ნიტრიაში მეუდაბნოე ცხოვრებას სათავე თურმე ამონმა დაუდო. ღირსი მამა ამონი წარმოშობით ეგვიპტიდან იყო.
პატარაობაში დაკარგა მშობლები, მაგრამ ღვთის შიშით იზრდებოდა. უყვარდა სასულიერო წიგნების კითხვა. სრულწლოვანი რომ გახდა, ბიძამისმა მოსთხოვა, დაქორწინებულიყო. მას სურდა უბიწობის დაცვა, მაგრამ ამავე დროს, ბიძის ნების შესრულებაც უნდოდა. კარგა ხანს ფიქრობდა, როგორ შეეთავსებინა უბიწო ცხოვრება და ქორწინება ერთმანეთთან.
ქორწილის დღეს, როდესაც ახალდაქორწინებულები მარტო დარჩნენ, ამონმა კარი დაკეტა და ცოლს უთხრა:
- მომისმინე, დაო, კარგი იქნება, თუ ცალ-ცალკე დავიძინებთ და უფლის გულისთვის უბიწობას შევინარჩუნებთ. განხრწნა (ქალწულებისა) უეჭველად ხრწნილებისაკენ მიგვიყვანს, უბიწოება წარმოშობს უხრწნელებას. სჯობს, ორივემ ქალწულობა დავიმარხოთ, ვიდრე ერთმანეთისგან განვიხრწნათო.
ქალწული დათანხმდა.
ამის შემდეგ უბიდან წიგნი ამოიღო და ქალწულს წმინდა წერილის კითხვა დაუწყო. ხანდახან კითხვას წყვეტდა და ურჩევდა, წმინდა, ანგელოზებრივი ცხოვრების წესით ეცხოვრათ. ქალიშვილმა უპასუხა:
- ბატონო ჩემო! მე თანახმა ვარ ყველაფერზე, რასაც მეუბნები. რადგან უბიწო ცხოვრებას აპირებ, მეც იმავეს გავაკეთებ.
მაშინ ამონმა უთხრა:
- მინდა, რომ სხვადასხვა სახლში ვიცხოვროთ.
ქალიშვილს ეს არ სურდა და თქვა:
- არა, ბატონო ჩემო. ერთ სახლში ვიცხოვრებთ, მაგრამ ცალ-ცალკე დავიძინებთ.
ასე დაიწყეს ერთად უბიწო ცხოვრება. ამგვარად მრავალი წლის განმავლობაში იცხოვრეს. მათი ცხოვრება უდიდეს ღვაწლში - მარხვაში, თავშეკავებაში, ლოცვასა და ფიზიკურ შრომაში გადიოდა. ქალიშვილი შინაურ საქმეებს აკეთებდა, ამონი კი მთელი დღე ბაღში შრომობდა. საღამოს შინ დაბრუნებული მეუღლესთან ერთად, უფრო სწორად, დასთან ერთად წაიხემსებდა. ღამით ერთად დგებოდნენ და ლოცულობდნენ. დილით, უთენია კი ამონი კვლავ სამუშაოდ მიდიოდა და საღამომდე მუხლს არ ჩახრიდა. მათ შეძლეს და საკუთარ თავში ხორციელი ვნებები დათრგუნეს. მათი ერთობლივი ცხოვრება თვრამეტი წელი გრძელდებოდა და სრულყოფილ სიწმინდესა და უბიწოებას მიაღწიეს. ერთხელ ქალწულმა უთხრა ამონს:
- ბატონო ჩემო! რაღაცის თქმა მინდა და თუ მომისმენ, დავრწმუნდები, რომ მართლა გიყვარვარ.
- მითხარი, დაო, გისმენ.
- უკეთესი იქნება, თუ ცალ-ცალკე ვიცხოვრებთ, რადგან შენ წმინდა, მართალი და ბრძენი ადამიანი ხარ. მე, რაც შემიძლია, შენი ცხოვრების წესს ვიზიარებ. დაე, სხვებსაც სასიკეთოდ წაადგეს ჩვენი ღვაწლი. ცალ-ცალკე ვიცხოვროთ. კარგი არ არის, რომ შენი უდიდესი ზნეობრიობა დაფარული იყოს, შენი სიბრძნე კი ხალხს არ მოახმარო.
ამის გაგონებაზე ამონმა უფალი ადიდა და უპასუხა:
- ჩემო დაო, თუ გინდა, ამ სახლში დარჩი, მე კი სხვა ადგილს მოვძებნი.
ლოცვის შემდეგ ერთმანეთს დაცილდნენ. ამონი ნიტრიის მთაზე წავიდა და ბერად აღიკვეცა, მისი მორჩილი ცოლი კი შინ დარჩა. მან მალე მრავალი ქალწული შეკრიბა უფლის სახელით და მათი იღუმენი გახდა.
ნიტრიის მთაზე ამონი განდეგილად ცხოვრობდა. უდაბნოში ოცდაორი წელი გაატარა და სრულყოფილებას მიაღწია. უფლისგან უდიდესი ძალა მიენიჭა. შეეძლო ადამიანების სხვადასხვა სენისგან განკურნება.
ერთხელ მასთან ცოფიანი ძაღლის დაკბენილი ყმაწვილი მიიყვანეს. ბიჭს შეტევები რომ ეწყებოდა, საკუთარ ხორცს იჭამდა. მისი მშობლები წმინდა ამონს მუხლებში ჩაუვარდნენ და შვილის გადარჩენას სთხოვდნენ. წმინდანმა მათ უთხრა:
- ისეთ რამეს ნუ მთხოვთ, რაც ჩემს ძალას აღემატება. თქვენ ხელთ არის თქვენი შვილის განკურნება, რადგან ქვრივს (წმინდანმა მისი სახელი თქვა) ხარი მოპარეთ, ჩუმად დაკალით და შეჭამეთ. დაუბრუნეთ მას ცოცხალი ხარი და თქვენი შვილი გამოჯანმრთელდება.
მშობლები ამის გაგონებაზე შეძრწუნდნენ. დანაშაული აღიარეს და შეჰფიცეს, რომ ნაქურდალს დააბრუნებდნენ. მაშინ წმინდანმა ილოცა, ყმაწვილი განკურნა და მშვიდობით გაისტუმრა. ყველანი გახარებულები დაბრუნდნენ შინ და ქვრივს მოკლული ხარის ნაცვლად სხვა მიჰგვარეს.
ერთხელაც წმინდანთან ორი კაცი მივიდა, რათა მისგან კურთხევა მიეღოთ. ნეტარმა მამამ მათ სთხოვა მასთან მიმსვლელებისთვის წყალი მიეტანათ, რადგან ერთ-ერთ კაცს აქლემი ჰყავდა, მეორეს - ვირი. მათ დიდი ჭურჭელი აიღეს და მთიდან დაეშვნენ წყლის მოსატანად. ჭურჭელი წყლით რომ აავსეს, აქლემის პატრონმა თქვა:
- ჭურჭელი მეტისმეტად დიდია, მთა კი მაღალი. არ მინდა, რომ აქლემს ამხელა ტვირთი ავკიდო.
ამხანაგი იქვე დატოვა და წმინდანთან არ წასულა, შინ დაბრუნდა. მეორე კაცმა წყლით სავსე ჭურჭელი ვირს აჰკიდა, დიდი გაჭირვებით აიტანა მთაზე და ღირს მამასთან მიიტანა. მის დანახვაზე ნეტარმა ამონმა ჰკითხა:
- შვილო ჩემო! უფალმა დაგლოცოს შენი შრომისთვის. იცოდე, რომ შენი ამხანაგი, რომელმაც უარი თქვა წყლის მოტანაზე, ახლა ცუდ დღეშია - აქლემი დაკარგა.
ის კაცი მაშინვე წავიდა და მტირალ მეგობარს წაადგა თავს - რადგან აქლემი მგლებს შეეჭამათ.
ღირსი ამონის შესახებ წმინდა ათანასე ალექსანდრიელი თავის წიგნში წერს:
- ერთხელ ღირსი ამონი, თავის მოწაფე თეოდორესთან ერთად მიდიოდა. მდინარეს მიადგნენ და რომ გადაელახათ, სამოსი უნდა გაეხადათ. ამონმა თეოდორეს სთხოვა, ცოტა გვერდზე გასულიყო, რომ ერთმანეთის სიშიშვლე არ ეხილათ. მარტო რომ დარჩა, წმინდანმა იმაზე დაიწყო ფიქრი, მეორე ნაპირზე ისე როგორ გადასულიყო, რომ ტანსაცმელი არ გაეხადა, რადგან იმდენად მოკრძალებული იყო, თავადვე რცხვენოდა თავისი სიშიშვლის. ამ ფიქრებში იყო, უფლის ანგელოზმა მაღლა აიყვანა და წამში გადაიყვანა მდინარის მეორე ნაპირზე. თეოდორემ კი ძლივს გადაცურა მდინარე.
მეორე ნაპირზე ამონი რომ დაინახა, გაოცდა. თან შეამჩნია, რომ მისი სამოსი სრულიად მშრალი იყო. მუხლებში ჩაუვარდა წმინდანს და ევედრებოდა, ეთქვა მისთვის, როგორ მოახერხა მდინარის გადალახვა. მაშინ ღირსმა მამამ გაუმხილა, რომ ამაში უფლის ანგელოზი დაეხმარა, თან უბრძანა, სანამ ამონი ცოცხალი იქნებოდა, ამის შესახებ არავისთვის არაფერი ეთქვა. წმინდა ანტონთან რომ მივიდა, ღირსმა მამამ მისგან ასეთი სიტყვები მოისმინა:
- ღმერთმა გამიმხილა შენი სიკვდილის დღე. ამიტომ სანამ უფლის წინაშე წარდგებოდე, მოგიწვიე, რომ შენთან საუბრით დავტკბე და თან ერთმანეთისთვის ვილოცოთ.
დიდი ხნის საუბრის შემდეგ, მამა ამონმა წმინდა ანტონისგან კურთხევა მიიღო და წამოვიდა.
რამდენიმე დღის შემდეგ წმინდა ანტონმა თვალები ცისკენ აღაპყრო და დაინახა ამონის გაცისკროვნებული სული, რომელიც ანგელოზებს ცაში აჰყავდათ. ამის დანახვა ნეტარ მამას ძალიან გაუხარდა. მაშინ მოწაფეებმა ჰკითხეს:
- მამაო, რა არის მიზეზი, თქვენი სიხარულისა?
მან უპასუხა:
- დღეს აღესრულა აბბა ამონი და მე ვხედავ, ანგელოზებს როგორ აჰყავთ ცაში მისი წმინდა სული.
მოწაფეებმა ის დღე დაიმახსოვრეს. რამდენიმე დღის შემდეგ მათთან ნიტრიიდან ბერები ჩავიდნენ და უთხრეს, რომ აბბა ამონი გარდაიცვალა. ანტონის მოწაფეებმა დღეები გადათვალეს და დარწმუნდნენ, რომ ნეტარი ამონი მართლაც იმ დღეს გარდაიცვალა, როცა წმინდა ანტონმა თქვა, დავინახე, როგორ აჰყავდათ მამა ამონის სული ანგელოზებს ცაშიო და უფალი ადიდეს. ღირსი ამონი დაახლოებით 350 წელს გარდაიცვალა
...................................
ხატის წყარო
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი