ძველი სტილი
15 მაისი
კვირა
ახალი სტილი
28 მაისი
აღდგომიდან მე-7, პირველი მსოფლიო კრების წმინდა მამათა კვირა (+325). ხმა 6.
ხსნილი ხსნილი
აღდგომიდან მე-7, I მსოფლიო კრების (325 წ.) წმიდათა მამათა კვირიაკე. მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანასი (IV) (გარდამავალია, მოიხსენიება აღდგომიდან მე-7 კვირას); ღირსისა პახუმი დიდისა (დაახლ. 348); ღირსისა პიროს ბრეთელისა (VI); აქილე ლარისელი ეპისკოპოსისა (დაახლ. 330).
დღის ლოცვა

მოციქულთა სწორთა: მეფე მირიანის და დედოფალი ნანას ტროპარი:
მოციქულნო წმიდანო, მეფეო მირიან და დედოფალო ნანა, ევედრენით მოწყალესა ღმერთსა, რაითა ცოდვათა შენდობაი მოგუანიჭოს და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.

ღირსი პახუმი დიდის კონდაკი:
მნათობად ბრწყინვალედ გამოსჩნდი კიდეთა შორის ქუეყანისათა და უდაბნონი ქალაქ-ჰყვენ მონაზონთა სიმრავლითა, და ჯუარს აცუ თავი თვისი, და ჯუარი შენი ბეჭთა ზედა იტვირთე, და მარხვითა ხორცი განკაფენ, მამაო პახუმი, ევედრე ღმერთსა დაუცხრომლად ჩუენ ყოველთათვის.
დღის საკითხავები

ცისკ. - სახ. მე-10, ინ. 66 დას. XXI, 1-14. ლიტ. - საქმ. 44 დას. XX, 16-18, 28-36. ინ. 56 დას. XVII, 1-13. მოც. სწორთა - 1 კორ. 131 დას. IV, 9-16. ლკ. 50 დას. X, 1-15.

ინ. XXI, 1-14.
1. შემდგომ ამისა, კვლავ გამოეცხადა იესო მოწაფეებს ტიბერიადის ზღვაზე; ასე გამოეცხადა მათ:
2. ერთად იყვნენ სიმონ-პეტრე, თომა, ტყუპისცალად წოდებული, ნათანაელი, გალილეის კანადან, ზებედეს ძენი და ორი სხვა მოწაფე.
3. უთხრა მათ სიმონ-პეტრემ: სათევზაოდ მივდივარ. მიუგეს: ჩვენც წამოგყვებით. წავიდნენ და ნავში ჩასხდნენ, მაგრამ იმ ღამეს ვერაფერი დაიჭირეს.
4. ხოლო როცა ინათა, ნაპირზე იდგა იესო; მოწაფეები კი ვერ მიხვდნენ, რომ იესო იყო.
5. უთხრა მათ იესომ: შვილებო, რამე საჭმელი თუ გაქვთ? მიუგეს: არა.
6. და უთხრა მათ: ნავის მარჯვენა კიდიდან ისროლეთ ბადე და იშოვით. ისროლეს და ვეღარ ამოზიდეს, თევზის სიმრავლის გამო.
7. ხოლო მოწაფემ, რომელიც უყვარდა იესოს, პეტრეს უთხრა: ეს უფალია! სიმონ-პეტრემ კი, როცა გაიგონა, უფალიაო, მოსასხამი შემოიხვია, რადგანაც შიშველი იყო, და ზღვაში გადახტა.
8. დანარჩენი მოწაფეები კი ნავით გამოვიდნენ, რადგანაც ახლოს იყვნენ ნაპირთან, ასე, ორასი წყრთის მანძილზე, და გამოათრიეს თევზით სავსე ბადე.
9. ნაპირზე გამოსულებმა დაინახეს მიწაზე მდებარე ნაკვერცხლები, ხოლო ზედ თევზი, და პური.
10. უთხრა მათ იესომ: აბა, მოიტათ თევზი, წეღან რომ დაიჭირეთ.
11. წავიდა სიმონ-პეტრე და ნაპირზე გამოათრია ბადე. ას ორმოცდაცამეტი დიდრონი თევზით სავსე; და თუმცა ამდენი იყო, მაინც არ გაიხა ბადე.
12. უთხრა მათ იესომ: მოდით, ისაუზმეთ. ხოლო მოწაფეთაგან ვერავინ გაბედა ეკითხა მისთვის, ვინ ხარო, რადგან იცოდნენ, რომ უფალი იყო.
13. მოვიდა იესო, აიღო პური და მისცა მათ; ასევე თევზიც.
14. ეს უკვე მესამედ გამოეცხადა იესო თავის მოწაფეებს მას შემდეგ, რაც მკვდრეთით აღდგა.

საქ. XX, 16-18, 28-36.
16. რადგანაც პავლემ ინება გვერდი აექცია ეფესოსათვის, რათა ასიაში არ დაყოვნებულიყო, რადგანაც ეშურებოდა, თუკი შესაძლო იქნებოდა, ორმოცდაათობის დღეს ყოფილიყო იერუსალიმში.
17. მილეტიდან კაცი გაგზავნა ეფესოში და ეკლესიის უხუცესნი იხმო.
18. როცა ეახლნენ, უთხრა მათ: თქვენ იცით, რომ ასიაში მოსვლის პირველი დღიდანვე მარადჟამ თქვენთან ვიყავი.

28. მაშ, გაუფრთხილდით თქვენს თავსაც და თქვენს სამწყსოსაც, რომლის მცველებადაც დაგადგინათ სულმა წმიდამ, რათა მწყემსავდეთ ღვთის ეკლესიას, რომელიც მან შეიძინა თავისი სისხლით.
29. რადგანაც ვიცი, რომ ჩემი წასვლის შემდეგ შემოგესევიან მძვინვარე მგლები, რომლებიც არ დაინდობენ სამწყსოს.
30. და თვით თქვენგანაც აღდგებიან კაცნი, რომელნიც ილაპარაკებენ უკუღმართად, რათა მოწაფეები გადაიბირონ.
31. მაშ, იფხიზლეთ და გახსოვდეთ, რომ სამ წელიწადს, დღე და ღამ, განუწყვეტლივ ცრემლით ვასწავლიდი თვითეულ თქვენგანს.
32. ახლა კი, ძმანო, ღმერთსა და მისი მადლის სიტყვას მიგანდობთ, რომელსაც შეუძლია აგაშენოთ და მოგცეთ სამკვიდრო ყველა წმიდასთან ერთად.
33. არც ვისიმე ოქრო-ვერცხლი მინატრია და არც სამოსი.
34. თქვენ თვითონ იცით, რომ, აი, ეს ხელები შეეწეოდნენ როგორც ჩემს, ისე იმათ გასაჭირს, ვინც იყვნენ ჩემთან.
35. ყოველნაირად გიჩვენეთ, რომ სწორედ ამნაირი შრომით უნდა შეეწიოთ უმწეოთ და გახსოვდეთ უფალ იესოს სიტყვები, როგორც თავად თქვა: გაცემა უფრო დიდი ნეტარებაა, ვიდრე მიღება.
36. ეს რომ თქვა, მუხლი მოიყარა და მათთან ერთად ილოცა.

ინ. XVII, 1-13.
1. ასე რომ იუბნა იესომ, ზეცად აღაპყრო თვალი და თქვა: მამაო, მოვიდა ჟამი: განადიდე შენი ძე, რათა ძემაც განგადიდოს შენ.
2. რადგანაც მიეცი ხელმწიფება ყველა ხორციელზე, რათა ყველაფერს, რაც მიეცი, საუკუნო სიცოცხლე მისცეს.
3. საუკუნო სიცოცხლე კი ის არის, რომ გიცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და იმას, ვინც შენ მოავლინე - იესო ქრისტეს.
4. მე განგადიდე დედამიწაზე; აღვასრულე საქმე, რომელიც მომეცა აღსასრულებლად.
5. ახლა კი შენ განმადიდე, მამაო, იმავ დიდებით, შენთან რომ მქონდა ქვეყნის შექმნამდე.
6. გამოვუცხადე შენი სახელი ადამიანებს, რომლებიც მომეცა ქვეყნისაგან; შენი იყვნენ და მე მომეცი, და დაიცვეს შენი სიტყვა.
7. ახლა შეიცნეს, რომ ყველაფერი, რაც მომეცი, შენგანაა.
8. რადგანაც შენგან მოცემული სიტყვები მათ მივეცი, ხოლო მათ მიიღეს და სცნეს ჭეშმარიტად, რომ შენგან გამოვედი, და ირწმუნეს, რომ შენ მომავლინე.
9. მათთვის გევედრები; ქვეყნისთვის კი არ გევედრები, არამედ მათთვის, ვინაიდან შენი არიან.
10. ყველაფერი ჩემი შენია, შენი კი - ჩემი; და მე ვიდიდე მათში.
11. მე უკვე აღარა ვარ ამ ქვეყნად, ისინი კი არიან; ხოლო მე შენთან მოვდივარ, წმიდა მამაო; დაიცავი ისინი შენი სახელით, ვინც მე მომეცი, რათა იყვნენ ჩვენსავით ერთნი.
12. როცა მათთან ვიყავი, შენი სახელით ვიცავდი მათ, ვინც მე მომეცი: დავიფარე ისინი და არცერთი არ დამიღუპავს, გარდა დაღუპვის ძისა, რათა აღსრულდეს წერილი.
13. ახლა კი შენთან მოვდივარ და ამას ვამბობ ქვეყნად, რათა ჰქონდეთ სრულად ჩემი სიხარული.

1კორ IV, 9-16.
9. რადგანაც ვფიქრობ, რომ ჩვენ, მოციქულნი, ღმერთმა სულ ბოლოს გამოგვიყვანა, როგორც სიკვდილმისჯილნი, ქვეყნიერების, ანგელოზთა და კაცთა სასეიროდ.
10. ჩვენ - შლეგნი ქრისტეს გულისთვის, ხოლო თქვენ - ბრძენნი ქრისტეში; ჩვენ - უძლურნი, თქვენ კი - ძლიერნი; თქვენ - დიდებულნი, ჩვენ კი - გინებულნი,
11. თვით დღემდე რომ ვითმენთ შიმშილს და წყურვილს, სიშიშვლეს, გვემასა და მიუსაფრობას.
12. ვწვალობთ და საკუთარი ხელით ვმუშაობთ; გვაგინებენ და ვლოცავთ; გვდევნიან და ვითმენთ.
13. გვაყივნებენ და ვანუგეშებთ; თითქოს ნაგავი ვართ ქვეყნისა, ყველას მიერ ნაქელი მტვერი.
14. თქვენდა სარცხვენად როდი გწერთ ამას, არამედ როგორც ჩემი საყვარელი შვილების შესაგონებლად.
15. შეიძლება მრავალი მზრდელი გყავდეთ ქრისტეში, მაგრამ არა მრავალი მამა; რადგანაც ქრისტე იესოში სახარებით მე გშობეთ თქვენ.
16. ამიტომაც შეგაგონებთ, რომ მე მომბაძოთ.

ლკ. X, 1-15.
1. ამის შემდეგ აირჩია უფალმა სხვა სამოცდაათი მოწაფეც და წინასწარ წარგზავნა ისინი წყვილ-წყვილად იმ ქალაქებსა თუ სოფლებში, სადაც თვითონ აპირებდა მისვლას.
2. უთხრა მათ: სამკალი ბევრია, მაგრამ ცოტანი არიან მომკალნი. მაშ, ევედრეთ სამკალის პატრონს, რათა მუშაკნი მოავლინოს თავის სამკალში.
3. წადით: აჰა, მე გგზავნით თქვენ, როგორც კრავებს მგლებს შორის.
4. ნუ წაიტანებთ ნურც ფუთას, ნურც აბგას, ნურც ფეხსაცმელს, და ნურავის მიესალმებით გზაში.
5. რომელ სახლშიც უნდა შეხვიდეთ, თავდაპირველად თქვით: მშვიდობა ამ სახლს.
6. თუ იქნება იქ ძე მშვიდობისა, მასზე დაივანებს თქვენი მშვიდობა; თუ არა და - თქვენვე დაგიბრუნდებათ.
7. იმავე სახლში დარჩით, ჭამეთ და სვით, რაცა აქვთ, რადგანაც ღირსია მაშვრალი თავისი საზღაურისა. ნუ გადახვალთ სახლიდან სახლში.
8. თუ რომელიმე ქალაქში მიხვალთ და მიგიღებენ, ჭამეთ, რაც შემოგთავაზონ.
9. განკურნეთ იქაური სნეულნი და უთხარით მათ: მოგიახლოვდათ ღმრთის სასუფეველი.
10. ხოლო თუ რომელიმე ქალაქში მიხვალთ და არ მიგიღებენ, ქუჩაში გამოსვლისას თქვით:
11. თვით მტვერს, რომელიც თქვენს ქალაქში მოგვეკრა, ჩამოვიბერტყავთ და თქვენ გიტოვებთ; მაგრამ იცოდეთ, რომ მოგიახლოვდათ ღმრთის სასუფეველი.
12. გეუბნებით, განკითხვის დღე სოდომისათვის უფრო ასატანი იქნება, ვიდრე ამ ქალაქისათვის.
13. ვაი, შენდა, ქორაზინ! ვაი შენდა, ბეთსაიდა! რადგან ტიროსსა და სიდონს რომ მოვლენოდა თქვენში მოვლენილი სასწაული, რა ხანია ძაძასა და ნაცარში მსხდომნი შეინანებდნენ.
14. ამიტომ განკითხვის დღე ტიროსისა და სიდონისთვის უფრო ასატანი იქნება, ვიდრე თქვენთვის.
15. და შენ, კაპერნაუმ, თვით ზეცამდე ამაღლებული, ჯოჯოხეთამდე დაემხობი.

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
მხოლოდ განწმენდილ ადამიანს შეუძლია, ნათელი მისცეს სხვას
ამ ძალზე საგულისხმო წერილის ავტორი ახალგაზრდა რუმინელი ბერი ალექსი ცირდეაა, რომელიც რამდენჯერმე საქართველოსაც ესტუმრა.