წმიდათა შორის მამაი ჩვენი სილიბისტრო, რომის პაპი (+335 წელი) - 02 (15) იანვარი
წმიდათა შორის მამაი ჩვენი სილიბისტრო, რომის პაპი (+335 წელი) - 02 (15) იანვარი
წმინდა სილიბისტრო რომში დაიბადა, პრესვიტერ კვიპრიანეს მოწაფე იყო, რომელმაც სარწმუნოება განუძლიერა, მრავალი მეცნერება შეისწავლა და მისი გონებაც ისევე წარემატა, როგორც - სული.

ასაკთან ერთად მისი სიყვარულიც იზრდებოდა, - საკუთარ ბინაში უცხოთ და მოგზაურთ შეიწყნარებდა, ფერხთ ჰბანდა, გულუხვად უმასპინძლდებოდა და სრულ მყუდროებაში ამყოფებდა.

როდესაც ანტიოქიიდან რომს ტიმოთე ჩამობრძანდა, სილიბისტრომ შინ მიიწვია და ისმინა რა მისი სიტყვა, აღარც განშორებია. წელიწადზე მეტი დაჰყო ტიმოთემ სილიბისტროსთან და თავისი სიტყვით უამრავი წარმართი რომაელი მოაქცია.
ამ ამბავმა ძლიერ განარისხა ქალაქის თავი ტარკვინიუსი, რომელმაც ნეტარი საპყრობილეში გამოამწყვდია. პატიმრობა, როგორც მოსალოდნელი იყო, ხანგრძლივი აღმოჩნდა, ტიმოთემ ამ ხნის მანძილზე მრავალი ტანჯვა დაითმინა, შემდგომ კი - მოწამებრივად აღესრულა.

ნეტარმა სილიბისტრომ მისი წმინდა ნაწილები ღამით ფარულად შეაგროვა და საკუთარ სახლში პატივით დაფლა. მოგვიანებით წმინდა ტიმოთეს სახელზე ერთმა კეთილმსახურმა ქალმა, თეონისიამ რომის ეპისკოპოს ელქიადის კურთხევით და საკუთარი სახსრებით ტაძარი აღაშენა და მისი წმინდა ნაწილებიც იქ გადააბრძანა.

მალე ქალაქის პრეფექტმა სილიბისტროს უხმო და ტიმოთეს ქონება და კერპთა თაყვანისცემა მოსთხოვა, ურჩობის შემთხვევაში კი წამებით დაემუქრა. სილიბისტრომ, რომელმაც წინასწარ უწყოდა პრეფექტის მოახლოებული აღსასრული, სახარების სიტყვით უპასუხა: ,, ამას ღამესა მოგიღონ სული შენი" (12:20), შენს მუქარას კი აღსრულება არ უწერიაო!

მისმა ნათქვამმა ისე განარისხა პრეფექტი, სილიბისტრო მყის შეიპყრო, რკინის მძიმე ბორკილები დაადო და მისი საპყრობოლეში შთაგდება ბრძანა, თავად კი სუფრას მიუჯდა, თუმცა, ტრაპეზისას ყელში თევზის ფხა გაეჭედა, რომლის ამოღებაც ექიმებმაც ვერ შეძლეს და შუაღამისას ტანჯვით მიიცვალა, მორწმუნეებმა კი სილიბისტრო მაშინვე გაათავისუფლეს. იმ დღიდან მას არა მხოლოდ მორწმუნენი, ურწმუნონიც კი პატივს მიაგებდნენ.

ამ ამბებიდან მოკლე ხანში სილიბისტრო რომის პაპ მარცელიუსის მიერ ჯერ დიაკვნად იკურთხა, შემდეგ - მღვდლად, პაპ მელქიადის გარდაცვალების შემდგომ კი მის მემკვიდრედ ერთსულოვნად აირჩიეს.

მუდამ დიდად გულმოდგინედ იღვწოდა სამწყსოს სულიერი ცხოვრების სიწმინდეზე და ყოველგვარად ცდილობდა, მღვდელნი მიწიერ საზრუნავებს არ დაემძიმებინა და საღვთო ვალი პატიოსნად აღესრულებინათ. იგი ქრისტეს წმინდა მოციქულთა ჭეშმარიტი სულიერი მემკვიდრე გახლდათ და უფალმა მრავალრიცხოვანი სასწაულებით განდიდა.

სწორედ წმინდა სილიბისტრომ გამოსცა დადგენილება, რომლის თანახმადაც საეკლესიო იერარქს სავაჭრო საქმეებში მონაწილეობა ეკრძალებოდა, რომაელ ქრისტიანთათვის დღეების ახალი სახელები დაადგინა, რადგან საიმდროოდ იქაურები პირველ დღეს, ანუ კვირას, მზის დღეს უწოდებდნენ, დანარჩენ დღეებს კი - მთვარის, მარსის, მერკურის, ზევსის, ვენერას და სატურნისას.

წმინდანის განჩინებით, კვირის პირველ დღეს ღმერთის დღე ეწოდა, რადგან სწორედ კვირას აღდგა ქრისტე.

იმხანად რომში, ტარპეის კლდის ღრმა გამოქვაბულში, უზარმაზარი, გველის მსგავსი არსება ბინადრობდა, რომელსაც წარმართნი, როგორც ერთ ღმერთთაგანს, ყოველდღიურად სწირავდნენ მსხვერპლს. ეს საზარელი არსება გამოსვლისთანავე წამლავდა ჰაერს და უამრავი ადამიანი, მათ შორის - ბავშვები შეიწირა...

ნეტარმა რომის ქრისტიანთ სამდღიანი მარხვისა და ლოცვისკენ მოუწოდა და თავადაც უმკაცრეს მარხვასა და განუწყვეტელ ლოცვას მიეცა... ერთ ღამეს წმინდა მოციქული პეტრე გამოეცხადა და უბრძანა, რამდენიმე დიაკვანსა და მღვდლის თანხლებით გამოქვაბულის შესასვლელთან საღვთო წირვა აღევლინა, გამოქვაბულში შესულიყო და უფლის სახელით საზარელი ქვეწარმავლისთვის იქაურობის დატოვება უფლის მეორედ მოსვლამდე აეკრძალა...

ნეტარმა მორჩილად აღასრულა მოციქულის სიტყვა და ქვაბულში უშიშრად შევიდა... ამის მხილველი წარმართნი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ სილიბისტრო თავის მღვდლებიანად გველეშაპმა გადასანსლა, მაგრამ როგორც კი იქიდან უვნებლად გამოღწეულნი იხილეს, ძლიერ განკვირდნენ და ამ სასწაულით მრავალი მოიქცა...

მღვდელმთავარი სილიბისტრო განთქმული იყო წმიდა წერილის ცოდნით და მართლმადიდებლური სარწმუნოების შეურყეველი ერთგულებით. იმპერატორ კონსტანტინე დიდის ზეობისას, როდესაც ქრისტიანთა დევნულობა შეწყდა, იუდეველებმა გამართეს დისპუტი ჭეშმარიტი სარწმუნოების შესახებ, რომელსაც მოციქულთასწორი იმპერატორი კონსტანტინე, მისი დედა, – დედოფალი ელენე და მრავალი დიდებული ესწრებოდა. ქრისტიანთა მხრიდან კამათში მონაწილეობდა პაპი სილიბისტრო, იუდეველთაგან კი – მრავალი სწავლული რაბინი ცნობილი მაგის და ჯადოქრის, ზამბრის თავკაცობით.

თუმცა, ამას ფონად შემდეგი გარემოებანი დაედო: - მილანის ედიქტის თანახმად, სარწმუნოებათა სრული შემწყნარებლობა გამოცხადდა, – წარმართთ თავიანთი რიტუალების ჩატარების უფლება შეუნარჩუნდათ, ქრისტიანებს კი ნება ეძლეოდათ, თავისუფლად ეცათ თაყვანი ჭეშმარიტი ღმერთისთვის და ტაძრები აეგოთ, ამასთან, სრულად დაუბრუნეს დევნისას ჩამორთმეული ქონებაც.

თუ ქრისტიანთა საკუთრებას უკვე სხვა პატრონი ჰყავდა, ყოველივეს სახელმწიფო ხაზინა უნაზღაურებდა, ქონებას კი უწინდელ მფლობელს უბრუნებდა. თუ ახლო ნათესავები არ გამოჩნდებოდნენ, დაღუპულთა მემკვიდრეობას ადგილობრივ ეკლესიას სწირავდნენ.

კონსტანტინე ყოველი წარმატების შემდგომ ღმერთს სადიდებელსა და სამადლობელს აღუვლენდა. ქრისტიანებთან ხშირმა ურთიერთობამ დაარწმუნა, რომ ისინი სათნო და პატიოსანი, მართალი და მორჩილი ქვეშევრდომნი იყვნენ, თუმცა, იმ დროისთვის ჯერაც არ იყო ნათელღებული, მაგრამ გულდასმით სწავლობდა წმინდა წერილს და წმინდა სილიბისტროს სიტყვას და ქადაგებას დიდად ეყრდნობოდა.

ამ პერიოდში კონსტანტინეს მიერ გამოცემულ ბრძანებებში აშკარად იკვეთება ამ წმინდა ეპისკოპოსის გავლენა: - მისმა ბრწყინვალებამ აკრძალა ჯვარცმით დასჯა, გააუქმა სისხლიანი სანახაობები ცირკში, დაადგინა კვირადღის საზეიმოდ აღნიშვნა, მფარველობდა ობლებსა და მშობლებისგან მიტოვებულ ბავშვებს, ხვედრი შეუმსუბუქა მონებს, დიდად სწყალობდა ღატაკებსა და ხეიბრებს, რომლებიც წარმართულ საზოგადოებას უპატრონოდ და ულუკმაპუროდ ჰყავდა მიგდებული.

უმძიმესი დევნის შემდეგ ქრისტიანებმა მშვიდობა ჰპოვეს: - ყველა ქალაქში დაიწყო ტაძრების განახლება და მათი საზეიმოდ კურთხევა, ყველგან ღვთისადმი სადიდებელი საგალობლები და ლოცვები ისმოდა, ეპისკოპოსები თავისუფლად იკრიბებოდნენ...

ამ თავყრილობებს თავად კონსტანტინეც ხშირად ესწრებოდა, ცდილობდა, სარწმუნოებასთან დაკავშირებულ საკითხებში გარკვეულიყო, მზად იყო, ყველაფერი გაეკეთებინა ქრისტიანთა სასარგებლოდ, მღვდელმსახურნი გადასახადთაგან გაათავისუფლა (ამ უპირატესობით მანამდე წარმართი ქურუმები სარგებლობდნენ), რათა სრულად მიეძღვნათ თავი უფლის მსახურებისთვის და ეკლესიას არა მხოლოდ მდევნელთაგან ჩამორთმეული აკლდამები და სხვა მიწები დაუბრუნა, ღვთისმსახურებისთვის რამდენიმე დიდი ნაგებობაც უბოძა, – ბაზილიკები, რომლებშიც ადრე სამსჯავრო იმართებოდა. ამ შენობათა შიდა სივრცის ეკლესიად გადაკეთება იოლი იყო. მაგალითად, რომში კონსტანტინემ ქრისტიანებს ლატერანის სასახლის ბაზილიკა აჩუქა.

წმინდა სილიბისტროს კურთხევით, ბევრგან აღმართა ბრწყინვალე ტაძრები...

ერთ-ერთ თავის ბრძანებაში კონსტანტინე აღწერს მდევნელთა დასჯას, იხსენებს თავის გამარჯვებებს და საკუთარ თავს ღვთის მორჩილ იარაღად იხსენიებს:

" შეგნებული მაქვს, რომ კეთილდღეობა უზენაესი არსებისგან მებოძა. ღმერთმა ჩათვალა ჩემი მსახურება თავისი ნების აღსრულებისთვის შესაფერისად. ბრიტანეთის ზღვიდან დაწყებული, უზენაესი ძალის შეწევნით, განვაგდებდი ყველა საშინელებას, რაც წინ მხვდებოდა, რათა ჩემი მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი კაცთა მოდგმა უწმინდესი რჯულის სამსახურად მომეხმო და უზენაესი არსების წინამძღვრობით ამეღორძინებინა უნეტარესი სარწმუნოება...

მტკიცედ მწამს, რომ მთელი ჩემი სული, ან რითაც ვსუნთქავ და რაც გონების სიღრმეში მიტრიალებს, ყველაფერი, დიად ღმერთს უნდა შევწირო"...

ამ აღიარებას მოჰყვა ბრძანება სარწმუნოებისთვის დატყვევებულთა გათავისუფლების, წართმეული თანამდებობების აღდგენის, ჩამორთმეული ქონების დაბრუნების, ეკლესიებისთვის მისი კუთვნილი ავლადიდებისა და მოწამეთა აღსრულების ადგილების გადაცემის შესახებ. კონსტანტინე უდიდესი პატივისცემით საუბრობდა მარტვილებსა და აღმსარებლებზე:

" ვინც დაკარგა ქონება, უშიშრად და ძრწოლის გარეშე განვლო დიდებული და საღვთო გზა მარტვილობისა, გახდა აღმსარებელი და ჰპოვა მარადიული სასოება; ვინც, რაც ებადა, დაკარგა იძულებითი გადასახლებით, რადგან არ დაუთმო მდევნელებს, რომლებიც რწმენის ღალატს სთხოვდნენ, ვბრძანებ, ყველას დაუბრუნდეს ქონება!"

როგორც ზემოთ ვთქვით, საიმდროოდ კონსტანტინე ოდენ კათაკმეველი იყო, წმინდა სილიბისტროს სიტყვით დამოძღვრილმა გადაწყვიტა, იორდანეს მიეღო წმინდა ნათლობა.

ზოგი წყაროს ცნობით, მან ნათელი სწორედ წმინდა სილიბისტროს ხელთაგან მიიღო, თუმცა სხვა საეკლესიო მემატიანეთა, - სოზომენეს, თეოდორიტეს და სოკრატეს თანახმად, სასიკვდილო სარეცელზე მოინათლა...

თითქოს ყოველივე დალაგდა, დევნა შეწყდა, თუმცა, ბოროტს არ ეძინა: - კონსტანტინე დიდის დედას, დედოფალ ელენეს შთააგონა, რომელიც საიმდროოდ ჯერაც იუდეველი გახლდათ, საჯარო პოლემიკა გაემართათ ქრისტიანებსა და იუდეველთ შორის...

* * * *

დათქმულ დღეს იმპერატორის წინაშე ას ოცი ებრაელი წარსდგა, ქრისტიანებს კი წმინდა სილიბისტრო და რამდენიმე ეპისკოპოსი წარმოადგენდნენ...

იუდეველმა სწავლულებმა ას ოცი ქრისტიანის წარდგენა ითხოვეს, რაზეც ნეტარმა სილიბისტრომ უპასუხა:

- იმედს ხალხის სიმრავლეზე კი არა, უფალზე ვამყარებთ, რომელსაც ვევედრებით:

,,გამოიღვიძე, გამოიღვიძე ჩემდა განსაკითხად, ღმერთო და უფალო ჩემო, ჩემი დავის გასარჩევად."(ფს. 32;23)

- ეგ სიტყვები ჩვენი წიგნიდანაა! - გააპროტესტეს იუდეველებმა, - ჩვენმა წინასწარმეტყველმა დაწერაო!

რაზეც ნეტარმა სილიბისტრომ უპასუხა:

- მართალია, თავდაპირველად თქვენ გემცნოთ წინასწარმეტყველთა სიტყვა და ძველი აღთქმა, მაგრამ ისინი ჩვენიც არის, რადგან ბევრ რამეს გვაუწყებს ქრისტეს შესახებ. ამგვარად, ჩვენი დავა თქვენს წიგნებს უნდა ეფუძნებოდეს, რამეთუ თქვენი წიგნები ჩვენიცაა, ჩვენი წიგნები კი - თქვენთვის უცხოა, რის გამოც თქვენ საკუთარი წიგნებისას უფრო ირწმუნებთ ვიდრე ჩვენისას. ამიტომ ჩვენ თქვენსავე წიგნებზე დაყრდნობით გიჩვენებთ ჭეშმარიტებას, რომელსაც ეწინააღმდეგებით. ასეთი გამარჯვება უფრო ნათელი და შთამბეჭდავი იქნება, როდესაც ჩვენ მტერს მათივე იარაღითა ვძლევთ!

მაშინ ებრაელებმა თქვეს:

- უფალი მეორე რჯულის წიგნში ბრძანებს:

,,ამიერიდან იცოდეთ, რომ ეს მე ვარ, მე! და არ არის ღმერთი ჩემს გარდა! მე ვკლავ და მე ვაცოცხლებ, მე ვგმირავ და მე ვკურნავ. ვერავინ დაიხსნის ჩემი ხელიდან" (2 რჯ. 32, 39).

როგორ უწოდებთ იესოს თქვენ ღმერთს, მაშინ როცა ის ჩვეულებრივი ადამიანი იყო და ჩვენს მამათა მიერ იქნა ჯვარცმული? თქვენ როგორ აიგივებთ სამ ღმერთს ერთმანეთთან? მამას, რომელის ჩვენც გვწამს და იესოს, რომელსაც ძე ღვთისას უწოდებთ, მესამე ღმერთს კი - სული წმინდას? ეს ხომ ღვთის წსაწინააღმდეგო სიტყვაა, რომელიც ბრძანებს: - ,,არ არს სხვა ღმერთი გარდა ერთისა"?

ნეტარმა სილიბისტრომ დაწვრილებით განუმარტა, რომ სწავლება ყოვლადწმინდა სამების შესახებ არ ეწინააღმდეგება სწავლებას ერთი ღმერთისას და ყოველ მათ კითხვას იმგვარად უპასუხა, იუდეველები დადუმდნენ.

მაშინ მოგვმა ზამბრიმ იმპერატორს აუწყა:

- სილიბისტრომ სიტყვით გვაჯობა, თუმცა, ჩვენ მაინც არ დავუტევებთ მამა - პაპათა სწავლებას და არც იმ კაცს დავემოწაფებით, ვინაც ჩვენმა წინაპრებმა სიკვდილს მიამთხვიეს. მზადა ვარ, სიტყვით კი არა, საქმით დავამტკიცო, რომ სხვა ღმერთი არ არსებობს, გარდა ჩვენი ღმერთისა. მიბრძანე და ამას აქვე დავადასტურებო!

მაშინ იქ მყოფთაგანმა თქვა:

ნახირში ერთი მოუთვინიერებელი ხარი მყავს, - კაცი არ შობილა, მისთვის უღლის დადგმა, ან, თუნდაც, მოფერება გაებედოს!

იმპერატორმა მაშინვე მისი მოყვანა ბრძანა.

- რადა იქმ ამას? - ჰკითხა წმინდანმა ზამბრს.

- მსურს, ჩვენი ღმერთის ძალა გაჩვენოთ, ყურში ერთ სიტყვა ვეტყვი და ნახავთ, თუ სული მყისიერად არ განუტევოსო...

იმპერატორმა მაშინვე ბრძანა ხარის მოყვანა და როგორც კი მოგვმა ყურში რაღაც უჩურჩულა, პირუტყვი ძირს უსულოდ დაენარცხა...

იუდეველთ ძლიერ განიხარეს, ზამბრი კი იკვეხნიდა, - სილიბისტროს მსგავსი რამის ქმნა არ ძალუძსო!

მაშინ ნეტარმა თქვა:

- ჩემი ღმერთი სიკვდილს კი არა სიცოცხლეს და აღდგომას გვაძლევს, თუ ამ ხარს მისი სახელით აღვადგენ, აღიარებთ თუ არა მას ჭეშმარიტ ღმერთად და ნათელ იღებთ?

- იმპერატორო, შენს თავსა ვფიცავ, თუ სილიბისტრო ამ ხარს აღადგენს, ქრისტეს ჭეშმარიტ ღმერთადა ვცნობ და მოვინათლებიო!

იგივე გაიმეორა იქ მყოფმა ყველა იუდეველმა... მაშინ წმინდა სილიბისტრომ მუხლი მოიყარა და მხურვალედ ილოცა, შემდეგ ხარს მიუახლოვდა და წარმოთქვა:

- თუ ჩემს მიერ ნაქადაგები ქრისტე, რომელი ქალწულისგან იშვა, ჭეშმარიტი ღმერთია, ცხოველ იქმენ, ფეხზე წამოდექ და შენი უწინდელი სიავეც დაუტევეო!

ის იყო, ლოცვა დაასრულა, ხარი ფეხზე წამოდგა და თავისი სადგომისკენ მორჩილად წავიდა.

ამ უდიდესი სასწაულის მხილველნი კი აღტაცებით ღაღადებდნენ:

- დიდია ღმერთი, რომელსაც სილიბისტრო ქადაგებსო!

იუდეველნი ზამბრთან ერთად მიუახლოვდნენ ნეტარს და ევედრებოდნენ, მათთვის ელოცა, წმინდანის ფერხთ ამბორს უყოფდა დედოფალი, იქ მყოფმა ყველა იუდეველმა მიიღო წმინდა ნათლობა და ეკლესიას შეუერთდა...

ამ ამბის შემდგომ წმინდა პაპმა წმინდა მსახურება კვლავ განაგრძო, იგი იყო რომის მნათობი, ხალხთა იმედი და მწყემსი კეთილი.

წმიდა პაპი სილიბისტრო რომის ეკლესიას ოცზე მეტი წლის განმავლობაში განაგებდა და ქრისტიანთა ღრმა პატივისცემით სარგებლობდა, 335 წელს კი მშვიდობით მიიცვალა.

კონდაკი, ხმა 4.

მღვდელთა შორის უმაღლეს გამოსჩნდი მეუფისა და ღმრთისა შენისა მიერ, ღმერთშემოსილო, და განშორებულთა თანასწორ იქმენ, და გუნდთა მათ ანგელოსთა თანა ზიარად გამოსჩნდი, და იხარებ ზეცათა შინა; მამაო სილიბისტრო, დიდებულო მწყემსო, აცხოვნენ სურვილით მაქებელნი შენნი.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საქართველოს ეკლესია სამოციქულოა. გადმოცემის მიხედვით, სულთმოფენობის შემდგომ, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს და სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საქადაგებლად, საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler