წარმართულ ოჯახში და ადრევე მიხვდა კერპთაყვანისმცემლობის ამაოებას. გრიგოლმა კარგი დაწყებითი განათლება მიიღო და როდესაც ასაკმა მოუწია, ფინიკიის ქალაქ ბერიტოსში გამგზავრება გადაწყვიტა, რათა იქაურ სახელგანთქმულ სკოლაში დაესრულებინა სწავლა და დაეწყო სამსახური. მაგრამ მანამდე თავის ძმასთან - ათინოდორესთან ერთად კესარიაში წავიდა, სადაც იმ დროს ორიგენე ასწავლიდა. ცნობილი მასწავლებელი ორ ყმაწვილს გააცნო კაპადოკიის ეპისკოპოსმა ფირმილიანემ. ორიგენეს სწავლების მოსმენის შემდეგ ძმებმა მასთან დარჩენა და დამოწაფება გადაწყვიტეს. როდესაც მან კესარია დატოვა, გრიგოლი გაჰყვა ალექსანდრიაში, რათა მოესმინა იქაური ცნობილი მასწავლებლებისთვის. შემდეგ ორიგენესთან ერთად დაბრუნდა კესარიაში, მოინათლა, მასწავლებელს მადლობა გადაუხადა და სამშობლოში გაემგზავრა.
გრიგოლ ნეოკესარიელის მასწავლებელი ორიგენე
ორიგენე იყო მოწამე ლეონიდეს ვაჟი. იგი, ეკლესიის ისტორიაში ცნობილია როგორც დიდი სწავლული, მქადაგებელი და იმავდროულად წარმართობიდან შეთვისებული იდეებით ორიგენული მწვალებლობის ფუძემდებელი. ორიგენეს ბიოგრაფია ჩვენთვის ცნობილია ევსევის "საეკლესიო ისტორიიდან" და ნაწილობრივ წმ. გრიგოლ საკვირველმოქმედისა და იერონიმეს წერილებიდან. ორიგენე დაახლოებით ახ.წ. 185 წელს ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიაში, ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მან ბერძნული ლიტერატურით მიიღო საფუძვლიანი განათლება, მაგრამ მამამისმა, ლეონიდემ, მიაღწია იმას, რომ თავის შვილს საღვთო წერილიც ასეთივე გულმოდგინებით შეესწავლა. მოგვიანებით მეცადინეობას შეუდგა სკოლაში, რომლის მთავარი ხელმძღვანელი კლიმენტი ალექსანდრიელი იყო. როდესაც ორიგენე 17 წლის იყო, რომის იმპერატორმა სეპტიმუს სევერუსისმა ბრძანება გამოსცა იმის თაობაზე, რომ რელიგიის შეცვლა ბოროტმოქმედებად ითვლებოდა. ორიგენეს მამა ქრისტიანული მრწამსის მიღების გამო დააპატიმრეს. ორიგენემ გადაწყვიტა, მამასთან ერთად ყოფილიყო საპატიმროში და თუ საჭირო გახდებოდა, მოწამებრივად აღსრულებულიყო. მაგრამ მას ხელი შეუშალა დედამ, რომელმაც ტანისამოსი დაუმალა. სირცხვილმა გადაფარა კეთილმოშურნეობა, ორიგენე დარჩა შინ და მოწამე არ გახდა.
ორიგენემ წერილში დაჟინებით სთხოვა მამას: "ეცადე, არ შეიცვალო თვალსაზრისი..." ლეონიდემ სიმტკიცე ბოლომდე შეინარჩუნა. ის სიკვდილით დასაჯეს, რის გამოც მის ოჯახს მძიმე დრო დაუდგა. მაგრამ ორიგენეს უკვე საფუძვლიანი განათლება ჰქონდა მიღებული და შეეძლო, სხვებისთვის ბერძნული ლიტერატურა ესწავლებინა და, ამგვარად, მატერიალურად უზრუნველეყო დედა და ექვსი უმცროსი ძმა.
ორიგენემ საკუთარ სახლში გახსნა სკოლა და გაკვეთილებით ირჩენდა თავს.
კლიმენტი, რომელიც სათავეში ედგა კათაკმეველთა სკოლას, იძულებული გახდა, ქალაქს გასცლოდა, რის შემდეგაც ალექსანდრიის ეპისკოპოსმა დემეტრემ სასწავლებლის ხელმძღვანელობა ორიგენეს შესთავაზა.
ორიგენემ შორს გაითქვა სახელი. 215 წელს მან იმოგზაურა არაბეთში, იქიდან ანტიოქიაში ჩავიდა. ალექსანდრიაში დაბრუნებული გარკვეულ უსიამოვნებათა გამო იძულებული გახდა იქაურობას გასცლოდა. მან მოიარა საბერძნეთი, პალესტინა და ბოლოს პალესტინის კესარიაში დასახლდა. იქაურმა ეპისკოპოსებმა ორიგენეს დაავალეს, ეკლესიაში საჯაროდ განემარტა წმინდა წერილი. როდესაც ალექსანდრიის ეპისკოპოსმა დემეტრემ ამის შესახებ შეიტყო, ადგილობრივ კრებაზე გამოთქვა ოფიციალური საყვედური: წესად არ არის, ერისკაცმა ეკლესიაში იქადაგოს ეპისკოპოსის თანდასწრებითო. მღვდელმთავრებმა სცადეს თავიანთი განზრახვის გამართლება, მაგრამ დემეტრემ უკან გამოიხმო ორიგენე. ამ დროიდან დაიწყო მათ შორის დაპირისპირება, რაც უფრო გამძაფრდა, როდესაც ორიგენეს, პალესტინაში მისი მეორედ მოგზაურობის დროს, ხელი დაასხეს პრესვიტერად. 232 წელს, ეპისკოპოს დემეტრეს გარდაცვალების შემდგომ, ორიგენე ალექსანდრიაში დაბრუნდა, მაგრამ ახალ მღვდელმთავართან უთანხმოების გამო იძულებული გახდა, ამჯერად საბოლოოდ დაეტოვებინა ალექსანდრია. მან სასწავლებელი თავის მოწაფეს ჩააბარა და თავად კვლავ პალესტინის კესარიაში დასახლდა. მის მოსასმენად მრავალი მოწაფე დადიოდა. მათ რიცხვში იყვნენ გრიგოლ და ათინოდორე ნეოკესარიელები, პამფილე და სხვანი, რომელთაც შემდგომ გაითქვეს სახელი ქრისტეს ეკლესიაში.
ორიგენემ მრავალი თხზულება დაწერა. გარდასულ დროთა მწერლები მის ექვსი ათასამდე ნაშრომს ითვლიან, მოკლე სიტყვების, ქადაგებებისა და წერილების ჩათვლით.
მან დაწერა განმარტებები ძველი აღთქმის თითქმის ყველა წიგნზე, ახალი აღთქმის წიგნებიდან იოანეს სახარებასა და კორინთელთა მიმართ I ეპისტოლეზე, წიგნები: "ლოცვის შესახებ", "საწყისთა შესახებ", "მიმართვა ამბროსისადმი" და სხვა. ორიგენე თავისი ერთ-ერთი თხზულებით, "ცელსუსის წინააღმდეგ", ამხელს წარმართ მწერალს, რომელიც მარკუს ავრელიუსის დროს განაქიქებდა და სასაცილოდ იგდებდა ქრისტიანობას წიგნში "ჭეშმარიტი სწავლება". წარმართთა შორის ეს თხზულება ამ რიგის ნაშრომებიდან ყველაზე ღრმააზროვან ნაწარმოებად ითვლებოდა და დაახლოებით ასი წლის განმავლობაში მას ვერავინ გასცა პასუხი. ორიგენემ ძალისხმევა არ დაიშურა და შეძლო მისი მხილება.
დეციუსის (249-251 წწ.) დროს გაჩაღებული დევნისას სამოცდაათი წლის ორიგენე საპყრობილეში ჩასვეს; შიმშილით სულს ხდიდნენ, ცეცხლითა და რკინით აწამებდნენ და აიძულებდნენ ქრისტესგან განდგომას, მაგრამ მან სატანჯველს მტკიცედ გაუძლო და ქრისტიანებს გამამხნევებელ წერილებსაც კი სწერდა. ბოლოს, გაათავისუფლეს საპყრობილიდან, მაგრამ წამებით ღონემიხდილი მალევე გარდაიცვალა ტვიროსში, 254 წელს.
ეკლესიის მამები სარგებლობდნენ ორიგენეს ნაშრომებით, თუმცა ზოგიერთ მათგანში ცდომილებებს პოულობდნენ. მას განსაკუთრებით საყვედურობდნენ პლატონიზმითა და წმინდა წერილის ალეგორიული განმარტებებით გატაცებას.
ეკლესიის სწავლებასთან შეუთავსებელი აღმოჩნდა და დაგმობილ იქნა ორიგენეს ნაშრომებში გამოთქმული მწვალებლური აზრები, რომლებიც წარმართული ფილოსოფიის ზეგავლენის შედეგია. მათ შორისაა: საღვთო ბუნებისა და შესაქმის შესახებ ორიგენეს ზოგიერთი შეხედულება, რომლებშიც ნეოპლატონიზმის გავლენა იკვეთება; იდეა აპოკატასტასისზე, რაშიც იგულისხმება საბოლოო გადარჩენა ყველა ქმნილებისა დაცემულ ანგელოზთა ჩათვლით; სულთა წინაარსებობის იდეა და სხვ.
ორიგენეს სიკვდილის შემდგომ მისი სწავლებების შესახებ დავა დიდხანს, თითქმის სამასი წელი გაგრძელდა. ორიგენეს მცდარ შეხედულებებზე აღმოცენებულ ორიგენიზმის სახელით ცნობილ მწვალებლობას მრავალი მომხრე ჰყავდა პალესტინის მონაზონთა შორის. 543 წელს იმპერატორ იუსტინიანეს ედიქტით ორიგენე ერეტიკოსად გამოცხადდა. ედიქტს ყველა პატრიარქმა მოაწერა ხელი. ეს გადაწყვეტილება დაადასტურა V მსოფლიო კრებამ 553 წელს; აგრეთვე VI მსოფლიო კრებამ თავისი ოროსით (დოგმატური განჩინებით), ტრულის კრებამ, რომლის I კანონში ვკითხულობთ: "აგრეთვე ას სამოცდახუთმა ღმერთშემოსილმა მამამ, რომლებიც შეიკრიბნენ ამ სამეფო ქალაქში ჩვენი კეთილმსახური მეფის იუსტინიანეს დროს (V მსოფლიო კრებაზე), შეაჩვენეს და განაგდეს თეოდორე მოფსუესტიელი, ნესტორის მოძღვარი, ორიგენე, დიდიმოსი და ევაგრე, რომლებმაც განაახლეს ელინური ზღაპრობა..." და VII მსოფლიო კრებამ: "ანათემას გადავცემთ ორიგენეს, დიდიმოსისა და ევაგრეს ბოდვებს, როგორც ეს აღასრულა მეხუთე კრებამ, რომელიც იყო კონსტანტინოპოლში".
ცილისწამება და გრიგოლის მიერ აღსრულებული პირველი სასწაული
წმინდა გრიგოლ ნეოკესარიელი სიყმაწვილეში თანატოლებს არ უყვარდათ, რადგან კეთილმოკრძალედ ცხოვრობდა და სიქალწულეს იმარხავდა. მტრებმა, მისთვის ჩირქი რომ მოეცხოთ, ვინმე უწესო ქალი მოისყიდეს, რომელსაც ყველას წინაშე ცილი უნდა დაეწამებინა ყმაწვილისთვის. მართლაც, ერთხელ, როცა გრიგოლი ფილოსოფოსებსა და მასწავლებლებთან ერთად იდგა, მივიდა მასთან ის დედაკაცი და ურცხვად მოითხოვა ფული "მასთან გატარებული ღამისთვის". ზოგმა დაიჯერა ქალის ნათქვამი, ზოგმა კი არა, რადგან იცოდნენ გრიგოლის უმანკო ცხოვრების ამბავი. ქალი ხმამაღლა გაჰყვიროდა და სულ მალე ირგვლივ უამრავი ხალხი შეიკრიბა. წმინდა გრიგოლი სირცხვილისგან გაწითლდა და, როგორმე თავიდან რომ მოეშორებინა, მეგობარს სთხოვა, მიეცა მისთვის, რასაც ითხოვდა. მეგობარმაც იხსნა ჭაბუკი მონაზონი ამ დაუმსახურებელი სირცხვილისგან. გამოართვა თუ არა ქალმა ფული, მასზე ღვთის რისხვა მოიწია - მასში ეშმაკი შევიდა, დასცა მიწაზე და წამება დაუწყო. ქალის ტანჯვამ ყველა შეაძრწუნა. ასე იყო ის უბედური, სანამ ისევ წმინდა გრიგოლმა არ შეიწყალა. წმინდანი მივიდა ქალთან და იესოს სახელით განდევნა ეშმაკი. დედაკაცმაც, აწ უკვე სულიერადაც განკურნებულმა, გაამჟღავნა ცილისმწამებელთა ბოროტი ჩანაფიქრი.
გრიგოლის ნეოკესარიის ეპისკოპოსად ხელდასხმა
მაშინდელი ნეოკესარია წარმართებით იყო სავსე და სულ ჩვიდმეტი ქრისტიანი ცხოვრობდა; ამ უკანასკნელთ სურდათ, აერჩიათ ეპისკოპოსი და რჩევა ჰკითხეს ამასიის ეპისკოპოს ფედიმეს. არჩევანი შეჩერდა გრიგოლზე, რომელმაც ეს შეიტყო თუ არა, უდაბნოს მიაშურა. ნეოკესარიელი ქრისტიანები და ფედიმე ევედრებოდნენ ღმერთს, რომ გრიგოლს ეპისკოპოსობის პატივი მიეღო. "ყოვლისა მცნობო და ყოვლადსახიერო უფალო! მოგვხედე ჟამსა ამას მე და გრიგოლს და აკურთხე დადგინება მადლითა შენითა!" - შეჰღაღადებდა ღმერთს ფედიმე. შემდეგ გრიგოლი დაუსწრებლად გამოაცხადეს ეპისკოპოსად; ისიც დარწმუნდა, რომ ამ სამსახურისთვის თავად უფალმა მოუხმო, დაბრუნდა ნეოკესარიაში, მიიღო ხელდასხმა და ბეჯითად შეუდგა თავისი ახალი მოვალეობების შესრულებას.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადება
იმ დროს, როგორც ცნობილია, ბევრი ერეტიკოსი ავრცელებდა ცრუსწავლებას ყოვლადწმინდა სამების პირთა შესახებ. გრიგოლი ხშირად ევედრებოდა უფალს, ესწავლებინა ჭეშმარიტება და მიეცა ძალა, რათა მართლად და შეუმცდარად დაემოძღვრა თავისი სამწყსო. და აი, ერთ ღამეს მას სასწაულებრივად გამოეცხადნენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და წმინდა იოანე ღვთისმეტყველი, რომელთაც რამდენიმე სიტყვით გადასცეს ქრისტიანული სწავლების ძირითადი ჭეშმარიტებანი. გრიგოლმა ჩაიწერა სარწმუნოების ეს მოკლე სიმბოლო, რომელიც შეიცავს სწავლებას წმინდა სამებაზე. იგი ცნობილია ნეოკესარიის ეკლესიის სიმბოლოს სახელით.
თავის ეპარქიაში გრიგოლმა მრავალი წარმართი გააქრისტიანა. როდესაც დევნამ იფეთქა, ისინი დაარწმუნა, დამალულიყვნენ, რადგან შეეშინდა, ახალმოქცეულებს სისუსტე არ გამოეჩინათ წამების დროს; თავადაც გაეცალა ქალაქს - თავშესაფარში მყოფი გამუდმებით ლოცულობდა და ცდილობდა, განემტკიცებინა თანმხლებთა რწმენა. წარმართები ყველგან ეძებდნენ შესაპყრობად, ერთხელ მის სამყოფელშიც მივიდნენ, მაგრამ, ღვთის ნებით, ვერ შენიშნეს.
მენახშირე ალექსანდრე
ძველ ეკლესიაში ეპისკოპოსის არჩევა ხდებოდა მეზობელი ქალაქიდან ან მხარიდან მოწვეული ორი ან მეტი ეპისკოპოსის და აგრეთვე ერისკაცთა მონაწილეობით. ცხადდებოდა ასარჩევის სახელი და ყველა დამსწრეს ეძლეოდა უფლება, გამოეთქვა აზრი მის შესახებ. ზოგჯერ ერი სთავაზობდა თავისთვის მისაღებ პირს, ზოგჯერ ეპისკოპოსები ასახელებდნენ მას.
ერთხელ წმინდა გრიგოლი ეპისკოპოსის ასარჩევად მიიწვიეს ქალაქ კომანაში. ხალხმრავალი კრება ხმაურითა და პაექრობით წარიმართა, არჩევანი კი დიდხანს ვერ გაკეთდა. ბევრს სურდა, ეპისკოპოსად აერჩიათ განსწავლული მჭევრმეტყველი და დიდგვაროვანი. ამაზე გრიგოლმა მოკლედ შეახსენა, რომ ჯეროვანია, ყურადღება მიექცეს ადამიანის შინაგან ღირსებებს და არა გარეგნულ უპირატესობებს; რომ მოკრძალებული გარეგნობა ხშირად უდიდეს სათნოებებს ფარავს. ზოგმა მსმენელმა გაიხუმრა: "თუ გარეგნულ ღირსებებს არ მივაქცევთ ყურადღებას, მაშინ იქნება მენახშირე ალექსანდრე აგვერჩია?!" ასე ეძახდნენ ერთ ღატაკს, რომელიც ქალაქში ნახშირით ვაჭრობდა. გრიგოლი გულის სიღრმეში მიხვდა, რომ ეს სახელი ღვთის ნებით წარმოითქვა და ხალხს მისი მოყვანა სთხოვა. ამ დროს ბრბოდან ღატაკი, დაძონძილი და ნახშირით გამურული ალექსანდრე გამოიყვანეს. მაგრამ გრიგოლმა ამ თავმდაბალ ადამიანში ღვთის რჩეული ამოიცნო, გაიყვანა განზე და ხანმოკლე საუბრიდან შეიტყო, რომ ალექსანდრე ღთისმოსავი, ღრმად მორწმუნე და განათლებული ადამიანი იყო. მან მხოლოდ სიმდაბლის გამო აირჩია ჯაფა და სიღატაკე. დამსწრეთა თვალწინ გრიგოლმა საუბარი გაუბა წმინდა წერილის შესახებ და ალექსანდრემ ყველა გააოგნა თავისი ცოდნით, სიბრძნითა და დიდებული სიმშვიდით. კრებამ ერთსულოვნად შესძახა: "ეს არის ეპისკოპოსობის ღირსი!" ამის შემდეგ მან გაიარა წინმსწრები საეკლესიო ხარისხები და ეკურთხა ეპისკოპოსად. თავმდაბალ ალექსანდრეს ღვთის წყალობა თან სდევდა - იგი სიბრძნითა და უბრალოებით მოძღვრავდა თავის სამწყსოს, რომლისთვისაც მაგალითად იქცა მისი ცხოვრება. შემდგომში იგი მოწამებრივად აღესრულა.
* * *
წმინდა გრიგოლმა ღრმა სიბერემდე იცოცხლა. მისი სიკვდილის შემდეგ ნეოკესარიაში მხოლოდ ჩვიდმეტი წარმართი დარჩა, მაშინ როცა ეპისკოპოსობის ხარისხის მიღებისას იქ მას მხოლოდ ამდენი ქრისტიანი ჰყავდა.
გრიგოლის ძმა - უმწიკვლო ცხოვრებით ცნობილი ათინოდორე - პონტოს ეპისკოპოსი იყო.
შედგენილია "თხრობანი ქრისტიანული ეკლესიის ისტორიიდან I-XI საუკუნეების" მიხედვით.
თარგმანი ნინო ბელთაძისა
წმინდა გრიგოლის პატიოსანი თავი
........
ლოცვათა შინა სამარადისოდ მღვიძარებითა, და სასწაულთა უხვად მოქმედებითა, სახელად მოიგე დიდებულებაჲ, ამისთვისცა ევედრე ქრისტესა ღმერთსა მამაო წმიდაო გრიგოლი, განათლებად სულთა ჩუენთათვის, ნუ უკუე დავიძინოთ სიკუდიდ.
კონდაკი: საკვირველებათა მრავალთა მოქმედებისა შემწყნარებელმან, სასწაულთა საშინელთა მიერ ეშმაკნი შეაძრწუნენ, და სენნი იოტენ კაცთაგან ყოვლად ბრძენო გრიგოლი, და საკვირველთ მოქმედად სახელ იდები საქმეთაგან წოდებისა მომღებელი.
..................
ასევე ნახეთ
17 (30) ნოემბერს წმიდა გრიგოლ საკვირველთმოქმედის, ნეოკესარიის ეპისკოპოსის ხსენების დღეა
წმინდა გრიგოლ სასწაულთმოქმედის სვეტი
ტროპარ-კონდაკი წმიდა გრიგოლ საკვირველთმოქმედისა, ნეოკესარიელ ეპისკოპოსისა