მამა ეფრემ ფილოთეველი. "მამა იოსების გვერდით"
თავი 8. ბრძოლა გულისთქმებთან
ბერდიდთან ჩემი ცხოვრების დასაწყისში გულისთქმები შემაწუხებდნენ, ათასობით გულისთქმა.
"ჰოი, რა ძნელია, რა ძნელი! შენ აქ რას როგორ გაუძლებ? აქ რისთვის მოხვედი? დაბრუნდი უკან!" მაგონდებოდა მამისეული სახლი, ის, რომ ერში მოძღვარს ჩემთან ერთად მონასტრის გამართვა უნდოდა, მაგონდებოდა სხვა რამეებიც. ვებრძოდი და ვეწინააღმდეგებოდი ამ გულისთქმებს.თავი 8. ბრძოლა გულისთქმებთან
ბერდიდი მეტყოდა ხოლმე:
- ყველაფერი კარგადაა, ნუ მიატოვებ შენს მოვალეობას, მღვიძარებას და ლოცვას - მაშინ მონასტრიდან გაქცევის დემონი ვერ სძლევს შენს სულს.
გულმოდგინედ ვასრულებდი ჩემს მოვალეობას, და დადგა მომენტი, როცა ყველა გულისთქმა განმეშორა და დავინახე, რაოდენ მშვენიერი იყო უდაბნო. მანამდე ეშმაკი მას პირქუშად, შავად წარმომიდგენდა, ვინაიდან ჩემი გონება ხშირად სოფლისკენ იყო მიმართული. მაგრამ ღვთის მადლი დამეუფლა და მიმოიფანტა ყველა ეშმაკი და შვილის ნება ამოქმედდა.
ზოგჯერ მივდიოდი მამა არსენთან. ის კი მეტყოდა:
- გულს ნუ გაიტეხ, მეც მებრძოდნენ გულისთქმები და ბერდიდსაც. ისიც ასევე მამხნევებდა თავისი უბრალო სიტყვებით. როცა მე იქ მივედი, ორი ბერდიდი გვყავდა. პირველი იყო მამა იოსები, მას პირველს ვუდრეკდით მუხლს, მერე კი მამა არსენს. ამ დროს მამა არსენი გვეტყოდა: "თქვენ უკვე მოუდრიკეთ მუხლი ბერდიდს. ეს საკმარისია. მაგრამ მამა არსენიც ჩვენ დიდად გვეხმარებოდა. თუ ბერდიდთან საუბარი არ შემეძლო, მამა არსენს ვესაუბრებოდი. ჩვენ ერთად ვშრომობდით.
რა თქმა უნდა, ზოგჯერ ძალზე მაწუხებდა სიამაყის, სიზარმაცის ან სხვა რაიმე გულისთქმები. ბერდიდი გვეტყოდა ხოლმე, გულისთქმებს სრული გულგრილობით და უგულებელყოფით შეეწინააღმდეგეთო.
- დაიმარხე იესოს ლოცვა! ეს გაივლის. ეს ქარიშხალია, თავდასხმაა, უკან დაიხევს. თუ შენ ამას შეეწინააღმდეგები, მტკიცედ შეაკავებ ფრონტის ხაზს, არ დაკარგავ მხნეობას, ეს ბრძოლა უკან დაიხევს. ეშმაკის ტაქტიკა ასეთია: თავს დაესხას, ფრონტის ხაზი გაარღვიოს, გაანგრიოს გალავანი და ნიაღვარივით შეიჭრას ხვრელში, დატბოროს, დაანგრიოს ყველაფერი, რაც წინ შეხვდება. გალავანი არ დაანგრევინო და ის უკან დაიხევს.
და გულისთქმები, რა თქმა უნდა, უკან იხევდნენ.
***
ბერდიდს ყველაფერს ვუმხელდი, გულწრფელად და პატიოსნად ვაღიარებდი მის წინაშე, არაფერს ვუმალავდი, რამეთუ ვიცოდი, თუ რამეს დავმალავდი, ის სულში დამილპებოდა. მაგრამ ყოველგვარ დამპალ საგანს თავისი სუნი აქვს, თავის სიმყრალე, რომელსაც შეეძლო, გაეჟღინთა ჩემი სული, მაშინ თავს კარგად ვერ ვიგრძნობდი. მოვიდოდა რაიმე გულისთქმა და სულში ყველაფერი თავდაყირა დგებოდა. "მოიცა, - ვეუბნებოდი საკუთარ თავს, - მე თუ ამ საქმეს თავს დავანებებ და იმ გულისთქმას მივიღებ, მაშინ რა მოხდება?"მაგალითად, მომივიდა რაიმე ცუდი გულისთქმა ბერდიდზე, ბერდიდი სნეული იყო და არ შეეძლო, თავისი კანონის შესრულებისას სწორად გამოესახა დიდი ჯვრის ნიში, ამიტომაც მცირე ჯვრის ნიშს ისახავდა. დაწყლულებული ფეხების გამო სულ დიდ მეტანიებს ვეღარ ასრულებდა, მიდიოდა კართან, დაეყრდნობოდა და მეტანიებს ასრულებდა. სიბერეში ისევე აიძულებდა თავს, როგორც ახალგაზედობისას. ეტყობა, ფიქრობდა: "ღმერთმა იცის, რომ მხოლოდ ასე შემიძლია მუხლის მოდრეკა".
მეც და ბერდიდიც კანონს ეზოში ვასრულებდით. ის თავისი კალივის გვერდით, მე ცოტა მოშორებით. როცა ნათელი ღამე იყო და მთვარე ანათებდა, მე ბერდიდს ვხედავდი, ის კი მე. ვხედავდი, რომ პატარა ჯვარს ისახავდა და გულისთქმა მეუბნებოდა: "განა ეს ჯვრის ნიშია? ბერდიდი ჯვარს არასწორად რატომ ისახავს? თითქოს ბალალაიკაზე უკრავსო!" ვცდილობდი, პატიოსანი ვყოფილიყავი ღვთისა და ბერდიდის წინაშე, ავუჯანყდი საკუთარ თავს, ხომ შემეძლო, შეცდომა დამეშვა და მიუხედავად ჩემი ადრინდელი რწმენისა, ამ კაცის მიმართ ეს ბოროტება დამეჯერებინა. მე ხომ ვიცოდი, რომ საკმარისი იყო დამეჯერებინა ერთი ბოროტი გულისთქმა, რომ ეს დაარღვევდა სულიერ კავშირს და განმაშორებდა ბერდიდს. რამეთუ თუ შეირყევა რწმენა სულიერი დამრიგებლის მიმართ, მერე იკარგება დაჯერებაც, მერე კი ინგრევა სიყვარული, - ამის მერე მოდი და მორჩილება გამოიძიე. ამიტომაც ვეუბნებოდი საკუთარ თავს: "ბრმაო ლეკვო, შენ თავს უცქირე! ბერდიდი ავადმყოფი ადამიანია. მისი ეს პატარა ჯვარი შენი ათი ჯვრის ნიშნის ტოლფასია იმიტომ, რომ შენ ახალგაზრდა ხარ, ის კი მოხუცია. განა იმდენი გაგიკეთებია, რასაც ბერდიდი აკეთებდა ახალგაზრდობაში? შენ მის ერთ თმის ღერადაც არ ღირხარ. მისი ხნისა შენ საერთოდ ჩვარი იქნები, არაფრის გაკეთება აღარ შეგეძლება, არც მცირე ჯვრის გამოსახვა". თუ შევამჩნევდი, რომ გულისთქმა გაჯიუტდებოდა, მაშინ ჯოხს მოვკიდებდი ხელს და ვიცემდი: "აჰა, მიიღე და გაკვეთილად გექცეს!" ამგვარად, საკუთარი თავის ლანძღვით მოვიკვეთავდი გულისთქმას. ვმშვიდდებოდი, მაგრამ ცოტა ხნის მერე გულისთქმა კვლავ თავს მესხმოდა, ის ჩემზე ძლიერი იყო, მიუხედავად იმისა, რომ დროულად მოვასწარი მისი განდევნა.
მაშინ კი გავუმხილე ბერდიდს - ასეა ჩემი საქმე, მამაო-მეთქი.
და ამ დილით გამოცდილმა საკვირველმა ადამიანმა მითხრა.
- ყველაფერი ეს სისულელეა, ნუ გეშინია. შენ იმ ძმას გავხარ პატერიკიდან, თავგზა რომ აებნა და თქვა: "მამაო, რამდენი გულისთქმაა, რამდენი ვნება! მათგან თავი როგორ დავაღწიო? ღვთის გულისათვის დამეხმარე, მამაო, თავგზა ამებნა!" გამოცდილმა ამბამ კი უპასუხა: "შვილო! გულისთქმები ყველა ერთდროულად არ დაგატყდება თავს, არც ვნებები მოინდომებენ ერთდროულად შენს გაგუდვას. თავს დაგესხა ხორციელი გულისთქმა - დაარტყი მას! მოიკვეთე წარმოდგენა, ის პირი, რომელიც გაცდუნებს, განდევნე, აღხოცე იგი, როგორც აღხოცავ ეშმაკს შენი წარმოდგენიდან, როგორც აღხოცავ ავაზაკს, რომელიც შენთან თავისი წარმოსახვებით მოდის. შენ აღხოცე ეს ისე, როგორც ღრუბლით აღხოცავ დაფიდან რაიმეს. აღხოცე ეს სახე, იპყარ იესოს ლოცვა და საქმეც მოთავებულია. ანგარიში გაუსწორე გულისთქმებს და ისინი მეტად აღარ არიან. თუ კვლავ მოვლენ, კვლავ მოიშორე. ასე მაგალითად, მოგდის სიზარმაცის გულისთქმა და გეუბნება: "იძინე!" შენ კი მას ეუბნები: "არა, რატომ უნდა დავიძინო?" გულისთქმა კვლავ გეტყვის: "თქვი ეს სიტყვა". შენ კი უთხარი: "არ ვიტყვი!"
ზოგჯერ ბერდიდს სლოკინი აუტყდებოდა ხოლმე. ეშმაკმა ამით ისარგებლა და ჩემში შემოსაძრომად კიდევ ერთი ხვრელი მონახა, რამდენადაც ჩემში ბევრი სიამაყე იყო და დიდად ვფიქრობდი საკუთარ თავზე. ჩვენ ხომ ერში ქრისტიანულად ვცხოვრობდით, ამის გამო გვაქებდნენ და ცაში ავყავდით, რითაც გააღვივეს ჩემში სიამაყე. რა თქმა უნდა, როცა ბერდიდთან მოვედი და მისი გამოცდების ღუმელში გამოვიწრთე, მაშინ დავინახე, რომ დაგლეჯილი საცერი ვიყავი.
ეს ასე მოხდა. ბერდიდის სლოკინის გამო გულისთქმამ მითხრა: "ბერდიდს ეს იმიტომ სჭირს, რომ მასში ეშმაკია და ის სლოკინს აიძულებს". ჰოი! როგორი სიმწარე, როგორი გესლი ვიგრძენი სულში! "შენ მარტო ერთი შეხედე, რას მეუბნება ეს გულისთქმა!" - ვუთხარი საკუთარ თავს. მე აქამდე ასეთი რამ არ დამმართნია. როგორც ის გულისთქმა მომივიდა, მე ავჯანყდი, წინ აღვუდექი. არა, შეუძლებელია ასეთი გულისთქმა მივიღო, რომელიც ბერდიდის შეურაცხმყოფელია! "მოგკლავ!" - ვუთხარი მას და დავუწყე ბრძოლა, შეწინააღმდეგება.
როცა ამის შესახებ მოვუყევი ბერდიდს, გამიღიმა: მისთვის ეს მზესუმზირის კნატუნი იყო.
- ნუ დაღონდები, შვილო, დაე მან თქვას, რაც უნდა. ნუ მიანიჭებ რაიმე მნიშვნელობას. წარმოთქვი იესოს ლოცვა, მან კი იყბედოს. ის შენ კიდევ ბევრ რამეს გეტყვის. ერთი ყურიდან შეუშვი, მეორიდან გამოუშვი. ჯოჯოხეთის რყევა დაუსრულებელია. ეშმაკთან ადვილად გამკლავება არავის შეუძლიან. ნუ დაუწყებ კამათს, რადგან შენ ამისთვის პატარა ხარ. შემოვიდა, გავიდა. შენ მხოლოდ უგულებელყავი ეს გულისთქმები და იესოს ლოცვა იმეორე, ისინი თავისით წავლენ.
მე ეს მეცნიერება არ ვიცოდი და ამიტომაც ვუპაუხე:
- მამაო, მე შევებრძოლები ამ გულისთქმებს. ნებას არ მივცემ, რომ შენი საწინააღმდეგო რაიმე მითხრას.
- ჰმ! - გაიღიმა. ალბათ თავისთვის გაიფიქრა: "ამ პატარამ არ იცის, მის თავს რა ხდება".
სასტიკად ვიბრძოდი, ეშმაკი თავისი საქმის ოსტატი იყო, და იცით, რა მომიწყო? როგორც კი ღამისთევის ლოცვაზე დავდგებოდი, როგორც კი თვალს გავახელდი, მაშინვე წკიპურტი მხვდებოდა.
- ეშმაკმა გულისთქმა შთამაგონა: "ხედავ, ბერდიდი როგორია". ამ სიტყვებთან ერთად გულში გესლის ნაკადი შემოდიოდა, რომლითაც ეშმაკი ჩემი ღამისთევის ლოცვის მოწამვლას ცდილობდა. ამგვარი ფიქრებით არღვევდა მთელ ჩემს ძალებს, რათა ღამისთევის ლოცვა გამფუჭებოდა. ხან ასეთი გულისთქმაც მომდიოდა: "ბერდიდი ხომ ისეთია, როგორც შენ ფიქრობ, ის ეშმაკისგან შეპყრობილი კაცია".
მაგრამ ნაბიჯითაც უკან არ ვიხევდი. წამოვდგებოდი და მაშინვე მოვიკვეთდი ამ გულისთქმას.
- არა, ჩემი მოძღვარი მხედართმთავარია, ის მე ცხონებისკენ მიბიძგებს, მასში ეშმაკი არ არის, ის წმინდანია, ის ღვთის ანგელოზია. ეს სლოკინი მისთვის ბუნებრივი მოვლენაა.
- არა, - უკან არ იხევდა გულისთქმა, - და სხვადასხვა "საბუთს" დამილაგებდა. - არა, - მე არ ვთანხმდებოდი.
ეს არც კრივი იყო, რაღაც უარესი გახლდათ, რომელიც საათობით გრძელდებოდა. ის მე მეტყოდა რაღაცას, მე - იმას. დაუსრულებელ დავაში ვიყავი, ვერ ვხვდებოდი, რა მჭირდა, ვინაიდან ძალზე ცოტა რამ ვიცოდი. მე უბრალოდ, გამომარჩევდა ბუნებრივი მხნეობა, რომელსაც ვავლენდი კიდეც, მაგრამ პატარა ვიყავი და პატარა ცოდნა მქონდა. ვცდილობდი, საპირისპირო დამემტკიცებინა, ეს კი ზრდასრული ადამიანების საქმე იყო. მერჩივნა, თავი ამერიდებინა ამ ბრძოლისთვის გულისთქმების უგულებელყოფით, რათა მათგან სასწრაფოდ გავთავისუფლებულიყავი.
ეს ბრძოლა არაერთი დღე გრძელდებოდა. ბოროტი ძლიერ მირტყამდა ერთ წერტილში და მდგომარეობას იღრმავებდა. ის მე ღამისთევის ლოცვისთვის განკუთვნილ საათებს მპარავდა და თავისთან ბრძოლას მაიძულებდა. ამიტომაც ინტენსიურ თერაპიას მივმართე. აუცილებელი იყო სპეცოპერაცია, თორემ ისე არაფერი გამოვიდოდა. თან ჯოხი მქონდა: - რა თქვი ბერდიდზე? ბახ! და ტკივილისაგან შევხტებოდი.
- არა, არა, ბერდიდი ასეთი არ არის!
- აჰა, ესე იგი, ახლა არ არის ასეთი?
და როცა ასე მოვიქეცი - კრიჭ! - თითქოს სამართებლით ძაფი გადაიჭრა. შეწყდა ეს ბრძოლა. მას მერე არასოდეს შემმთხვევია ასეთი რამ, და თუმცა ბერდიდს ზოგჯერ ბუნებრივი სლოკინი აუტყდებოდა, არც მახსენდებოდა, რომ ოდესღაც ამის გამო ბრძოლა მქონდა. გულისთქმა და მასთან ერთად ბრძოლა კვალწმინდად გაქრა, რადგან მხნედ, თავგანწირულად უკუვაგდე თავდასხმა. ასე რომ არ მოვქცეულიყავი, სული თანდათანობით დამინაგვიანდებოდა და ამყრალდებოდა. თითოეული გულისთქმა სულს იარას უჩენს, თუ არ განდევნი, ჭრილობა დაწყლულდება, დაჩირქდება და ამყრალდება. მაშინ ვუთხარი საკუთარ თავს: "ხედავ, რა ხდება! მე რომ ის გულისთქმა მიმეღო, ჩემი საქმე წასული იყო. გულისთქმა ბერდიდს განმაშორებდა და თვითონ შევიქმნებოდი ეშმაკეული ბერდიდის ნაცვლად, რომელსაც ის ცილს სწამებდა, ჩემში შემოვიდოდა და გამაწამებდა. აი, როგორია ეს ბრძოლა!"