მამების - დიონისე რიტორისა და მიტროფანეს ხსენებას. მათ მეხსიერებაში განსაკუთრებით 1958 წლის დღესასწაული ჩარჩა, რომელიც განსაკუთრებული სიხარულით იყო ავსებული, თევზის საკვირველი გამრავლების გამო, როცა ის საზეიმო ტრაპეზზე სტუმრებსა და მომლოცველებს დაურიგეს.
მასპინძლებმა ოცდაათი-ორმოცი კაცი მოთვალეს, მაგრამ ასი კაცის გამასპინლება მოუწიათ. მზარეული - მამა დამასკინი ძალზე განიცდიდა ამის გამო და ლოცვას მიეცა: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე და შემეწიე ამ მძიმე ჟამს". მან კერძები გაატანა ტრაპეზის მსახურებს, თევზი კი არ აკლდებოდა, ორმოცი, ორმოცდაათი, ოთხმოცი, ასი. ხალხმა თევზი ჭამა სადილზეც, საღამოსაც და მეორე დღისთვისაც კი დარჩა!
ღირსსახსოვარ კარეესელ მონაზონ მელეტეს ერთხელაც აშკარად შეეწია დედუფალი ჩვენი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი თავისი ხატის - "ღირს არსის" მიერ, რომელსაც ბერი პროტატის ტაძრის საკურთხეველში მრავალი წლის მანძილზე ემსახურებოდა. ის ნავით გაემართა კუნძულ ტასოზე, იქაურ ორ კაცთან ერთად. გზაში საშინელი ღელვა ატყდა და წყალში გადავარდა. თანამგზავრები ბერის ნავში ამოყვანას ცდილობნენ, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა, მაშინ უთხრეს: - მამაო, ხედავ არაფერი შეგვიძლია შენს დასახმარებლადო.
მართლაც, როგორც კი ისინი ბერს ხელს ჩაავლებდნენ, ნავი წონასწორობას კარგავდა და ყირავდებოდა. ბერმა თვითონვე სცადა ამოძრომა, მაგრამ უშედეგოდ, რადგან ძალები ბოლომდე გამოსცლოდა. როცა ძალა სულ გამოელია, სიღრმით გულისად შეჰღაღადა:
- ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, რამდენი წელი გემსახურებოდი მე, შენი ცოდვილი მსახური. ისმინე ახლა ჩემი, რამეთუ შენც ხედავ, რომ ვიღუპები.
იმავე წამს, თვითონაც ვერ მიხვდა როგორ ნავში აღმოჩნდა. ნელ-ნელა ზღვა დაწყნარდა და მათ მშვიდობიანად მიაღწიეს დანიშნულების ადგილს.
სამი წლის მანძილზე, ყოველ პარასკევს, მოძღვრის, მამა საბას კალივის თავზე (წმინდა ანას მცირე სკიტის უფლის აღდგომის სახელობის კალივა) სინათლე იდგა ხოლმე - ცოტა ხნით ადრე, გარდაცვლილმა მამა საბამ სიცოცხლეშივე იქ გადაასვენა თავისი მოძღვრის, მამა ილარიონ ქართველის თავი. მამებმა ეს მოვლენა იმ ფაქტს დაუკავშირეს, რომ ღირსი მამა ილარიონი განსაკუთრებულ პატივს მიაგებდა პარასკევს და ამ დღეს არაფერს ჭამდა.