წმინდა რომილე დაიბადა დაახლოებით 1300 წელს დუნაისპირა ქალაქ ვიდინოში, ღვთისმოსავ ოჯახში.
მამა ბერძენი ჰყავდა, დედა - ბულგარელი. მშობლები ვაჟს რაიკოს ეძახდნენ. რაიკოს სიყრმიდანვე დიდი სიყვარული ჰქონდა სწავლისა და მასწავლებლებს აოცებდა ჭკუა-გონებით.
მშობლებს მისი დაქორწინება სურდათ, რაიკოს კი მონაზვნობა. ამიტომაც ჩუმად დატოვა მშობლიური ქალაქი და ტიროვოში ოდიგიტრიის მონასტერში შედგა მორჩილად. ცოტა ხნის შემდეგ ბერად აღკვეცეს და რომანი უწოდეს. რომილეს ტაძრის დასუფთავება დაავალეს და მანაც სიხარულით მიიღო ეს დავალება.
სწორედ ამ დროს ღირსმა გრიგოლ სინელმა და მისმა მოწაფეებმა დატოვეს ათონი და პარორიაში (დღევანდელი სტრანჟა პლანინა) დასახლდნენ. რომანმა შეიტყო შინაგან ლოცვასა და ისიქასტთა ცხოვრებაზე. ნებართვა აიღო და ბერ ილარიონთან ერთად გაემგზავრა ღირს გრიგოლთან და სულიერი მამის ხელმძღვანელობით მოსაგრეობდა. რომანი ძლიერი აღნაგობისა იყო და ყველაზე მძიმე სამუშაოს ასრულებდა. სრულად დაემორჩილა წმინდა გრიგოლს. ამის გარდა, მას სნეულებზე ზრუნვაც დაავალეს. მათ შორის იყო ერთი ბუზღუნა მოხუცი, რომელსაც გამოსაჯანმრთელებლად ახალი თევზი სჭირდებოდა ხოლმე. რომანი მას უდიდესი მოთმინებით ეპყრობოდა. ის სათევზაოდ ზამთარ-ზაფხულ მახლობელ მდინარეზე დადიოდა.
გარდაიცვალა სულიერი მოძღვარი. მის მერე - წმინდა გრიგოლიც. რომანმა და ილარიონმა სხვა ბერდიდი აირჩიეს სულიერ მოძღვრად. ავაზაკთა გახშირებული თავდასხმების გამო ძველ ზაგორსკში გადასახლდნენ. რომანმა თავის მოძღვრად მამა ილარიონი აირჩია, რომელიც მასზე ასაკით ცოტათი უფროსი იყო.
სწორედ ამ პერიოდში ბულგარეთის მეფე ივანე-ალექსანდრემ ღირსი თეოდოსის თხოვნით (27 ნოემბერი) ის მხარე ავაზაკთაგან გაწმინდა და ღირსი მამებიც დაბრუნდნენ პარორიაში. სქემაში აღკვეცის შემდეგ მას რომილე უწოდეს. წმინდა მამამ წმინდა ილარიონისგან უფლება მიიღო, განმარტოებით ეცხოვრა. დაახლოებით 355 წელს ამ მხარეს თურქები დაესხნენ თავს და მრავალი მონასტერი დაარბიეს, მათ შორის პარორიაში. რის შემდეგ ღირსი რომილე კვლავ გაემგზავრა ზაგორსკში, იქიდან კი ათონის მთაზე დიდი ლავრის ახლოს დასახლდა მოწაფე გრიგოლთან ერთად (1360). ათონელმა მამებმა მალევე შენიშნეს მისი სათნოებები და ხშირად მიდიოდნენ მასთან სულისმარგებელი საუბრებისთვის. ღირსი რომილე ერთხანობა მოძღვრიდა მათ, შემდეგ კი ათონის მთის ქედზე განმარტოებულ კელიაში გადავიდა საცხოვრებლად.
თურქების მიერ სერბებსა და ბულგარელებთან დაწყებულმა ომმა და დესპოტ იოანე უგლეშის სიკვდილმა მარიცასთან ბრძოლაში აიძულა მონაზვნები, სიფრთხილის გამო ათონი დაეტოვებინათ. რომილე მათ გაჰყვა ალბანეთში, ავლონში. ერთხანს იქ დარჩა, გამოასწორა ადგილობრივი მოსახლეობის ზნე-ხასიათი, რომელიც შორს იყო ქრისტინობისგან, მაგრამ მყუდროება, განმარტოებით უფალთან საუბარი სურდა. კონსტანტინოპოლში მცხოვრები ათონელი მამის რჩევით, 1375 წელს სერბეთში წავიდა, რავანიცის მონასტრის ახლოს დასახლდა. რამდენიმე წლის მერე მშვიდობით ჩააბარა სული უფალს. ეს მონასტერი, სადაც შემდგომში წმინდა რომილე დაიკრძალა, მომლოცველობის ადგილად და სერბული რელიგიური კულტურის ცენტრად იქცა, ამიტომაც თურქებმა მრავალგზის გადაწვეს. 1686 წელს მონაზვნების დიდი ნაწილი ამოწყვიტეს. მეორე მსოფლიო ომის წლებში მონასტერი ძალზე დაზიანდა, მაგრამ აღადგინა წმინდა ნიკოლოზ სერბმა. დღეს იქ დედათა სავანეა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი