ყოველ ქრისტიანს უხდება ამქვეყნად არამხოლოდ ხილული, არამედ უხილავი გრძნობისმიერი ბრძოლა გონებით, რომელიც იმ წუთიდან იწყება, რა ჟამს ნათელს იღებს
და აღთქმას დადებს უფლის წინაშე, სიკვდილამდე იბრძოლოს ღვთისათვის და მისი სახელის დიდებისათვის. როგორც სასულიერი მოღვაწეები განმარტავენ, მაცხოვრის მიერ დატოვებული ლოცვა "მამაო ჩვენო", იგავურად, სწორედ უხილავ ბრძოლას გულისხმობს, რომელშიც ლაპარაკია უხორცო და უხილავი მტრების შესახებ. იგი სხვადასხვა ვნების, ხორციელი გულისთქმებისა და ბოროტი, კაცთმოძულე დემონების წინააღმდეგ არის მიმართული, რომლებიც არც დღისით და არც ღამით არ წყვეტენ შემოტევებს ჩვენს წინააღმდეგ. მებრძოლნი და წარმმართველნი ამ უხილავი ბრძოლისა, ყოველი ქრისტიანია, მათ მხედართმთავრად კი ღვთისმეტყველები უფალ იესო ქრისტეს ასახელებენ, გარშემორტყმულს და თანხლებულს ათასისთავებითა და ასისთავებით (იგულისხმება ანგელოზთა და წმინდანთა დასები). ასპარეზი ამ ბრძოლისა, ანუ ბრძოლის ველი არის ჩვენი გული და მთლიანად, შინაგანი ადამიანი, ხოლო ჟამი ბრძოლისა - მთელი ჩვენი მიწიერი ცხოვრება.
როგორი საჭურვლით უნდა აღვიჭურვოთ უხილავ ბრძოლაში წარმატების მისაღწევად?
ბრძენი საეკლესიო მოღვაწეების დაკვირვებითა და პირადი გამოცდილებით ფარად და ჯავშნად უხილავ ბრძოლაში უნდა ვიყენებდეთ შეუპოვარ რწმენას ღვთისას და მისადმი მტკიცე სასოებას. აბჯრად და სამკერდულად - უფლის ვნებებში განსწავლას, სარტყლად - ხორციელი ვნებების მოკვეთას, ხამლად თავმდაბლობას, საკუთარი უძლურების შეგრძნებასა და ამის მუდმივ აღიარებას, მახვილად - სიტყვიერ და გულისხმიერ ლოცვას, რომელიც ერთ ხელში უნდა გვეპყრას ყოველთვის, ხოლო მეორე ხელის სამლესულ შუბად გამოდგება მტკიცე გადაწყვეტილება იმისა, რომ არ დავნებდეთ მებრძოლ ვნებას, რისხვით განვშორდეთ მას და მთელი გულით შევიძულოთ იგი. ხარჯი და საკვები, რითაც გავძლიერდებით მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში, ხშირი თანაზიარებაა ღმერთთან როგორც გონებით, ისე წმინდა მსხვერპლშეწირვაში უშუალო მონაწილეობით, რაც წმინდა ზიარებას გულისხმობს. ნათელ და უღრუბლო ატმოსფეროდ, რომელიც საშუალებას მოგვცემს შორიდანვე შევნიშნოთ მტერი, გონების გამუდმებული მეცადინეობა და ნებისყოფის წვრთნაა - გულის სიმშვიდისა და სათნოების მოსაპოვებლად, რაც ღვთისთვისაც სათნოა. უხილავ, იგივე საუფლო ბრძოლაში ქრისტეს მხედრები სწავლობენ სხვადასხვა სახის ხიბლის, ყოველგვარი ხრიკის, წარმოუდგენელი ცბიერებისა და ეშმაკის მანქანების შეცნობას, რასაც უხილავი მტრები იყენებენ გრძნობების, ადამიანებში საოცნებო ზმანებების ჩანერგვის, ღვთის შიშის მოკლების, განსაკუთრებით კი, ოთხგვარი ხიბლის მეშვეობით, რომელიც მათ სიკვდილის ჟამს შეაქვთ ადამიანის გულში (აქ მამები გულისხმობენ რწმენის მოკლებას, სასოწარკვეთილებას, პატივმოყვარეობას და მომაკვდავთა ნათლის ანგელოზებად გარდასახვას). ყოველივე ამის შეცნობით ვისწავლით, როგორ აღვუდგეთ წინ შეფარული მტრის მზაკვრობას. ბრძოლის რა ტაქტიკა გამოვიმუშავოთ ამა თუ იმ შემთხვევაში, როგორი შემართებით ჩავებათ ბრძოლაში უხილავი მტრის დასამარცხებლად უფალთან ერთობით, რომ ჭეშმარიტი ღვთისსათნო საუნჯე მოვიპოვოთ ამ ქვეყნადაც და მომავალ საუკუნეშიც?
ამ ბრძოლებში სწორი ტაქტიკის შესამუშავებლად მეტად სასარგებლო იქნებოდა ჩვენთვის წმინდა მამათა ცხოვრებიდან საგულისხმო ეპიზოდების გაცნობა, რომელსაც თეოლოგები პატერიკს უწოდებენ. მათი საშუალებით, ჩვენ ცოცხალ, შთამბეჭდავ წარმოდგენას ვიღებთ, თუ როგორ ცხოვრობდნენ ქრისტეს ჭეშმარიტი მიმდევრები ადრეულ საუკუნეებში, რომელთა მაღალი სულიერება და სარწმუნოებრივი თავდადება, სამაგალითო და მისაბაძია ყოველი ქრისტიანისთვის.
ანტონი დიდი ამბობდა: - ერთხელ ვიხილე ეშმაკის ყოველგვარი მახე დედამიწაზე დაგებული და შეძრწუნებულმა ვიკითხე: "არის ვინმე, ვინც ამათ გადაურჩება"? შეკითხვის პასუხად მეუწყა: "მხოლოდ თავმდაბალნი და მშვიდნი".
სიმდაბლე რომ უძლავრესი იარაღია ბოროტ სულთა დასაძლევად, ამას მოწმობს მაკარი დიდის მონათხრობიც. ტყიდან მომავალ წმინდა მაკარის გზაში შეხვდა ეშმაკი, რომელმაც ცული მოუღერა. წმინდანის წინაშე ვერაფერს გახდა და უთხრა: "ძალა შენი, მაკარი, მე უძლური ვარ შენთან, თუმცა რასაც შენ აკეთებ, არც ჩემთვისაა ძნელი იმის გაკეთება; შენ თუ მარხულობ, მე საერთოდ არა ვჭამ, შენ თუ ფხიზლობ, მე საერთოდ არ მძინავს. მხოლოდ ერთი რამით, სიმდაბლით მამარცხებ და ამით ვარ მხოლოდ უძლური შენს წინაშეო".
მამა კასიანეს მონათხრობით, ერთხელ, როდესაც იგი და წმინდა გერმანე ერთ ბერთან მივიდნენ სტუმრად. ბერს სიყვარულით მიუღია ისინი და მარხვა დაურღვევია. როცა გაკვირვებულ სტუმრებს მასპინძლისათვის აუხსნიათ რომ, პალესტინაში მკაცრად იცავდნენ მარხვის წესს, ეგვიპტელ ბერს უთქვამს - "მარხვა მარადჟამს ჩემთანაა, თქვენთან მუდმივად ყოფნა კი, ჩემთვის შეუძლებელია. მიუხედავად იმისა, რომ მარხვა საჭიროა და აუცილებელი, ის მაინც პირად ნებაზეა დამოკიდებული, ხოლო სიყვარულის საქმის ასრულებას, საღვთო სჯული გარდაუვალად მოითხოვს. როდესაც თქვენი სახით, იესო ქრისტეს ვიღებ, მოვალე ვარ, მთელი გულმოდგინებით ვიქცეოდე, ხოლო მარხვის დარღვევის წესს, როცა გაგისტუმრებთ მერე გამოვისყიდიო". ბერს, მათ დასარწმუნებლად, სახარებიდან ის სიტყვები მოუშველებია, რომელშიც ქრისტე ამბობს: "განა შეიძლება წუხდნენ მექორწილენი, ვიდრე მათთან სიძე არის, მოვა დრო, როცა სიძე აღარ ეყოლებათ და მაშინ იმარხულონო". ამით მან თავის ძმებს დაანახვა, რომ სიყვარული ყოველგვარ წესსა და კანონზე უპირატესი და ამაღლებულია.
ლოცვა ქრისტიანის აუცილებელი მოვალეობაა, რომელსაც წმიდა მამები ზეცაში აღმავალ ფრთებს უწოდებენ, ამიტომ მას, ყოველი მართლმადიდებელი უნდა ეშურებოდეს. ჯერ კიდევ ლოგინში მწოლარემ, გაღვიძებისთანავე გადაისახეთ პირჯვარი და ჯვარცმული ქრისტე გაიხსენეთ, რომელიც ჩვენი გამოხსნისათვის ეწამა, - გვასწავლიან ღმერთშემოსილი მამები; მადლობა შევწიროთ ღმერთს იმისათვის, რომ დაგვიფარა განვლილ ღამეს, რომ ჯერაც ცოცხლები ვართ და არ მოვმწყდარვართ საკუთარ ცოდვებში. ვინ იცის, გასულ ღამეს, რამდენი ადამიანი წარსდგა ღვთის სამსჯავროს წინაშე?
შემოსვისას უნდა გვახსოვდეს, რომ ღვთისა და მფარველი ანგელოზის წინაშე ვდგავართ, ამიტომ შევთხოვოთ უფალს სულიწმიდის მადლითაც შეგვმოსოს, გვირჩევენ ჩვენი ეკლესიის უდიდესი მოძღვრები, ისინი ამბობენ, რომ ერისკაცს 7 საათზე მეტი არ უნდა ეძინოს. უნდა ვაიძულოთ თავი, დილით ადრე და განსაზღვრულ დროს ავდგეთ, დღე ლოცვითი კანონის შესრულებით უნდა იწყებოდეს, არა მარტო ენით, არამედ გულისხმიერებით და მოწიწებით და რაც მთავარია, სინანულის ისეთი განცდით, როგორიც ყოვლისშემძლის წინაშე მდგომს შეჰფერის. უფლისაგან კურთხევის გამოთხოვა აუცილებელია, რათა წარმატებული გახდეს ჩვენი საქმე და ჩანაფიქრი. ასევე, ქრისტეს სიყვარულისათვის, ყოველივეს კეთილგანწყობით მისაღებად ღვთისაგან იმ ძალის გამოთხოვაც გვჭირდება, რის დაშვებასაც უფალი ინებებს ჩვენზე მთელი დღის განმავლობაში. ვთხოვოთ ღმერთს, განგვამტკიცოს სარწმუნოებაში, დაუშვას ჩვენზე სასოება და სიყვარული.
ვინაიდან ლოცვაში, გონებრივ და სულიერ მღვიძარებაშია ადამიანის სიძლიერე, გამოცდილი მოძღვრები, მთელი დღის განმავლობაში გვირჩევენ მოკლე ლოცვების წარმოთქმას, რაც დაგვიცავს ბოროტ ძალთა გააფთრებული შემოტევისაგან და მშვიდობიანად წარმართავს ჩვენს ყოფას.
სულიერი უძლურების ჟამს იძულებითი ლოცვა ცრემლით ლოცვაზე უფრო მაღლა დგას, ამიტომ ეს არ უნდა შევწყვიტოთ მაშინაც კი, როცა მტერი უგრძნობლობას მოგვივლენს, რადგან სულიერი ბრძოლის დროს, იესოს სახელის მოხსენიებაც კი, უდიდეს დახმარებას გაგვიწევს.
ყველაფერი აღასრულეთ ისე, რომ თქვენი სიტყვა, საქმე და მოქმედება მოსაწონი იყოს ღვთისათვის. გამოთქვით განსაკუთრებული მზადყოფნა გააკეთოთ ესა და ეს სიკეთე, თავი აარიდოთ ამა და ამ ბოროტებას. გარემომცველთაგან კი ნურავის დატოვებთ მისალმებისა და ყურადღების გარეშე.
ეკლესიის მამები ტაძარში სიარულს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ. წმიდა იოანე ოქროპირი ეკლესიას ანგელოზთა მოზეიმე საკრებულოს უწოდებს, ამავე აზრს იზიარებდა წმინდა კირილე იერუსალიმელი, რომელიც ამბობდა: "ქრისტიანთა ერთობა იმიტომ იწოდება ეკლესიად, რომ იგი ყველა მორწმუნეს ერთად შეკრებს და შეაკავშირებს", ხოლო წმინდა კვიპრიანე კართაგენელის სწავლებით, როგორადაც შეუძლებელია გემის გარეშე ადამიანმა ზღვა გადაცუროს, ასევე შეუძლებელია მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების მორჩილების გარეშე სულიერი ცხოვრების მიღწევა.
წმინდა თეოფანე დაყუდებული ამბობდა, რომ ადამიანის სულის ცხონებისათვის მადლია საჭირო, რომელიც წმიდა საიდუმლოებების მეშვეობით გვეძლევა, ხოლო ისინი წმინდა ეკლესიაში ინახება, ამ საიდუმლოთა შესასრულებლად საჭიროა სამღვდელოება, ჭეშმარიტი სამღვდელოება კი მხოლოდ ეკლესიის წიაღშია. გამოდის რომ ვინც ეკლესიის გარეშეა, არც სამღვდელოება გააჩნია, არც საიდუმლოებები და არც მადლი. გინდა ცხონება? იყავი ეკლესიაში და იგი არ გაგცემს შენ. ქრისტეს მიერ დაარსებული ეკლესია ზღუდეა და თუ ამ ზღუდის შიგნით იმყოფები, მგელი ვერ შეგეხება, ხოლო თუ გარეთ გახვალ, ნადირი მოგიტაცებს (აქ იგულისხმება უჩინარი, ბოროტი სულები), ამიტომ წმიდა თეოფანე გვაფრთხილებს, არ განვეშოროთ ეკლესიას, რადგან მასზე ძლიერი და საიმედო არაფერია ამქვეყნად, მასშია ჩვენი სულის ცხონება.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი