დღის საკითხავები
ლიტ. - საქ. 43 დას. XX, 7-12. ინ. 48 დას. XIV, 10-21. მართლ. - გალ. 213 დას. V, 22 - VI, 2. მთ. 43 დას. XI, 27-30.
საქ. XX, 7-12.
7. კვირის პირველ დღეს, როდესაც მოწაფეები პურის გასატეხად შეიკრიბნენ, პავლემ, რომელიც მეორე დღეს აპირებდა გამგზავრებას, სიტყვა უთხრა მათ და შუაღამემდე გააგრძელა საუბარი.
8. ქორედში, სადაც ჩვენ ვიყავით შეკრებილნი, ბევრი სანთელი ენთო.
9. რაკიღა პავლეს სიტყვა გაუგრძელდა, ერთ ჭაბუკს, სახელად ევტიქეს, სარკმლის რაფაზე რომ ჩამომჯდარიყო, ძილი მოერია, მესამე სართულიდან გადავარდა და მკვდარი აიყვანეს.
10. ჩავიდა პავლე, ზედ დაემხო, ხელი მოხვია და თქვა: ნუ შეძრწუნდებით, ვინაიდან მისი სული მასშივეაო.
11. მერე კვლავ ზევით ავიდა, პური გატეხა და ჭამა; კარგა ხანს ისაუბრა, გარიჟრაჟამდე, შემდეგ კი წავიდა.
12. ჭაბუკი კი ცოცხალი ამოიყვანეს, რამაც დიდად ანუგეშა ისინი.
ინ. XIV, 10-21.
10. ნუთუ არა გწამს, რომ მე მამაში ვარ და მამა - ჩემში. სიტყვებს, რომლებსაც გეუბნებით, ჩემით როდი გეუბნებით, არამედ ჩემში მყოფი მამა აკეთებს საქმეს.
11. მერწმუნეთ, რომ მე მამაში ვარ, მამა კი - ჩემში; თუ არა და, ჩემს საქმეს მაინც ერწმუნეთ.
12. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვისაც მე ვწამვარ, საქმეს, რომელსაც მე ვაკეთებ, თვითონაც გააკეთებს, და მეტსაც გააკეთებს, ვინაიდან მე მამასთან მივალ.
13. რასაც ითხოვთ ჩემი სახელით, შეგისრულებთ, რათა იდიდოს მამა ძის მიერ.
14. რაც უნდა მთხოვოთ ჩემი სახელით, შეგისრულებთ.
15. თუ გიყვარვართ, დაიცავით ჩემი მცნებანი.
16. ვთხოვ მამას და მოგივლენთ სხვა ნუგეშისმცემელს, რათა იყოს თქვენთან უკუნისამდე, -
17. ჭეშმარიტების სულს, რომელსაც ვერ შეიწყნარებს ქვეყანა, რადგანაც ვერ ხედავს და არ იცნობს მას, ხოლო თქვენ იცნობთ, ვინაიდან თქვენთანაა და თქვენში იქნება.
18. არ დაგტოვებთ ობლად; მოვალ თქვენთან.
19. ცოტაც და, ქვეყანა ვეღარ მიხილავს, თქვენ კი მიხილავთ. ვინაიდან ცოცხალი ვარ და თქვენც იცოცხლებთ.
20. იმ დღეს შეიცნობთ, რომ მე მამაში ვარ, თქვენ კი - ჩემში, ხოლო მე - თქვენში.
21. ვისაც აქვს ჩემი მცნებანი და იცავს მათ, მას ვუყვარვარ, ხოლო ვისაც მე ვუყვარვარ, შეიყვარებს მას მამაჩემი; მეც შევიყვარებ და ჩემს თავს გამოვუცხადებ მას.
გალ. V, 22 - VI, 2.
22. ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა,
23. თვინიერება, თავშეკავება; ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული.
24. ხოლო მათ, ვინც არიან ქრისტესნი, ჯვარს აცვეს ხორცი მისი სურვილებით და ვნებებითურთ.
25. თუ სულით ვცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ.
26. ნუ ვიქნებით პატივმოყვარენი, ურთიერთგამომწვევნი, ერთურთის მოშურნენი.
1. ძმანო, თუ კაცმა რაიმე ცოდვაში ჩაიდგა ფეხი, თქვენ, ვინცა ხართ სულიერნი, შეაგონეთ მას თვინიერების სულით; დაუკვირდი შენსავე თავს, რათა თავადაც არ ჩავარდე განსაცდელში.
2. ერთმანეთის ტვირთი იტვირთეთ და ასე აღასრულეთ ქრისტეს რჯული.
მთ. XI, 27-30.
27. ყველაფერი მამისაგან მომეცა მე და არავინ იცის ძე, გარდა მამისა; და არც მამა იცის ვინმემ, გარდა ძისა და იმისა, ვისთვისაც ძე ინებებს მის გამოცხადებას.
28. მოდით ჩემთან ყოველი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე მოგიფონებთ თქვენ.
29. დაიდგით ქედზე ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მშვიდი ვარ და გულით მდაბალი, და მოიპოვებთ სულის სიმშვიდეს.
30. ვინაიდან უღელი ჩემი ამოა, და ტვირთი ჩემი - მსუბუქი.