წმინდა გიორგი კვიპროსზე ქრისტიანულ ოჯახში დაახლოებით მეექვსე საუკუნეში დაიბადა.
მშობლების გარდაცვალების შემდეგ, სწყუროდა რა მეუდაბნოეობა, გიორგი წმინდა ადგილთა მოსალოცად წავიდა და უფროს ძმას, ირაკლიდს შეუერთდა, იორდანეს ნაპირას მდებარე კალამონისლავრაში რომ მოსაგრეობდა.
ძმამ, რომელმაც გიორგის ასკეტური ცხოვრება ნაადრევად მიიჩნია, იერუსალიმიდან იერიქონს მიმავალი გზის სიახლოვეს მდებარე ღვთისმშობლის სახელობის ქოზიბის მონასტერში წაიყვანა.
აღკვეცის შემდგომ გიორგი ერთ მესოპოტამიელ ხუცესს მიაბარეს, რომელიც ძალზე მკაცრი და უსამართლო გახლდათ, მაგრამ გიორგი მას უთქმელად მორჩილებდა.
ერთ დღეს, როდესაც ნეტარს მთიდან წყალი ჩამოჰქონდა, ფეხი დაუცდა და წყალი დაეღვარა. ამით გულმოსულმა ხუცესმა სხვა მონაზონთა თანდასწრებით სილა გააწნა და მარჯვენა მაშინვე მოახმა. მხოლოდ გიორგის ლოცვის შემდგომღა განუმრთელდა ხელი, ნეტარმა კი მონასტერი დაუტევა და კალამონს, უფროს ძმასთან დაფუძნდა.
გიორგი და ირაკლიდი სულიერი მამა - შვილი უფრო იყვნენ, ვიდრე - ხორციელი ძმანი, - გიორგი სრულიად ჰმორჩილებდა მას, - ლოცვაში განისწავლებოდა, საზრდელად ხშირად მატლიან პურს იხმევდა და მალე სულიერად ისე წარემატა, ლოცვით გამხმარი ხის აყვავება და მრისხანე ლომთან უშიშრად მიახლება შეეძლო.
ირაკლიდი 70 წლის ასაკში მიიცვალა, გიორგიმ კი ღვაწლი იმავე სენაკში განაგრძო.
იღუმენის გარდაცვალების შემდგომ ახალი წინამძღვრის დანიშვნასთან დაკავშირებით შფოთი დაიწყო, რამაც, ღვთის ნებით, გიორგის კვლავ ქოზიბის სავანეში დაბრუნება აიძულა.
იქაურმა იღუმენმა, ლეონტიმ სიხარულით მიიღო და სენაკი გამოუყო.
გიორგი თავის სამყოფელს ოდენ კვირაობით ტოვებდა, წმინდა ძღვენს ეზიარებოდა, სავანის საძმოს ესაუბრებოდა და მათგან აღსარებებსაც იბარებდა, ტრაპეზის შემდგომ კი საკვების ნარჩენებს აგროვებდა, მზეზე ახმობდა და კვირის მანძილზე, სამ დღეში ერთხელ ამას იხმევდა.
Aარც პური უყიდია ოდესმე, არც - საკვები და არც - სამოსი, ნაჭრის ნაგლეჯებს აგროვებდა და სამოსს და ლოგინს იმით იკერავდა.
ეშმაკთა მრავალრიცხოვანი თავდასხმების მიუხედავად, ნეტარი მტკიცედ ერთგულებდა ლოცვით კანონს და თავისი დიდი და ყველასათვის დაფარული ღვაწლით მათზე ხელმწიფება მიიღო.
ასკეტური ცხოვრების მიუხედავად, ნეტარი სავანის საძმოს დიდად შეეწეოდა, იმ დღეებში კი, როდესაც მონასტრისთვის პური ცხვებოდა, იმაზე ზრუნავდა, რომ ღუმელში ცეცხლი არ ჩამქრალიყო, რაც ძალზე აუტანელი გახლდათ, რადგან იმ ადგილებში მუდამ ძალიან ცხელოდა, ზაფხულში კი თვით სანთელნიც ჩამოიღვენთებოდნენ ხოლმე ტაძრის სასანთლეებიდან.
ამგვარ გარჯას მის გარდა ვერც ერთი მამა ვერ უძლებდა, რის გამოც ნეტარს რკინის ადამიანად იხსენიებდნენ.
მართალია, ღირსმა გიორგიმ საკუთარ სულში სრულებით დათრგუნა სული განკითხვისა, მაგრამ ხშირად წუხდა ხოლმე იმდროინდელ მამათა ნაკლები მოშურნეობის, ღვთის არასაკმარისი შიშის და ღვთისმსახურების ჟამს მონაზონთა დაბნეულობის გამო. განსაკუთრებულად იმ მონაზონთ ამუნათებდა, საკუთარი ღვაწლით თავი რომ მოჰქონდათ და ერისკაცთ და ცოდვილთ ქედმაღლურად ეპყრობოდნენ.
- მერწმუნეთ, თუ კაცს ცისა და მიწის განახლება ძალუძს, მაგრამ ახლობელს ქედმაღლურად შეიძულებს, მთელი შრომა წყალში ჩაეყრებაო, - იტყოდა.
614 წელს, წმინდა მიწაზე სპარსთა შემოჭრის წინ ღირს მამას ღვთივ ეუწყა, რომ იერუსალიმსა და იერიქონს მომხვდურნი დაიპყრობდნენ, ამის წყალობით მონასტრის საძმო დროულად გაერიდა იქაურობას, - ნაწილმა თავი არაბეთს შეაფარა, ნაწილმა - მღვიმეებს...
თავად ნეტარს იმ ადგილის დატევება არ სურდა, მაგრამ მოწაფეთა დაჟინებული თხოვნით კალამონს შეეხიზნა.
მონაზონთა უმრავლესობა მტრისგან შეიმუსრა ან ტყვედ ჩავარდა, თავად ნეტარმა კი მტრის იმგვარი პატივისცემა დაიმსახურა, ხელი აღარც უხლიათ, ისე გაათავისუფლეს, რის შემდეგაც ქოზიბას დაუბრუნდა და თავის სენაკს გარდაცვალებამდე აღარც განშორებია.
ღირს გიორგის თან ახლდა მორჩილი და მისი ბიოგრაფი, ანტონი. ნეტარის ლოცვით, მტრის თავდასხმის შემდგომ გამეფებული შიმშილის მიუხედავად, სავანეს არც პური მოჰკლებია, არც - ზეთი.
წმინდა მამა ღრმა მოხუცებულობაში აღესრულა. აი, რას მოგვითხრობს ზემოთ ნახსენები ანტონი:
- მრავალი შრომის შემდგომ ჩვენი მამა, გიორგი შეუძლოდ შეიქმნა და მალე აღესრულა.
იმ საღამოს სავანეს უამრავი სტუმარი მოაწყდა, რის გამოც ძლიერ დავიტვირთე, ხუცესის სარეცელთან მყოფი ძმები ხშირად მაკითხავდნენ, - მოძღვარი გიხმობსო, მე კი აღარ ვიცოდი, მორჩილება აღმესრულებინა თუ ნეტარი მენახულა, რომლისკენაც გული ძლიერ მეზიდებოდა...
მამა გიორგიმ სულით იგრძნო ჩემი ეს ტანჯვა და ყოყმანი და შუამავლის პირით შემომითვალა:
- შვილო, ნურც იღელვებ და ნურც იჩქარებ, არამედ მორჩილება აღასრულე, მე კი მოვიცდი, სანამ მოხვალო!
მორჩილება შუაღამემდე გამიგრძელდა, - სტუმრები გვიან წავიდნენ და როდესაც მივაკითხე, მის მკერდზე დავემხე, ჩამიხუტა და დამკოცნა, მაკურთხა, შემდეგ აღმოსავლეთისაკენ შებრუნდა და სამჯერ აღმოთქვა:
- აღმოდი, სულო ჩემო, ღვთისკენ! და სული განუტევა...
ჩემი მოძღვარი გარდაცვლილი რომ ვიხილე, ავქვითინდი, მკერდზე დავემხე და ის წმინდა გული ცრემლით დავუნამე, შემდეგ გავაპატიოსნე და ღირს მამათა გვერდით დავკრძალეთ.
მეოხ გვეყოს მისი წმინდა ლოცვანი ღვთის წინაშე!
....................................
წმინდა გიორგი ქოზიბელის ხატის წყარო
კონდაკი, ხმა 4
გამოსჩნდი ბრწყინვალედ მნათობად, გიორგი, და განანათლებ საღმრთოთა შარავანდედთა მიერ, რომელი სარწმუნოებით გიღაღადებენ, ევედრე ჩუენთვის მეუფესა ქრისტესა, მდინარეთა შინა გამოჩინებულსა და განმანათლებელსა კაცთა ნათესავისასა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი