დღის საკითხავები
ლიტ. - 1 თეს. 263 დას. I, 6-10. ლკ. 55 დას. XI, 1-10. მოწ. - ეფ. 224 დას. (შუათგან), IV, 7-13. მთ. 34 დას. (შუათგან), X, 1-8.
1თეს. I, 6-10.
6. ჩვენი და უფლის მიმბაძველნი რომ გახდით, რადგანაც ჭირმრავლობაში შეიწყნარეთ სიტყვა სული წმიდის სიხარულით.
7. ასე რომ, ყველა მორწმუნის ნიმუშად იქეცით მაკედონიასა და აქაიაში.
8. ვინაიდან თქვენს მიერ განივრცო სიტყვა უფლისა არა მარტო მაკედონიასა და აქაიაში, არამედ თქვენმა ღვთისმორწმუნეობამ ყველა სხვა მხარესაც უწია, ასე რომ, აღარაფერი გვაქვს სათქმელი.
9. რადგანაც თვითონვე გითხრობენ ჩვენზე, როგორი შემოსვლა გვქონდა თქვენთან, როგორ მოიქეცით ღვთის მიმართ კერპთაგან, რათა ემსახუროთ ცოცხალსა და ჭეშმარიტ ღმერთს,
10. და ელოდოთ ზეციდან მის ძეს, რომელიც აღადგინა მკვდრეთით, - იესოს, მომავალი რისხვისაგან ჩვენს მხსნელს.
ლკ. XI, 1-10.
1. მოხდა ისე, რომ ერთ ადგილას ლოცულობდა, და როცა დაასრულა ლოცვა, ერთმა მოწაფეთაგანმა უთხრა: უფალო, გვასწავლე ლოცვა, როგორც იოანემ ასწავლა თავის მოწაფეებს.
2. და უთხრა მათ: როცა ლოცულობთ, თქვით: მამაო ჩვენო, რომელიც ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი; მოვიდეს სუფევა შენი; იყოს ნება შენი როგორც ცაში, ისე ქვეყანაზედაც.
3. პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ ყოველდღე.
4. და მოგვიტევე ჩვენ ცოდვები ჩვენი, რადგან ჩვენც მივუტევებთ ყველა მოვალეს ჩვენსას. და ნუ შეგვიყვან ჩვენ საცდუნებელში, არამედ გვიხსენ ბოროტისაგან.
5. და უთხრა მათ: ერთ-ერთ თქვენგანს რომ ჰყავდეს მეგობარი და შუაღამისას მიადგეს და უთხრას: მეგობარო, მასესხე სამი პური,
6. ვინაიდან გზად მიმავალმა მეგობარმა შემომიარა და მე კი არაფერი მაქვს, რომ გავუმასპინძლდე, -
7. ხოლო მან შიგნიდან მიუგოს: ნუ მაწუხებ, ვინაიდან კარი უკვე დაკეტილია და ბავშვები ჩემთან ერთად წვანან საწოლში, არ შემიძლია ავდგე და მოგცე.
8. გეუბნებით, მეგობრობის გამოც რომ არ ადგეს და არ მისცეს პური, თუ არ მოეშვა, მაშინ მაინც ადგება და მისცემს იმდენს, რამდენიც სჭირდება.
9. ამასაც გეუბნებით: ითხოვეთ და მოგეცემათ; ეძებეთ და ჰპოვებთ; დააკაკუნეთ და გაგიღებენ,
10. რადგან ყველა მთხთვნელს მიეცემა, მძებნელი ჰპოვებს და ვინც აკაკუნებს, გაუღებენ.
ეფ. IV, 7-13.
7. ხოლო თვითეულ ჩვენგანს ქრისტესმიერი ნიჭის ზომისამებრ მიეცა მადლი.
8. ამიტომაც თქმულა: „ავიდა მაღლა, წამოასხა ტყვენი და საბოძვარი უბოძა ხალხს“.
9. მაგრამ რას ნიშნავს „ავიდა“, თუ არა იმას, რომ უფრო უმალ ქვესკნელში უნდა ჩასულიყო?
10. ჩასული კი იგივეა, რაც ყველა ცაზე მაღლა ასული, რათა აღავსოს ყოველი.
11. მანვე დაადგინა ზოგი მოციქულად, ზოგი წინასწარმეტყველად, ზოგი მახარებლად, ზოგნიც მწყემსებად და მოძღვრებად.
12. რათა სრულეყოთ წმიდანი მსახურების საქმისათვის - ქრისტეს სხეულის ასაშენებლად,
13. ვიდრე ყველანი მივაღწევდეთ რწმენის ერთობას და ღმერთის ძის შემეცნებას სრულყოფილ კაცად, ქრისტეს ასაკის სისრულის ზომას,
მთ. X, 1-8.
1. მოუხმო თავის თორმეტ მოწაფეს, და მისცა მათ ხელმწიფება უწმინდურ სულთა განდევნისა და ყოველგვარი სენისა თუ ყოველგვარი უძლურების განკურნებისა.
2. ხოლო ამ თორმეტი მოციქულის სახელებია: პირველად სიმონი, პეტრედ წოდებული, და მისი ძმა ანდრია; იაკობი ზებედესი და მისი ძმა იოანე;
3. ფილიპე და ბართლომე; თომა და მათე მებაჟე; იაკობი ალფესისა და ლებეოსი, თადეოსად სახელდებული;
4. სიმონ კანანელი და იუდა ისკარიოტელი, რომელმაც გასცა იგი.
5. აი, ეს თორმეტი წარგზავნა იესომ, უბრძანა და უთხრა მათ: წარმართთა გზით ნუ ივლით, და ნუ შეხვალთ სამარიელთა ქალაქში.
6. არამედ მიაკითხეთ უპირატესად ისრაელის სახლის დაკარგულ ცხვრებს.
7. მიაკითხეთ და უქადაგეთ, რომ მოახლოვდა ცათა სასუფეველი.
8. განკურნეთ სნეულნი, განწმინდეთ კეთროვანნი, აღადგინეთ მკვდარნი, განდევნეთ ეშმაკნი; უსასყიდლოდ მიგიღიათ და უსასყიდლოდვე გაეცით.