შემდგომი დღესასწაული ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის შობისა. წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისათა იოაკიმე და ანასი. მოწამისა სევერიანესი (320); ღირსისა თეოფანე მმარხველისა და აღმსარებელისა (დაახლ. 300); მოწამეთა ხარიტონისა და სტრატორესი (სტრატონიკესი); ნეტარისა ნიკიტა კონსტანტინოპოლელისა (XII); პოვნა და აღმოყვანება წმიდათა ნაწილთა თეოდოსისა, ჩერნიგოველი მთავარეპისკოპოსისა (1896); ხსენება მესამე მსოფლიო კრების წმიდათა მამათა (431).
დღის ლოცვა
წმიდათა და მართალთა მშობელთა ღვთისმშობლისათა იოაკიმ და ანასი
ტროპარი: რომელი სჯულსა შინა მადლისა მიერ განმართლდეს და ყრმა ღმრთივმონიჭებული გვიშვეს ჩუენ, იოაკიმ და ანა, ამისთვისცა დღეს ბრწყინვალედ განცხრების სოფელი და დღესასწაულობს ეკლესია ღმრთისა პატიოსანსა ხსენებასა მათსა, და ადიდებს ღმერთსა, რომელმან აღგვიდგინა ჩუენ რქა ცხორებისა სახლსა დავითისსა.
კონდაკი: იხარებს აწ ანა ბერწობისა საკრველთაგან ხსნილი და ზრდის ყოვლადუხრწნელსა, თანად მომწოდებელი ყოველთა გალობად, რომელმან მოანიჭა საშოით მისით კაცთა მხოლო დედა, ქმრისა გამოუცდელი.