დღის საკითხავები
ლიტ.: 2 ტიმ. 2: 11-19 (დას. 293). ლკ .18: 2-8 (დას. 88).
2ტიმ. II, 11-19.
11. სარწმუნოა სიტყვა: თუ მასთან ერთად მოვკვდით, მასთან ერთადვე ვიცოცხლებთ.
12. თუ დავითმენთ, მასთან ერთადვე ვიმეფებთ, ხოლო თუ უარვყოფთ, ისიც უარგვყოფს ჩვენ.
13. რომც არ ვირწმუნოთ, ის მაინც სარწმუნოა, რადგანაც თავის თავს ვერ განუდგება.
14. ეს შეახსენე მათ და უმოწმე უფლის წინაშე, თავი ანებონ სიტყვიერ ჭიდილს, რომელიც არას გვარგია და მსმენელებს კი თავგზას აუბნევს.
15. ეცადე რჩეულად, პირნათელ მუშაკად და ჭეშმარიტების სიტყვის სარწმუნო მქადაგებლად წარუდგე ღმერთს.
16. ფუჭ ყბედობას კი ერიდე, რადგანაც უფრო გაღრმავდება ხალხის უღმერთოება.
17. და მათი სიტყვა სირსვილივით საძოვარს ჰპოვებს, როგორც ჰიმენიოსის და ფილეტოსისა,
18. ჭეშმარიტებისგან გამდგარნი რომ ამტკიცებენ, აღდგომა უკვე იყოო, და რწმენას უხშობენ ზოგიერთს.
19. მაგრამ ურყევი საფუძველი ღვთისა მტკიცეა და აქვს ეს ბეჭედი: „იცის უფალმა, ვინაა მისი“, და: „განუდგეს უსამართლობას ყველა, ვინც აღიარებს უფლის სახელს“.
ლკ. XVIII, 2-8.
2. იყო ერთ ქალაქში ერთი მსჯული, რომელსაც არ ეშინოდა ღმრთისა და არც კაცისა რცხვენოდა.
3. იმავე ქალაქში ცხოვრობდა ერთი ქვრივი ქალი; მიდიოდა მასთან და სთხოვდა: ჩემი მომჩივნისაგან დამიცავიო.
4. დიდხანს არ თანხმდებოდა. ბოლოს კი გულში თქვა: თუმცა არც ღმრთის შიში მაქვს და არც კაცისა მრცხვენია,
5. მაგრამ, რაკი ეს ქვრივი მოსვენებას არ მაძლევს, დავიცავ, რათა აქ აღარ მოვიდეს და მომასვენოს.
6. თქვა უფალმა: გესმით, რას ამბობს უსამართლო მსაჯული?
7. განა ღმერთი არ დაიცავს თავის რჩეულთ, დღედაღამ რომ შეჰღაღადებენ, და დიდსულოვანი არ იქნება მათ მიმართ?
8. გეუბნებით: მალე დაიცავს მათ. მაგრამ ძე კაცისა, როდესაც მოვა, ჰპოვებს კი რწმენას ამ ქვეყნად?