წმინდა აღმსარებელი იოანე რუსი (+1730) - 27 მაისი (9 ივნისი)
წმინდა აღმსარებელი იოანე რუსი (+1730) - 27 მაისი (9 ივნისი)
წმინდა იოანე დაიბადა მცირე რუსეთის ერთ-ერთ სოფელში დაახლოებით 1690 წელს. მისი მშობლები ღმრთისმოშიში და მორწმუნე ადამიანები იყვნენ. მან დედის რძესთან ერთად შეითვისა მართლმადიდებლური სული და ისწავლა წმინდა წერილი. როცა სრულწლოვანებას მიაღწია, იგი სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. წმინდანი რიგით მეომრად მსახურობდა პეტრე პირველის არმიაში; წმინდა იოანე მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის დიდ ომში (1710-1711), რომელშიც რუსეთი დამარცხდა. თავად იოანე თათრებმა ტყვედ ჩაიგდეს, ხოლო მოგვიანებით კი, ცხენოსანი ჯარის დიდი ავტორიტეტის მქონე მეთაურს მიჰყიდეს. ტყვედ ჩავარდნილი მისი თანამემამულეებისაგან განსხვავებით, რომლებმაც მაჰმადიანობა მიიღეს, იოანე იესო ქრისტეს ერთგული დარჩა და გაბედულად აღიარა თავისი სარწმუნოება. მისი თქმით: "ქრისტიანად დავიბადე და ქრისტიანადვე მინდა მოვკვდე". იოანეს ამ გულწრფელობამ და აღიარებამ მას ახალი აღმსარებლის სახარებისეული სახელი მიანიჭა.

უფლის რჩეული მთელი დღის მანძილზე კეთილსინდისიერად ემსახურებოდა ბატონს, ნახევრად შიშველი და უხამლო ზამთრის სუსხსა და ზაფხულის პაპანაქებაში გულმოდგინედ ასრულებდა ყოველგვარ ბრძანებას, რისთვისაც ხშირად ხდებოდა სხვა ტყვეების დაცინვის საგანი. ასეთი ქცევით წმინდანმა საყოველთაო სიყვარული მოიპოვა. ტყვისადმი პატივისცემითა და უსაზღვრო ნდობით გამსჭვალულმა პატრონმა ნებაზე მიუშვა იგი და უფლება მისცა, საცხოვრებელი ადგილი თავად შეერჩია. იოანე თავლის ერთ კუთხეში ცხოვრობდა. აქ იგი მშვიდად ეძლეოდა ხოლმე ლოცვით ღვაწლს, ამიტომაც აქაურობის დატოვება არ ისურვა. ზოგჯერ, როცა კარგად ჩამობნელდებოდა, გადიოდა თავლიდან, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარს მიაშურებდა და მის კარიბჭესთან მუხლმოყრილი გულმხურვალედ ლოცულობდა. ამავე ტაძარში ეზიარებოდა იგი საღვთო დღე-სასწაულებზე. იოანე, მიუხედავად სიღატაკისა, ყოველთვის ეხმარებოდა გლახაკებს და დავრდომილებს, თავის მწირ საზრდელს უყოფდა მათ.

მისი ლოცვა იმდენად ძლიერი იყო, რომ სასწაულებს ახდენდა. მისი სასწაულმოქმედი ლოცვა შემდეგი შემთხვევით გამჟღავნდა: ერთხელ, მისმა ბატონმა მექაში მოსალოცად წასვლა გადაწყვიტა. საკმაოდ დიდი ხნის გასვლის შემდეგ, მისმა მეუღლემ ნათესავებსა და ქმრის წარჩინებულ მეგობრებს სუფრა გაუშალა, რათა გამხიარულებულიყვნენ და ესურვათ, რომ მისი ქმარი მოგზაურობიდან საღ-სალამათი დაბრუნებულიყო. როგორც ყოველთვის, იოანე სტუმრებს სუფრასთან ემსახურებოდა. იმ კერძებს შორის, რომლებიც სუფრაზე მოიტანეს, იყო ასევე აღას (ბატონი) საყვარელი საჭმელი - ფლავი. სწორედ მაშინ, ოჯახის დიასახლისს ქმარი მოაგონდა და იოანეს უთხრა: "როგორ ისიამოვნებდა, გიუვან, შენი ბატონი, აქ, რომ ყოფილიყო და ჩვენთან ერთად მიერთვა ეს კერძი!" იოანემ დიდი სურვილითა და უბრალოებით მოითხოვა ფლავით სავსე თეფში და თქვა, რომ გაუგზავნიდა თავის ბატონს მექაში. მეინახეებს გაეცინათ, იფიქრეს, იოანეს ფლავის შეჭმა ან რომელიმე ღარიბი ოჯახისთვის მიცემა სურსო. წმინდა იოანემ თეფში ბაგაში წაიღო. მუხლმოდრეკილმა ლოცვა დაიწყო და ღმერთს შეს¬თხოვა, რომ მისი თხოვნა შეესრულებინა. მართლაც, თეფში მის თვალთაგან გაქრა, იგი დაბრუნდა სუფრასთან და დიასახლისს აცნობა, რომ კერძი გააგზავნა მექაში. თუმცა, პასუხად სტუმრების დაცინვა მიიღო. მათი გაოცება, რა თქმა უნდა, დიდი იყო, როდესაც რამდენიმე დღეში დაბრუნდა ბატონი და თავის ბარგთან ერთად თეფშიც მოიტანა, რომელზეც დამახასიათებელი ოჯახური გერბი იყო აღბეჭდილი. ბატონმა თქვა, ცხელი ფლავი ოთახში დამხვდა, თუმცა, არ ვიცი, იქ როგორ მოხვდაო. ვინც ეს ამბავი მოისმინა, სახტად დარჩა, ხოლო მეუღლემ კი უამბო, თუ რა მოხდა. ამის შემდეგ, გავრცელდა ხმა იოანეს სამართლიანობასა და ღმრთისადმი სიყვარულზე და მან ყველას პატივისცემა მოიპოვა.
რამდენიმე წლის შემდეგ, 1730 წლის 27 მაისს, წმინდა იოანე ავად გახდა. იგრძნო სიცოცხლის დასასრულის მოახლოება, მოითხოვა უკანასკნელად მიეღო წმინდა ზიარება. სთხოვა მღვდელს, მასთან ბაგაში მოსულიყო. თუმცა, თურქების ფანატიზმით შეშინებულმა მღვდელმა სიწმინდეების ბაგაში წაღება ვერ გაბედა და ღმრთიური ნათლით შთაგონებულმა ასეთი რამ მოიფიქრა: წმინდა ნაწილები ვაშლში მოათავსა და ასე მოახერხა წმინდა იოანეს ზიარება. ცოტა ხნის შემდეგ, წმინდანმა სული უფალს მიაბარა. ბატონმა ღვთისმსახურებს მიანდო ტყვის ცხედრის გაპატიოსნება და დაკრძალვა. მათაც ქრისტიანული წესით მიაბარეს იგი მიწას.

სამი წლის შემდეგ მოძღვარმა სასწაულებრივი გამოცხადებით შეიტყო, რომ იოანეს ნაწილები უხრწნელად იყო დაცული. მოხდა მათი აღმოყვანებაც.

საფლავის გახსნის შემდეგ, იოანეს გაუხრწნელი და კეთილსურნელებით აღსავსე წმინდა სხეული, თავდაპირველად, ჯერ კლდეში ნაკვეთ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადააბრძანეს, მოგვიანებით - წმინდა ბასილი დიდის სახელობის ახლადაგებულ ტაძარში, ბოლოს კი მის სახელზე აგებულ ეკლესიაში გადააბრძანეს. მისი სხეული ლარნაკზეა დასვენებული, სადაც ათასობით მომლოცველი და სნეული მიდის, რათა მისი დალოცვა მოიპოვოს. წმინდა იოანეს სახელი ცნობილია მთელ კაპადოკიაში, კონიასა და ანკარაში და არა მხოლოდ ქრისტიანებს შორის, არამედ თურქ-ოსმალებს შორისაც, როგორც "ყულე გიოვანი", რაც ტყვე იოანეს ნიშნავს. როგორც ქრისტიანები, ისე თურქები, წმინდანის კანდელიდან როგორც მის ლოცვა-კურთხევას იღებდნენ ზეთს, მისი წმინდა სხეულიდან კი პატარა ბამბას, ჯერაც ატარებდნენ მის ქუდსა და ქამარს და სასწაულებს თავიანთი რწმენით უყურებდნენ. იოანეს წმინდა სხეულს აკლია მარჯვენა ხელი, რომელიც ათონზე წმინდა პანტელეიმონის სახელობის რუსულ მონასტერშია დასვენებული.
1924 წლის ოქტომბერში, საბერძნეთისა და ქემალისტური თურქეთის მოსახლეობის იძულებითი გაცვლის საფუძველზე, იოანეს წმინდა ნეშთი აღმოჩნდა იმ გემზე, რომელსაც დევნილები ევიაში მიჰყავდა. ქალკიდის მაშინდელი მიტროპოლიტის გრიგოლისა და ქალაქის წარჩინებულთა თანდასწრებით, ქალკიდის ნავსადგურზე მოხდა მისი წმინდა სხეულის გადმობრძანება. ახალი პროკოპიოსის მოსახლეობამ წმინდა ნეშთი თავიანთ სოფელში გადააბრძანა და წმინდა ელენესა და კონსტანტინეს სახელობის ტაძარში დაასვენა, სადაც 1951 წლის 27 მაისამდე დარჩა. სწორედ მაშინ, მისი ნეშთი ვერცხლის ლარნაკით, რომელიც წმინდა იოანეს ცხოვრებისა და მისი სასწაულების მომცველი სცენებით იყო შემკული, მის სახელზე ახალაგებულ ტაძარში გადააბრძანეს. ყოველდღიურად ამ ტაძარში მოსალოცად სამყაროს სხვადასხვა კუთხიდან უამრავი მორწმუნე მიდის, რათა მათ წმინდანის ლოცვა-კურთხევა მიიღონ.

წყარო: "წმინდა იოანე რუსი", არქიმანდრიტი ქრისოსტომოს ტრიანდაფილუ (აწ ქალკიდის მიტროპოლიტი), წმინდა მაცნე, მომლოცველების I გამოცემა "წმინდა იოანე რუსი", ქალკიდა, 2000
........................
აქვე წაიკითხეთ:

"ქრისტიანად დავიბადე და ქრისტიანადვე მინდა მოვკვდე…"

ღმერთი და მისი წმინდანები ყველა ექიმზე მაღლა დგანან

ღმერთს ჯერ არ სურს, რომ დედა გახდე. ორ წელიწადში გეწვევა ეს სიხარული



ბეჭდვა
1კ1