როცა პატრიკი 16 წლის იყო, ის ოლქის სხვა მცხოვრებთან ერთად, მეკობრეებმა გაიტაცეს. ის ირლანდიაში ერთ მიწათმფლობელს მიჰყიდეს, რომელმაც პატრიკს მთებში თავისი ფარის მწყემსვა დაავალა. ტყვეობის მკაცრმა პირობებმა ამ უცხო მხარეში, რომელიც თითქმის მთლიანად წარმართთა ხელში იყო, ბუნებასთან ურთიერთობამ პატრიკის გული ღვთისკენ მოაქცია, სინანულში მოაქცია. გაყინულ, ანდა წვიმისგან დასველებულ მიწაზე მუხლმოდრეკილი დღედაღამ ლოცულობდა, და იმდენად იყო ავსებული ღვთაებრივი ნუგეშინისცემით, რომ ამგვარი ღვაწლი მის სხეულს ვერაფერს ვნებდა.
ტყვეობის ექვსი წელი სამოთხის ნეტარებად გადაექცა და მას ერთხელაც ღამით ხმა მოესმა, რომელიც ეტყოდა: "შენ კარგად მოიქეცი, რომ მარხულობდი და ლოცულობდი. ღმერთმა შეისმინა შენი ლოცვა. ახლა კი წადი, დაბრუნდი შენს სამშობლოში: შენთვის ხომალდია გამზადებული!"
ის სავსებით მიენდო ამ ხმას, ტყვეობიდან გაიქცა და 320 კილომეტრის გავლის შემდეგ პორტს მიადგა, და წარმართი ვაჭრის ხომალდში ჩაჯდა. სამი დღის ცურვის შემდეგ მოგზაურები ერთ უცნობ, უკაცურ ადგილას გადავიდნენ ნაპირზე და დასახლების ძებნა დაიწყეს, ზოგი წყაროების მიხედვით ეს ბარბაროსთა შემოსევებით დაცარიელებული გალია იყო, სხვები ამბობენ, ბრიტანეთიო.
მოგზაურები ერთი თვე მიდიოდნენ, საჭმელი გამოელიათ, იტანჯებოდნენ, ბოლოს პატრიაკს უთხრეს, შენს ღმერთს შეევედრე, დაგვეხმაროსო. წმინდა პატრიკმა როგორც კი ლოცვად ხელები აღაპყრო, მაშინათვე ღორების კოლტი გამოჩნდა-პატრიკის თანამგზაავრებმა რამდენიმე ღორის მოკვლა შესძლეს და დანაყრდნენ. მრავალი განსაცდელები შემდეგ პატრიკმა სამშობლომდე მიაღწია, მაგრამ იქ კვლავ შეიპყრეს მეკობრეებმა, მაგრამ ორი თვის შემდეგ კვლავ თავისუფლება ჰპოვა. როცა მამის სახლში დაბრუნდა ას ხილვა ჰქონდა: წარმოუდგა ვინმე ზეციური კაცი, სახელად ბიქტორი და წერილების დასტა აჩვენა, მან პირველი გახსნა და წაიკითხა: "ხმა ირლანდიისა! წმინდაო ყრმაო, ჩვენ ვლოცულობთ, რომ კვლავ მოხვიდე და იარო ჩვენს შორის". მაშინ პატრიკს მოესმა ადამიანების ხმები ფოკლუტის ტყიდან, სადაც მან თავისი ტყვეობის წლები გაატარა. ამაში მან ღვთის მოწოდება დაინახა, მან გადაწყვიტა ბარბაროსთა განსანათლებლად მომზადებულიყო, ამისთვის საჭირო იყო დაესრულებინა ტყვეობის გამო შეწყეტილი საეკლესიო განათლება. ის გალიაში გაემგზავრა, ცხოვრობდა სხვადასხვა სამონაზვნო ცენტრებში, მათ შორის ლერინში. დაახლოებით 15 წელი წმინდა პატრიკმა ოსერში წმინდა გერმანეს (ხს. 31 ივლისს) ხელმძღვანელობით გაატარა, რომელმაც მას დიაკვნად ხელი დაასხა.
მაშინ წმინდა გერმანე ბრიტანეთში მოგზაურობიდან დაბრუნდა, სადაც პელაგიანელ ერეტიკოსებს ებრძოდა. მის წინ კვლავ გადაჭრელი ამოცანა იდგა: ირლანდიისთვის მისიონერები ეპოვნა. ცოტა ხნით ადრე, პაპმა კელესტინ I-მა (431) ეპისკოპოსად ხელნი დაასხა რომის ეკლესიის დიაკვანს წმინდა პალადიოსს, რათა მას დაემწყსო ირლანდიაში გაფანტული ქრისტიანები და მათთვის ეხელმძღვანელა. პალადიოსი დიდ სიძნელეებს გადაეყარა, მხოლოდ სამი ეკლესის დაარსება მოასწრო და გარდიცვალა. ამიტომაც წმინდა პატრიკმა გადაწყვიტა წმინდა გერმანეს ხელით ეპისკოპოსობა მიეღო, რათა ჭეშმარიტების ნათელი ირლანდიელ ბარბაროსებში შეეტანა.
მართლაც, ის კარგად იყო მომზადებული ამ ამოცანისთვის, არა მხოლოდ იმისთვის, რომ ღმერთმა მოუწოდა, არამედ იცოდა ამ ტომის ენა და ზნე-ჩვეულებები. ახსოვდა თავისი ახალგაზრდობის ცოდვები, ამიტომ ხელდასხმას ვერ ბედავდა, მაგრამ ახალმა ხილვამ დაუდასტურა _ ეს ღვთის ნება იყო.
ცოტა სამღვდელოებასთან ერთად ის კუნძულზე, სწორედ იმ ადგილას გადაჯდა, სადაც წმინდა პალადიოსმა მისცურა. წმინდა პატრიკი უშიშრად გაემარა დიდ კრებაზე, რომელსაც რეგულარულად აწყობდნენ გვარების წინამძღვრები. მძვინვარე მეომრებს მან თამამად უქადაგა ქრისტეზე. მოახერხა ზოგიერთი უხუცესის მოქცევა და შემდგომში _ მათი ტომის ხალხისა. მისიონერებმა ეკლესია-მონასტრების დასაარსებლად მიწის ნაკვეთები მიიღეს. წმინდა პატრიკმა მთელი ირლანდია შემოიარა, პირველ რიგში კი მისი ჩრდილოეთი ოლქები. დაუღალავად ქადაგებდა ღვთის სიტყვას. სწორედ ასე შესძლო მოექცია დუბლინის, მუნსტერის მეფეები და მეფე კონახტის შვიდი ვაჟი.
მქადაგებელს წინააღმდეგობა შეხვდა დრუიდი ქურუმებისგან, რომლებმაც მოციქულის წინააღმდეგ ჯადო გამოიყენეს. მაგრამ, წმინდანმა შეწევნისთვის მოუხმო ღვთის ძალას და განაქარვა მათი ჩანაფიქრი. ზოგიერთი მათგანი ქრისტესკენ მოაქცია კიდეც. მოქცეულები შემდგომში ღვთისმოსავი მღვდლები გახდნენ და მოშურნედ იღვწოდნენ თანამოძმეთა განსანათლებლად.
ორიელის სამეფოში ქადაგების შემდეგ მან არმაგში მონასტერი დაარსა, რომელიც შემდგომში ირლანდიის მთავარეპისკოპოსის კათედრად გადაიქცა. სწორედ ამ სავანიდან იწყებდა თავის ხანგრძლივ მისიონურ მოგზაურობებს.
პატრიკი წინ აღუდგებოდა ძალადობას, მუქარას, არად დაგიდევდათ საკუთარ სიცოცხლეს, რაოდენ სახიფათოც უნდა ყოფილიყო, უშიშრად მიმოივლიდა ამ არასტუმართმოყვარე მიწას და უფალს საშუალებას აძლევდა მისი დახმარებით ამ ხალხს დალაპარაკებოდა. მქადაგებელი მნიშვნელობას არ ანიჭებდა საკუთარ შესაძლებლობებს და მიუხედავად იმისა, რომ არად დაგიდევდათ რიტორიკის კანონებს, წმინდა წერილის ციტატებით დატვირთულ მის სიტყვას ძალუძდა თავისი ღვთაებრივი ძალით ადამიანები ქრისტესკენ მოექცია. წმინდა პატრიკმა თავისი ქადაგებებით არა მხოლოდ უბრალო ხალხი მოინადირა, ბარდი-ფილიდებიც მოაქცია. ბარდები ირლანდიის კელტური საზოგადოების ერთ-ერთი უმაღლესი კასტა იყო, ისინი მცველები და ინტერპრეტატორები იყვნენ ხალხის ზეპირი გარდამოცემისა და თავიანთი მდგომარეობით ახლოს იყვნენ წარმართ ქურუმებთან. ისინი მონაზვნები გახდნენ და თავიანთი პოეტური ტალანტით თავი სახარების ქადაგებას მიუძღვნეს. მათი გალობა იმდენად მშვენიერი იყო, რომ როგორც ამბობდნენ, ანგელოზები ზეციდან გარდამოხდებოდნენ მათ მოსასმენად.
ახალი ეკლესიის დასაარსებლად წმინდა პატრიკი მღვდლებს და ეპისკოპოსებს აკურთხებდა, იგი პატივისცემით და ბრძნულად ეპყრობოდა ირლანდიელი ხალხის თვითმყოფად ხასიათს. ეპისკოპოსთა კათედრები, როგორც წესი, არა ქალაქებში, არამედ მონასტრებში იყო, რომლებიც შემდგომ თაობებში გაიფურჩქნა და ირლანდია ახალ თებაიდად გადააქციეს. მათგან მრავალი მონაზონი, მხნე მისიონერი და დაუღალავი მოგზაური გამოვიდა, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ბარბაროსთა შემოსევების შემდგომი ევროპის სახარებისეული ნათლით ახალი გაბრწყინებისთვის..
წმინდა პატრიკი ყოველთვის ასრულებდა ყოველდღიურ ლოცვით კანონს, მონასტერში _ საეპისკოპოსოში იყო თუ მოგზაურობდა. კანონი კი ასეთი ჰქონდა: ხმამაღლა კითხულობდა მთელ დავითნს და ასევე სხვა ღვთივსულიერ ტექსტებს. დღის ყოველ საათს ასჯერ გამოისახავდა ჯვარს და როცა გზაზე ჯვრის ნიშს ხვდებოდა, ეტლს აჩერებდა, ჩამოვიდოდა და მის წინ განერთხებოდა. მისიონური მოგზაურობისას შეეძლოთ მოეკლათ მოწინააღმდეგებს, მაგრამ ირლანდიის ეკლესიის ანგელოზი იფარავდა მას მორწმუნეთა სიკეთისათვის.
თვითონ შეიცნო რა ტყვეობისაგან მოგვრილი ტანჯვა, წმინდა პატრიკი იცავდა მოსახლეობას, რომელთაც მეკობრეეები თავს ესხმოდნენ. მან განკვეთა ბრიტების რაზმის მეთაური კოროტიკი, რომელიც თავს დაესხა ახალმონათლულ ხალხს, ზოგიერთი მოკლა, ზოგიც მონებად გაყიდა. კოროტიკმა უარი თქვა მონანიებაზე და რამდენიმე თვის შემდეგ ჭკუდან გადავიდა და მოკვდა სასოწარკვეთილი.
ოცდაათწლიანი საეპისკოპოსო მსახურების შემდეგ ოთხმოცი წლის წმინდა მღვდელმთავარს უფალმა აღსასრულის მოახლოება აუწყა. წმინდა პატრიკი უკანასკნელად გაემგზავრა საეკლესიო სამეების შესამოწმებლად. გზის პირას ბუჩქი დაინახა, რომელსაც ცეცხლი ეკიდა, მაგრამ არ იწვოდა, მიუახლოვდა და ამ დროს ანგელოზის ხმა მოესმა, რომელმაც სხვა დაპირებებთან ერთად აუწყა, რომ ბოლო ჟამს იგი განიკითხავს ირლანდიელ ხალხს.
461 წლის 17 მარტს წმინდა პატრიკი ულადის (ოლსტერი) ოლქში, დაბა საულში გარდაიცვალა და ზეციურმა მხედრობამ მისი უკვდავი სული გალობით აღიყვანეს ღმერთთან. წმინდანი დაასვენეს ურემზე, რომელიც ორ უღელდაუდგმელ ხარს მიჰქონდა, ისინი შეჩერდნენ ერთ ადგილას, რომელსაც შემდგომში დაუნ-პატრიკი ეწოდა, სწორედ აქ გაუთხარეს მას სამარე.
წმინდა პატრიკის ღვაწლის წყალობით ირლანდია გაბრწყინდა, როგორც ქრისტიანული მხარე და დამსახურებულად ეწოდა წმინდათა კუნძული. მას პატივს მიაგებენ, როგორც ერის უმთავრეს მფარველს, აქ წმინდა პატრიკისადმი ორასზე მეტი ტაძარია მიძღვნილი.
წმინდა პატრიკი ასევე იხსენიება: ასევე იხსენიება "შოტლანდიელ წმინდანების კრებულში" - სულთმოფენობის შემდეგ მე-2 კვირას (ბერძნ.)
აქვე წაიკითხეთ:
თექვსმეტი წლისა ვიყავი და ღმერთზე არ ვფიქრობდი, თითქოს არც ვიცოდი იგი