წმინდა მარკიანე IV საუკუნის მიწურულს იღვწოდა და ტომით სირიიდან გახლდათ.
ერთ დღეს სამშობლო და წარჩინებული ოჯახი მიატოვა და ქალკედონს, უდაბნოს შეერთო, სადაც იმდენად ვიწრო სენაკი აიგო, თავადაც ძლივს ეტეოდა.
იქ განდეგილობდა წუთისოფელს სრულიად განრიდებული და დღემუდამ უფალთან მზრახველი, - მისი სული ოდენ ლოცვით სუნთქავდა, საღამოობით კი - იმდენ ხმიადს სჯერდებოდა, რამდენიც მცირეწლოვან ბავშვსაც კი არ ეყოფოდა.
გარკვეული ხნის შემდგომ ორი მოწაფე შეუერთდა: - ევსები, რომელმაც შემდგომ მისი სენაკი იმემკვიდრევა და აღაპიტე, რომელმაც ანგელოზებრივი ცხოვრების წესს აპამეის მორწმუნენი აზიარა.
მამები განცალკევებულ სენაკებში ცხოვრობდნენ და ოდენ ლოცვის, ფსალმუნთგალობისა და წმინდა წერილის საკითხავად შეერთდებოდნენ ხოლმე.
ხოლო იმათთვის, ვინაც მათთან დროებით გაჩერდებო¬და ხოლმე, მარკიანემ ცალკე სენაკი ააგო.
ერთხელ, ღამით, ცნობისწადილით აღვსილმა ევსებიმ ნეტარი მარკიანეს სენაკში შეიხედა და მოძღვარი იმგვარი ნათლით მოსილი იხილა, მის შუქზე სახარების კითხვაც კი შეიძლებოდა.
სხვა დროს კი მარკიანემ წმინდა ჯვრის ნიშით უზარმაზარი მხეცი შეაჩერა, უკან რომ გამოდევნებოდა.
იმის მიუხედავად, რომ ყოველ ღონეს ხმარობდა, ზეგარდამო უხვად ნაბოძები მადლი დაეფარა, სახელი მაინც დიდად განითქვა.
ერთხელ ლოცვა-კურთხევისა და რჩევისათვის ანტიოქიის მთავარეპისკოპოსი, ფლავიანე სხვა იერარქებთან ერთად ეწვია. წმინდა ხუცესი დიდხანს იდგა მათ წინაშე მდუმარედ, სტუმართა დაჟინებულ თხოვნაზე, რაიმე ეთქვა, უპასუხა, რომ უფალი წმინდა წერილით გვმოძღვრავს და განგვსწავლის, თუმცა, ამით ვერავითარ სარგებელს ვერ ვიღებთ. მაშ, მარკიანეს სიტყვას, რომელიც სხვათა მსგავსად, ეურჩება უფალს, რაღა სარგებლის მოტანა ძალუძს თქვენთვისო?!
ერთხელ ნეტარს საიმდროოდ სახელგანთქმული მოღვაწე, ავიტე ეწვია. მეცხრე ჟამის ერთად წაკითხვის შემდგომ მარკიანემ მოწაფეს სტუმრისთვის ცოტაოდენი ბოსტნეულის მომზადება სთხოვა, ავიტე კი არწმუნებდა, - საღამომდე არასოდეს არაფერს ვიხმევო.
მარკიანემ მიუგო, რომ მარხვა მისთვისაც უპირატესი იყო, მაგრამ ღვთის წინაშე კაცთა შორის სიყვარული ყოველივეს აღემატებოდა, რამეთუ თავად უფალმა დაგვიდო სიყვარული მცნებათა შორის უპირატესად, მოღვაწეობა კი - თავად ადამიანის ნებაზე ეკიდა.
ღირსი მამა თავისი მოციქულებრივი ცხოვრებით განამტკიცებდა მართლმადიდებლობას და უპირისპირდებოდა ყოველგვარ ერესს.
ხოლო როდესაც ღვიძლი და ვაჟიშვილთან ერთად უხვი შესაწირავით ესტუმრა, დის მიღებაზე უარი ბრძანა, დისშვილი კი სიხარულით მიიღო.
ბიჭუნა დაჟინებით სთხოვდა, - ჩვენი ძღვენი მიიღეო. მაშინ ხუცესი დაეკითხა:
- სანამ ჩემამდე მოაღწევდით, რამდენი მონასტერი გამოიარეთ, ან დატოვეთ იქ მცირეოდენი შესაწირი მაინცო?
- ძღვენი შენთვის მოგვქონდაო, - უპასუხა ბიჭუნამ,
- მაშ, იქ დაბრუნდით, საიდანაც მოსულხართ, თქვენს მორთმეულს არ მივიღებ, რამეთუ ადამიანური გამოძრავებდათ და ღვთისთვის სათნოყოფას არ ცდილობდითო!
ნეტარმა მამამ, მისი დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, სიცოცხლეშივე ისე განითქვა სახელი, რამდენიმე მორწმუნემ მის სახელზე სამლოცველოც კი აღაშენეს, - გარდაცვალების შემდგომ მარკიანე იქ დაიკრძალებაო, მაგრამ როგორც კი ამის შესახებ შეიტყო, მარკიანემ ევსების სიტყვა ჩამოართვა, რომ უდაბნოს ყველაზე მიუვალ ადგილას დაკრძალავდა და ამ ადგილს არავის გაუმხელდა.
ამ ამბიდან მცირე ხანში, 390 წელს, ღირსმა მარკიანემ ღვთივ განისვენა.
მისი წმინდა ნაწილნი მოწაფეებმა ოდენ 50 წლის შემდგომ პოვეს და მისთვის საგანგებოდ მომზადებულ საძვალეში გადააბრძანეს.
ამ საკვირველი მოღვაწის მოწაფეთა შორის, ევსებისა და აღაპიტეს გარდა, იხსენიებიან უდიდესი ასკეტნი, - ბასილი და საბინე.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი