ღირსი მიქაელი დაიბადა იერუსალიმში დაახლოებით 761 წელს. ის ღვთისმოსავ ოჯახში დაიბადა და სამი წლისა უფალს მიუძღვნეს.
ყმაწვილი შეისწავლიდა საეკლესიო და საერო წიგნებს და გასაოცარი ნიჭირება გამოიჩინა მეცნერებების მიმართ. 25 წლისას მამა გარდაეცვალა. დაარწმუნა დედა და ორი და, მონაზვნად აღკვეცილიყვნენ ქალაქის ერთ-ერთ მონასტერში, თვითონ კი წმინდა საბას ლავრაში გაემართა.
მიქაელი ისე გულმოდგინედ მიეცა მონაზვნურ ღვაწლს და ღვთის მცნებათა ასრულებას, რომ მალე ყველაზე გამოცდილ მონაზვნებსაც კი აღემატა. თვრამეტი წლის მანძილზე ის საჭმელს მხოლოდ 2-3 დღეში ერთხელ იღებდა, მცირეოდენ ხილს, ხოლო პურს მხოლოდ შაბათ-კვირას შეჭამდა. მშვიდი, თავმდაბალი მიქაელი ცდილობდა თითოეულს ისე მომსახურებოდა, როგორც ქრისტეს.
თორმეტი წლის შემდეგ იღუმენმა ის მღვდლად აკურთხა, თუმცა ღირსმა მამამ ამ პატივის მიღების შემდეგ თავი მოვალედ ჩათვალა, უფრო მეტად განეწმინდა გული და აღემაღლებინა სული. ამიტომაც წინამძღვარს კურთხევა სთხოვა განმარტოებულ მღვიმეში დაყუდების ნება მიეცა, რათა ხორცით მოუძლურებული მუდამ უფალთან ყოფილიყო. მალე იღუმენმა მას ორი მორჩილი მიუჩინა - 25 წლის თეოდორე (ხს. 27 დეკ.) და მისი უმცროსი ძმა თეოფანე (ხს. 11 ოქტ.).
როცა წმინდა მიქაელს 50 წელი შეუსრულდა, პატრიარქმა თომამ სვინგელოზად (ასე ჰქვია მღვდელს, რომელიც ეპისკოპოსის, პატრიარქის თანაშემწის, მრჩეველის და ზოგიერთ შემთხვევაში - მოსაყდრის მოვალეობას ასრულებს) დაადგინა. მაშინ ის ორ მოწაფესთან ერთად იერუსალიმში მაცხოვრის საფლავის გვერდით მდებარე მონასტერში გადავიდა საცხოვრებლად.
ამ დროს, დაახლოებით 811 წელს, ზეთისხილის მთაზე მცხოვრები ფრანკი მონაზვნები იმპერატორ კარლოს დიდის შემოღებული წესის მიხედვით მრწამსს წარმოთქვამდნენ ერეტიკული დამატებით - სულიწმიდის არა მარტო მამისგან, ასევე ძისაგან გამომავლობაზე, რაც ეწინააღმდეგება წმინდა წერილს და საეკლესიო კრებების დადგენილებებს. წმინდა მიქაელი მაშინვე დადგა ჭეშმარიტების დასაცავად. მალე პატრიარქმა ის თეოდორესთან, თეოფანესა და მონაზონ იობთან ერთად რომში პაპ ლეონ III-თან ელჩად გააგზავნა. ელჩებს უნდა აეხსნათ საქმის არსი და ეთხოვათ, რომ მას თავისი ხელმწიფებით აღედგინა ეკლესიის შერყეული ერთობა და დაემტკიცებინა მრწამსი, რომელიც მანამდე იყო მიღებული როგორც დასავლეთში, ისე აღმოსავლეთში, ასევე უნდა ეთხოვათ, დახმარებოდნენ არაბი დამპყრობლებისგან განადგურებულ იერუსალიმის ეკლესიას.
თუმცა ელჩობამ რომამდე ვერ ჩააღწია. წმინდა მიქაელი და მისი თანამგზავრები კონსტანტინოპოლში, ხორას მონასტერში შეჩერდნენ, სადაც ტრადიციულად ცხოვრობდნენ პალესტინიდან დედაქალაქში ჩამოსული მონაზვნები. მალე მათ შეიტყვეს, რომ ბიზანტიის იმპერატორი ლეონ სომეხი და პატრიარქი თეოდოტე ხატმებრძოლობის ერესის აღდგენას აპირებდნენ, რომელიც დაგმო ნიკეის მსოფლიო კრებამ. ღირსი მიქაელი არ მოერიდა უწმინდური მმართველის წინაღმდეგ გამოსულიყო და ხატთა თაყვანისცემა დაეცვა. განრისხებულმა იმპერატორმა ბრძანა, ურჩი მონაზვნები გაეშოლტათ და ფიალის ციხეში ჩაეყარათ.
მათ იქ მრავალი დღე გაატარეს და უარს ამბობდნენ რაიმე საკვები მიეღოთ ერეტიკოსთა ხელთაგან. მათი გატეხვა ვერ შესძლო ხატმებრძოლმა პატრიარქმა იოანე გრამატიკოსმა. მაშინ ტყვეები გაჰყვეს: ღირსი მიქაელი და იობი ციხეში დატოვეს, ხოლო ძმები - თეოდორე და თეოფანე გადაასახლეს.
ლეონ სომხის სიკვდილის შემდეგ ახალმა იმპერატორმა მიქაელ II-მ წმინდა ხატთა თაყვანისცემა კი აღადგინა, მაგრამ მართლმადიდებელთა დევნა ვერ დააცხრო. ღირსი მიქაელი იობთან ერთად ბითინიაში, ოლიმპოს მთაზე გააგზავნეს, საიდანაც ის, თეოდორე სტუდიელის მსგავსად, უამრავ წერილს აგზავნიდა და იცავდა მართლმადიდებლურ რწმენას.
834 წელს იმპერატორმა თეოფილემ, რომელიც წინამორბედთან შედარებით სისატიკით გამოირჩეოდა, ღირსი მიქაელი დედაქალაქში გამოიძახა და სისასტიკით ცნობილ პრეტორიის ციხეში ჩაამწყვდია. აქ მან სრულ მარტოობაში, არადამიანურ პირობებში, შვიდი წელი გაატარა. შედეგად ზურგზე კუზი გაუჩნდა და თითქმის სავსებით დაბრმავდა. წმინდა მიქაელის თანამოსაგრეებმა - წმიდა თეოდორემ და თეოფანემაც სასტიკი სატანჯველები დაითმინეს: ჯალათებმა მათ სახეზე გახურებული შანთებით შეურაცხმყოფელი წარწერები ამოტვიფრეს. ამის გამო ძმებს "გამომეტყველნი" ეწოდათ. დიდად გაიხარა წმინდა მიქაელმა, როცა თავისი სულიერი შვილების სიმტკიცის ამბავი შეიტყო.
842 წელს, თეოფილეს გარდაცვალების შემდეგ, იმპერატორმა თეოდორამ (ხს. 11 თებერვ.) და მისმა ვაჟმა მიქაელ III-მ, ხატთაყვანისცემა აღადგინა, ხატმბრძოლთაგან დევნილი და გადასახლებული ქრისტიანები დააბრუნა და წმინდა მიქაელს პატრიარქის ტახტი შესთავაზა გადაყენებული მწვალებელი მღვდელმთავრის, იოანე გრამატიკოსის ნაცვლად. წმინდა აღმსარებელმა უარი განაცხადა. მაშინ ეკლესიის მესაჭედ მისი მეგობრი და მოწაფე მღვდელმთავარი მეთოდე დაადგინეს, რომელმაც ასევე განიცადა დევნა და გადასახლება.
ახალმა პატრიარქმა ღირსი მიქაელი თავის სვინგელოზად დანიშნა და ხორას მონასტრის წინამძღვრად დაადგინა. ღირსი მამის სიბრძნისა და დაუღალავი ღვაწლის წყალობით მონაზონთაგან დაცარიელებული სავანე ფეხზე დადგა და მალე იქ ასამდე ბერი ცხოვრობდა.
წმინდა მიქაელმა 85 წელს მიაღწია, ის შეესწრო თავისი სულიერი შვილების - ღირსი თეოდორესა და თეოფანეს გარდაცვალებას. უფალმა ღირს მიქაელს აღსასრულის ჟამი აუწყა. უკანასაკნელად დამოძღვრა თავისი მონაზვნები, აკურთხა იმპერატორი მიქაელი და დედოფალი თეოდორა, მერე კი პატრიარქ მეთოდესთან საპატრიარქო კელიაში ჩაიკეტა და სიცოცხლის ბოლო დღეები მასთან ღვთივ სულიერ საუბარში და გულმოდგინე ლოცვებში გაატარა. ღირსი მიქაელი 846 წლის 4 იანვარს გარდაიცვალა (წმინდანის ძველი "ცხოვრების" მიხედვით 18 დეკემბერი, მისი ხსენების დღე, არის თარიღი მისი სნეულების დაწყებისა და არა გარდაცვალებისა) და დაკრძალეს ხორას მონასტერში წმინდა აღმსარებელი გერმანე პატრიარქისა და წმინდა თეოფანე გამომეტყველის გვერდით.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი