წმინდა გალი დაიბადა ირლანდიაში (სხვა წყაროთი - გალიაში) სავარაუდოდ 541 წელს, მდიდარ, ღვთისმოსავ ოჯახში.
მშობლებმა შვილი სასწავლებლად ბანგორის მონასტერში გააგზავნეს, რომელიც წმინდა კომგალიმ დააარსა. უკვე მონაზონი მოშურნედ მოსაგრეობდა, რომელსაც ღმერთის ჭეშმარიტ შემეცნებამდე მიჰყავდა. მოძღვარმა წმინდა კოლუმბანმა წმინდა გალს მღვდლად ხელი დაასხა და მასთან და თერთმეტ მონაზონთან ერთად გალიაში გაემგზავრა. ის თან დაჰყვებოდა მოძღვარს მისიონერული მოგზაურობისას, ეხმარებოდა ქადაგებაში და კერპების დამსხვრევაში. როცა დედოფალ ბრუნგილდას ინტრიგების გამო კოლუმბანს გადასახლება მიუსაჯეს. წმინდა გალმა, წმინდა ევსტატემ (29 მარტი) და ლუქსის მონასტრის სხვა მონაზვნებმა ავსტრაზიის მეფეს შეაფარეს თავი. მათ შეუერთდათ წმინდა კოლუმბანი, ერთად აჰყვნენ მდინარე რეინს და დღევანდელი შვეიცარიის ტერიტორიაზე მივიდნენ. ციურიხის ტბის პირას მათ ადგილობრივი მოსახლეობა შეეწინააღმდეგა, რომლებიც ბარბაროსები და კერპთაყვანისმცემლები იყვნენ, მას შემდეგ რაც წმინდა კოლუმბანის ქადაგებისას კერპები დაიწვა, მათ კოლუმბანის და გალის მოკვლა სცადეს.
მონაზვნები გაერიდნენ იქაურობას და შემდეგ ახალი ადგილი აირჩიეს, ბოდენის ტბის პირას, ბრეგნცთან ახლოს. მონაზვნები წმინდა ავრელიუსის ეკვდერის გარშემო დასახლდნენ, რომელიც წარმართებს დაეკავები¬ნათ და თავიანთი კერპები დაედგათ. წმინდა გალმა, რომელმაც ადგილობრივი მოსახლეობის ენა იცოდა, დიდი ძალისხმევა გამოიჩინა მათ ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოსაქცევად. მან წარმართების წინაშე მათი ღმერთების ქანდაკებები დაამსხვრია და ნამსხვრევები ტბაში ჩაყარა. მოსახლეობამ გაანადგურა წარმართული კერპების ნარჩენები და მონაზვნურ ცხოვრებას წინ ვეღარაფერი აღუდგა. იმისთვის, რომ სავანის ძმობა გამოეკვება, წმინდა გალმა ბადე დაწნა და თევზის ჭერას შეუდგა. ერთხელ მთებში დაბინავებულმა ეშმაკმა მონაზვნების წინააღმდეგ ბრძოლისთვის საშველად ბოდენის ტბაში ჩაბუდებულ ეშმაკს მოუხმო, მან კი ყვირილით უპასუხა: "ეს უცხოტომელი ჩემი ტბის წყლებში მავიწორებს და ჩემს საზღვრებს არღვევს. მის მოტყუებას ვერ ვახერხებ, რამეთუ ღვთის სახელი მუდამ ბაგეზე აქვს. მუდამ განკრძალული, დასცინის ჩვენს ძალისხმევას!"
მას მერე, რაც წარმართებმა ქრისტეს მსახურებს ადგილობრივ მმართველის წინაშე უჩივლეს, ღირსი კოლუმბანი მოწაფეებთან ერთად იტალიაში წავიდა. წმინდა გალმა ავადმყოფობის გამო გაყოლა ვერ შეძლო და შვეიცარიაში დარჩა. სნეულებისგან გამოკეთებულმა მყუდრო ადგილის ძებნა დიწყო, რათა იქ რამდენიმე მონაზონთან ერთად დასახლებულიყო.
ერთხელ მან, ფრანკთა მეფის, სიგებერტის თხოვნით, დემონი განდევნა ალამანთა ჰერცოგის გუნზონის ქალიშვილის ფრიდებურგასგან. მეფემ სამადლობლად გალს ბოდენის ტბის პირას მიწის ნაკვეთი გადასცა. ქორწინების დღეს ფრიდერბურგამ განაცხადა, რომ სურს თავისი ქალწულება ჩვენს უფალ იესო ქრისტეს მიუძღვნას. ღვთის ნებას მინდობილმა მეფემ სამეფო სამოსში გამოწყობილი საპატარძლო საკურთხეველთან მიიყვანა და თქვა: "ჩემს ქალიშვილს სასძლოდ ვაძლევ უფალს, იმავე შესამოსლით შემოსილს, რაც ჩემთვის იყო გამზადებული!"
კონსტანცაში ეპისკოპოსთა და დიდებულთა კრებაზე, წმინდა გალმა უარი თქვა ამ ქალაქის ეპისკოპოსობაზე. მან შესთავაზა თავისი მოწაფე იოანე დაედგინათ ეპისკოპოსად, თუმცა ამ უკანასკნელს ეს არ სურდა და გაქცევაც კი სცადა. ღირსი გალი დაესწრო ახალი ეპისკოპოსის ქიროტონიას კურთხევას და შემდეგ თავის მყუდრო სავანეში დაბრუნდა. იქ მან ძმებისთვის ეკლესია ააგო, რომელიც თორმეტი ეკვდერით იყო გარშემორტყმული.
წმინდა ევსტატეს სიკვდილის შემდეგ ლუქსის მონაზვნებმა ღირს გალს სთხოვეს ამ დიდი მონასტრის იღუმენი გამხდარიყო, მაგრამ მან უარი თქვა, - მირჩევნია სხვებს ვემსახურო, ვიდრე მათ ვხელმძღვანელობდეო. ის თავის პატარა საძმოში ცხოვრობდა, ემსახურებოდა ძმებს და თევზს იჭერდა.
წმინდა გალი 99 წლისა მშვიდად აღესრულა 650 წელს. წმინდა გალის გარდაცვალების ადგილას VIII საუკუნეში დაარსებული მონასტერი შემდგომში წმინდა კოლუმბანის ტრადიციების გამავრცელებელი ერთ-ერთი ძირითადი ცენტრი გახდა. მან სახელი გაითქვა არა მარტო მონაზვნების სულიერი მდგომარეობით, არამედ ვრცელი ბიბლიოთეკით და წიგნების გადამწერთა სახელოსნოთი.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი