არავინ იცის, რატომ გაუკაცრიელდა ის კუნძული და ეკლესია და მხეცების საბინადროდ იქცა.
ერთხელ, ზღვისპირას, მთაზე მცხოვრებმა მონადირეებმა მოილაპარაკეს, გემით იმ კუნძულზე გადასულიყვნენ და ირმები და თხები მოენადირებინათ. კუნძულამდე მიცურეს, ნაპირზე გადავიდნენ და ნადავლის ძებნას შეუდგნენ. მათ შორის ერთი ღვთისმოშიში კაციც იყო. სხვებისგან განცალკევებით მარტო დაიარებოდა და მიტოვებულ ტაძარს გადააწყდა. ეკლესიაში შევიდა და რადგან უსწავლელი იყო, როგორც შეეძლო, ისე იწყო ლოცვა, დაიჩოქა და წყლით სავსე პატარა ორმო დაინახა, წყალში კი მზესუმზირის მარცვლები შენიშნა და გაიფიქრა:
- აქ ნამდვილად უფლის მონა ცხოვრობს, რომელიც ამ მარცვლებით საზრდოობს!
მონადირე სასწრაფოდ გავიდა ტაძრიდან და მეგობრებს შეუერთდა. მონადირეები რამდენიმე დღე ნადირობდნენ, ბოლოს კი შინ დაბრუნება გადაწყვიტეს. მაშინ ზემოთ ხსენებული კაცი კვლავ გამოეყო მათ და ტაძარში შევიდა სალოცავად, თან იმედოვნებდა, რომ ნახავდა იმას, ვინც წყალში მზესუმზირის მარცვლები ჩაყარა.
ლოცვისას საკურთხევლის მარჯვენა მხარეს ობობის ქსელის მიღმა რაღაც მოძრავი სხეული შენიშნა. იმ ადგილს მიუახლოვდა და ქსელის გადაწევა დააპირა. ამ დროს ხმა შემოესმა:
- შეჩერდი, ახლოს არ მოხვიდე. შენი მრცხვენია, რადგან შიშველი ქალი ვარ!
მონადირე შეშინდა, გაქცევა დააპირა, მაგრამ შიშით ნაბიჯი ვერ გადადგა. თავზარდაცემული კარგა ხანს იდგა, ბოლოს გონზე მოსულმა იკითხა:
- ვინ ხარ და ამ უკაცრიელ ადგილას როგორ ცხოვრობ?
კვლავ შემოესმა:
- გევედრები, ტანსაცმელი გადმომიგდე და როდესაც შევიმოსები, რის უფლებასაც ღმერთი მომცემს, გიამბობ!
კაცმა ზედა სამოსი გაიხადა და მიწაზე დადო, თავად კი ეკლესიიდან გავიდა. ცოტა ხანს დაიცადა, სანამ ქალი ჩაიცვამდა, შემდეგ კი კვლავ შებრუნდა და მეტად საშინელი შესახედაობის არსება დაინახა, რომელიც ადამიანზე მეტად მკვდარს წააგავდა. ძვლებზე ტყავიღა ჰქონდა გადაკრული, სახე გაშავებოდა, თმა გათეთრებოდა, თვალები კი - ჩავარდნოდა. საფლავიდან ამოღებულს ჰგავდა, ოდნავ სუნთქავდა და ძლივს ლაპარაკობდა. შეშინებული მონადირე მიწაზე დავარდა და დალოცვას და კურთხევას შესთხოვდა. ქალი აღმოსავლეთისკენ შებრუნდა, ხელები ცისკენ აღაპყრო და ლოცვა იწყო.
კაცს არ ესმოდა სიტყვები, მხოლოდ მისი წყნარი ხმა ჩაესმოდა. შემდეგ ქალი მიუბრუნდა და ჰკითხა:
- ღმერთმა დაგლოცოს, ადამიანო! მითხარი, ამ უდაბურ ადგილას რამ მოგიყვანა? ჩემი აზრით, ჩემს სანუგეშოდ გამოგგზავნა უფალმა და, ალბათ, გაინტერესებს ჩემი ამბავი!
შემდეგ კი ეს უამბო:
- ქალაქ მეფიმნაში (კუნძულ ლესბოსზეა მთა მეფიმნა, ხოლო ქალაქს ახლა მოლიბონი ჰქვია) დავიბადე. თეოქტისტა მქვია, მონაზონი ვარ. ბავშვობაში დავობლდი და ნათესავებმა დედათა მონასტერში მიმიყვანეს. ერთხელ, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე, როდესაც თვრამეტი წლის ვიყავი, დის სანახავად წავედი, რომელიც ქმართან ერთად ცხოვრობდა და ღამით მათთან დავრჩი.
შუაღამისას იმ სოფელს არაბები დაესხნენ თავს და სხვებთან ერთად მეც დამატყვევეს. დილით ხომალდში ჩაგვსვეს და ზღვაში შევცურეთ. მთელი დღე-ღამის ცურვის შემდეგ ამ კუნძულზე მოგვიყვანეს და ნაპირზე გადმოგვსხეს. იქაურობა შევათვალიერე, დრო ვიხელთე და გავიქეცი.
როგორც მონადირეები ნადირს, ისე დამდევდნენ, მაგრამ მიმალვა შევძელი. ღმერთმა დამიფარა მათი ხელიდან. ქვებზე სირბილისგან ფეხები დამისისხლიანდა. გზის გაგრძელება ვეღარ შევძელი და მკვდარივით დავენარცხე მიწას.
მთელი ღამე საშინელ ტკივილებში გავატარე, მაგრამ უფლის შეწევნით, გადავრჩი და უბიწოებაც შევინარჩუნე. მაშინ გავიფიქრე, უმჯობესი იყო, ამ უდაბურ ადგილას ამომხდომოდა სული, ვიდრე იმ უწმინდურთა ხელში ჩავვარდნილიყავი.
დილით დავინახე, ყაჩაღები კუნძულიდან წავიდნენ და გახარებულს ჩემი ტანჯვა და ტკივილები სულ გადამავიწყდა.
მას შემდეგ ოცდათექვსმეტი წელია, აქ ვცხოვრობ, მზესუმზირის მარცვლებით ვიკვებები, უფრო მეტად კი - უფლის სიტყვებით ვსაზრდოობ.
მონასტერში ნასწავლ ფსალმუნებს, საგალობლებსა და ლოცვებს წარმოვთქვამ და სულს ამით ვიმშვიდებ. ამ ხნის განმავლობაში სამოსი სულ შემომეძარცვა და მხოლოდ უფლის მადლით ვარ შემოსილი.
შემდეგ ქალწულმა ხელები ზეცად აღაპყრო, ღმერთს მადლი შესწირა და კვლავ მონადირეს მიუბრუნდა:
- აი, ჩემ შესახებ ყველაფერი გიამბე. ერთს გთხოვ: - ღვთის გულისთვის, მომავალ ზაფხულს ისევ სანადიროდ რომ მოხვალ ამ კუნძულზე, ქრისტეს სისხლი და ხორცი მომიტანე საზიარებლად, რადგან ამდენი წლის განმავლობაში ზიარება არ მიმიღია. ახლა კი წარვედ და ჩემ შესახებ არავის უამბო!
მონადირე შეჰპირდა, რომ თხოვნას შეუსრულებდა, ქრისტეს მხევლის წინაშე მუხლი მოიყარა და გახარებული უკან დაბრუნდა. ღმერთს მადლს სწირავდა, რომ წმინდა ქალწულის ხილვის და დალოცვის ღირსი გახდა.
ნაპირთან სხვა მონადირეები ელოდნენ. კაცმა მათ საიდუმლო არ გაუმხილა და ზღვაში შეცურეს.
მონადირე ზაფხულს არ დალოდებია, რადგან კვლავ სურდა წმინდა ქალწულის ხილვა. მან ხუცესს ზიარებისთვის ქრისტეს სისხლისა და ხორცის მცირე ნაწილი გამოართვა, მონადირეები სანადიროდ შეაგულიანა და კვლავ კუნძულისკენ გაცურეს.
ნაპირს რომ მიადგნენ, კაცი ტაძრისაკენ გაეშურა, მაგრამ წმინდა თეოქტისტა ვეღარ იპოვა. დამწუხრებული ტაძრიდან გამოვიდა. ეგონა, ქალწული დაიმალაო, რადგან მას რამდენიმე კაციც ახლდა.
მცირე ხანში ტაძარში მარტო დაბრუნდა და ღირსი თეოქტისტა იმავე ადგილას იყო, სადაც პირველად იხილა. ქალწულს მისი ნაჩუქარი სამოსი ეცვა. მონადირე მიწაზე დავარდა და თაყვანი სცა. ქალი მიუახლოვდა და აცრემლებულმა უთხრა:
- ამას ნუ იქმ, რადგან შენ ღვთის წყალობა მომიტანე!
მონადირე ფეხზე წამოაყენა. კაცმა ძვირფასი ძღვენი გადასცა ქალწულს, რომელიც მუხლებზე დაეცა და მიწა ცრემლებით დაალტო. შემდეგ წამოდგა, ეზიარა და თქვა:
- ახლა კი მშვიდად შემიძლია, სული უფალს მივაბარო! ხელები ცისკენ აღაპყრო, ლოცულობდა და ღმერთს მადლობდა. შემდეგ მონადირე დალოცა და დაემშვიდობა.
მონადირეებმა კარგად ინადირეს და გემზე ავიდნენ. ის მონადირე კი კვლავ ტაძრისკენ გაეშურა და დაინახა - ღირსი ქალწული მიწაზე ესვენა, ხელები გულზე გადაეჯვარედი¬ნებინა და სული უფლისთვის მიებარებინა.
მონადირე ატირებული მივარდა. ქალწულს, ფეხებზე ეამბორებოდა და აღარ იცოდა, როგორ მოქცეულიყო.
შემდეგ მიწა ამოჩიჩქნა, რამდენადაც შეძლო და ქალწულის სხეული დაასვენა და შეეცადა, ხელის მტევანი მოეკვეთა, რათა შინ დიდი პატივით შეენახა. მიუხედავად იმისა, რომ ამას ღირსი ქალწულის სიყვარულითა და პატივისცემით იქმოდა, მოგვიანებით გამოჩნდა, რომ მისი საქციელი ღმერთისთვის სათნო არ იყო.
მოკვეთილი მტევანი სუფთა ტილოში შეახვია, უბეში ჩაიდო, გემისკენ გაეშურა და სხვა მონადირეებს არაფერი უამბო.
გვიან საღამოს იალქნები გაშალეს და ზღვაში შეცურეს. ყველას ეგონა, რომ ხომალდი მეტად სწრაფად მიცურავდა, მაგრამ ნახეს, რომ კვლავ იმავე ადგილას იდგნენ.
შეშინდნენ და ერთმანეთს ეკითხებოდნენ, ვინმეს ცოდვის გამო ხომ არ ისჯებოდნენ. მაშინ მონადირემ, რომელმაც ღირსი ქალწულის ხელის მტევანი წამოიღო, თავისი ცოდვა გააცნობიერა, ხომალდიდან გადავიდა და სხვებისგან უჩუმრად ტაძრისკენ გაეშურა.
ღირსი ქალწულის სხეულთან ხელის მტევანი დადო, ილოცა და კვლავ უკან დაბრუნდა. გემზე ავიდა და დაუბრკოლებლად შეცურეს ზღვაში.
ნაპირთან ახლოს იყვნენ, როდესაც მონადირემ ამხანაგებს უამბო, რაც თავს გადახდა. ყველანი გაოცდნენ, მერე განურისხდნენ მონადირეს - კუნძულზე რატომ არ გაამხილე საიდუმლო - მაშინ ჩვენც გავხდებოდით წმინდა ქალწულის კურთხევის ღირსიო.
ხომალდი პაროსისკენ შეაბრუნეს, გადავიდნენ ნაპირზე და ტაძრისკენ გაეშურნენ. ეკლესიაში შესულებმა წმინდანის სხეული ვერ იპოვეს. ზოგი ამბობდა, რომ მკვდრეთით აღდგაო, ზოგი ფიქრობდა, რომ ანგელოზმა სხვა ადგილას დაკრძალა წმინდა ეკატერინეს მსგავსადო. მთელი კუნძული შემოიარეს, შემდეგ ტაძარში შებრუნდნენ და იმ ადგილს ემთხვივნენ, სადაც წმინდა ქალწული იყო დასვენებული.
შინ დაბრუნებულებმა ყველას უამბეს წმინდა თეოქტისტას ამბავი. ვინც კი ისმინა, ფრიად განკვირდა და ადიდა ღმერთი.