ძველი სტილი
25 აპრილი
ორშაბათი
ახალი სტილი
8 მაისი
აღდგომიდან მე-4 შვიდეული. ხმა 3.
ხსნილი ხსნილი
წმიდისა დიდებულისა, ყოვლადქებულისა მოციქულისა და მახარებელისა მარკოზისა (63).
დღის ლოცვა
დიდებულისა, ყოვლადქებულისა მოციქულისა და მახარებელისა მარკოზის
ტროპარი:
თხემისა მის მოციქულთასა პეტრეს მიერ სწავლული იქმენ შენ, და მიიღე მოციქულება ქრისტესი, და ვითარცა რა მზემან კიდენი სოფლისანი განანათლენ, და იქმენ ალექსანდრიელთა შვენიერებაი, ნეტარო, და შენ მიერ ეგვიპტე იხსნა საცთურისაგან, და სახარებათა შენთა მოძღვრებითა მსგავსად ნათლისა განბრწყინდა; ამისთვის შენისა ხსენებისა პატივის მცემელნი ბრწყინვალედ ვდღესასწაულობთ დაძინებასა შენსა, მარკოზ ღმრთის მქადაგებელო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რათა ცოდვათა შენდობაი მოანიჭოს სულთა ჩუენთა.

კონდაკი: მაღლით მოიღე მადლი სულისა და რიტორთა წმასნა უკუნ არღვიე, დიდებულო, რამეთუ ყოველნივე წარმართნი მოინადირენ, მარკოზ ყოვლადქებულო, და მეუფესა შენსა მიუძღუანენ და საღმრთო უქადაგე სახარებაი.
დღის საკითხავები

ცისკ. - ლკ. 50 დას. X, 1-15. ლიტ. - საქ. 24 დას. X, 1-16. ინ. 24 დას. VI, 56-69. მოც. - 1 პეტ. 63 დას. V, 6-14. მკ. 23 დას. VI, 7-13.

ლკ. X, 1-15.
1. ამის შემდეგ აირჩია უფალმა სხვა სამოცდაათი მოწაფეც და წინასწარ წარგზავნა ისინი წყვილ-წყვილად იმ ქალაქებსა თუ სოფლებში, სადაც თვითონ აპირებდა მისვლას.
2. უთხრა მათ: სამკალი ბევრია, მაგრამ ცოტანი არიან მომკალნი. მაშ, ევედრეთ სამკალის პატრონს, რათა მუშაკნი მოავლინოს თავის სამკალში.
3. წადით: აჰა, მე გგზავნით თქვენ, როგორც კრავებს მგლებს შორის.
4. ნუ წაიტანებთ ნურც ფუთას, ნურც აბგას, ნურც ფეხსაცმელს, და ნურავის მიესალმებით გზაში.
5. რომელ სახლშიც უნდა შეხვიდეთ, თავდაპირველად თქვით: მშვიდობა ამ სახლს.
6. თუ იქნება იქ ძე მშვიდობისა, მასზე დაივანებს თქვენი მშვიდობა; თუ არა და - თქვენვე დაგიბრუნდებათ.
7. იმავე სახლში დარჩით, ჭამეთ და სვით, რაცა აქვთ, რადგანაც ღირსია მაშვრალი თავისი საზღაურისა. ნუ გადახვალთ სახლიდან სახლში.
8. თუ რომელიმე ქალაქში მიხვალთ და მიგიღებენ, ჭამეთ, რაც შემოგთავაზონ.
9. განკურნეთ იქაური სნეულნი და უთხარით მათ: მოგიახლოვდათ ღმრთის სასუფეველი.
10. ხოლო თუ რომელიმე ქალაქში მიხვალთ და არ მიგიღებენ, ქუჩაში გამოსვლისას თქვით:
11. თვით მტვერს, რომელიც თქვენს ქალაქში მოგვეკრა, ჩამოვიბერტყავთ და თქვენ გიტოვებთ; მაგრამ იცოდეთ, რომ მოგიახლოვდათ ღმრთის სასუფეველი.
12. გეუბნებით, განკითხვის დღე სოდომისათვის უფრო ასატანი იქნება, ვიდრე ამ ქალაქისათვის.
13. ვაი, შენდა, ქორაზინ! ვაი შენდა, ბეთსაიდა! რადგან ტიროსსა და სიდონს რომ მოვლენოდა თქვენში მოვლენილი სასწაული, რა ხანია ძაძასა და ნაცარში მსხდომნი შეინანებდნენ.
14. ამიტომ განკითხვის დღე ტიროსისა და სიდონისთვის უფრო ასატანი იქნება, ვიდრე თქვენთვის.
15. და შენ, კაპერნაუმ, თვით ზეცამდე ამაღლებული, ჯოჯოხეთამდე დაემხობი.

საქ. X, 1-16.
1. კესარიაში იყო ერთი კაცი, სახელად კორნელიუსი, ეგრეთწოდებული იტალიური კოჰორტის ასისთავი,
2. კეთილმორწმუნე და ღვთისმოშიში მთელი თავისი სახლეულითურთ, ხალხის ნამდვილი მწყალობელი და მუდამ ღმერთის მიმართ მლოცველი.
3. მეცხრე საათი იქნებოდა, როცა ცხადად იხილა ხილვით, რომ შევიდა მასთან ღვთის ანგელოზი და უთხრა: კორნელიუს!
4. ხოლო მან შეხედა ანგელოზს და შეძრწუნებულმა თქვა: რა გნებავს, უფალო? მან კი მიუგო: შენი ლოცვანი და წყალობანი ავიდნენ ღვთის წინაშე მოსახსენებლად.
5. მაშ, გაგზავნე ხალხი იეპოში და მოუხმე სიმონს, რომელსაც ჰქვია პეტრე.
6. იქ სტუმრადაა ვინმე სიმონ დაბაღისას, ვისი სახლიც ზღვის პირას დგას.
7. როდესაც მასთან მოსაუბრე ანგელოზი გაუჩინარდა, კორნილიუსმა უხმო ორ მსახურს და ღვთისმოსავ მეომარს, თავის ხელქვეითს,
8. ყველაფერი უამბო და იოპეს გაგზავნა ისინი.
9. მეორე დღეს, როცა გზად მიმავალნი უკვე ქალაქს მიუახლოვდნენ, პეტრე ერდოზე ავიდა სალოცავად; იქნებოდა, ასე, ექვსი საათი.
10. მოშივდა და ჭამა მოუნდა; ვიდრე რამეს მოუმზადებდნენ, ექსტაზში ჩავარდა იგი.
11. და იხილა გახსნილი ცა, საიდანაც მისკენ ეშვებოდა რაღაც უცნაური ჭურჭელი, ვეება ტილოს მსგავსი, ოთხივე წვერით გამოკრული რომ უახლოვდებოდა მიწას.
12. მასში იყო დედამიწის ბინადარი ყოველგვარი ოთხფეხი, ქვეწარმავალი და ცის ფრინველი.
13. და იყო ხმა მის მიმართ: ადექი, პეტრე, დაკალი და ჭამე.
14. ხოლო მან თქვა: არა, უფალო, რადგანაც არასოდეს მიჭამია რაიმე ბილწი და უწმინდური.
15. კვლავ იყო ხმა მის მიმართ: რაც წმიდა-ყო ღმერთმა, შენ ნუ მიიჩნევ უწმინდურად.
16. ასე განმეორდა სამჯერ, და კვლავ ამაღლდა ჭურჭელი ზეცად.

ინ. VI, 56-69.
56. ვინც ჭამს ჩემს ხორცს და სვამს ჩემს სისხლს, ის ჩემშია, ხოლო მე - მასში.
57. როგორც მე მომავლინა ცოცხალმა მამამ და ვცოცხლობ მამით, ასევე ჩემი მჭამელიც იცოცხლებს ჩემით.
58. ეს არის პური, რომელიც ჩამოვიდა ზეცით. ისე კი არა, როგორც თქვენმა მამებმა ჭამეს მანანა და დაიხოცნენ. ამ პურის მჭამელი საუკუნოდ იცოცხლებს.
59. ესა თქვა სინაგოგაში, როცა კაპერნაუმში ასწავლიდა.
60. ბევრმა მისმა მოწაფემ ამის გაგონებისას თქვა: მკაცრია ეს სიტყვა; ვის შეუძლია მისი მოსმენა?
61. ხოლო იესომ თვითონვე იცოდა, რომ მისი მოწაფეები დრტვინავდნენ ამის გამო, და უთხრა მათ: ნუთუ ეს გაცდნებთ თქვენ?
62. მაგრამ თუ იხილავთ კაცის ძეს, იქ აღმავალს, სადაც პირველად იყო?
63. სული ცხოველმყოფელია, ხორცი კი ყოვლად ურგები; სიტყვები, მე რომ გითხარით, სული არის და სიცოცხლე.
64. მაგრამ ზოგიერთ თქვენგანს არა სწამს. ვინაიდან იესომ იმთავითვე იცოდა, ვინ არიან ურწმუნონი და ვინ არის მისი გამცემი.
65. და თქვა: ამიტომაც გითხარით, რომ ვერავინ მოვა ჩემთან, თუკი არ მიეცემა მამის მიერ.
66. ამის შემდეგ ბევრი მოწაფე ჩამოშორდა და აღარ მისდევდა მას.
67. მაშინ იესომ უთხრა თორმეტს: თქვენც ხომ არ გინდათ წასვლა?
68. ხოლო სიმონ-პეტრემ მიუგო: უფალო, ვისთან მივიდეთ? საუკუნო სიცოცხლის სიტყვები შენა გაქვს.
69. ჩვენ ვიწამეთ და შევიცანით, რომ შენა ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმრთისა.

1პეტ. V, 6-14.
6. მაშ, დამდაბლდით ღვთის მტკიცე ხელქვეშ, რათა დროულად აგამაღლოთ თქვენ.
7. მას მიანდეთ ყოველი თქვენი საზრუნავი, რადგანაც ის ზრუნავს თქვენზე.
8. იფხიზლეთ და ფრთხილად იყავით, რადგანაც თქვენი მტერი ეშმაკი დაძრწის, როგორც მბრდღვინავი ლომი, და მსხვერპლს დაეძებს.
9. წინ აღუდექით მას მტკიცე რწმენით; გახსოვდეთ, რომ იგივე ვნებები ემუქრება თქვენს საძმოს ამ წუთისოფლად.
10. ხოლო ღმერთი ყოველი მადლისა, თავისდა სადიდებლად რომ გიხმოთ იესო ქრისტეს მიერ, თქვენი ხანმოკლე ტანჯვის შემდეგ თვითონვე სრულგყოფთ, დაგამკვიდრებთ, გაგაძლიერებთ და განგამტკიცებთ.
11. დიდება მას და ძალმოსილება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
12. სილვანუსის, ჩემი აზრით, თქვენი სანდო ძმის ხელით მოკლედ მოგწერეთ, განუგეშეთ და გიმოწმეთ, რომ ეს მადლი ღვთისა, რომლითაც დგახართ, ჭეშმარიტია.
13. მოგიკითხავთ თანარჩეული ეკლესია ბაბილონისა და მარკოზი, ჩემი ძე.
14. სიყვარულის ამბორით მოიკითხეთ ერთმანეთი. მშვიდობა ყველას, ვინც იესო ქრისტეში ხართ. ამინ.

მკ. VI, 7-13.
7. მოუხმო თორმეტს, წყვილ-წყვილად დაუწყო წარგზავნა, და მისცა მათ უწმინდურ სულთა დათრგუნვის ძალა.
8. და ამცნო მათ, არაფერი წაეღოთ გზაში, გარდა არგნისა; არცა აბგა, არც პური, არც რვალი სარტყლით:
9. არამედ სცმოდათ მხოლოდ ხამლები, და ნუ იგულებდნენ ორ ხელ სამოსს.
10. და უთხრა მათ: თუ სადმე შეხვალთ სახლში, იქვე დარჩით, სანამ არ გამოხვალთ იქიდან.
11. ხოლო თუ არავინ მიგიღოთ და არც ისმინოს თქვენი, იქიდან გამოსვლისას, მათ სამოწმებლად ჩამოიბერტყეთ თქვენი ფეხიდან მტვერი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: განკითხვის დღე სოდომისა და გომორისთვის უფრო ასატანი იქნება, ვიდრე იმ ქალაქისათვის.
12. და წავიდნენ ისინი სინანულის საქადაგებლად.
13. აძევებდნენ მრავალ ეშმაკს, ზეთს სცხებდნენ და ჰკურნავდნენ უამრავ სნეულს.

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
ღირსი მამა ანტონ მარტყოფელის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ბენიამინი (ბელქანია):
საიტის პარტნიორები