25 ივლისს მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დედის, მართალი ანას მიცვალებას აღნიშნავს.
გადმოცემის თანახმად, იგი მშვიდობით მიიცვალა იერუსალიმში, 79 წლისა, ყოვლადწმინდა ქალწულ მარიამის ხარებამდე. მოგვიანებით მისი ნეშტი კონსტანტინოპოლში გადაასვენეს. მართალი ანა პირველი მღვდელმთავრის, აარონის შთამომავალი გახლდათ ლევიტელთა ტომიდან. ანას მამა ნათანიც წინაპრების მსგავსად ღვთისმსახური, ბეთლემელი მღვდელი იყო. მას სამი ქალიშვილი ჰყავდა - მარიამი, სოფიო და ანა. სოფიოს ასული ელისაბედი არის იოანე ნათლისმცემლის დედა.
მართალი ანა ცოლად გაჰყვა წმინდა დავით მეფის შთამომავალ იოაკიმეს. კეთილი და ღთისმოშიში ცოლ-ქმარი ქალაქ ნაზარეთში ცხოვრობდა.
წმინდა იოაკიმე თავისი შრომის ნაყოფს სამად ყოფდა: ერთ ნაწილს ღმერთს სწირავდა - უფლის საკურთხეველთან მიჰქონდა, მეორეს გლახაკებს უნაწილებდა და მხოლოდ მესამედს იტოვებდა თავისი სახლეულობის შესანახად.
მორწმუნე ცოლ-ქმარმა ისე მიაღწია ხანდაზმულობამდე, რომ შვილი არ შეეძინათ. უნაყოფობა ძველ აღთქმაში ღვთის კურთხევის მოკლებად, ღვთისგან მოვლენილ უმძიმეს სასჯელად ითვლებოდა. წმინდა იოაკიმეს სჯული აძლევდა უფლებას, რომ ბერწობის გამო მეუღლე გაეშვა და სხვა შეერთო, მაგრამ სულიერად ის სჯულზე მაღლა იდგა. გარდა ამისა, იოაკიმეს უყვარდა ანა და პატივს სცემდა არაჩვეულებრივი მოკრძალებულობისა და ღვთისმოსაობის გამო. გულში ჩაკლული მწუხარებით, მაგრამ უდრტვინველად ისინი ერთად ტვირთულობდნენ განსაცდელს და მარხვით, ლოცვითა და ქველმოქმედებით აგრძელებდნენ ცხოვრებას. ერთმანეთს სიყვარულით განამტკიცებდნენ და არ კარგავდნენ იმედს, რომ უფალს ყოველთვის შეუძლია მონის შეწყალება.
დიდ დღესასწაულებზე მათ ჩვეულებად ჰქონდათ, რომ იერუსალიმში ასულიყვნენ. იოაკიმეც მივიდა ტაძრის განახლების დღესასწაულზე, რათა თანამემამულეებთან ერთად მსხვერპლი შეეწირა, მაგრამ მღვდელმთავარმა ისახარმა იოაკიმეს ძღვენი არ მიიღო, მას უშვილობა აყვედრა და უთხრა: "უფალმა რაღაც საიდუმლო ცოდვის გამო მოგაკლო კურთხევა. სხვა თანატომელებმაც, რომლებიც იქ იყვნენ, დაუმატეს: "შენ არ გაქვს ნება, მსხვერპლი ჩვენთან ერთად შესწირო, იმიტომ, რომ არ შეგიქმნია ისრაელის თესლი".
იოაკიმესთვის მეტად მძიმე იყო ამგვარი ყვედრების ასე სახალხოდ მოთმენა და შინ აღარ დაბრუნებულა, უდაბნოში წავიდა. ორმოცი დღე და ორმოცი ღამე მართალი მოხუცი ტიროდა, მარხულობდა და ლოცულობდა. მწუხარებას ცრე¬მლით იქარვებდა, შესთხოვდა ღმერთს, რომ სირცხვილი და ყვედრება აეცილებინა და სიბერეში მისთვის შვილი ებოძებინა.
ამავე დროს, როდესაც ქმრის შეურაცხყოფის ამბავი გაიგო, ანა უნუგეშოდ ატირდა და შინაურთაგან თავისი მწუხარება რომ დაეფარა, ბაღში გავიდა. დაფნის ხის ძირას მჯდარი არ წყვეტდა ტირილს და ლოცულობდა შეურყვნელი რწმენით, რომ ღმერთი ძლიერია და კაცთაგან შეუძლებელს - შესაძლებელად აქცევს! ამ დროს ცისკენ აღაპყრო თვალები და დაფნის ტოტებში დაინახა ბუდე, რომელშიც უსუსური ბარტყები ისხდნენ - ამის გამო კიდევ უფრო მეტად აევსო თვალები ცრემლით, კიდევ უფრო მეტი ვედრებით გადმოიღვარა ლოცვა მისი გულიდან: "უბედური მხოლოდ მე ვარ, - მოთქვამდა იგი, - ამქვეყნად ყველა შვილებით ნუგეშობს. ცაში ჩიტებსა და მიწაზე მხეცებს ნაყოფიერება მიეც, უფალო, მიწაც დროულად აღმოაცენებს თესლსა და ყველაფერი ეს შენი კურთხევით ხდება! მხოლოდ მე ვარ ველი უნაყოფო, უსიცოცხლო და აღმოუცენებელი, მომხედე, უფალო და ისმინე ჩემი ლოცვა!"
უცებ მის წინაშე ღვთის ანგელოზი წარდგა და უთხრა: "ანა, უფალმა ისმინა შენი ლოცვები, შენ გეყოლება შვილი და შენი თესლისაგან იკურთხება ყოველი ტომი დედამიწაზე, შენი ასულის სახელი იქნება მარიამი და კაცობრიობა ხსნას მის მიერ მიიღებს".
ანგელოზმა დაავალა ანას, წასულიყო იერუსალიმში და უწინასწარმეტყველა, რომ ქმარს ოქროს ჭიშკართან შეხვდებოდა. ღვთივსულიერი სიხარულით აღვსილმა ანამ წამოიძახა: "ცხოველ არს ღმერთი ჩემი, თუ შემეძინება ასული, მას ღმერთს შევწირავ, დაე, დღედაღამ მას ემსახუროს და მისი წმინდა სახელი განადიდოს". ამ აღთქმის შემდეგ მან იერუსალიმისაკენ ისწრაფა, რათა უფლისათვის დიდება და მადლობა შეეწირა.
ანგელოზი მართალ იოაკიმესაც გამოეცხადა, რომელიც სალოცავად იდგა უდაბნოში და უთხრა: "უფალმა შეიწყნარა შენი ლოცვა, შენი ცოლი შობს ასულს, რომელიც ყველას სიხარულს მოუტანს, წადი იერუსალიმში და იქ ოქროს ჭიშკართან იპოვი ცოლს შენსას, რომელსაც მე ეს უკვე ვაცნობე".
ისინი შეხვდნენ ერთმანეთს, ღვთის ტაძარს ერთად შესწირეს სამადლობელი მსხვერპლი და შინაც ერთად დაბრუნდნენ იმის ღრმა რწმენით, რომ მიიღებდნენ ღვთისაგან აღთქმულს.
გავიდა ხანი და ანამ იმშობიარა. მას ქალიშვილი შეეძინა. იუდეველთა ჩვეულების მიხედვით, ახალშობილისათვის მეთხუთმეტე დღეს სახელი უნდა დაერქმიათ, ანგელოზის მითითებით, ყრმას მარიამი უწოდეს, რაც ებრაულად ქალბატონს ან იმედს ნიშნავს. მარიამი გახდა დედა ღვთისა და ამით ყოველივე შექმნილის ქალბატონად და იმედად იქცა.
ნანატრ გოგონას წმინდა იოაკიმე და ანა თვალისჩინი¬ვით უფრთხილდებოდნენ, ზრდიდნენ, აფუფუნებდნენ, ყრმა მარიამი კი საღმრთო მადლით განადიდებდა და განაძლიერებდა მოხუც მშობლებს. გადმოცემა მოგვითხრობს, რომ როდესაც ჩვილი მარიამი ექვსი თვის გახდა, დედამ მიწაზე დასვა, სურდა გამოეცადა, შეძლებდა თუ არა ფეხზე დგომას. მარიამმა შვიდი ნაბიჯი გადადგა და კვლავ მასთან დაბრუნდა, მაშინ მართალმა ანამ ის ხელში აიტაცა და შესძახა: "ცხოველი არს ღმერთი ჩემი, შენ მიწას ფეხს არ დააკარებ მანამ, სანამდის უფლის ტაძარში არ მიხვალ". ამის შემდეგ ანამ თავის საძინებელ ადგილას განსაკუთრებული სამყოფელი მოაწყო, სადაც არანაირი უწმინდურობა არ დაიშვებოდა, შეკრიბა უზაკველი ცხოვრების მქონე ებრაელი ასულები, რათა მათ ეზრუნათ ღვთივრჩეულ ყრმაზე.
მარიამი ერთი წლისა რომ გახდა, იოაკიმემ დიდი ლხინი გადაიხადა და მღვდელმთავრები, მღვდლები, მწიგნობრები და პატივსაცემი მოხუცები მიიწვია. მღვდელმთავრებმა და მღვდლებმა ჩვილი დალოცეს და ღმერთს მისი კურთხევა შესთხოვეს.
მარიამს ორი წელი შეუსრულდა. გარშემომყოფნი განცვიფრებულნი იყვნენ მისი გულისა და გონების არაჩვეულებრივი განვითარებით, რომელიც ასაკს დიდად აღემატებოდა. მისი ბავშვური სიბრძნე კეთილისმყოფელ მზის შუქს ედრებოდა, მარიამი თავისი ასაკის სხვა ბავშვებს არ ჰგავდა და მართალი იოაკიმე ჩქარობდა, იგი აღთქმისამებრ ღვთის ტაძარში მიეყვანა, მაგრამ ანამ, რომელსაც დედური გული ამოქმედებდა, სთხოვა, რომ კიდევ ერთი წელი გადაედოთ. ბრძენი მშობლები ასულს უფლის სამსახურისთვის ამზადებდნენ და მასში აყალიბებდნენ აზრს, რომ იგი ღვთისთვის ჰყავდათ აღთქმული, რომ ღმერთთან ყოფნა უკეთესია, ვიდრე მშობლებთან, რომ მშობლები ვერ მისცემენ იმას, რასაც ღმერთი მიჰმადლებს. "ისმინე, ასულო და მოჰყავ ყური შენი და დაივიწყე ერი შენი და სახლი მამისა შენისაჲ", - ამბობს დავით მეფე ფსალმუნში და აი, დადგა ღვთის წინაგანგებულების საიდუმლოს აღსრულების დრო. წმინდა ყრმა შედის წმიდათაწმიდათაში, რითაც დასაბამს იღებს ღმერთთან ადამიანთა მოდგმის შერიგების საიდუმლო, ის ხომ აურაცხელ ცოდვათა გამო აქამდე მოკლებული იყო სასუფეველს.
მარიამი სამი წლის გახდა და დაუდგა ჟამი მშობლებთან განშორებისა. წმინდა იოაკიმესა და წმინდა ანას კარგად ახსოვდათ მთავარანგელოზის ნათქვამი და გადაწყვიტეს, საზეიმოდ, როგორც მესიის დედას ეკადრებოდა, მიეყვანათ ტაძრად მხოლოდშობილი ასული. სტუმრად ნათესავები, მეზობლები და მეგობარნი მიიწვიეს. აქვე იყო ნორჩ ქალწულთა, მარიამის თანატოლთა მთელი გუნდი, რათა იგი ტაძარში გაეცილებინათ. ყველა გაემართა იერუსალიმისკენ, რომელიც ნაზარეთიდან სამი დღის სავალით იყო დაშორებული. წმინდა ქალაქში შესვლის და იქ შვიდდღიანი მარხვითა და ლოცვით განწმენდის შემდეგ იმ ჩვეულების მიხედვით, რომელიც ტაძარში მსხვერპლისშემწირველებს უნდა დაეცვათ, იოაკიმე და ანა თანამხლებლებთან ერთად ტაძარს მიუახლოვდნენ, ხელში ეპყრათ სამი წლის ასული - მიმადლებული მარიამი. უბიწო ქალწულთა დასი მიაცილებდა მას, ნაცნობები და ნათესავებიც თან მისდევდნენ. - ყველა ანთებული სანთლებით ხელში ისწრაფოდა, რომ ქალწული მარიამის, მოხუცებული მშობლების ერთადერთი შვილის, ტაძრად მიყვანებაში წილი დაედო და წმინდა საგა-ლობლებსაც აღავლენდნენ.
ტაძრიდან მათ შესახვედრად გამოვიდა მღვდელმთავარი ზაქარია, მამა იოანე ნათლისმცემლისა. იგი ელისაბედის, წმინდა ანას დისშვილის ქმარი გახლდათ. ყრმა მარიამმა, როგორც კი კიბეზე ფეხი შედგა, დაუხმარებლად აირბინა თხუთმეტივე საფეხური და მუხლებზე შემოეხვია ზაქარიას. "მღვდელმთავარი სულიწმიდის მადლმა მოიცვა, - ბრძანებს წმინდა თეოფილაქტე, - მიხვდა, რომ ეს ყრმა იყო სამკვიდრებელი ღვთისა მადლისა და მასზე უფრო ღირსეული... გაიხსენა, რომ სჯულის კიდობანი, კანონთა მიხედვით, წმინდა წმინდათაში უნდა ყოფილიყო დაბრძანებული, მიხვდა, რომ ეს მარიამზე იყო ნათქვამი, ამიტომაც დაუფიქრებლად გაკადნიერდა და წმინდა ქალწული, წინააღმდეგ სჯულისა, წმინდა წმინდათაში შეიყვანა".
გახარებულმა მშობლებმა მადლობა შესწირეს უფალს, შინ დაბრუნდნენ და დიდი სერობა გამართეს, ხოლო მათმა კურთხეულმა ასულმა ღვთის სახლში განაგრძო ცხოვრება.
უკვე მრავალი წელი იყო, მარიამი ტაძრის მფარველობაში იმყოფებოდა და მისი ცხოვრება კაშკაშა ცასავით უშფოთველი და უღრუბლო იყო, მაგრამ ტაძარში ცხრაწლიანი ცხოვრების შემდეგ ამქვეყნად პირველი მწუხარება განიცადა: დაკარგა მოხუცი მშობლები. პირველად გარდაიცვალა იოაკიმე (80 წლის), ხოლო შემდეგ კი მალევე ღრმადმოხუცებული ანაც მიიცვალა. სწორედ ამ დღეს დღესასწაულობს ეკლესია ძველი სტილით 25 ივლისს (7 აგვისტო).
მიძინება მართალი ანასი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დედისა
ტროპარი
ცხორებაჲ შევ, რომლისაგან იშუა ცხორებაჲ, მშობელი ქალწულისა ღმრთისა დედისა, რომელი ღმრთივგონიერისა ანას მიერ მუცელსა შინა დატევნილ იყო, და აღვალს ზეცას სიხარულსა წმიდათასა და მათ თანა დაემკვიდრების დიდებითა, ხოლო ვიხარებთ ყოველნი აწ მიცვალებასა შენსა და რომელნიცა სურვილით პატივს გცემთ შენ, ცოდვათა შენდობასა მოვიღებთ ვედრებითა შენითა.
კონდაკი
პირველთა მათ მშობელთა ქრისტესთა ხსენებაჲ ვიდღესასწაულოთ და სარწმუნოებით ვითხოვოთ მათგან შეწევნაჲ, რაითა ვიხსნეთ ჩუენ ყოვლისაგან ჭირისა, რომელნი ვხმობთ, ვითარმედ ღმერთი ჩუენი ჩუენ თანა არს, რომელმან ადიდნა ესენი, ვითარცა სათნო იყო.
.....................
აქვე წაიკითხეთ:
წმინდა ანა განსაკუთრებით უშვილოებს შეეწევა
წმინდა ანას ტერფი მუდმივად თბილია და ადამიანის ტემპერატურას ინარჩუნებს
მუცლადღება მართლისა ანას მიერ ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა - 9 (22) დეკემბერი
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი