წმინდა იოსები დაიბადა 1568 წელს დალმაციაში, ქალაქ რაგუზაში (დღევანდელი ხორვატული დუბროვნიკი), შეძლებულ ოჯახში.
მამამისი წარმოშობით ვენეციელი, სავაჭრო გემის კაპიტანი იყო. ერთხელაც გემი ჩაიძირა და იოანე დაიღუპა, მაშინ წმინდანი თორმეტი წლის გახლდათ. დედამისი ეკატერინე კუნძულ ლემნოსიდან იყო და ღვთსმოსაობით გამოირჩეოდა. ნათლისღებისას ყრმას იაკობი დაარქვეს. მამის სიკვდილის შემდეგ დედამ შვილი ოქრიდში გააგზავნა, თავის ძმასთან, მდიდარ ვაჭართან. იაკობმა კარგი განათლება მიიღო და კიდევ ხუთი წელი გაატარა თავისი დედის ბიძაშვილის გვერდით, რომელიც ოქრიდის ღვთისმშობლის სავანის მღვდელ-მონაზონი იყო. იაკობმა ახლა ოქრიდში გააგრძელა სწავლა.
1588 წელს ის მთაწმინდაზე ჩავიდა და პანტოკრატორის მონასტერში დასახლდა, სადაც ის მონაზვნად აღკვეცეს და იოსების სახელით დიდი სქემა შეიმოსა. ორი წლის შემდეგ მღვდლად ხელი დაასხეს. მამა იოსები გულმოდგინედ მოსაგრეობდა, ამასთან მას მიბარებული ჰქონდა კალიგრაფის მოვალეობა, რაშიც ის ძალზე დახელოვნდა. შემდგომში წმინდანი მოსაგრეობდა დიდ ლავრაში, ქილანდარში, ქსიროპოტამსა და ვათოპედში. ამ უკანასკნელ სავანეში მან დიდხანს დაყო. სწორედ აქ დაუწყია წმინდანს სასწაულთა მოხდენა, მხურვალე ლოცვით და ავადმყოფის შუბლზე მარჯვენა ხელის შეხებით უამრავი მონაზონი განკურნა სნეულებათაგან.
ვათოპედის მონასტერში ყოფნისას წმინდანი ადრიანოპოლის წმინდა სტეფანეს სახელობის მონასტრის იღუმენად აირჩიეს. ეს სავანე დიდი ლავრის ყოფილი მეტოქიონი იყო. ექვსი წელი დაყო იქ და შეძლო კარგი სულიერი ატმოსფეროს შექმნა. შემდეგ საყვარელ ათონზე დაბრუნდა და ყუთლუმუშის მონასტრის წინამძღვარი გახდა. სადაც საკმაოდ დიდი რაოდენობის სულიერი შვილი შეიძინა. მეტი მყუდროებისთვის ვათოპედის მონასტერში მიდის. სწორედ ვათოპედში ყოფნისას, 1650 წელს, დიდი სათნოებების გამო წმინდა იოსები ტიმიშოარის მიტროპოლიტად აირჩიეს. მაშინ 82 წლისა იყო, საიდანაც 62 წელი მან ათონზე სულიერ ბრძოლაში გაატარა. ღვთის განგებულებით, სწორედ იმ დროს ვათოპედის მონასტერში გავლით იყო რუმინელი მეცნიერი დამასკინ უდრეა. წმინდანმა მას სთხოვა, რუმინული ენა ესწავლებინა, რომელიც მრევლის დასამოძღვრად სჭირდებოდა. ღვთის მადლით და სულიწმიდის შეწევნით, მიუხედავად ასაკისა, ბერდიდმა სამ თვეში შეძლო რუმინული ენის შესწავლა და ინტრონიზაციის დღეს მორწმუნეებს თავის ენაზე თავისუფლად მიმართა. წმინდა იოსებს კონსტანტინოპოლში ხელი დაასხა პატრიარქმა პართენ II-მ და ღირსი მამა თავისი ამალით, ღვაწლით და სასწაულებით ჩავიდა მიბარებულ ეპარქიაში.
ტიმიშოარის სამიტროპოლიტო კათედრაზე სამი წელი იცხოვრა. წმინდა იოსები მოივლიდა ხოლმე თავის ეპარქიას, დამოძღვრიდა ხალხს, ასწავლიდა მართლმადიდებლობის ერთგულებას და ზნეობრივ სიწმინდეს. თურქული ენის ცოდნის წყალობით ის ქრისტიანებს იცავდა ოსმანთა ხელისუფლებისაგან. წმინდა იოსებმა დააარსა სასულიერო სასწავლებელი და ბევრი მღვდელი აკურთხა, რომელთაც რეგულარულად ნახულობდა და აღაფრთოვანებდა მათ მსახურებისას. ის უამრავ სასწაულს მოიმოქმედებდა ღვთის სადიდებლად და მრავალი განკურნა. ლოცვის ძალით მან ორჯერ დაიხსნა ქალაქი ხანძრისგან და წვიმა მოავლინა, ასევე ბევრი განრღვეული განკურნა. მღვდელმთავარი აშენებდა ახალ ტაძრებს და ხსნიდა დახურულს. ყველა დიდებულთან, თვით თურქებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, რასაც კარგად იყენებდა სამწყსოს სასიკეთოდ.
ასაკმა და ამსოფლიურმა ამაოებამ დაქანცა წმინდა იოსები და 1653 წელს დატოვა კათედრა - პარტოსის მთავარანგელოზის მონასტერში განმარტოვდა, სადაც ცხოვრების ბოლო სამი წელი გაატარა. მაგრამ სამწყსოს არ ეთმობოდა იგი და უამრავი ადამიანი მიდიოდა მასთან კელიაში რჩევისა და კურთხევისათვის.
წმინდა იოსები 1656 წელს 88 წლისა გარდაიცვალა. ამ დროს თავისით დაირეკა მონასტრის ზარი, და გაოცებულმა ხალხმა აღიარა გარდაცვლილი მღვდელმთავრის სიწმინდე. მის დაკრძალვას სამი მღვდელმთავარი, უამრავი მღვდელი და ათასობით მორწმუნე ესწრებოდა. ნეტარმა გარდაცვალების შემდეგაც განაგრძო სასწაულების მოხდენა. უცხოელი დამპყრობლების შემოსევების შედეგად პარტოსის მონასტერი დაინგრა. მიტროპოლიტმა ბასილიმ ხელი შეუწყო მის აღდგენას, 1956 წლის მაისში წმინდა იოსების საფლავის გახსნისას კუბოდან გასაოცარი კეთილსურნელება გადმოიფრქვა. ნეტარი იოსების წმინდა ნაწილები ტიმიშოარის სამი მღვდელმთავრის სახელობის საკათედრო ტაძარში გადაასვენეს. იმავე წლის ოქტომბერში რუმინეთის საპატრიარქომ ნეტარი იოსები წმინდანად შერაცხა დ მისი ხსენების დღედ 15 სექტემბერი დააწესა, ხოლო 1965 წელს სერბეთის საპატრიარქომ წმინდა იოსების ხსენების დღედ 27 მაისი განაჩინა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი