წმინდა მელქისედეკ კათოლიკოს-პატრიარქი, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ ეკლესიას მესაჭეობდა დაახლოებით 1010-1030 წლებში,
მეფეების - ბაგრატ III-ის, გიორგი I-ისა და ბაგრატ IV-ის დროს. წმინდანმა კათოლიკოსის ტახტი დაიკავა კათოლიკოს სვიმეონის გარდაცვალების შემდეგ. წმინდა მელქისედეკი არის საქართველოს სამოციქულო ეკლესიის პირველი მამამთავარი, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქის ტიტულით მოიხსენიება.
"მატიანე ქართლისას" ცნობით, მელქისედეკი ყოფილა "დიდებულ კაცთა შვილი". იგი აღიზარდა საქართველოს მეფის ბაგრატ III-ის კარზე. მიიღო საუკეთესო სასულიერო და საერო განათლება, იყო უდიდესი საეკლესიო მოღვაწე და შორსმჭვრეტელი დიპლომატი. მელქისედეკი საქართველოს ეკლესიას მესაჭეობდა მაშინ, როდესაც იქმნებოდა ერთიანი საქართველო. სამეფო ხელისუფლებას ამ დროს განსაკუთრებულად ესაჭიროებოდა ეკლესიის მოკავშირეობა.
ჩვენამდე მოღწეულ მელქისედეკის ერთადერთ დოკუმენტზე დაკვირვება უჩვენებს, თუ რა საშუალებებით მონაწილეობდა მცხეთის ტახტი ამ დიდ ისტორიულ პროცესში. დოკუმენტში ჩამოთვლილია მელქისედეკის მეცადინეობით სვეტიცხოვლისათვის შეძენილი სოფლები და სხვა ქონება, დაწყებული სამხრეთ-დასავლეთი საქართველოს პროვინციებით, დამთავრებული ჰერეთით. რეალურად ეს ნიშნავდა მცხეთის ტახტის კონტროლის გაძლიერებას შემოერთებული ტერიტორიების საეკლესიო ცხოვრებაზე. მელქისედეკის მეთაურობით საქართველოს ეკლესია თავის პოზიციებს განამტკიცებდა ყველგან, სადაც კი ბაგრატიონ მეფეთა პოლიტიკური ძალაუფლება მყარდებოდა.
მელქისედეკმა ხელმეორედ ააშენა სვეტიცხოვლის ტაძარი, შეამკო იგი ხატებით, საეკლესიო სამსახურებელი ჭურჭლით და საღვთისმსახურო წიგნებით (დოკუმენტში დასახელებულია 25 წიგნი). მელქისედეკმა ააღორძინა საკათოლიკოსო საყდარი ორგანიზაციულად და ეკონომიკურად - შეუვალობა მიიღო თვით არაბთა ამირასაგან თბილისში არსებულ სვეტიცხოვლის ქონებაზე. წმინდანი დახმარების სათხოვნელად "წარვიდა ბერძენთა მეფისა ბასილის წინაშე კონსტანტინოპოლედ" და დიდძალი განძით სამშობლოში დაბრუნებულმა "იწყო შენებად გარეთითა ბჭითა და გარეშემოთა სტოითა მოქმნითა და ზედაბერვითა, და ყოველი განასრულა". გარდა ამისა, კათოლიკოსმა შეამკო სვეტიცხოველი "ყოვლითა სამკაულობითა, ოქროთი და ვერცხლითა, თუალითა და მარგალიტითა".
მელქისედეკი რამდენჯერმე ჩასულა კონსტანტინოპოლში. იმპერატორების - კონსტანტინეს და ბასილისაგან კათოლიკოს-პატრიარქს საჩუქრად მიუღია თვალმარგალიტით შემკული ხატები; ბასილის უბოძებია მისთვის ათონის მთაზემონასტერი კესტორი 105 სოფლითურთ, დაუსაჩუქრებია ჯვარ-ხატებით და სამღვდელმთავრო შესამოსლით. საქართველოში მელქისედეკს საკუთარი გარჯით 135 სოფელი შეუძენია სვეტიცხოვლისათვის.
სავარაუდოა, რომ ბიზანტიაში ვიზიტების დროს მიიღო მელქისედეკმა აღმოსავლეთის პატრიარქებისაგან საქართველოს ეკლესიის მამამთავრისთვის კათოლიკოს-პატრიარქის ტიტული, (ტაო-კლარჯეთში მდებარე პარხლის ეკლესიის წარწერა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად იხსენიებს წმ. იოვანე IV-ს (980-1001 წ.), რომელიც საპატრიარქო ტახტზე შეცვალა მელქისედეკის წინამორბედმა, კათალიკოსმა სვიმეონმა).
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესდა უნეტარესი მელქისედეკ I გარდაიცვალა 1030 წელს. დასაფლავებულია სვეტიცხოვლის მარჯვენა მხარეს, წმინდა ილია თეზბიტელის ეკვდერის შესასვლელთან.
ისტორიამ შემოგვინახა წმინდა მელქისედეკის მიერ შედგენილი ანდერძი "აღწერილი მცხეთის საყდრისადმი", სადაც ჩამოთვლილია იმ ნივთების, ეკლესია-მონასტრებისა და სოფლების სრული სია, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქმა შესწირა მცხეთის სვეტიცხოველს. სწორედ ამ ანდერძშია მოხსენიებული პირველად საქართველოს მამამთავარი კათოლიკოს-პატრიარქად და ამავე საბუთიდან ირკვევა, რომ მელქისედეკ I-მა სვეტიცხოველში გაიჩინა დასაკრძალი ადგილი - "სამხრეთით სადიაკვნოსა, წმინდათა მოწამეთა სამარტუილოსა შიგან შევქმენ საფლავი ჩემი და დავდგი საკურთხეველი და ამა საკურთხეველსა ზედა დავაყენე ჟამის მწირველად ცოდვილისა სულისა ჩემისათვის გაზრდილი ჩემი იოვანე" (კათოლიკოს-პატრიარქი იოვანე V (ოქროპირი) +1049).
წმინდა მელქისედეკის კანონიზაცია მოხდა 2002 წლის 17 ოქტომბერს.
ხატის წყარო
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი