თეოფანია დიდგვაროვანთა წრეს ეკუთვნოდა. მის მშობლებს შვილი დიდხანს არ ეძლეოდათ და ღვთისმშობელს მხურვალედ ევედრებოდნენ შემწეობას.
ბოლოს შეეძინათ ასული, რომელსაც თეოფანია (ღმერთშემოსილი) დაარქვეს. თეოფანია სიყრმიდანვე გამოირჩეოდა გულისხმიერებითა და ღვთისმოშიშებით. მოგვიანებით მისი ბედი ბიზანტიის საიმპერატორო კარს დაუკავშირდა-იმპერატორმა ბასილი მაკედონელმა (867-886) თავისი მემკვიდრის-ლეონის (შემდგომში ბრძნად წოდებულის) (886-912 წწ.) მეუღლედ გამოარჩია.
ბასილი I მაკედონელი უბრალო გლეხის შვილი იყო, თუმცა საიმპერატორო პალატებში გაიზარდა. მან მოახერხა იმპერატორ მიქაელ III-ის კეთილგანწყობის მოპოვება, რომელმაც იგი თანამმართველად დანიშნა. მალე მოაკვლევინა იმპერატორი და გახდა იმპერიის ერთპიროვნული მმართველი. საფუძველი დაუდო მაკედონელთა დინასტიას ბიზანტიის იმპერიის ტახტზე. ძალაუფლების მწვერვალზე სისხლით აღზევებული ბასილი ყველა იმ თვისებით იყო შემკული, რაც აუცილებელია ესოდენ მძიმე მოვალეობის მტვირთველისათვის: ამ ჭკვიან კაცს თანაბრად სურდა იმპერიის შიგნითაც აღედგინა წესრიგი და გარეთაც აემაღლებინა მისი პრესტიჟი. იყო უნარიანი მმართველი და მხნე მეომარი, რომელიც, უწინარეს ყოვლისა, იმპერატორის ძალაუფლების განმტკიცებას ისახავდა მიზნად. მმართველობის ოცი წლის მანძილზე შეძლო წაღმა შეებრუნებინა იმპერიის საქმე და მიღწეული წარმატებების წყალობით, უზრუნველეყო თავისი მემკვიდრეების მომავალიც.
ლეონისა და თეოფანიას ჯვრისწერის შემდეგ დიდი ხანი არ იყო გასული, რომ ბოროტმა ენებმა ბასილის ამცნეს, შენი ძე მოკვლას გიპირებს ტახტის ხელში ჩასაგდებადო. გულმართალი მეფე ერწმუნა მზაკვარ ცილისმწამებლებს და თავისი ძე მეუღლითურთ დაუყოვნებლივ საპყრობილეში ჩააგდო. ლეონი და თეოფანია სამ წელიწადზე მეტ ხანს იტანჯებოდნენ პყრობილებაში, მაგრამ, უფლის გულმოწყალებას მინდობილნი, მთელ დღეებს მარხვასა და ლოცვაში ატარებდნენ. ამასობაში განრისხებული იმპერატორიც დაცხრა, მიხვდა შეცდომას და ტუსაღები გაათავისუფლა.
ბასილის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ლეონი ავიდა, მაგრამ ნეტარი დედოფალი ამის შემდეგაც არ მოხიბლულა ამსოფლური დიდებითა და პატივით: კვლავინდებურად ლოცულობდა, ჭამდა მხოლოდ პურსა და გამხმარ მწვანილს, მდიდრული სადედოფლო შესამოსლის ქვეშ უხეში ჯვალო ემოსა, ეძინა ხმელ საწოლზე, რომლის ქვეშაც ცხოველების ბასრ ძვლებს ყრიდა. მთელ თავის ქონებასა და ძვირფასეულობას ქვრივებს, ობლებსა და გლახაკებს ურიგებდა, მონა-მხევლებს ისე ეპყრობოდა, როგორც ქრისტესმიერ საყვარელ და-ძმებს.
იმპერატორი ლეონ ბრძენი, ხედავდა რა თეოფანიას სიწმინდეს, სიცოცხლეშივე თაყვანს სცემდა მას არა მარტო როგორც მეუღლესა და დედოფალს, არამედ როგორც თავის მეოხს უფლის წინაშე.
წმინდა დედოფალმა მძიმე ავადმყოფობის შემდეგ მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი