დღის საკითხავები
ლიტ.: რომ. 4: 4-12 (დას. 86). მთ. 7: 15-21 (დას. 22).
რომ. IV, 4-12
4. ხოლო მოქმედს საზღაური მადლით კი არ მიეგება, არამედ ვალით.
5. იმას კი, ვინც არ არის მოქმედი, მაგრამ სწამს იგი, ვინც ამართლებს უღმერთოს, სიმართლედ მისი რწმენა შეერაცხება.
6. ასე დავითიც ნეტარს უწოდებს კაცს, რომელსაც ღმერთი, საქმეთა მიუხედავად, შეურაცხავს სიმართლეს.
7. ნეტავი მათ, რომელთაც მიეტევათ ურჯულოებანი და დაეფარათ ცოდვანი.
8. ნეტავი მას, ვისაც უფალი არ შეურაცხავს ცოდვას.
9. მაგრამ ეს ნეტარება წინადაცვეთილობას ეკუთვნის თუ წინადაუცვეთელობასაც? რადგანაც ჩვენ ვამბობთ, რომ აბრაამს სიმართლედ შეერაცხა რწმენა.
10. როდის შეერაცხა? წინადაცვეთილობამდე თუ წინადაცვეთის შემდეგ? არა წინადაცვეთილობაში, არამედ წინადაუცვეთელს.
11. და მიიღო წინადაცვეთის ნიშანი, როგორც ბეჭედი რწმენით გამართლებისა, რომელიც წინადაუცვეთელობაში ჰქონდა, რათა გამხდარიყო ყველა წინადაუცვეთელი მორწმუნის მამა, და მათაც შერაცხოდათ სიმართლედ;
12. ისევე, როგორც მამა წინადაცვეთილებისა: არა მარტო იმათი, ვინც მიიღო წინადაცვეთა, არამედ იმათიც, რომელნიც მისდევენ ჩვენი მამის აბრაამის რწმენის კვალს, რაც ჯერ კიდევ წინადაუცვეთელობისას ჰქონდა.
მთ. VII, 15-21
15. ეკრძალეთ ცრუ წინასწარმეტყველთ, რომელნიც მოვლენ თქვენთან ცხვრის სამოსით, ხოლო შიგნით არიან მტაცებელი მგლები.
16. თავიანთი ნაყოფით იცნობთ მათ; განა ეკალზე კრეფენ ყურძენს, ან ნარზე ლეღვს?
17. ასე, ყველა ვარგის ხეს ვარგისი ნაყოფი გამოაქვს, და ყველა უვარგის ხეს უვარგისი ნაყოფი გამოაქვს.
18. არ შეუძლია ვარგის ხეს უვარგისი ნაყოფის გამოღება და უვარგის ხეს ვარგისი ნაყოფის გამოღება.
19. ყოველი ხე, რომელიც არ გამოიღებს ვარგის ნაყოფს, მოიჭრება და ცეცხლს მიეცემა.
20. ასე რომ, თავიანთი ნაყოფით იცნობთ მათ.
21. ვინც მეუბნება: უფალო, უფალო! ყველა როდი შევა ცათა სასუფეველში, არამედ ის, ვინც აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას.