კესარიის განმარტოებულ სკიტში ცხოვრობდა ორი ბერდიდი მოსაგრე, იოანე და თეოდორე. მათი ხელსაქმე ხის კოვზების გამოთლა იყო.
ორი დიდი ტომარა მუშტარს ელოდა. ის კი არ ჩანდა. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის განსაკუთრებული მზრუნველობით, მოვიდა ერთი რუმინელი ვაჭარი და ყველა კოვზი იყიდა.
ეს ამბავი დაახლოებით 1930 და 1935 წლებს შორის მოხდა. წმინდა დიდმოწამე ძლევაშემოსილი გიორგის დღესასწაულს ზეიმობდა მისადმი მიძღვნილი კარულის განმარტოებული კალივა. ღამისთევის ლოცვაზე 20-25 რუსი და ბერძენი ასკეტი შეიკრიბა, მაგრამ გასამასპინძლებელი თევზი არ ჰქონდათ.
ბერდიდმა ზოსიმემ, ძალზე უბრალო და სულიერად ნიჭიერმა მოსაგრემ, რომელიც გამოირჩეოდა განსაკუთრებული მართლმოყვარებით და გულმოწყალებით, შესთავაზა ძმებს, იმ ადგილიდანვე ეთევზავათ, სადაც მათი კალივა მდებარეობდა, ანუ ზღვაზე გადაკიდებული კლდის შვერილიდან.
- აბა, როგორ ვითევზავებთ, თუ არც ნემსკავი გვაქვს და არც სატყუარა? - შეეპასუხნენ.
- საჭიროა ლურსმანი, თოკი, პური ან ორცხობილა, - ურჩია ბერდიდმა. მათ ჯვრის ნიში გამოისახეს, წყალში ჩააგდეს ეს ორიგინალური მოწყობილობა და - დაიჭირეს დიდი და მსუქანი თევზი. ეს იყო კალივის მფარველის საჩუქარი და სადღესასწაულო სუპი მოამზადეს.
ერთხელ, გერმანული ოკუპაციის წლებში (1940-1946წ.წ.) გიორგიატის მონასტრის საწყობში პური განიავდა. მაშინ მამებმა უკანასკნელი ხორბალი ამოკრიფეს დასაფქვავად. ამ დროს მათთან მივიდა უცნობი მოხუცი, რომელიც შესახედაობით მღვდელსა ჰგავდა. მიესალმა მათ და ჰკითხა:
- აქ რას აკეთებთ, ძმებო? რა, ეს არის მთელი თქვენი პური? მეტი აღარ გაქვთ?
მამებმა თავი დაუქნიეს - ახლის ყიდვა ოკუპაციის გამო ვერ შევძელითო.
მონაზვნებისა და მომლოცველების სარჩოდ ყოველწლიურად 10000 ოკა (დაახლოებით 12,8 ტ) ხორბალი სჭირდებოდათ, ოკუპაციის დროს კი 1 ოკას ყიდვაც კი შეუძლებელი იყო.
ამ უცნობმა მღვდელმა ხელში მცირეოდენი ხორბალი აიღო, აკურთხა და უკანასკნელ გროვას მიაყარა. მერე კი ოთხივე კუთხე აკურთხა, მონასტერიც, ზღვაც და წასვლა დააპირა.
- სადაური ხარ, მამაო? - ჰკითხეს ბერებმა და სთხოვეს, - ჩამოჯექი ჩვენთან, ცოტაოდენი პურითა და ზეთისხილით გაგიმასპინძლდებით.
- შორიდან ვარ, მირონლუკიიდან, - უპასუხა მან და წავიდა.
ამ დროს ერთმა ძმამ მას ჩვეულებისამებრ ტაბლა მოუტანა, მაგრამ ბერიკაცი თვით მონასტრის მფარველი იყო (გრიგორიატის მონასტერი წმინდა ნიკოლოზის სახელზეა აგებული), უჩინო შეიქმნა. ეს ნაკურთხი ხორბალი, რომელიც დაახლოებით 150 ოკა იყო, ახალ მოსავლამდე ეყოთ, ანუ დეკემბრიდან მოყოლებული, როცა წმინდა ნიკოლოზი მოვიდა, ვიდრე ივლისამდე.
დაახლოებით 30 წელი გავიდა (ანუ ეს ამბავი გასული საუკუნის 70-იან წლებში მოხდა, - კ.კ.) წმინდა პავლეს მონასტერში მომხდარი სასწაულებრივი ამბიდან, რომელიც მოწმობს გაჭირვებაში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ცხად შეწევნას ათონის სავანეებისადმი. ამ მონასტერში ცხოვრობდა ერთი ძალზე უბრალო და კეთილი სულის მონაზონი თომა. მას მორჩილებად ჰქონდა, მიხმარებოდა ცომის მოზელასა და პურის გამოცხობაში. თავისი გამორჩეული უბრალოების წყალობით ის ღირსი შეიქმნა გასაოცარი და გაუგონარი საგნების ხილვისა.
ერთხელ ცომის მოზელვასა და პურის გამოცხობაზე პასუხისმგებელნი მონასტრიდან რაღაც საქმეზე გავიდნენ. მთელი სიმძიმე და პასუხისმგებლობა მათ თანაშემწეს და მოადგილეს მამა თომას დააწვა - ორ დღეში ცომი უნდა მოეზილა და პურიც გამოეცხო მონაზვნებისა და მომლოცველებისთვის, რაც ძალიან ბევრი იყო.
ბერდიდმა არ იცოდა, რითი დაეწყო. ის აცრემლებული შეევედრა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს და დახმარება სთხოვა, მერე კი სამუშაოს შეუდგა. როცა ფქვილისა და წყლის შერევა დაიწყო, უეცრად დაინახა, რომ მის გვერდით მდგარმა შავად მოსილმა დიდებულმა ქალბატონმა ფქვილი, საფუარი და წყალი შეზილა, დააგუნდავა და პურის გამოცხობა დაიწყო. მთელი ეს ხანი მამა თომა თავს უაზროდ, გონმიღებულად გრძნობდა. როცა მან ამის შესახებ მამებს მოუთხრო, ისინი მიხვდნენ, რომ ეს ქალბატონი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იყო!
პური პირველად გახდა ასეთი ტკბილი და გემრიელი! შენ ალბათ რაიმე ბალახი შეაზილე, რადგან ასე სწრაფად გამოცხვა და ასეთი გემრიელი გამოვიდაო, - ეუბნებოდნენ ისინი.
როცა დიდი ლავრის მშენებლობას შეუდგა, წმინდა ათანასე ათონელი დიდ გაჭირვებაში იყო ჩავარდნილი - არც მუშების საზღაურის ფული ჰქონდა და არც სასმელ-საჭმელი. ამიტომ ერთხელ კვერთხი აიღო და გასწია მთაწმინდის დედაქალაქ კარეესისკენ, რათა რაიმე გზა გამოენახა.
ორი საათის სიარულის მერე მის წინ ბილიკზე უეცრად აღიმართა დიდებული სახის ქალბატონი და ჰკითხა:
- სად მიდიხარ, აბბა ათანასე, რად დაუტევე დაწყებული ღვთივსასურველი საქმე? დაბრუნდი უკან და მშენებლობა განაგრძე.
- ვინ ბრძანდებით, ქალბატონო, ანდა საიდან გიცნობთ? რატომ მიბრძანებ უკან დაბრუნებას? როგორ განვაგრძობ მშენებლობას, როცა ყველაფრის მარაგი გამომელია.
გამოცხადებულმა ქალბატონმა გაუმხილა, რომ იგი უფლის დედა იყო, ღვთისმშობელმა ათანასეს უკან დაბრუნება უბრძანა, დაჰპირდა, ფულსა და საწყობის ავსებაზე მე ვიზრუნებო.
მისი სიტყვების ჭეშმარიტებაში დასარწმუნებლად ღირსმა ათანასემ ნიშ-სასწაულის მოხდენა სთხოვა.
- დაარტყი შენი კვერთხი ამ კლდეს, - უთხრა ღვთისმშობელმა. კვერთხის დარტყმისთანავე კლდიდან უგემრიელესი წყარო წამოედინა, რომელიც დღემდე არ დამწყდარა!
წმინდა ათანასე მონასტერში დაბრუნდა და ღვთისმშობლის დაპირებისამებრ, თავისი სალარო ფულით ავსებული, ხოლო საწყობი - საკვებით გამოტენილი იხილა.
დიდი მოშურნეობითა და გულმოდგინებით განაგრძო საქმე წმინდა ათანასემ და განასრულა მონასტრის მშენებლობა, სადაც აქებენ და უგალობენ მის სახელს.
ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი ათონზე ყველაზე სასწაულმოქმედად ითვლება.
მას მერე, რაც ივერიის მონასტრის ძმებმა იხილეს ზღვაში ღვთისმშობლის ხატზე დაშვებული ცეცხლის სვეტი, მასზე გამოცხადება ჰქონდა ივერიელ მეუდაბნოე გაბრიელს. ეს ღირსი მამა ჩამოვიდა სამოღვაწეო მთიდან, ისე გაიარა ზღვაზე, როგორც ხმელეთზე, მიირქვა ხელებში ეს დიდი ზომის ხატი და ნაპირზე გამოიტანა, საიდანაც ის გახარებულმა მონაზვნებმა დიდი პატივით წმინდა საკურთხეველში დაასვენეს. მაგრამ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამოეცხადა იღუმენს და უთხრა: "იმიტომ კი არ მოვედი, რომ თქვენ მიცავდეთ, არამედ მე დაგიცვათ თქვენ". მას მერე ეს ხატი "კარიბჭისად" ("პორტაიტისა") იწოდება. მას დიდებული და მშვენიერი სახე აქვს, როგორც ჩვენი ღმერთის ჭეშმარიტ დედას, მეოხს, მტერთათვის ზარის დამცემს, მსწრაფლშემწეს, ჩვენსა მფარველსა და ცხონებას.
"კარიბჭის ღვთისმშობლის ყოვლადწმინდა სახეზე შესამჩნევია მეკობრის მიერ მიყენებული ჭრილობა. ამ ბარბაროსმა ხატს მახვილი ჩასცა და დაინახა, რომ ჭრილობიდან სისხლი წამოვიდა. ამ სასწაულმა მას გული შეუმუსრა. ირწმუნა, მოინათლა, მონასტერში დარჩა და შემდგომში მონაზონი გახდა. მან ყველა სახელისთვის, გარდა "ბარბაროსისა" თავი უღირსად ჩათვალა. თუმცა მისი სინანულში ცხოვრება და მოღვაწეობა ღვთისთვის სასურველი აღმოჩნდა და როგორც წმინდანს პატივს მივაგებთ. "კარიბჭის" ღვთისმშობლის მცირე ტაძარში არის ფრესკა, სადაც ის მეკობრის სახითაა გამოსახული, წარწერით "წმინდა ბარბაროსი".
კავსოკალივის სკიტმა სახელწოდება წმინდა მაქსიმე კავსოკალივატისაგან მიიღო, მაგრამ დაარსებულია აგრაფელი ღირსი აკაკის მიერ, რომელიც XVII-XVIII საუკუნეებში ცხოვრობდა მღვიმეში, რომელიც დღემდე შემორჩა. წმინდა აკაკი ხედავდა, რომ ძმებსა და მოსაგრე მამებს უწყლოდ ძალზე უჭირდათ უდაბნო ადგილას, ილოცა და წმინდა სამების სახელზე, მოსესავით, თავისი კვერთხი კირიაკონის ზემოთ სამგზის დაარტყა, საიდანაც უხვმა წყარომ გადმოხეთქა. მკაცრი, კლდოვანი ადგილი სკიტისა ბაღნარად აქცია.
როცა ღირსი აკაკი თავის მღვიმეში სრულსა და დაუთმენელ მარტოობაში მოღვაწეობდა, - როგორც მოგვითხრობს მისი ბიოგრაფი იონა კავსოკალიველი, - ყოველ დილით, მღვიმის შესასვლელთან მდგარ ხეზე მოფრინდებოდა ჩიტი და საკვირველად გალობდა. როცა ღირსი მამა უსმენდა, სული გამოუთქმელი სიხარულით ევსებოდა და განშორდებოდა მისგან სასოწარკვეთა და მწუხარება, რომელიც ხშირად სძლევთ ხოლმე ისიქასტებს. უდავოდ ეს სასიამოვნო ჩიტი იყო უფლის ანგელოზი, ამ მკაცრ უდაბნოში მის სანუგეშოდ გამოგზავნილი.
ღირს აკაკის ადამიანთა ნუგეშინისცემის ისეთი ნიჭი ჰქონდა, რომ გულისთქმებით გატანჯულებს საკმარისი იყო, შეეხედათ მისი მხიარული სახისთვის, რომ გულისთქმები გაშორებოდათ და მშვიდდებოდნენ.
დაახლოებით მე-13 საუკუნეში დიდი ლავრის მახლობლად მოსაგრეობდა ღირსი გრიგოლი.
მოუკლებელი ლოცვისას ამ ნეტარმა ბერდიდმა ისეთი სათნოება მოიპოვა, ისეთი უპოვარება და უზრუნველობა, რომ ღირსი შეიქმნა, საჭმელი ღვთის ანგელოზის ხელიდან მიეღო.
მრავალი წელი გავიდა მას მერე, რაც გრიგორიატის მონასტერში წმინდა ნიკოლოზის დღესასწაულზე ეს საკვირველი სასწაული მოხდა. სახელგანთქმული მონაზონი ჰაჯი გიორგი მაშინ მორჩილი გაბრიელი იყო. ავდრის გამო მამებმა სტუმრების გასამასპინძლებლად თევზის დაჭერა ვერ შესძლეს და დიდად შეწუხებულნი იყვნენ. მაგრამ მორჩილი გაბრიელი გულს არ იტეხდა და მთელი იმედი წმინდა ნიკოლოზზე ჰქონდა დაყრდნობილი. ჩაუღრმავდა ლოცვას და გულმოდგინედ ევედრებოდა. და აი, დღესასწაულის წინა საღამოს, ზღვის ტალღებმა მონასტრის მახლობლად, ნაპირზე რამდენიმე დიდი და კარგი თევზი გამოაგდო. ძმებმა დაინახეს, მოაგროვეს, ტრაპეზი მოამზადეს და ადიდებნენ და უგალობდნენ მათ გამომზრდელ უფალს, მონასტრის მფარველ წმინდა ნიკოლოზს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი