ღირსი ევაგრე და ილია დიაკონი იყვნენ წმიდა შიომღვიმელისა და იოანე ზედაზნელის თანამოღვაწეები. მათ უშუალოდ გააგრძელეს და დააკმვიდრეს მათი წმიდა მოძღვრების ღვთივგაბრძნობილი სამონასტრო წეს-განგებანი.
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ლოცვა-კურთხევით VI საუკუნეში ანტიოქიიდან საქართველოში ჩამოვიდა ცამეტი ასურელი მამა. მათმა სულიერმა მოძღვარმა, იოანემ (ხს. 6 მაისს) საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დაგზავნა ისინი სამოღვაწეოდ. მათ სახელებთანაა დაკავშირებული ბევრი მონასტრის დაარსება და საქართველოში ბერ-მონაზვნობის აღორძინება-განმტკიცება.
თვითონ იოანე ზედაზნის მთაზე დარჩა და სიცოცხლის ბოლომდე იქ მოღვაწეობდა ილია დიაკონთან ერთად.
წმიდა იოანეს ერთ-ერთი თანამოღვაწე, ანტიოქიელი ღვთისმოსავი დიდებულის შვილი, ღირსი შიო მღვიმელი კი სარკინეთის მთებში დაყუდა. მისი ერთ-ერთი პირველი მოწაფე და თანამოსაგრე გახდათ წმინდა ევაგრე, რომელიც შემონაზვნებამდე - ციხედიდის მთავარი გახლდათ .
ღვთისმსახურ და მორწმუნე დიდებულ მშობელთა შვილი, სიყრმიდანვე საღმრთო წერილით იწვრთნებოდა. ახოვანი და მხნე მთავარი ქართლის მეფე ფარსმანის ერთ-ერთი უახლოესი მრჩეველი და თანაშემწე იყო.
ერთ დღეს, შვილებთან და მსახურებთან ერთად, სანადიროდ იყო გასული მტკვარგაღმა, სადაც იმყოფებოდა სანატრელი შიო. როცა მიუახლოვდნენ იმ ადგილს, ნადირის საძებნელად ყველანი დაიფანტნენ მარჯვნივ და მარცხნივ, ხოლო ევაგრე ერთ ადგილზე მდგარი იყურებოდა აქეთ-იქით, რათა ეპოვა რომელიმე ნადირთაგანი. ამ დროს მან, ღვთის განგებით, დაინახა ზემოხსენებული მტრედი, რომელსაც ნეტარი შიოსათვის ჩვეულებისაებრ საზრდელი მიჰქონდა. ევაგრემ თვალი მიადევნა მტრედს და კარგად დაიმახსოვრა ის ადგილი, სადაც შეფრინდა. შემდეგ ხელმრავლად მოინადირა და დაბრუნდა შინ.
მეორე დღეს ისევ წავიდნენ სანადიროდ. როცა სხვები ნადირთა საძებნელად მიმოდიოდნენ, ევაგრეს ისევ იმ გამოქვაბულის მახლობლად მოუწია ყოფნა, სადაც იმყოფებოდა ღირსი შიო. მან კვლავ შეამჩნია მტრედი, რომელსაც, წინა დღის მსგავსად, ბერისათვის საზრდელი მიჰქონდა.
დიდად განაცვიფრა ევაგრე გასაკვირალმა სახილველმა და გაჰყვა მტრედს, რათა გაეგო, საით ეზიდებოდა საკვებს. როცა მიაღწია იმ ადგილს, ნახა გამოქვაბულში მჯდარი წმინდა მამა შიო, რომელიც მადლობას აღავლენდა ღვთისადმი. ნანახმა დიდად გააკვირვა ევაგრე, ღვთის მადლმა მიახვედრა, რომ ბერი ამ გამოქვაბულში იყო დაყუდებული, ამიტომ შიშითა და კრძალვით ჰკითხა მას:
- ჰოი, კაცო ღვთისაო, ვინა ხარ და სადაური?
ბერმა უპასუხა:
- მე უცხო კაცი ვარ და ქრისტეს მიმდევარი, ამ მცირე გამოქვაბულში ვიმყოფები ქვეყნიურ შფოთს მოშორებული, რათა მყუდროებაში გავატარო ჩემი ცხოვრების დღენი ასე უშფოთველად, და ყოველთა მეუფისა და უფლის მიმართ "თანამდევსა მადლობასა და დიდებისმეტყველებასა სრულმყოფელი", სათნო ვეყო ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა.
ღირსი და ნეტარი შიოს სიტყვების მოსმენამ დიდად გაახარა სული ევაგრესი და ბერს უთხრა:
- ცოცხალია ღმერთი და ცოცხალია სული შენი და ამიერიდან არ მიგატოვებ, არც შინ დავრუნდები.
ბერმა უთხრა:
- შვილო, შენ არ შეგიძლია მოითმინო სიმკაცრე და უნუგეშობა ამ უდაბნოსი, რადგან, როგორც შენი გარეგნობაც ამას გამოაცხადებს, ფუფუნებაში ხარ გაზრდილი, ამიტომ წადი შინ, მუდამ ღვთის შიში გქონდეს გონებაში, რათა დაგიცვას ყველაფრისგან, რაც კი მავნეა სულისათვის.
ევაგრემ კი ისევ მიუგო ბერს:
- დღესვე რომ მომიწიოს შენთან სიკვდილი, მაინც არ მიგატოვებ, ღმერთშემოსილო მამაო, აქ, შენთან დავრჩები და შენთან ერთან მოვითმენ სიმძიმესა და სივიწროვეს, ვიდრე უკან დავბრუნდე ქვეყნიურ შვებასა და მოსვენებაში, რომლებიც უამრავი შფოთით არიან აღსავსენი.
როცა წმინდა შიომ დაინახა ევაგრეს სიმტკიცე, უთხრა მას:
- დამიჯერე, რასაც გეტყვი.
ევაგრემ მიუგო:
- ყველაფერს ისე გავაკეთებ, როგორც შენი სიწმიდე მიბრძანებს.
მაშინ ბერმა მისცა მას თავისი ხელთნაჭერი კვერთხი და უთხრა:
- წადი, შვილო, წაიღე ეს. როცა მტკვარს მიადგები, ჩადე წყალში და უფალი ჩვენი იესო ქრისტეს შეწევნით მდინარე გზას მოგცემს, მშრალად გაგატარებს. მოაგვარე ყოველგვარი შენი საქმე და, თუ უფალი ინებებს და უკან ჩემთან წამოხვალ, მიაღწევ რა მდინარეს, როგორც ადრე, ჩემი კვერთხი კვლავ წყალში ჩაყავი და თუ წყალი კვლავ გზას მოგცემს, მაშინვე მოდი ჩემთან, რადგან ასეთი იქნება ღვთის ნება. ხოლო თუ წყალი არ გაიპობა, არ დაემორჩილება ამ კვერთხს და შენ გზას არ მოგცემს, ისევ უკან დაბრუნდი და მაშინ მტკიცედ გჯეროდეს, რომ ღმერთს არ სურს, შენ ამ საქმეს ხელი მოჰკიდო.
ევაგრეს, მართალია, უმძიმდა ბერთან განშორება, მაგრამ მის ბრძანებას დაემორჩილა, ოღონდ სთხოვა წმინდა მამას, აღეთქვა მისთვის, რომ აქაურობას არ მიატოვებდა, რადგან ფიქრობდა: - ჩემი გულისათვის არ მიატოვოს ეს ადგილი, რომელსაც ყოველგვარი საერო შფოთი მოუძულებია და აქ, მარტოობასა და გაჭირვებაში, ადამიანებისა და ქვეყნიური საზრუნავებისაგან მოშორებით მოუნდომებია ცხოვრება. ამიტომ, როცა ბერი დაჰპირდა, შენს დაბრუნებამდე ფეხს არ მოვიცვლიო, ევაგრემ მიიღო კურთხევა მისგან და გაეშურა ბრძანების შესასრულებლად.
როცა მდინარეს მიაღწია, დაავალა ერთ ყრმას, რომ ის წასულიყო და მისი სახლეულისათვის, რომელიც იმ დროს ნასდაგისში იმყოფებოდა, ეუწყებინა, ყველა მასთან ციხედიდში მისულიყო.
ევაგრემ კვერთხი ჩაყო წყალში, როგორც ეს ბერისაგან ჰქონდა ნათქვამი, და ჰოი, საკვირველებავ! ეს დიდი მდინარე მეყსეულად შუა გაიყო გამხმარი კვერთხით შეშინებული და გზა მისცა ევაგრეს, ფეხის დაუსველებლად გადასულიყო.
შინ დაბრუნებულმა მოაგვარა საოჯახო საქმეები, როგორც ეს ჰქონდა ბერისაგან ნათქვამი, უმეტესი ნაწილი თავისი ქონებისა მისცა გლახაკებს და ნათესავებისა და საერო ცხოვრების მიმტოვებელი ჩქარობდა, ვითარცა ლოთი სეგორში მისდევდა ღვთის მონას და გონებითა და თვალით უკან აღარ იხედებოდა, რადგან შიშობდა, ვაითუ უკან მიმხედველს დაეკარგა სასუფეველი ღვთისა, როგორც ეს შეემთხვათ მარილის ძეგლად ქცეულებს მიწიერი და სოდომური ვნებებისათვის. ამიტომ კვერთხით ხელში ჩქარობდა მდინარის ნაპირთან მისვლას. და როგორც ადრე, ახლაც ღირსი შიოს კვერთხი ჩაყო წყალში და დიდმა და საზარელმა მდინარემ ისევ მისცა მას გზა.
საღვთო სურვილით აღვსილმა ევაგრემ ბერის ყოველი ბრძანება კეთილად შეასრულა. მივიდა წმინდა შიოსთან და უთხრა წმინდანს:
- წმინდაო მამაო, რაც მიბრძანე, ყველაფერი ისე შევასრულე. ახლა მოვედი წინაშე სიწმინდისა შენისა, რათა მორჩილებით აღვასრულო, რასაც მიბრძანებ.
წმინდა შიომ მიუგო:
- შვილო, შენი კეთილი მორჩილების გამო უფალმა ღმერთმა გაგაძლიეროს და მოგცეს ძალა იმ ჭირთა და განსაცდელთა მოსათმენად, რომლებიც შეგემთხვევა მტრისგან, განეკრძალე და ფხიზლად იყავი, რადგან მრავალნაირად ცდილობს ეშმაკი ჩვენი საღვთო გზიდან გადაყვანას, ვაითუ შენც სადმე დაგიგოს მახე და ჩათესოს შენი გონების კეთილ ხორბალში ბოროტი ღვარძლი კვლავ ერში დაბრუნებისა.
ასეთი და სხვა მრავალი სიტყვით განამტკიცა ღირსმა შიომ ევაგრე და ასწავლა მას, თუ როგორ უნდა მოეგერიებინა ბრძოლები ეშმაკისაგან და უთხრა:
- ახლა, შვილო, როცა მივენდეთ ღმერთს, ყველაფერი, რაც კი განზრახული გაქვს შენი ცხოვნებისათვის, აღასრულე.
ევაგრე ფეხებში ჩაუვარდა ბერს და ევედრებოდა, რათა აღეკვეცა მონაზვნად. შიომ უთხრა:
- მე ჩემს ცოდვილ ხელებს დაგასხამ, შვილო, ხოლო უხილავად უფალმა ზეცითგან შეგახოს თავისი მარჯვენა და აღგავსოს ყოვლითა კურთხევითა!
ნეტარმა შიომ მას ანგელოზთა სამოსი - სქემა შემოსა, ასწავლა მონაზვნობის წესები და მისცა კანონი მონაზვნებისა, თუ როგორ უნდა განშორებოდა ყოველივე ხორციელს და მხოლოდ ღმერთისთვის ეცხოვრა. დაუდგინა მას
საზომი ჯდომისა და დგომისა, ლოცვისა და შრომისა. შემდეგ შემოიარა მიდამო და თავისი ადგილიდან ცოტა მოშორებით იპოვა გამოქვაბული და უბრძანა ევაგრეს მასში დასახლება. შეამზადა იგი ბოროტ სულთან შესახვედრად, თუ როგორ უნდა შებრძოლებოდა მათ, ასწავლა ყველაფერი და ამის შემდეგ დაუბრუნდა თავის ადგილს.
ამიერიდან გაცხადდა შიოს სახელი ევაგრეს მხრიდან, ახლომახლო სოფლებში და დაიწყეს მრავლად მასთან მისვლა, მონაზვნობას იღებდნენ და მკვიდრდებოდნენ ევაგრეს მახლობლად, ხოლო ნეტარი შიო ყოველ კვირას ადიოდა მათთან, ყველას მოინახულებდა ხოლმე, სწავლა-დარიგებებით აძლიერებდა მათ, შემდეგ კი ისევ თავის გამოქვაბულში დაეყუდებოდა.
ქართლის მეფემ და მთავრებმა ევაგრეს ძებნა დაიწყეს. როცა მისი შემონაზვნება შეიტყვეს, დიდად შეწუხდნენ, რადგან ევაგრე მეფის შემდეგ იყო ქართველთა სამეფოს განმგებელი და მეტად მხნე და მამაცი სარდალი.
ბერძენთა მეფე იუსტინიანე ოსეთის მხარეს, აბაზგების საზღვართან, განდგომილ ტასკუნებს ებრძოდა. მან დიდძალი ძღვენი გამოუგზავნა ქართველთა მეფე ფარსმანს და სთხოვა, მიხმარებოდა მის მხედრობას და შებრძოლებოდა ტასკუნებს. ფარსმანმა შეასრულა ბერძენთა მეფის თხოვნა, ევაგრე დატოვა თავისი სამეფოს მცველად, თვითონ კი ჯარით გაემართა საბრძოლველად და ღვთის შეწევნით დაიმორჩილა ტასკუნები, მათი მთავრები დაატყვევა და გაუგზავნა იუსტინიანეს. შემდეგ კი თავის სამეფოში დაბრუნდა.
ევაგრეს ამბით შეწუხებულმა მეფემ აღარ დააყოვნა და მაშინვე წავიდა მასთან. მონაზვნის სამოსით შემოსილი ნახა. დიდხანს თვალცრემლიანი ევედრებოდა, ისევ დაბრუნდი ერში, მე და მამული ობლად არ მიგვატოვოო, მაგრამ ღირსმა ევაგრემ უთხრა:
- ჰოი, მეფეო, რატომ ითხოვ ჩემგან, რომ მივემსგავსო ძაღლს, რომელიც თავის ნარწყევს უბრუნდება?
და მრავალნაირად არწმუნებდა მას, რომ ასეთი რამ მისთვის აღარ ეთხოვა.
როცა "მცირედით დასცხრენ გოდებისაგან", წავიდნენ ბერის გამოქვაბულისაკენ. ჯერ ნეტარი ევაგრე შევიდა წმინდა შიოსთან და აუწყა მეფის მისვლა. წმინდა შიომ ევაგრეს უთხრა:
- შვილო ჩემო, მიმძიმს მეფის მოსვლა, ვინა ვარ მე, მიწა და ნაცარი, ამიტომ მე თვითონ გავალ ღვთის ცხებულთან.
და გამოვიდა გამოქვაბულიდან. მეფემ შეხედა მის სახეს და შეკრთა, რადგან ღვთის დიდი მადლი იგრძნო მისგან, მაშინვე ძირს დააგდო გვირგვინი მეფობისა, შეიხსნა სარტყელი, მივიდა და ბერის ფეხებთან დაემხო. ნეტარმა შიომ უთხრა მას:
- შემინდევ, მეფეო, რატომ მიაგებ შეუფერებელ პატივს ცოდვილ კაცს, რის გამოც შეიძლება დავისაჯო კიდეც ღვთისაგან?
ხოლო მეფე, კვლავ მის ფეხებთან მუხლმოყრილი, თვალცრემლიანი სთხოვდა კურთხევას. ბერმა უთხრა:
- ღმერთმა აბრაამისა, ისააკისა და იაკობისა, რომელმაც გამოირჩია მონა თვისი დავითი, თავის ერის მეფედ აკურთხა, რომელმაც ყველაზე მეტი სიბრძნე მისცა სოლომონს, რომელმაც გააძლიერა თავისი მონა კონსტანტინე ჯვარით და მტრები დაამარცხებინა, ეგრეთვე აკურთხოს შენი მეფობა და შეურყევლად დაიცვას. გიკურთხოს მკლავნი და განამრავლოს თესლი შენი და დაგიცვას შეუბღალავად სულისა და ხორცის შეგინებისაგან, განგწმიდოს ყოველივე ჭუჭყისა და ცოდვისაგან და დაგიფაროს მტრის ყოველი საცთურისა და მახისაგან. მტრებისა და მოწინააღმდეგეებისათვის გაგხადოს საშიში და განგამტკიცოს ჭეშმარიტი სარწმუნოების სიყვარულით უფლის მიმართ, რათა მას აღიარებდე მეფეთა მეუფედ და ცოცხალთა და მკვდართა მსაჯულად, რომელიც არს კურთხეული უკუნისამდე, ამინ.
ღირსმა შიომ თავისი ხელით წამოაყენა მეფე და დაადგა სამეფო გვირგვინი. სხვა მთავრებმაც მოიყარეს მუხლი წმინდანის წინაშე და მისგან კურთხევა მიიღეს.
მთავრებს შორის ერთს მარჯვენა თვალი ბრძოლაში დაშრეტოდა. როცა იგი მიდიოდა წმინდა შიოსთან კურთხევის მისაღებად, რწმენით ამბობდა გულში:
- როგორც კი შევეხები ბერის ფეხებს, მაშინვე განმეკურნება თვალიო. ასეც მოხდა, - შეახო თუ არა თვალი წმინდანის ფეხს, განიკურნა და ისევე იწყო ხედვა, როგორც ჯანსაღი თვალით. ყველა, ვინც კი ნახა ეს საკვირველი ამბავი, ადიდებდა ღმერთს.
მეფე და მთავრები დასხდნენ ბერის წინ, უყურებდნენ მის ანგელოზებრივ სახეს და უკვირდათ მისი უნუგეშო ცხოვრება. ჰკითხეს წმინდა ბერს სულის ცხონების შესახებ. ნეტარმა შიომ, როგორც ღვთისაგან განბრძნობილმა, უთხრა მათ სულისათვის სასარგებლო სწავლანი, რადგან ქართული ენა კარგად ესწავლა ადრევე, როცა თავის მოძღვარ იოანესთან იყო ზედაზენზე, ხოლო ლოცვისა და ფსალმუნებისას ასურულსა და ბერძნულ ენებს იყენებდა, რადგან ამ ორ ენაზე იყო განსწავლული.
ფარსმან მეფემ ჰკითხა ბერს:
- მამაო, მიბრძანე, რა შემიძლია გავაკეთო ამ შენი მონასტრისათვის?
ბერმა მიუგო:
- მეფეო, მეფეთა გულებიც ღვთის ხელშია, რასაც საჭიროდ ჩათვლი, ის გააკეთე.
მაშინ მეფემ უბოძა მონასტერს ოთხი გამორჩეული სამეფო დაბა, თავისი ხელით დაწერა მათი თავისუფლების ბრძანება და ევაგრეს გადასცა ოცდაათი ლიტრა ოქრო ეკლესიებისათვის სახარჯოდ, აგრეთვე ოქროს ბარძიმი და ფეშხუმი და სხვადასხვა ნივთი ვერცხლისა, ოქროს დიდი ჯვარი და სახარება მდიდრულად შემკული ნეტარი ვახტანგ მეფის მიერ. აგრეთვე ზედამხედველნი დაადგინა, რათა დაეჩქარებინათ ეკლესიების მშენებლობა.
მეფე გამოეთხოვა ბერს და მცხეთაში დაბრუნებულმა კათალიკოს მაკარის აუწყა ყველაფერი, რაც ნახა და წმინდა შიოსაგან მოისმინა, სულით დიდად ხარობდნენ მეფე და ნეტარი მამების მოძღვრებით განათლებული ქართველობა.
როცა სამივე ეკლესიის მშენებლობა დაასრულა, ნეტარმა ევაგრემ შეატყობინა მეფეს: - "აღსრულდა ღვთისა და შენი ნება, მეფეო, ახლა ინებე მათი სატფურება". დიდად გაიხარა მეფემ, შეატყობინა კათალიკოს მაკარსა და ეპისკოპოსებს, რათა შეკრებილიყვნენ მარტვირიის დღეს ეკლესიათა საკურთხებლად. შეიკრიბნენ ეპისკოპოსები, კათალიკოსი და მეფე-დიდებულნი და თვით დიდი იოანე, ყველას მოძღვარი, სხვა მამებთან ერთად და ერთ კვირაში აკურთხეს ეკლესიები. კათალიკოსი და მღვდელმთავრები აიძულებდნენ ნეტარ შიოს, რათა მიეღო ხარისხი მღვდლობისა, რადგან დიაკვნად უკვე იყო ნაკურთხი ანტიოქიაში ყოფნისას, მაგრამ არ ისურვა, რადგან ეშინოდა, რომ მერე ვაითუ სადმე ეპისკოპოსადაც მოენდომებინათ მისი კურთხევა. ამიტომ, როგორც ორლესული ხმალი, ისე წარდგა ყველას წინაშე და მტკიცედ თქვა: - "მთელმა ქვეყანამაც რომ მომთხოვოს, მაინც არ მივიღებო მას"!
მამათა რიცხვი მალე ორი ათასამდე გაიზარდა და წმინდა შიოს სახელი მთელ ქართლში გახდა ცნობილი.
ყოველი მხრიდან მოდიოდნენ მასთან და ისე გამრავლდნენ, რომ იმ ხევში ვეღარ ეტეოდნენ. უმძიმდათ რა შფოთის ატანა, იწყეს სხვა ადგილების აშენება, ზოგნი კოდმანის მხარეს წავიდა და იქაც დიდი ლავრა ააშენა, ზოგიერთები კი სარკინეს აღმოსავლეთით.
წმინდა შიოს დაყუდება მღვიმეში
ნეტარი შიო შეევედრა წმინდა იოანეს, რათა მიეცა მისთვის დაყუდებული ცხოვრების უფლება. მან უთხრა:
- ღმერთმა შეგისრულოს, შვილო, თხოვნა და მოგცეს მოთმინება შეუბრკოლებელი, რათა აქ გაჭირვებით ცხოვრებისათვის საუკუნო ცხოვრებაში პოვო შვება დაუსრულებელი და მართალთა თანა სიხარული, ოღონდ წადი და პირველად მოახსენე ჩვენს მამამთავარს, წმინდა პატრიარქს. და თუ გიბრძანებს შენგან არჩეული გზით ცხოვრებას, იცოდე, რომ ღვთის ნებაა. ხოლო კათალიკოსის გარეშე ნუ გააკეთებ მაგას, რადგან მისი მორჩილება გვევალება, როგორც ყველას - მამისა. რაც გითხრას, ის მიიღე სიხარულით. რადგან ყველას მოძღვარი პავლეც იმავეს გვასწავლის: - "დაემორჩილენით წინამძღვართა თქვენთა და ერჩდით მათ, რამეთუ იგინი იღვიძებენ სულთა თქვენთათვის" (ებრ. 13,17).
ამის შემდეგ მშვიდად ესაუბრა მათ:
- ძმებო, მამებო და სულიერო შვილებო, ჩვენი წმინდა მამებისა და წმინდა მამამთავრის ლოცვით ვაპირებ დაყუდებულ ცხოვრებას, ამიტომ თქვენ, საყვარელნო, მოერიდეთ მტრის ყოველგვარ მახეებს, ყველაზე მეტად შეიძინეთ სიმდაბლე, მორჩილება და საღვთო სიმშვიდე, რომელიც დაჰფარავს რისხვას, და სიყვარული, რითაც შეიძინება ღმერთი, სიყვარულად წოდებული. ამასთან, შეიყვარეთ სულის განმწმედელი მარხვა, რომელიც აღმოფხვრის არაწმინდებას. და თქვენი ლოცვებისას მოიპოვეთ გონების სიწმინდე და ის, რომ არ გაჩნდნენ თქვენში ბოროტი გულისთქმანი, რითაც მოისპობა ეშმაკის ყოველი ძალა.
ამ და სხვა მსგავსი სწავლებებით განამტკიცა ღირსმა შიომ მონაზვნები, რის შემდეგაც უთხრა მათ:
- "გამოირჩიეთ ძმებიდან ერთი, რომელიც იღვაწებს თქვენი ცხონებისათვის, რადგან მე ამიერიდან მომიწევს ჩასვლა მღვიმეში, რომელიც მოვამზადე სამყოფლად და სასაფლაოდ ჩემთვის".
ეს მეტად საზარელი ამბავი რომ მოისმინეს, დიდად შეწუხდნენ ნეტარი ევაგრე და მონასტრის ძმები, დაიწყეს მწარედ ტირილი და უთხრეს ნეტარ შიოს:
- წმინდაო მამაო, რა განგიზრახავს ეგ, ვის გაუგონია, რომ ცოცხლად ჯოჯოხეთში დაიმარხო შენი ცხოვრება, უფრო მეტად ახლა, როცა მოხუცებულს გეკუთვნის შრომისაგან დასვენება? განა არ არის საკმარისი ის დიდი ღვაწლი, რასაც ეწევი და რაც უცხოა ადამიანის ბუნებისათვის? ვაითუ, არც ღმერთს მოეწონოს ასეთი ღვაწლი, რომელიც დღემდე არავის უქმნია. და კიდევ ამდენი მოღვაწის სულები, რომლებიც შენი მადლით არიან ამ უდაბნოში შეკრებილნი, როცა ვეღარ დაგინახავენ და ვეღარც შენს ტკბილ სწავლას მოისმენენ, გაიფანტებიან, ვითარცა ცხვრები, რომელთაც მწყემსი არ ჰყავთ.
ამას და ამის მსგავსს ბევრს ეუბნებოდნენ თვალცრემლიანნი წმინდა შიოს მონასტრის ძმები და ევედრებოდნენ, ობლად არ დაგვტოვო, არ ჩახვიდე მღვიმეშიო.
წმინდა შიო ანუგეშებდა მათ:
- ძმებო, ღმერთმა მოგცათ ჩემი სიყვარულის მადლი, მაგრამ მე ცოდვილი კაცი ვარ და, თუ მართალთ გაუძნელდებათ ცხონება, მე რამდენად მეტი გარჯა მეკუთვნის, რომ არ დავკარგო სასუფეველი.
ბევრჯერ გაქვთ მოსმენილი, როგორ ამრავლებდა ღვაწლს მამა ჩემი და მოღვაწეთა წინამძღვარი დიდი ანტონი, სიბერეშიც კი არ მოუკლია მოღვაწება, მას ნამდვილად შეეძლო დაიმედებული ყოფილიყო, ანგელოზების სიახლოვეს დამკვიდრდებოდა. ასევე დიდი მაკარი, რომელმაც მთელი სიცოცხლე მოღვაწებაში აღასრულა, ნახეთ, როგორ შიშობდა, როცა სული მისი გამოვიდა ხორციდან, ბოროტი ანგელოზები ეუბნებოდნენ: მაკარი, გახვედი და გაგვექეციო. ხოლო სანატრელმა წმინდანმა ხორციელი სიმდაბლე სულითაც დაიცვა, ვიდრე არ მიიღო იგი ღვთის ნათელმა, მანამდე არ უთხრა თავის მდევრებს, რომ მათ გაექცა. ყველა წმინდა მამა დიდი ღვაწლით გაექცა ეშმაკის მზაკვრობას, ხოლო მე, ცოდვილს, რამდენად მეტი გარჯა მეკუთვნის, რომ არ ჩავვარდე საუკუნო სატანჯველში, რადგან დაწერილია: - ვისაც რა მდგომარეობაში იპოვიან, იმითვე განიკითხავენო. აწ უკვე ილოცეთ ჩემთვის, ძმანო, რომ მომცეს ღმერთმა მოთმინება და ძალა, რათა ეს მღვიმე გახდეს ჩემი უბადრუკი ხორცის დასაფვლელიც. ხოლო თქვენ გამოირჩიეთ თქვენთვის წინამძღვარი, რომელიც შეძლებს თქვენი სულების ცხონების სწორად წარმართვას.
მამებმა უთხრეს:
- წმინდაო მამაო, ჩვენ შენით ვართ შეკრებილნი ამ უდაბნოში და შენს წმინდა ლოცვასა და სწავლა-დარიგებებს მინდობილნი, ვმოღვაწეობდით და ჩვენი სულების გადარჩენას შენგან მოველოდით. ხოლო ახლა, რადგან ვერ შევძელით შენი ნების შეცვლა, თვითონ გადაწყვიტე, ვინ შეძლებს ჩვენი სულების პატრონობას და გადარჩენას.
ნეტარმა შიომ უთხრა ევაგრეს, რათა შემოეკრიბა ძმები და გასძღოლოდა მათ, ვითარცა უხილავს მისგან ძმათა წინამძღვრობა.
წმინდა ევაგრეს, რომელიც იყო მშვიდი და თავმდაბალი, არ უნდოდა ძმების მთავრად და წინამძღვრად დადგენა და თავისი გონების უძლურებას უჩვენებდა შემდეგი სიტყვებით:
- ვერ შევძლებ ძმების მსახურების გაძღოლას, ნუ მაიძულებ იმ საქმის შეჭიდებას, რაც აღემატება ჩემს ძალას, რადგან გამოუცდელი ვარ და სუსტი იმისთვის, რომ ვიტვირთო ამდენი მონაზვნის ჯეროვანი მართვა.
ნეტარმა შიომ მიუგო:
- თუ დაგვემორჩილები, დიდ სასყიდელს მიიღებ ღვთისგან და მორჩილთა ნეტარებას მოიპოვებ ზეციურ დიდებაში, ხოლო თუ ურჩობას ამჯობინებ, მაშინ ურჩობისათვის მოგიწევს გადახდა. ისურვე ძმების სამსახური, რომელიც დიდებას შეგძენს, ვითარცა ამბობს უფალი ჩვენი იესო ქრისტე: "რომელსა უნდეს თქვენ შორის დიდ ყოფაი, იყოს იგი ყოველთა მონაი და მსახური" (მარკ.10,44). მიტომ, უმჯობესია, შენთვის დიდების შემაძენელი სიმდაბლე მიიღო.
ძნელად დაიჯერა ევაგრემ ბერის სიტყვა, თაყვანი სცა მას და უთხრა:
- პატიოსანო მამაო, რასაც მიბრძანებ, ყველაფერს მორჩილებით მივიღებ და შევასრულებ შენს წმინდა ლოცვას მინდობილი.
ამის შემდეგ ევაგრემ, ურჩობისათვის სასჯელის შიშით, მიიღო წინამძღვრობის კვერთხი ნეტარი შიოს ხელიდან. წმინდა შიომ მრავალი სწავლით განამტკიცა იგი და შეავედრა ძმები.
იგი, ღვთის შეწევნით და მამა შიოს ლოცვით, ბრძნულად განაგებდა მონასტერს. აღესრულა მშვიდობით და თავის უსაყვარლეს შიო მღვიმის მონასტერში დაიკრძალა.
პლატონ იოსელიანის ცნობით, წმინდა ევაგრეს სამარე წმინდა შიოს მღვიმის შესასვლელთან მარჯვენა მხარეს მდებარეობდა.
მცირე ხნის წინ შიომღვიმის მონასტერში, წმინდა ევაგრეს მღვიმეში, სადაც ის წმინდა შიოს გარდაცვალების მერე მოღვაწეობდა, სიმბოლურად დაიდო წმინდაევაგრეს საფლავის ქვა.
წმინდა ევაგრე გამოსახულია წმინდა შიოსთან ერთად შიომღვიმის მონასტრის იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის (VI საუკუნის II ნახევარი) ქვის კანკელის ბარელიეფზე.
ასე დაედო საფუძველი საქართველოში ზედაზნისა და შიომღვიმის სახელით ცნობილ პირველ მონასტრებს. მხოლო ღმერთმა უწყის ასურელ მამათა მიერ საქართველოში დაარსებულ მონასტრებში მოღვაწე წმიდა მამათა რიცხვის და ღვაწლის შესახებ. საქართველოს სამოციქულო ეკლესია ღირსი ევაგრესა და წმიდა ილია დიაკვნის სახეით მეოხებას ითხოვს ასურელ მამათა თანამოღვაწე და მათი წმიდა საქმის გამგრძელებელი ყოველი ღირსი და ღმერთშემოსილი მამისაგან, რომელთა ღვაწლით დაფუძნდა საქართველოში მონასტრები და განმტკიცდა მონაზვნური ცხოვრება.
..................
აქვე წაიკითხეთ:
"ვერ შეძლებ, შვილო, აქ ცხოვრებას
..................
სტატიაში გამოყენებული ხატის და ტექსტის წყარო
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი