დღის საკითხავები
ლიტ. - 1 თეს. 271 დას. V, 1-8. ლკ. 62 დას. XI, 47 - XII, 1. აღმს. - ებრ. 318 დას. (შუათგან) VIII, 3-7. ლკ. 45 დას. XII, 8-12.
1თეს. V, 1-8.
1. ხოლო დროთა და ჟამთათვის, ძმანო, არ გჭირდებათ რამეს მოწერა.
2. რადგან თქვენ თვითონაც მშვენივრად იცით, რომ დღე უფლისა მოვა, როგორც მპარავი ღამით.
3. ვინაიდან როცა იტყვიან: მშვიდობა და უშიშობაო, სწორედ მაშინ დაატყდებათ თავზე სიკვდილი, როგორც ტკივილი - მშობიარეს, და ვერ წაუვლენ.
4. მაგრამ თქვენ, ძმანო, ბნელში როდი ხართ, რომ მპარავივით გეწიოთ დღე.
5. რადგან ყველანი ნათლის ძენი ხართ და ძენი დღისა; არა ვართ ღამის, და არც ბნელისა.
6. მაშ, სხვებივით ნუკი მივეცემით ძილს, არამედ ვიფხიზლოთ და ვიღვიძოთ.
7. ვინაიდან მძინარენი ღამით ხვრინავენ და მემთვრალენიც ღამით თვრებიან.
8. ხოლო ჩვენ, რაკი დღის ძენი ვართ, ვიფხიზლოთ და შევიმოსოთ აბჯარი რწმენისა და სიყვარულისა და ჩაფხუტი ხსნის სასოებისა.
ლკ. XI, 47 - XII, 1.
47. ვაი თქვენდა, ვინაიდან აშენებთ წინასწარმეტყველთა სამარხებს, ხოლო თქვენმა მამებმა დახოცეს ისინი.
48. ამით ემოწმებით და იწონებთ კიდეც თქვენი მამების საქმეებს, ვინაიდან მათ დახოცეს ისინი, ხოლო თქვენ სამარხებს უშენებთ.
49. ამიტომაც თქვა სიბრძნემ ღმრთისამ: მოვუვლენ მათ წინასწარმეტყველთა და მოციქულთ, და ზოგ მათგანს მოჰკლავენ, ზოგს კი განდევნიან.
50. რათა მოეკითხოს ამ მოდგმას სამყაროს შექმნიდან დათხეული ყველა წინასწარმეტყველის სისხლი,
51. აბელის სისხლიდან ვიდრე სისხლამდე ზაქარიასი, რომელიც მოკლულ იქნა საკურთხეველსა და ტაძარს შორის. დიახ, გეუბნებით თქვენ, მოეკითხება ამ მოდგმას.
52. ვაი თქვენდა, რჯულის მოძღვარნო, რადგანაც დამალეთ ცოდნის კლიტენი: არც თქვენ შეხვედით და არც სხვებს დაანებეთ შესვლა.
53. ამას რომ ეუბნებოდა მათ, მწიგნობრებმა და ფარისევლებმა გააფთრებით შეუტიეს, კითხვებს აყრიდნენ და აიძულებდნენ ეპასუხა,
54. რათა მახე დაეგოთ, რაიმე დაეცდენინებინათ და, ამრიგად, ბრალი დაედოთ მისთვის.
1. ამასობაში შეიყარა ურიცხვი ხალხი, ისე რომ ლამის ერთმანეთი გადაეთელათ, და დაიწყო ლაპარაკი, თავდაპირველად, თავისი მოწაფეების მიმართ: ერიდეთ ფარისეველთა საფუარს, რომელიც არის თვალთმაქცობა.
ებრ. VIII, 3-7.
3. რადგანაც ყველა მღვდელმთავარი მსხვერპლისა და შესაწირავის მისართმევადაა დადგენილი; ამიტომ აუცილებელია, რომ მასაც რაიმე ჰქონდეს მისართმევი.
4. მიწაზე რომ დარჩენილიყო, მღვდელიც აღარ იქნებოდა, რადგანაც აქ არიან მღვდღები, რჯულისამებრ რომ სწირავენ შესაწირავს,
5. და მსახურებენ ზეციერის ხატსა და ჩრდილს, როგორც ებრძანა მოსეს კარვის დასრულებისას: „იცოდე, - იყო თქმული, - ყველაფერი გააკეთე იმ ნიმუშის მსგავსად, მთაზე რომ გიჩვენე შენ“.
6. ხოლო აწ ჩვენმა მღვდელმთავარმა მით უკეთესი მსახურება მიიღო, რამდენადაც შუამავალია უკეთესი აღთქმის, რომელიც უკეთეს დაპირებებზეა დაფუძნებული.
7. რადგანაც პირველი აღთქმა რომ უნაკლო ყოფილიყო, ვინღა დაუწყებდა ძებნას მეორის ადგილს?
ლკ. XII, 8-12.
8. ამასაც გეტყვით: ყველას, ვინც მაღიარებს კაცთა წინაშე, ძეც კაცისა აღიარებს ღმრთის ანგელოზთა წინაშე.
9. ხოლო ვინც უარმყოფს კაცთა წინაშე, თავადაც უარიყოფა ღმრთის ანგელოზთა წინაშე.
10. ყველას, ვინც იტყვის სიტყვას კაცის ძის წინააღმდეგ, მიეტევება; მაგრამ ვინც იტყვის გმობას სულის წმიდის წინააღმდეგ, არ მიეტევება.
11. როდესაც მიგიყვანენ სინაგოგებში, მთავრებისა და მეფეების წინაშე, ნუ იზრუნებთ, როგორ მივუგოთ, რა მივუგოთ, ანდა რა ვთქვათო,
12. რადგანაც სული წმიდა გასწავლით მაშინ, რა უნდა თქვათ.