უწმინდესის ყველაზე დიდი დამსახურება არის ის, რომ საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში ბოროტმა ძალებმა ვერ გამონახეს საბაბი და საშუალება სქიზმის განსახორციელებლად
-ელია თეზბიტელი მოღვაწეობდა ქრისტეშობიდან მე-9 საუკუნეში. მას მოუწია ისრაელის ისტორიაში უმძიმეს ხანაში მოღვაწეობა. რადგანაც მეფე და მთელი ისრაელი განუდგა ჭეშმარიტ სარწმუნეობას, ჭეშმარიტ ღმერთს. ქვეყანაში შემოიტანეს უცხო ქვეყნის ბალაამის კერპი და მას თან მოჰყვა მსახურები - 300-მდე ქურუმი, რომლებმაც მთელი ერი მოდრიკეს კერპმსახურებისაკენ. ამ გარემოებამ ელია წინასწარმეტყველი იძულებული გახადა, მალვაში ყოფილიყო. ის თავს გამოქვაბულებს აფარებდა.
საერთო განდგომილებამ ღმერთის სასჯელი გამოიწვია მთელს ისრაელზე, ცამ შეკრა პირი და სამ წელიწადნახევარი არ მოსულა წვიმა და ცვარი. ეს უბედურებაც მიაწერეს ელია წინასწარმეტყველის "მზაკვრობას". ისრაელში დადგა დრო, როდესაც გაუსაძლისი გახდა ფიზიკური გადარჩენაც კი, გადახმა ბალახი, გაწყვა საქონელი, ხალხი დადგა აშკარად დაღუპვის, როგორც სულიერი, ასევე ფიზიკური განადგურების წინაშე. მეფე და ელია წინასწარმეტყველი სიტუაციიდან გამოსავლის ძიებას შეუდგნენ. ელია თეზბიტელმა მიმართა ძველ აღთქმაში ერთადერთ უპრეცენდენტო და ბრძნულ ხერხს. მან შესთავაზა მეფეს, ხალხს და ქურუმებს აღემართათ ორი სამსხვერპლო საკურთხეველი, მასზე ყოველადდასაწველი მსხვრეპლით არ ეხმარათ ნივთიერი ცეცხლი და ლოცვით გამოეთხოვათ ცეცხლი ზეციდან. ვისი ლოცვითაც გარდამოვიდოდა ზეციდან ცეცხლი, მისი ღმერთი იქნებოდა ჭეშმარიტი.
ძველ აღთქმაში ძალიან მხატრვულად არის მოთხრობილი, თუ როგორ ევედრებოდნენ ბალაამის მსახურნი კერპს ცეცხლის მოვლენას. ელია თეზბიტელი უყურებდა მათ შორიდან და ირონიულად აგულიანებდა, რომ უფრო ხმამაღლა ეყვირათ იქნებ თქვენი ღმერთი ან ჭამს, ან სძინავს და იქნებ გაეღვიძოსო. როცა ამაოდ დასრულდა მათი როკვა და ოხი, ლოცვად დადგა ელია. ზეციდან გარდამოხდა ცეცხლი და დაწვა ყოვლადდასაწველი და ყოველივე რაზეც და სადაც იყო განთავსებული საკურთხეველი. ხალხმა ნახა უდიდესი სასწაული და ყველამ ერთად აღიარეს, რომ ელიას ღმერთი არის ჭეშმარიტი ღმერთი. ამ დღიდან იწყება ისრაელში სულიერი გამოღვიძება, ასე ვთქვათ, რევოლუცია. მთელი ისრაელის მასშტაბით, ხალხმა დაიწყო მალაამის კულტის აღმოფხვრა, პირველ რიგში ფიზიკურად გაუსწორდნენ და გაანადგურეს უცხო ქვეყნის იდეოლოგიის გამტარებელი ქურუმები. აღადგინეს მოსეს სჯულის კანონები და დაადგინეს სჯულის მასწავლებლები.
ამიერიდან იწყება ისრაელის ისტორიის ახალი ფურცლები. ელია წინასწარმეტყველის მოღვაწეობით, შომდგომში არსდება სასულიერო სასწავლებლები. განათლება მიღებული ახალგაზრდობა ხდებოდა ერის სულიერი სიჯანსაღის გარანტი. მათ ბიბლია შემდგომში უწოდებს ძენი წინასწარმეტყველთანი.
ეს ისტორია შეგვიძლია გავაიგივოთ უწმინდესის მოღვაწეობასთან, რომელმაც მთლიანად შეცვალა კომუნისტური იდეოლოგია და ქვეყანაში ააღორძინა მართლმადიდებლობა და ეროვნული ღირებულებები, სასულიერი სემინარია -აკადემიები. . .
მინდა გავიხსენო ერთი ამბავი, რომელიც დაგვანახვებს უწმინდესის ნამდვილ პატრიარქალურ სახეს. 2002 წელს მამა ანდრია ტარიადისის (ბორჯომის ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის და ბერის საყდრების მამათა მონასტრების წინამძღვარი) დაპატიჟებით გახლდით ათონის მთაზე. ორი დღის მგზავრობის შემდეგ, ჩვენ ჩავაღწიეთ საბერძნეთის ქალაქ ალექსანდრეპოლისამდე, სადაც ცხოვრობს მამა ანდრიას ძმა ოჯახით. ოჯახმა გვიმასპინძლა, დაგვაპურა, დაგვასვენა, მაგრამ ამ კაცს ეტყობოდა მოუსვენრობა, ფაქტი იყო, რომ მას რაღაცის კითხვა და საუბარი სურდა ჩვენთან. ჩემდა გასაოცრად, გვაძლევს ასეთ კითხვას, მიმართავს თავის ძმას, მამა ანდრიას - მამაო, შენ ხომ იცი ბავშვობიდან (მთელი ოჯახი იყო მამა ვიტალის სულიერი შვილი. შემდგომში მამა და ძმაც მღვდლები გახდნენ, ხოლო დედა მონაზონი) როგორ ვიზრდებოდით - ლოცვით, მარხვით, ტაძარში დგომით, ზიარებით. ამ ყველაფერს დღემდე ვაგრძელებ, მაგრამ არ ვიცი, რომელ ტაძარში მივიდე და სად ვეზიარო. ეს სიტყვები მან წარმოთქვა უდიდესი ტკივილითა და სინანულით. ნათელი იყო, რომ კაცი გამოფიტული იყო ამ თემაზე საზოგადოებაში მიმდინარე დისკუსიით.
საბერძნეთში არსებობს 7 სინოდი თავისი ეპისკოპოსებით და სამღვდელოებით, რომლებსაც ასევე გააჩნიათ თავიანთი ეკლესია-მონასტრები და ყველა მათგანი ცდილობს თავისი ჭეშმარიტების დამტკიცებას. საბერძნეთის მოსახლეობა გაყოფილია ამ ეკლესიებს შორის, ყველა მათგანი თავისკენ ექაჩება და ცდილობს გადაიბიროს მორწმუნე საზოგადოება.
მე მინდა გავიხსენო 1997 წლების მოვლენები, როცა ეკლესიასთან გაწყვიტა ევქარისტული კავშირი რამდენიმე მონასტერმა და გადაბირებული ჰყავდათ, ასევე, მაღალი იერარქიის წარმომადგენლები. მათი პირობა იყო, რომ ჩვენს სინოდს დაეტოვებინა ეკუმენური მოძრაობა. თითქოს ამ მოთხოვნაში არის სიმართლის ნატამალი, მაგრამ მე უფრო მეტის თქმა მინდა, მაშინ ერთ-ერთი ამბოხებული მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა დღევანდელი ეპისკოპოსი მიქაელი და მთხოვა დავხმარებოდი და გვერდში დავდგომოდი. ამ მონასტერში მომიწია ბიბლიოთეკის დალაგება და ხელში ჩამივარდა ამ მონასტრის წინამძღვრების მიმოწერები. მათ კარგად ჰქონდათ დაგეგმილი საქართველოს მართლამდიდებლური ეკლესიის გახლეჩა - სქიზმის შემოტანა. ისინი აპირებდნენ, უწმინდესის იძულებას სრული ქაოსის პირობებში - გამოეჩინა კეთილი ბაბუის როლი (ამბოხებული არქიმანდრიტების სიტყვებია) და მათთვის მიეცა მათი კანდიდატურა - ეპისკოპოსი. ასეთი სცენარის განვითარებით ჩვენ ზუსტად იგივე მდგომარეობას მივიღებდით, რაც დღეს ხდება საბერძნეთში. ჩვეულებრივ, ადამიანებს უჭირთ გაარჩიონ რომელი ეკლესია არის ჭეშმრატი, სად მოინათლონ, სად ილოცონ, სად და ვის ჩააბარონ აღსარება და სად ეზიარონ მაცხოვრის სისხლსა და ხორცს.
განხეთქილების მთავარი მოქმედი პირი, შემოქმედი იყო და არის ანდრეა კოგანი (ის სასულიერო პირია). ძირითადი პასუხისმგებლობა მას ეკისრება. მან ძალიან მოუხშირა იმ პერიოდში - ბეთანიის, შიომღვიმის, ზარზმის მონასტრების წინამძღვრებთან სიარულს და საუბარს. მან თავის მიზანს რაღაც პერიოდში მიაღწია. ზოგადად, მამებს ესმოდათ, რომ განხეთქილება უმძიმესი მოვლენა იყო.
ანდრეა კოგანი საუბრებს მართავდა მხოლოდ წინამძღვრებთან, ის ამ თემას არ ახმოვანებდა და არ ახდენდა ამ საკითხის განსჯას მორჩილებში და მონასტრის წევრებში. ანდრეა კოგანი მონასტრის წინამღვრებთან საათობით იყო ჩაკეტილი მოლაპარაკებებისთვის. მან ისინი დაარწმუნა ამ სახის სისწორეში და საბოლოო ჯამში არქიმანდრიტები და მონასტრის წინამძღვრები გადაიბირა, რომლებიც დააკავშირა ბოსტონის ეკლესიას შემდგომში -ეპისკოპოსის მისაღებად. ზოგიერთი ამბოხებული განუდგა მას და დაუბრუნდა დედა ეკლესიას, მაგრამ არსებობენ ჯგუფები, რომლებიც ისევ არიან დარჩენილნი ამ განხეთქილებაში და ანდრეა კოგანი ისევ აგრძელებს მათთან მუშაობას. სწორედ ასეთი უბედურება ააცილა თავიდან უწმინდესმა ჩვენს ეკლესიასა და ხალხს. ამბოხებულებს ეგონათ, რომ უწმინდესს არ ეყოფოდა გამბედაობა (მათ ნაწერებში ეს ხაზგასმით იგრძნობოდა) წმინდა სინოდი გამოეყვანა ეკუმენური საბჭოდან და აღელვებული საზოგადოება, მრევლი, ბერები და მონაზვნები დაეშოშმინებინა და მოეყვანა ეკლესიის მორჩილებაში.
უწმინდესის ყველაზე დიდი დამსახურება არის ის, რომ საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში ბოროტმა ძალებმა ვერ გამონახეს საბაბი და საშუალება სქიზმის განსახორციელებლად. ცნობისთვის, უნდა იცოდეთ, რომ ბევრი დიდი და ძლიერი სამოციქულო ეკლესია ვერ გადაურჩა ამ საშინელ პროცესს.
მე ვერსად წავიკითხე ამ მოვლენის სიღრმისეული შეფასება და ჩემი მწირი მოგონებით ალბათ, ბევრს დავეხმარები ამ მოვლენის კიდევ ერთხელ გახსენებასა და გაანალიზებაში.
ჩვენს უწმინდესს მინდა ვუსურვო დიდხანს სიცოცხელე და ჯანმრთელობა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი