ღირსი პელაგია ედესელმა ეპისკოპოსმა ნონემ (ეკლესია მას ყველიერის შაბათს იხსენიებს) გააქრისტიანა,
მაგრამ სანამ ნათელს იღებდა, პალესტინის ანტიოქიის მოცეკვავეებს განწვრთნიდა, ძალზე მდიდარი გახლდათ და თავაშვებულ ცხოვრებას ეწეოდა.
აი, რას მოგვითხრობს მასზე ილიოპოლისელი დიაკონი იაკობი:
სირიის ანტიოქიის მთავარეპისკოპოსმა საეკლესიო საკითხებზე სათათბიროდ მახლობელი ქალაქებიდან რვა ეპისკოპოსი მოიწვია, მათ შორის ნონე ილიოპოლისელიც, კაცი წმინდა და ღმერთშემოსილი.
წმინდა იულიანეს სახელობის ტაძრის კართან ჩამომსხდარნი ღირსი ნონეს სულის მარგებელ საუბარს ისმენდნენ, ერთმა ანტიოქიელმა მეძავმა რომ ჩამოიარა... უთავსაბუროს მხრები მოეშიშვლებინა, თამამად მოდიოდა, ნელსაცხებლის სურნელს აფრქვევდა და ისეთი ლამაზი იყო, იქ მყოფ ახალგაზრდებს ერთ რამედ უღირდათ მისი ხილვა...
ქალი ისე ურცხვად მოირხეოდა, ეპისკოპოსებმა თვალები დახუჭეს და თავი მიიბრუნეს... წმინდა ნონე კი მანამ უცქერდა, ვიდრე თვალს არ მიეფარა, შემდეგ ღრმად ამოიოხრა და მღვდელმთავრებს დაეკითხა:
- ნუთუ მისმა მშვენებამ არ დაგატკბოთ? ამ დედაკაცისგან ბევრი რამ ვისწავლე... უფალი საშინელ სამსჯავროზე მისით განგვიკითხავს...
გიფიქრიათ, თუ რამდენ ხანს ირთვებოდა, თაყვანისმცემელთათვის თავი რომ მოეწონებინა? ჩვენ კი სულის გასამშვენებლად არ ვზრუნავთ, რომელიც განძარცვულია, შელახული და აყროლებული, არც სინანულის ცრემლით განვბანთ და არც სათნოებებით ვმოსავთ, რომ უფალს სათნო ეყოსო!..
ბრძანა ნეტარმა და ტაძრის სიახლოვეს მდებარე თავის სენაკს მიაშურა, სადაც მიწას განერთხა და უფალს ცრემლით შესთხოვა:
- უფალო, შენს ქმნილებას ნუ დაღუპავ! დაე, ბოროტის ხელში ასე მშვენიერი ნუ იქნება! შენს სადიდებლად სინანულად მოაქციე, რამეთუ ყოველივე ძალგიძს.
მეორე დღეს დიაკვანს გაუმხილა:
- სიზმრად ვიხილე, საკურთხეველში ვიდექ, წირვაზე. უეცრად საიდანღაც შავი მტრედი შემოფრინდა და გარშემო შემომიფრინა... ისე ყარდა, სუნთქვა შემეკრა...
მართალთა ლიტურგიის დაწყებამდე მტრედი გაფრინდა და წირვის დასრულებამდე მისთვის თვალი აღარ მომიკრავ... ტაძრიდან რომ გამოვედი, კვლავ გარს დამიწყო ტრიალი, ხელი ვტაცე და ტაძრის კარიბჭესთან მდებარე წყლიან ჭურჭელში ჩავაგდე, საიდანაც თოვლივით სპეტაკი ამოფრინდა, ზეცას მიაშურა და გაუჩინარდაო...
ეს თქვა და ტაძარში საწირველად წავიდა, ბოლოს კი, როდესაც ანტიოქიის მთავარეპისკოპოსის თხოვნით იქადაგა, ღვთის ნებით, ტაძარში ის დედაკაცი შემოვიდა, ვის გამოც ასე წუხდა წმინდა ნონე... მისმა ნაქადაგარმა ქალი შეძრა, საკუთარ ცხოვრებაზე დაფიქრდა, სინანული მოჰგვარა და აატირა... მისი სული ამ ყველაფერმა იმდენად შეაძრწუნა, ტაძარში ვეღარ გაჩერდა და გარეთ გამოვარდა, მსახურები კი გააფრთხილა, წირვის შემდეგ ამ წმინდა კაცს გაჰყოლოდნენ და მისი სამყოფელი გაეგოთ, თავად კი ასეთი უსტარი მისწერა:
"ქრისტეს წმინდა მოწაფეს ეშმაკის მოწაფე და ცოდვილი დედაკაცი სწერს. შევიტყვე, რომ შენი ღმერთი ზეციდან მართალთათვის კი არა, ცოდვილთა სახსნელად გარდამოხდა. ის, ვისაც ანგელოზნიც კი ვერ უსწორებენ თვალს, ლუკმას მეზვერესთან იყოფდა და მეძავებს ესაუბრებოდა.
უფალო ჩემო, თუ შენ მართლაც ისეთი ქრისტეს მონა ხარ, როგორსაც ამბობენ, ხელს ნუ მკრავ, არამედ უფალთან მისვლაში შემეწიე, რომ მისი უწმინდესი სახის ხილვის ღირსი შევიქნე."
წმინდა ნონეს პასუხი კი ასეთი გახლდათ: "უფალმა უწყის, რაცა გწადია, გთხოვ, მე უღირსს ნუ გამომცდი და თუ გსურს, ჩემი ღმერთი ირწმუნო, ტაძარში მოდი, სადაც სხვა მღვდელმთავარნიც იქნებიან, მარტო კი არ შეგხვდებიო."
გახარებული ქალი მყისვე ეახლა ტაძრად, სადაც წმინდა ნონესთან ერთად მისი თხოვნით შეკრებილი სხვა მღვდელმთავარნიც დახვდნენ... დედაკაცი მის წინაშე დაემხო და სთხოვა, მოენათლა.
წმინდანმა წამოაყენა და უთხრა:
- საეკლესიო კანონებით, მეძავის ნათლისღება მიმრქმელის გარეშე არ ეგების, რომელიც თვალს მიადევნებს, ნათელღებული ძველ ცოდვებს არ დაუბრუნდეს.
- თუ არ მომნათლავ, პასუხს უფლის წინაშე აგებ, თუ ქრისტეს სასძლოდ არ მაქცევ და უზენაესთან არ მიმიყვან, ღმერთთან და მის წმინდანებთან წილი არც შენ გექნება, - მიუგო ქალმა.
მისმა ამ პასუხმა ყველა განაცვიფრა. მაშინ ღირსმა ნონემ ანტიოქიის მთავარეპისკოპოსთან ნებართვისათვის დიაკვანი წარგზავნა. ეპარქიის მმართველმა ნება დართო და მიმრქმელად პირველი დიაკონისა, დედა რომანა გაუგზავნა.
დიაკვანს დედაკაცი ღირსი ნონეს წინაშე დამხობილი დახვდა.
- ადექი, შვილო, რომ კათაკმევლის ლოცვები წაგიკითხოთ, - მოუწოდა მღვდელმთავარმა და ცოდვათა აღიარება მოსთხოვა.
დედაკაცმა ქვითინით მიუგო:
- თუ ჩემს სინდისს ჩავუღრმავდები, ერთ კეთილ საქმესაც ვერ ვიპოვი. ზღვის ქვიშასავით ურიცხვია ჩემი ცოდვები, მაგრამ უფალს ვსასოებ და მწამს, მომიტევებს და მოწყალედ მომხედავს.
- რა გქვია, შვილო? - დაეკითხა ეპისკოპოსი.
- მშობლები პელაგიად მიხმობდნენ, ანტიოქიელებმა კი აურაცხელი ძვირფასეულობის, სამშვენისებისა და ცოდვების გამო მარგარიტა დამარქვეს.
წმინდა ნონემ მონათლა და მიმრქმელად დიაკონისა რომანა დაუდგა. ნათლობის შემდგომ კი ყველა ტრაპეზზე მიიწვია:
- ძმანო, უფლის დაკარგული ცხოვარის პოვნის გამო ანგელოზებთან ერთად განვიხაროთ და ზეთიანი საკვები და ღვინო ვიხმიოთ.
ტრაპეზისას ეშმაკმა ვეღარ დაითმინა და კაცის ხმით იწყო გოდება:
- ამ ყბედსა და ღვინის მხმეველ ბერიკაცს როდემდე უნდა გითმინო? არ გეყო, 30 000 სარკინოზი რომ მონათლე და მომტაცე, ილიოპოლისიდანაც გამომაძევე და ახლა ჩემი ბოლო იმედიც წამგლიჯე?! ჯიუტო და მატყუარავ, რაღა ვიღონო?! წყეულიმც იყოს დღე, როდესაც დედამ გშვა! შენს თვალთაგან დანადენმა ცრემლთა მდინარემ ჩემი საცხოვრისი გადარეცხა და უდაბნოდ აქცია.
დემონის ამ გოდებამ ყველა შეაძრწუნა, რომელმაც შემდეგ პელაგიას მიმართა:
- პელაგია, ქალბატონო ჩემო, რასა იქმ? ან იუდას რად ემსგავსები, სამოციქულო პატივი რომ დაუტევა და ბატონს განუდგა?
მაგრამ პელაგიამ ჯვარი გამოისახა და ეშმაკიც მაშინვე უჩინო შეიქნა.
თუმცა, მისი ხელიდან გაშვება ასე იოლად არ სურდა და ორი დღის შემდეგ მძინარე მოიხელთა, გააღვიძა და შეჰკნავლა:
- ძვირფასო ქალბატონო მარგარიტა, ასეთი რა დაგიშავე? ნუთუ არ გახსოვს, თვალ - მარგალიტით რომ გამკობდი?! გევედრები, სხვათა აბუჩად ასაგდებად ნუ გამხდი.
პელაგიამ მყის ჯვარი გამოისახა და ეშმაკი განქარდა, შემდეგ კი შეშინებულმა თავისი მიმრქმელი, დედა რომანა გააღვიძა, რომელმაც ასე დაამშვიდა:
- ნუ გეშინია, შვილო, ეშმაკს ახლა შენი ჩრდილიც კი აძრწუნებს.
ნათლისღებიდან მესამე დღეს წმინდა პელაგიამ მსახურს მთელი საგანძური მოატანინა და წმინდა ნონეს გადასცა.
ამ უკანასკნელმა ყოველივე იკონომოსს ჩააბარა და მკაცრად გააფრთხილა:
- ყოვლადწმინდა სამებას გაფიცებ, რომ ჩემს ქონებას არც ეპისკოპოსის სახლში შეიტან და არც - ტაძარსა და საკურთხეველში, არამედ ყველაფერი ქვრივ-ობოლთ, სნეულთ და გლახაკთ დაურიგე, რამეთუ, ბოროტად ნაგროვები სიკეთის ქმნაში უნდა განიხარჯოს, რომ ცოდვილი სიმდიდრე - მართალ სიმდიდრედ იქცეს...
ახლა კი გიბრძანებ, - თუ ჩემს თხოვნას არ აღასრულებ, ანათემა შენ და შენს ოჯახობასო!"
ქონების მოწყალებად გაცემის შემდეგ პელაგიამ მსახურნიც გაათავისუფლა.
მერვე დღეს, როცა, ჩვეულებისამებრ, ახალნათელღებული იმ თეთრ ტანსაცმელს იხდის, რომელიც ერთი კვირა ატარა, პელაგია დარდიანად წამოდგა, გაიხადა თეთრი სამოსი, ჩაიცვა წმინდა ნონეს ძველი ტანსაცმელი და უჩუმრად გაეცალა ანტიოქიას. დიაკონისა რომანა ძალზე წუხდა მის დაკარგვას. ნონე ეპისკოპოსს კი ღმერთმა განუცხადა პელაგიას სამყოფელი - იერუსალიმში წასულიყო. დამშვიდდი და ნუღარ ტირი, შვილო, - გაამხნევა დიაკონისა, - პელაგიამ მარიამის მსგავსად კეთილი ნაწილი გამოირჩიაო.
სამი წელი განილია და დიაკონმა იაკობმა იერუსალიმის მოლოცვა განიზრახა, წასვლამდე კი ეპისკოპოსმა ნონემ დააბარა:
- მამა იაკობ, იერუსალიმში რომ ჩახვალთ, ბერი პელაგე მოძებნე, რომელიც საჭურისია. რამდენიმე წელია, დაეყუდა. მასთან საუბრით დიდ სარგებელს ნახავ, რადგან სრულყოფილებას ეწიაო!
იაკობმა მამა პელაგიას ზეთისხილის მთაზე მიაგნო, სინამდვილეში - პელაგიას და ვერ იცნო ღირსი დედა, ან როგორ იცნობდა, როცა მისი სილამაზიდან მხოლოდ ძვალი და ტყავი დარჩენილიყო.
წმინდა პელაგიამ კი იცნო და წმინდა ნონესთან დააბარა, მისთვის ელოცა.
ნეტარი პელაგიას ხილვის შემდეგ იაკობმა იერუსალიმის მიდამოები მოვლო და სადაც კი ფეხი დადგა, ყველგან საჭურის პელაგიას კეთილი საქმენი იხილა, რის გამოც მისი ხილვა კვლავაც ისურვა, თუმცა, ნეტარი უკვე გარდაცვლილიყო...
იაკობმა ეს ამბავი მყის შეატყობინა იერუსალიმელ ბერებს, რომლებთან ერთადაც იერუსალიმის პატრიარქიც მობრძანდა...
ხოლო როდესაც ცხედრის გაპატიოსნებას შეუდგნენ, იხილეს, რომ მათ წინაშე დედაკაცი ესვენა...
ეს ამბავი მყისვე მოედო მთელ იერუსალიმს და ნეტარი დედისთვის პატივის მისაგებად უამრავი ქრისტიანი მოვიდა...
წმინდა პელაგია დაახლოებით 457 წელს აღესრულა.
მეოხ გვეყოს მისი წმინდა ლოცვანი უფლის წინაშე! ამინ!
ტროპარი:
შენ შორის, საკვირველო დედაო, კეთილად დაცულ იქმნა ხატება, რამეთუ აღიღე ჯუარი და შეუდეგ ქრისტესა, და მოქმედი ასწავებდი შეურაცხყოფასა ხორცთასა, ვითარცა წარმავალისასა, ხოლო ღუაწსა სულისასა, ვითარცა უკუდავისა არსებისასა, რომლისათუისცა ანგელოზთა თანა იხარებს სული შენი, ნეტარო პელაგია.
კონდაკი:
ხორცნი შენნი განლიენ მარხვითა, მღუიძარებითა და ლოცვითა, და შემოქმედისა შენისა მიმართ ვედრებითა ცოდვათა შენთა მისატევებელად, ხოლო მიიღე სრულიად შენდობაი შეცოდებათა, და მიჩუენე ჩუენცა გზაი იგი შენდობისაჲ სინანულითა.
..........................
აქვე წაიკითხეთ:
რაც ბოროტების ქმნით შეგროვებულა, სიკეთის ქმნაში დაიხარჯოს
იდგა და მწარედ ტიროდა თავის ცოდვებს
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი