ღირსი ქსენია რომაელი (V) - 24 (06.02) იანვარი
ღირსი ქსენია რომაელი (V) - 24 (06.02) იანვარი
V საუკუნეში რომში წარჩინებული და კეთილგონიერი სენატორი ცხოვრობდა, რწმენით - ქრისტიანი, რომელსაცთვალისჩინად ერთადერთი ასული ჰყავდა, ევსევია. როდესაც გოგონამ სრულწლოვანებას მიაღწია, ერთმა რომაელმა დიდებულთაგანმა, მანაც - სენატორმა ევსევიას მშობლებს თავისი ვაჟისთვის ქალიშვილის ხელი სთხოვა, მათ კეთილშობილი და მდიდარი ვაჟი შესაფერის სასიძოდ მიიჩნიეს და დასთანხმდნენ. მალე ნიშნობაც შედგა, ქორწილის დღე დაინიშნა, მაგრამ ქალწული სულ სხვა, საღვთო სიყვარულს აენთო, სურდა, ქალწულება დაემარხა და თავი თვით უკვდავი სიძის, ქრისტესთვის მიეძღვნა, თუმცა, მშობელთათვის არაფერი გაუმხელია, რადგან უწყოდა, რომ ტკბილი სიტყვით, დაყვავებით თუ მუქარით გათხოვებას მაინც აიძულებდნენ, მით უფრო, ევსევია მათი ერთადერთი მემკვიდრე იყო.

ქალწულს ორი თანშეზრდილი, უერთგულესი მსახური ჰყავდა, მათ გულისნადები გაუმხილა და დააფიცა:

- ჩემს საიდუმლოს ნურც ერთ მიწიერ არსებას გაუმხელთ, ხოლო თუ დამეთანხმებით, მთლად უკეთესი, - ჩემს უძლურებასაც შეეწევით და საკუთარ სულებსაც იხსნითო...

- რასაც გვიბრძანებ, აღვასრულებთ, მით უფრო, თუ ამით სულებსაც ვიხსნით, ხოლო საიდუმლოს გაცემას სიკვდილი გვიჯობსო.

მაშინ ქალწულმა გაუმხილა:

- კარგად იცით, მშობლებს ჩემი გათხოვება განუზრახავთ, მე კი ჩემს დღეში აზრადაც არ მომსვლია დაოჯახება, თუ გადაწყვეტთ, წმინდად ვიცხოვროთ, მოვიფიქრებთ კიდეც, როგორ ვიმოქმედებთ, მაგრამ თუ ჩემი საიდუმლო მაინც გამჟღავნდა, თუნდ ცეცხლს მიმცენ, თუნდ - გარეულ მხეცებს, ჩემს განზრახვაზე უარს ვერავინ მათქმევინებს.

- იყავნ ნება ღვთისა, იგივე გვსურს, რაც შენ და უშენოდ მყოფობას შენთან სიკვდილი გვირჩევნიაო!

ამის გამგონე ევსევიამ ადიდა უფალი, შემდეგ სამივე დაფიქრდა, რა გზას დასდგომოდნენ და ილოცვიდნენ, უფალს ნიშანი მიეცა...

ხოლო იმ დღიდან, რაჟამს უქორწინებლობა და ღვთისთვის ცხოვრება აირჩიეს, ნეტარმა ქალწულმა, მშობელთათვის ფარულად, თანამზრახველთა ხელთ რაც გააჩნდა, ღარიბთ დაურიგა.

ქორწილამდე რამდენიმე დღეღა რჩებოდა... ნეტარი ევსევია, თავისი ორი მსახურითურთ, მამაკაცურად გამოეწყო და მშობლიური სახლი ფარულად დატოვა...

ხოლო როდესაც ჭიშკარს გასცდნენ, ჯვრის ნიში გამოისახეს და უფლისა მიმართ ცრემლით ილოცეს:

- იყავნ ჩვენ შორის, ძეო ღვთისაო და გვაუწყე, თუ რა გზით ვიდოდეთ, რადგან შენს შესაძენად ვტოვებთ მშობლიურსახლს და ყველაფერს, რაც გაგვაჩნია!..

გზაში ნეტარი მოახლეებს მიუბრუნდა და სთხოვა:

-ამიერიდან დები ვართ და სიცოცხლის ბოლომდე თქვენს მსახურად მიგულეთ, მხოლოდ გთხოვთ, ნურაფერ მიწიერის მოხვეჭას ნუ ინდომებთ, არამედ მხოლოდ სულის გადასარჩენად იღვაწეთო!

ამ საუბარში ზღვას მიადგნენ და წუთი-წუთზე გასასვლელ ხომალდზე ავიდნენ და რამდენადაც ზურგის ქარი წამოეწიათ, ალექსანდრიამდე რამდენიმე დღეში მიაღწიეს, გზად ერთ კუნძულზე გაჩერდნენ და მშობლებს რომ არ ეპოვათ, იმგვარი ადგილის ძიება იწყეს, რომლის არსებობის შესახებ ადგილობრივთაგანაც მცირედს სმენოდა და რადგან იქ ძებნას არავინ დაუწყებდათ, კვლავ ქალურად შეიმოსნენ, ერთი ქოხი იქირავეს და უფალს გამუდმებით სთხოვდნენ, ისეთი ადამიანი გამოეგზავნა, ვინც სულიერად შეეწეოდა და დამოძღვრავდა.

- გვედრით, დებო, ნურც ჩვენს სამშობლოზე ეტყვით ვინმეს, ნურც წარმომავლობაზე და ნურც ჩვენს განზრახვაზე, სახელსაც ნუ გაამხელთ ჩემსას, რომ მშობლებმა არ მიპოვონო, - შესთხოვა ნეტარმა ევსევიამ დებს და დააფიცა, რომ მის გარდაცვალებამდე არავის არაფერს გაუმხელდნენ, ხოლო თუ ვინმე მის სახელს ჰკითხავდა, ეპასუხათ, რომ ქსენია ერქვა, რაც უცხოელს ნიშნავს და ამიერიდან ევსევიას ნაცვლად მათაც ქსენიად მოეხსენიებინათ... შემდეგ მუხლი მოიყარა და მათთან ერთად ილოცვიდა:

- უფალო, შეგვიწყალე მწირნი და გლახაკნი და როგორც შენს წმინდანებს შეეწეოდი, გამოგვიგზავნე შენთვის სათნო ადამიანი, რომლის მეშვეობითაც გადავრჩებითო!

ილოცეს, სახლიდან გავიდნენ და იქვე, გზად მიმავალი დარბაისელი, სპეტაკთმიანი მოხუცი იხილეს, რომელსაც სახე ანგელოზს მიუგავდა და საბეროდ იყო მოსილი.

- ღვთისკაცო, - ტირილით ჩაუვარდა ფეხებში ქალწული,- ნუ მომიძაგებ უცხომიწელს, არამედ მოციქულ პავლეს ჰბაძვიდე და გვეყავ მოძღვრად და მასწავლებლად, ის მისაგებელი გაიხსენე, ღვთისგან მართალთ რომ ელოდება და ჩემი დებითურთ გადაგვარჩინე!

იხილა რა მისი ცრემლი და ვედრება, ღვთისკაცს შეეწყალა და დაეკთხა:

- რა გსურს და რა უნდა გავაკეთო თქვენთვის?

- გვეყავ მამად და მასწავლებლად უფალში და იქით წაგვიყვანე, სადაც გადარჩენას შევძლებთ, უცხოტომელნი ვართ და ხალხში გამოჩენას ვეკრძალვით,

- საიდან ხართ და რამ გაქციათ მწირებად?

- შორეული ქვეყნის შვილნი ვართ, შევთანხმდით და სამშობლო ერთად დავტოვეთ, ღმერთს დღედაღამ ვევედრებოდით, ისეთი ადამიანი გამოეგზავნა, რომელიც სულის ხსნაში დაგვეხმარებოდა, უფალმა შენზე მიგვანიშნა,

- მერწმუნეთ, მეც თქვენსავით უცხომიწელი ვარ, აქაური სიწმინდენი მოვილოცე და ახლა შინ ვბრუნდები.

- რომელი ქვეყნიდან ბრძანდებით? - დაეკითხა ქსენია,

- ქალაქ მილასიდან გახლავართ.

- გევედრებით, თქვენი სამღვდელო ხარისხი გვაუწყეთ, რადგან ვფიქრობ, ეპისკოპოსი უნდა იყოთ,

- მაპატიე, დაო, მე ცოდვილი მაგ ხარისხის რა ღირსი ვარ, ერთი მცირე საძმოს იღუმენი გახლავარ, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის მონასტრისა და სახელი ჩემი - პავლეა...

- დიდება შენდა, უფალო, რომ შეისმინე ჩვენი ვედრება და როგორც ოდესღაც წმინდა თეკლას გაუგზავნე პავლე მოციქული, ისე მოგვივლინე კაცი, რომელიც სულის ხსნაში შეგვეწევაო, - აღმოხდა ნეტარ ქსენიას. შემდეგ ხუცესს მიუბრუნდა და კვლავ შეევედრა:

- გთხოვ, ნუ უარგვყოფ და გვექმენ მამად და მასწავლებლად ქრისტეში,

- უკვე გაუწყეთ, რომ მეც თქვენსავით უცხო ვარ აქ და არ ვუწყი, თუ რით შეგეწიოთ, ამიტომ თუ ჩემს ქალაქში წამომყვებით, შეძლებისდაგვარად ვიზრუნებ თქვენზეო.

ძლიერ განიხარეს ქალწულებმა და კვლავ ცრემლით სთხოვეს:

- სადაც წახვალ, წაგვიყვანე და მამად გვეყავ, წმინდა კაცო!

და წარიყვანა პავლემ წმინდა ქალწულნი თავის ქალაქში და თავისი ტაძრის სიახლოვეს, მყუდრო ადგილას დაასახლა. ნეტარმა ქსენიამ ეს მიწა შინიდან წამოღებული ფულით შეიძინა და პირველმოწამე სტეფანეს სახელზე მცირე ტაძარი ააშენა, მცირე ხანში კი დედათა სავანედ აქცია.

მათზე იღუმენი პავლე ზრუნავდა, შემდგომში - წმინდანი, მანვე აღკვეცა ქსენია დებითურთ მონაზვნად და ნეტარი დედის სიკვდილამდე არავინ უწყოდა, თუ რა ერქვა სინამდვილეში, ან რომელი მხარიდან იყო, ხოლო როდესაც წმინდა პავლეს მის შესახებ ეკითხებოდნენ, უბრალოდ პასუხობდა ხოლმე: - სხვა ქალაქიდან წამოვიყვანეო.

* * *

მცირე ხანში იმ ქალაქის მღვდელმთავარმა, კირილემ ღვთივ განისვენა და პავლემ ეპისკოპოსის პატივის მიღების შემდეგ დედათა მონასტერს მიაკითხა და, ნეტარი ქსენიას წინააღმდეგობის მიუხედავად, დიაკონესად დაასხა ხელი, რადგან ჭეშმარიტად ანგელოზებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა.

კეთილდღეობაში გაზრდილმა სენატორის ერთადერთმა ასულმა ყოველივეზე უარი თქვა და იმგვარ ღვაწლს, ლოცვას და მარხვას მიეცა, ეშმაკნიც კი ძრწოდნენ და შიშნეულნი განერიდებოდნენ. საკვებს მეორე ან მესამე დღეს თუ იხმევდა, ხან კი -მთელ შვიდეულს საზრდელის გარეშე განლევდა, საკვებიდან კი არც ხილს მიიღებდა, არც ზეთს, ღვინოს თუ ბოსტნეულს, ოდენ საკუთარი ცრემლით დამბალ ხმიადს და ამ წესს მისდევდა აღსასრულამდე.

თუმცა, ყოველივეს დაფარულად აღასრულებდა და მხოლოდ ის ორი და ამჩნევდა, რა ჯვარს ეზიდებოდა მათი ყოფილი ქალბატონი და თავადაც ჰბაძვიდნენ. ამასთან, იმგვარი მხნეობა ჰქონდა, შეეძლო, ხელაპყრობილს საღამოდან მოყოლებული დილამდე ცრემლმდინარე ლოცვად მდგარიყო და ასე ჰყოფდა აღსასრულამდე, ყოველივეს კი იმგვარი მორჩილებით და სიმდაბლით აღასრულებდა, თითქოს ყოველ ქმნილთაგან ყველაზე უარესი ყოფილიყო.

მაგრამ ვის ძალუძს მისი მადლმოსილი ცხოვრების და ღვაწლის სრულყოფილად აღწერა, ან რა ენა იტყვის, რაგვარად მდაბალი და მორჩილი იყო?! არავის უნახავს მრისხანე, არც სიამაყე აამღვრევდა ოდესმე და არც - პატივმოყვარეობა... სახეზე უღრმესი სიმდაბლე აღებეჭდა, გონებაში - უბრალოება, გულში - მშვიდობა და ღვთისადმი უპირობო სიყვარული...

მუდმივი ღვაწლით ხორცი შელახვოდა... რა სათნოება აღარ ამკობდა: - დღემუდამ ფხიზლობდა, ენით უთქმელი მორჩილება ჰქონდა და საკვირველი ნიჭი თავშეკავებისა... უპოვართ შეეწეოდა, მგლოვიარესთან ერთად -იგლოვდა და ანუგეშებდა, გზააბნეულს - დაარიგებდა და
სინანულისკენ მოუწოდებდა...

სამოსზე აღარაფერს ვიტყვით: - იმდენად გასცვეთოდა, კონკებადღა ქცეულიყო, თუმცა, თავს ამის ღირსადაც არ თვლიდა, გული და გონება ოდენ უფლისაკენ მიიქცეოდა და სიცოცხლის ბოლომდე იმდენ ცრემლს ღვრიდა, მეფსალმუნისებრ შეეძლო, ეთქვა: - პურად მექცა ცრემლი ჩემი დღითა და ღამითო...

* * *
ოდეს ღირსი დედის, ქრისტეს უბიწო სასძლოს აღსასრული მოახლოვდა, იმ ქალაქის უწინდელი მღვდელმთავრის, წმინდა ეფრემის ხსენების დღე იდგა...

ეპისკოპოსი პავლე მისი წმინდა ნაწილების მოსალოცად მახლობელ ტაძარში წაბრძანდა, ღირსმა ქსენიამ კი მონასტრის დებს უხმო და უთხრა:

- ჩემო დებო, ვუწყი, რაოდენი სიყვარული გაქვთ ჩემდამი, ჩემს უძლურებას როგორ შეეწეოდით, ახლა კი შეგთხოვთ, თქვენი სიყვარული განასრულოთ და ლოცვებში მომიხსენებდეთ, რათა მოწყალე ჰყოთ ჩემდამი ღმერთი,ცოდვები შემინდოს და დაუბრკოლებლად შევერთო ქრისტეს! დადგა ჟამი ჩემი აღსასრულისა და სულით ვიგლოვ, რამეთუ სხეულს სათანადო მზადყოფნის გარეშე ვტოვებ. ამჟამად ჩვენი მამა და მოძღვარი, ეპისკოპოსი პავლე აქ არ არის, ამიტომ გთხოვთ, ოდეს დაბრუნდება, ჩემს ნაცვლად გადასცეთ:

- პატიოსანო მამაო, ღვთის გულისათვის, მომიხსენებდე მე, გლახაკ და მწირ ქსენიას, შენ დამადგინე ამ გზაზე და შენვე მაზიარე ამგვარ ცხოვრებას, ახლა კი წყალობა მოიღე, რომ უფალმა შემიწყალოს და ჩემი იმედი ხსნისა არ გამიცუდდესო.

ამის გამგონე დებმა ტირილით უპასუხეს:

- ჩვენო ქალბატონო და წინამძღვარო, ობლად გვტოვებ, ვინღა გვიწინამძღვრებს, დაგვმოძღვრავს და ილოცებს ჩვენთვის? ნუ, ქალბატონო, ახლა ნუ დაგვტოვებ... ხომ გახსოვს, თავად შემოგვიკრიბე და აქ დაგვადგინე, კვლავაც იზრუნე ჩვენი სულებისათვის და სთხოვე უფალს, მცირე ხნით კიდევ დაგტოვოს ჩვენთან, რომ ჭეშმარიტ გზაზე განგვამტკიცო...

ხოლო იმ ორმა, თანშეზრდილებმა, რომლებთან ერთადაც დაუტევა მშობლიური სახლი, დაუჩოქეს და უთხრეს:

- გვტოვებ და აქედან უჩვენოდ მიდიხარ... უშენოდ რა ყოფა გველის, ან უცხო მიწაზე რა უნდა ვაკეთოთ? გაიხსენე ის ჭირი და განსაცდელი, ერთად რომ გადავიტანეთ და გზა, რომელიც ერთად გამოვიარეთ... ერთგულად გემსახურეთ და შესთხოვე უფალს, ჩვენც შენთან ერთად გაგვიყვანოს, რომ მარად განუყრელნი ვიყოთო...

შემდეგ კი კვლავ მწარე გოდებას მოჰყვნენ...

ნეტარმა ქსენიამ ცრემლი ვერ შეიკავა და შეეპასუხა:

- დანო ჩემნო, არავინ უწყის, როდის მოვა სიძე, ასე რომ, აღვავსოთ ჩვენი საჭურჭლე ზეთით, დავანთოთ და მარად ვფხიზლობდეთ, რამეთუ არავინ უწყის, რა დროს მოგვიწოდებს უფალი. რამეთუ მოახლოებულია მკა და მუშაკნიც მზად არიან, ოდენ ელიან მეუფის ბრძანებას...

სიტყვა გაასრულა თუ არა, დები მის ფერხთით გოდებით დაეცნენ, თავად კი მათებრ ცრემლმდინარე, ხელაპყრობილნი, ევედრა უფალს:

- უფალო, ისმინე ხმა შენი გლახაკი და მწირი მხევლისა და მოწყალე ექმენ შენს მხევლებს, - ჩემს დებს, დაიფარე და დაიცავ ეშმაკის ყოველგვარი მანქანებისაგან, ეს ორი დაც მოიხსენე, შენი სიყვარულისთვის ჩემთან ერთად რომ დაუტევეს სამშობლო და ნურც იმქვეყნად განგვაშორებ და ყველა ერთად შენი სასუფევლის მოქალაქეობას ღირსგვყავ!

რა განასრულა, დებს სთხოვა, ოთახში მარტო დაეტოვებინათ, დათაგან ის ორი, მასთან ერთად რომ დატოვეს სამშობლო, ჭუჭრუტანიდან უთვალთვალებდა, როგორ ილოცვიდა წმინდა ქსენია მუხლმოყრით, შემდეგ კი ჯვრის სახით განერთხა პირქვე დედამიწას და დიდხანს იწვა გაუნძრევლად...

ამ დროს რაღაცამ იელვა და კეთილსურნელებამ აღავსო ტაძარი...

დები სასწრაფოდ შევიდნენ ოთახში და მის წამოყენებას ცდილობდნენ, მაგრამ ღირს დედას უკვე ღვთივ განესვენა.

ეს 24 იანვარს (ძველი სტილით), შაბათ დღეს, საღამოს 6 საათზე მოხდა... წმინდა დედის გარდაცვალება მისმა ორმა დამ ამ სიტყვებით ამცნო ტირილით დანარჩენთ:

- დანო და დედანო, მოველ, რათა ერთად ვიგლოვოთ ჩვენი ობლობა, დავიტიროთ იგი, ვინც ჩვენი დედაბოძი იყო, პატიოსან დედას და წინამძღვარს მოვაკლდით და მარტონი დავშთით... ჩვენმა წმინდა დედამ, ქსენიამ ღვთივ განისვენა...

შეიტყვეს რა ეს ამბავი, დებმა მწარე გოდება იწყეს, კაცთმოყვარე ღმერთმა კი, რომელმაც ინება, განეცხადებინა, თუ რა საუნჯე იყო დაფარული ამ წმინდა ქალწულში, მისი ნეტარი აღსასრული ტაძრის თავზე ბრწყინვალე გვირგვინით გარშემორტყმული, მზისებრ მანათობელი ჯვრის გამოჩინებით აღნიშნა. ეს ზეციური ნიშანი ზე ადგა ქალაქში გამოსვენებული ღირსი დედის ცხედარს და მისი დაკრძალვის შემდეგღა გაქრა.

ქალაქის მკვიდრნი, რომელნიც თან ახლდნენ ეპისკოპოსს, ამ საკვირველმა ნიშანმა ფრიად განაკვირვა და ერთურთს დაბნეულნი ეკითხებოდნენ: - ნეტავ, რას უნდა ნიშნავდეს ესო?! წმინდა პავლემ კი, რომელიც სულით განჭვრიტა ყოველი, ხალხს აუწყა:

- ჩვენმა ნეტარმა დედამ, ქსენიამ, სული უფალს შეჰვედრა და ეს ნიშანიც ამიტომ გამოჩნდაო!

წირვის დასრულებისთანავე დაბრუნდა მონასტერში და მისი სიტყვების ჭეშმარიტებაში ყველა დარწმუნდა. მონასტერთან დიდძალმა ხალხმა მოიყარა თავი და ამ სიტყვებით ადიდეს უფალი:

- დიდება შენდა, ღმერთო, ჩვენთვის ხორცშესხმულო, ჯვარცმულო და აღდგომილო, რომელსაც ამდენი წმინდანი ჰყავს, რომელმან მათი სახით ესოდენი საუნჯე წარმოგვიგზავნე, დღემდე კაცთა თვალისგან დაფარული...

დიდება შენდა, რომ ჩვენი ღატაკი და უბადრუკი ქალაქი მილასი ამ საუნჯის სამყოფლად და საფარველად აქციე. ამ ჟამამდე ინახავდი მის წიაღში უძვირფასეს და პატიოსან მარგალიტს, შენს წმინდა სასძლოს, ხოლო მიიღე რა მისი მართალი სული ზეცის სანახებში, სხეული ამ ქალაქის მფარველად დაგვიტოვე!

ამგვარი დიდებისმეტყველებით შეჰყუროდნენ ცაზე მოელვარე, გვირგვინოსან ჯვარს, შემდეგ კი ეპისკოპოს პავლეს მიუბრუნდნენ და შესთხოვეს:

- ნუ დაჰფარავ ჩვენი ქალაქის დიდებას, პატიოსანო მეუფეო,ნუ დასდუმდები და ნუ დამალავ ამ მარგალიტს, რომელიც ღმერთმა გამოგვიჩინა, ყველას აჩვენე სანთელი, აქამდე დაფარულად რომ ანათებდა, რომ მტერმაც იხილოს, რომელ ღმერთს ვმსახურებთ... დაე, იხილონ წარმართებმა და შერცხვეთ, დაე, იუდეველებმაც ნახონ ძალმოსილება ჯვარისა და გაიგონ, რომ ის, ვინაც ჯვარს აცვეს, ჭეშმარიტი ღმერთია... დაე, ყველამ იხილოს, ვინც მტერია ჯვარისა და ჰგოდებდნენ! მოწმენი იქმნენ, თუ რაოდენ განადიდებს ანგელოზთა მეუფე გარდაცვალების შემდგომ თავის მონებს და როგორ გვირგვინოსანჰყო თვისი სასძლო ქსენია, აქამდე უცნობი, ყველას მხოლოდ უცნობი მწირი და ტყვე რომ ეგონაო!

მღვდელმთავარი პავლე პრესვიტერებითურთ მიეახლა წმინდა ქალწულის ცხედარს, საკაცეზე დაასვენა, გარშემო სანთლები აუნთო, მხლებლებითურთ ქედი მოუდრიკა და გალობით ქალაქის შუაგულში წაასვენეს. პროცესიას გვირგვინოსანი ჯვარი თან სდევდა და ის შეჩერდა, სადაც წმინდა ქსენიას სხეული დაასვენეს.

მაშინ მახლობელი სოფლებიდან იქ აუარება ხალხი მოგროვდა, ტევა აღარ იყო ქალაქში... მეუფე პავლემ, ღირსი ქსენიას სულიერმა მოძღვარმა, განსვენებულს ღამე უთია...

უამრავი კურნება აღსრულდა მაშინ: - ვინც კი მის წმინდა სხეულს მიეახლა, კურნება მიიღო. დადგა კვირადღე... წმინდა დედის პატიოსანი სხეული სპეტაკი სუდარით შემოსეს და გალობით წაასვენეს იქ, სადაც სიცოცხლეშივე ინება ღირსმა ქალწულმა სამუდამოდ განსვენება. გვირგვინოსანი ჯვარი პროცესიას კვლავ მიჰყვებოდა, დაკრძალვის ადგილას კი კვლავაც შეჩერდა.

მორწმუნეებმა ღირსი ქსენიას სუდარა მცირე ნაკუწებად გაჰყვეს და დაინაწილეს, რადგან სწამდათ, რომ ეს სიწმინდე სნეულების თუ განსაცდელისას დიდად შეეწეოდათ... ეპისკოპოსმა წესისამებრ, მირონი ცხო განსვენებულს და ახალ კუბოში გადაასვენა და როგორც კი მიცვალებული დაიკრძალა, ცაზე მოკიაფე ჯვარიც უჩინარ იქმნა, სასახლესთან შეხებით კი კვლავ უამრავი განიკურნა...

არ გასულა დიდი ხანი და წმინდა ქსენიას ორიდან ერთმა დათაგანმა სული უფალს შეჰვედრა, მალე კი - მეორემაც და ორივე თავიანთი წმინდა ქალბატონის ფერხთით დაიკრძალნენ.

მეორე მათგანის გარდაცვალების წინ მასთან მონასტრის დები შეიკრიბნენ და დააფიცეს, ნეტარი დედის შესახებ ყოველივე ეამბნა. სასიკვდილო სარეცელზე მყოფმა დაწვრილებით ამცნო, თუ საიდან იყო, ვინ იყვნენ მისი მშობლები, ან რა ერქვა სინამდვილეში, რატომ დაუტევეს ყოველივე ერთად ქრისტეს გულისთვის და რად მალავდა თავის ვინაობას...

* * *

ამგვარად სათნოეყო შემოქმედს ღირსი ქსენია, მიწაზე - მწირი და გლახაკი, ზეცაში კი - მოქალაქე, ხორცში მყოფი ანგელოზთ რომ ემსგავსა, ხორცისაგან ისე განიძარცვა, როგორც სამოსლისგან და როგორც ძველი გველი, ისე დათრგუნა ბოროტი... უმანკოდ შეინახა ქალწულება და სიყვარულით ქრისტეს სასძლოდ იქცა, რწმენით აღიჭურვა, ის მიიღო, რაც, უფლის წყალობით, ეიმედებოდა და ხარობს თავისი ზეციური სიძის სამყოფელში...

თავისი წმინდა ლოცვით ამჟამადაც უამრავს შეეწევა,რადგან სიკვდილმა ვერც მის ძალმოსილებას და მადლს დააკლო რამე, ვერც - მადლს... სიცოცხლე გაიღო ქრისტესთვის და თავისი საყვარელი სასძლოს გულისთვის აურაცხელ მოწყალებას მოგვაგებს.

* * *

ღირსი დედის გარდაცვალებიდან რამდენიმე წელიწადშიღვთის წინაშე მისი სულიერი მოძღვარი, მღვდელმთავარი პავლეც წარდგა, რომელიც ლოცვით დემონებს განასხამდა და ყველაზე უიმედო სნეულთაც კურნავდა და იქ დაიკრძალა, სადაც უწინ იღუმენობდა, - მოციქულ ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარში, მისი წმინდა სული კი მართალთა შორის დაემკვიდრა და წმინდანთა დასს შეერთო...

ამ საკვირველი დედის და წმინდა მამის ლოცვით უფალმა სასუფეველი მოგვახვეჭინოს, ამინ!

ხატზე: წმინდა ქსენია და მისი ორი მსახური. ხატის წყარო

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საქართველოს ეკლესია სამოციქულოა. გადმოცემის მიხედვით, სულთმოფენობის შემდგომ, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს და სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საქადაგებლად, საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler