ეპისკოპოსმა ლეანდრემ გუთთა მეფის, ლუვინგილდის ძე, არიანელი ერმინინგელდი მოაქცია მართლმადიდებლობაზე.
ლუვინგილდი, რომელიც თავგამოდებული არიანელი იყო, შვილის "ღალატმა" ფრიად გაანაწყენდა, მაგრამ ფარ-ხმალი არ დაუყრია და მისი გადაბირება ჯერ დაყვავებით სცადა, შემდეგ კი, მის სიმტკიცეს რომ წააწყდა, - მუქარით, თუმცა, ვერც ამით გახდა რამეს.
ლუვინგილდი კი ფრიად თავნება ადამიანი გახლდათ, სრულებით ვერ იტანდა წინააღმდეგობას. სასტიკად განრისხებულმა, შვილს თავდაპირველად სამეფო ტახტი ჩამოართვა, შემდეგ კი - მემკვიდრეობა და მამულები.
მაგრამ როდესაც ვერც ამით გატეხა, ბორკილებდადებული საპყრობილეს მისცა.
ახალგაზრდა უფლისწული, რომელსაც ცხოვრება მხოლოდ სიხარულს და განცხრომას სთავაზობდა, ქრისტეს ერთგულებისათვის ბნელ დილეგში გამოეკეტათ. ბრწყინვალე საზოგადოება საზიზღარმა ვირთხების გროვამ შეცვალა, საკანში დაურიდებლად რომ დარბოდნენ. დახვეწილი კერძები და ტკბილი ღვინოები კი - წყალმა და შავი პურის ნატეხმა, თუმცა, ღვთის სიყვარული მისთვის საკუთარ სიცოცხლეზე მეტად ეძვირფასებოდა.
ამქვეყნიური სამეფოს დაკარგვა არად უჩნდა, მისი ფიქრი მხოლოდ ზეციური სამეფოსკენ იყო მიპყრობილი და ყოვლადძლიერს ბორკილდადებული ევედრებოდა, ტანჯვისას ძალა მიენიჭებინა.
დადგა აღდგომა. მეფემ ერთ-ერთი არიანელი ეპისკოპოსი მოიხმო და ღამით თავის შვილთან საპყრობილეში გაგზავნა, რომ მისი დაყოლიება კიდევ ერთხელ ეცადა, თან შეუთვალა:
- თუ ჭკუას მოუხმობ, კვლავაც მამობრივი სიყვარულით მიგიღებ და ძველ პატივში აღგადგენო!
უფლისწულმა კი დაურიდებლად ამხილა ეპისკოპოსი და განაგდო, წმინდა ზიარება კი ნეტარი ეპისკოპოსის, ლეანდრესგან წარგზავნილი მართლმადიდებელი მღვდლის ხელთაგან მიიღო.
გაწბილებული არიანელი "ეპისკოპოსი" მეფესთან დაბრუნდა და თავისი წარუმატებლობა ამცნო, ლუვინგილდი ამან ისე გაამწარა, თავის ერთგულ მხედართმთავართ კბილთა ღრჭენით უბრძანა: - წადით და ძე ჩემი საპყრობილეშივე ჩაკალითო!
საკანში მიჭრილმა ჯალათებმა ერმინინგელდს ცულით მოკვეთეს თავი. ამ ბოროტმოქმედების ჩადენის შემდეგ მოწამის წმინდა სხეულთან ანგელოზთა გალობა ისმა და საკვირველი ნათელი დაადგა. მართლმადიდებლები სიხარულით ჰმადლობდნენ ღმერთს, რომელმაც ასეთი სასწაულით გაუთქვა სახელი მოწამებრივად აღსრულებულ თავის ერთგულ მონას.
შვილის მკვლელი მეფე კი საკუთარმა საქციელმა ისე წაახდინა, ძრწოლამ აიტანა, მალე კი - დარდით დასნეულდა. აღსასრულის წინ სურდა, შვილის მსგავსად, მართლმადიდებლობა მიეღო, მაგრამ არიაელების შეეშინდა, გარდაცვალების წინ კი ყოველივე მწარედ შეინანა, უწინ მისგანვე დევნილ, წმინდა ეპისკოპოს ლეანდრეს უხმო და უმცროსი ძის, - რეკარედოს გამართლმადიდებლება სთხოვა.
ლუვინგილდის გარდაცვალების შემდეგ, უწინ არიანული შხამით მოწამლული, გუთების სამეფო მოკლე ხანშივე (589 წელს) მოაქცია.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი