წმინდა აბრაამი სირიის ქალაქ ემესაში 474 ან 477 წელს დაიბადა და ყმაწვილობაშივე აღიკვეცა.
თვრამეტი წლისა სარკინოზთა თავდასხმებს წინამძღვრიანად კონსტანტინოპოლს განერიდა, მალე ბერმა წარჩინებულმა, სახელად - იოანემ შეამჩნია, რომელსაც მცირე ხნის წინ მშობლიურ ქალაქ კრატში (ანტიკური ფლავიოპოლში, დღევანდელ - გერედეში, თურქეთში), ბითვინიასა და პაფლაგონიას შორის, მონასტერი დაეარსებინა და აბრაამს მისი წინამძღვრობა სთხოვა.
ათი წელი იღვაწა ამ სავანეში ნეტარმა და იქაურთა უდიდესი სიყვარული და პატივისცემა მოიხვეჭა, - ზღვა ხალხი აკითხავდა ლოცვა-კურთხევისა და რჩევისათვის, მას კი განმარტოება და ამქვეყნიური დიდებისგან განრიდება სწყუროდა, ამიტომ ფარულად დაუტევა იქაურობა და იერუსალემს მიაშურა.
იქ საბა განწმენდილის მიერ დაარსებულ სქოლარის სავანეს უბრალო ბერად შეერთო და ორ პონტოელ მონაზონთან, - იოანესა და გრიგოლთან ერთად (რომელნიც იოანე სქოლარის სულიერი შვილნი იყვნენ) განაგრძო მოღვაწეობა.
მოგვიანებით მათ კიდევ ერთი მამა, ოლიმპიოსი, შეუერთდა.
ოთხი წლის შემდგომ, კრატეელი ეპისკოპოსი პლატონი, რომელსაც აბრაამის დაბრუნების იმედი გადაეწურა, ურჩობის გამო ეკლესიიდან განკვეთა.
აბრაამი კვლავ დაუბრუნდა სავანეს და ისევ იქაურობის იღუმენად იქნა დადგენილი.
მცირე ხნის შემდეგ მეუფე პლატონი გარდაიცვალა, აბრაამი კი ერთსულოვნად აირჩიეს მის მემკვიდრედ.
თხუთმეტ წელიწადს წინამძღვრობდა მეუფე აბრაამი ეპარქიას და ღვაწლი თვისი მრავალი სათნოებით და სასწაულთქმედებით განამშვენა.
თუმცა, მის გულს ძველებურად სწყუროდა განმარტოება, ამიტომ კონსტანტინოპოლს ყოფნის ჟამს უფალს შესთხოვა, თავისი ნება განეცხადებინა, რის შემდეგაც ძილში წმინდა საბა იხილა, რომელმაც მონასტერში წასვლა ურჩია.
ამ ხილვით განმხნევებულმა აბრაამმა ფარულად დატოვა თანმხლებნი და კვლავ წმინდა ქალაქს, სქოლარის მონასტერს მიაშურა, სადაც უმკაცრეს ღვაწლს მიეცა.
მცირე ხნის შემდგომ კი უდაბნოს მიაშურა, სადაც ძველ თანამოღვაწეებთან, - იოანე სქოლართან და ოლიმპთან ერთად რვა წელი მარხვაში, ლოცვასა და უმძიმეს ღვაწლში განლია, რის ნაყოფადაც ღვთისგან კურნების მადლი მიიღო.
საიმდროოდ ეკლესიას რამდენიმე ერესი აშფოთებდა, ღირსი აბრაამი კი, წმინდა საბა განწმენდილის და წმინდა ექვთიმეს დარად, მოშურნედ იღვწოდა ეკლესიის განსამტკიცებლად.
ეს ღვაწლმრავალი მამა დაახლოებით 557 წელს განვიდა ამქვეყნიდან.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი