სულიერი თვალსაზრისით ქორწინება მძიმე გამოდგა ღვთისმოსავი ქალისთვის, რადგანაც ქმარი წარმართი იყო. კეთილმსახური ნონა მხურვალედ ევედრებოდა ღმერთს, რომ გრიგოლი ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოექცია. მისი ვაჟი, გრიგოლ ღვთისმეტყველი, წერს: "მას არ შეეძლო მშვიდად ატანა იმისა, რომ ღმერთთან ერთი ნახევრით შეერთებული ყოფილიყო, ხოლო მეორე ნახევრით - განდგომილი. სურდა, რომ ხორციელ კავშირს სულიერი კავშირიც დართვოდა. ამიტომ დღე და ღამ მარხვითა და ცრემლით ევედრებოდა ღმერთს, ეხსნა მისი ქმარი".
წმინდა ნონას ლოცვით გრიგოლს ღმერთმა ძილში ჩვენება მოუვლინა, რომლის შემდეგაც იგი ნიკეაში გამართულ პირველ მსოფლიო კრებაზე მივიდა და აღიარა თავისი მოქცევა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. საცხოვნებელ გზას შემდგარი გრიგოლი ჯერ მღვდლად აკურთხეს, ხოლო შემდეგ ნაზიანზის საეპისკოპოსო კათედრაც ჩააბარეს. მისი ეპისკოპოსად ხელდასხმის დროს დიაკონისად აკურთხეს წმინდა ნონაც.
გრიგოლ ღვთისმეტყველი ყოველთვის დიდი სიყვარულით იგონებდა მშობლებს: "მამაჩემი იყო მშვენიერი და ფრიად კეთილი მოხუცი, უბრალო ზნის, ცხოვრებაში სამაგალითო, ჭეშმარიტი პატრიარქი, მეორე აბრაამი. თავდაპირველად ცდომილებაში ცხოვრობდა, მაგრამ შემდეგ ქრისტეს მეგობარი შეიქნა, ბოლოს, მწყემსი და მწყემსმთავარიც...
დედაჩემმა, მიიღო რა მამათაგან წმინდა სარწმუნოება, თავის შვილებსაც შემოავლო ეს ოქროს ჯაჭვი. მას, გარეგნობით დედაკაცს, მამაკაცის გული ჰქონდა. მხოლოდ იმიტომ დადიოდა მიწაზე და ამქვეყნიურ საზრუნავს მიჰყვებოდა,რომ სააქაო ყოფაში მარადიული ცხოვრებისთვის მომზადებულიყო".
გრიგოლს და ნონას სამი შვილი ეყოლათ, ორი ვაჟი და ერთი ქალი. მშობლები სიყვარულით ზრუნავდნენ შვილების აღზრდაზე. მათი უმცროსი ვაჟი, კესარიოსი, ცნობილი მკურნალი გახდა. იგი დიდხანს ცხოვრობდა იმპერატორ კონსტანტის (337-361) სასახლის კარზე. ის იმპერატორის მეგობარი და სასახლის კარის მკურნალი იყო. 368 წელს კესარიოსი სასწაულებრივად გადაურჩა ნიკეაში მომხდარ მიწისძვრას, რამაც საბოლოოდ დაარწმუნა უფლის განგებულებაში, სათნოებასა და ყოვლისშემძლეობაში. წმინდა კესარიოსმა დატოვა საერო ცხოვრება და უფლის მსახურებას შესწირა თავი. გრიგოლ ღვთისმეტყველის და, გორგონია, სამაგალითო ქრისტიანი იყო. აი, რას წერდა მის შესახებ წმინდა გრიგოლი ეპიტაფიაში: "ის იყო მოკრძალებული, ყოველგვარ სიამაყეს მოკლებული. მან მოაქცია ქმარი და მისი სახით ჰყავდა არა ანჩხლი ბატონი, არამედ კეთილი მეუღლე. განწმინდა და ღმერთს შესძინა შვილები, შვილიშვილები, მთელი სახლეული, როგორც ერთი სული. სიცოცხლეში შვილებისთვის ყოველივე კეთილის მაგალითი იყო, გარდაცვალების შემდეგ კი მისი ხსოვნა სახლეულისთვის ერთგვარ უსიტყვო შეგონებად იქცა. რომელი დედაკაცი იცავდა მასზე უკეთ ზომიერებას სიმკაცრეში და მოკრძალებას მხიარულებაში. მისი სიმკაცრე უხეშობა არ იყო, ალერსი - თავნებობა; მათში კეთილგონიერება და თვინიერება იგრძნობოდა. იგი არ იკაზმებოდა ოქროულით, მდიდრული სამოსით, პატიოსანი ქვებით. მხოლოდ მორცხვობისგან ეფაკლებოდა სახე. ვინ იყო მასზე გულუხვი გაჭირვებულთათვის? ის ობლებს დედობას უწევდა, მისი სახლი ღარიბი ნათესავების თავშესაფარი იყო, მისი მამულით ღატაკები სარგებლობდნენ."
სიცოცხლის უკანასკნელ წლებში წმინდა ნონას მრავალი განსაცდელი დაატყდა თავს. 368 წელს გარდაიცვალა მისი უმცროსი ვაჟი კესარიოსი, ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ბრწყინვალე მომავალი ჰქონდა. მომდევნო წელს ქალიშვილიც მიიცვალა.
გრიგოლ ღვთისმეტყველი წერს: "დედაჩემი ყოველთვის იყო მტკიცე და მხნე, მთელი სიცოცხლის განმავლობაში არ უგრძნია უძლურება, მაგრამ ბოლოს სნეულება შეეყარა. საუბარი რომ არ გამიგრძელდეს, მრავალ სატანჯველთაგან დავასახელებ ყველაზე მძიმეს, რომელიც მრავალი დღის მანძილზე უგრძელდებოდა და არავითარი წამლით არ იკურნებოდა. როგორღა ასაზრდოებდა მას ღმერთი? არც მანანას უგზავნიდა, როგორც ერთ დროს ისრაელს, არც ქვა განუპია, რათა წყალი გადმოედინა მწყურვალთათვის, არც ყორნების მეშვეობით კვებავდა, როგორც ილიას და არც წმინდა წინასწარმეტყველის ხელით, როგორც ოდესღაც ორმოში ჩაგდებულ, შიმშილისაგან გაწამებულ დანიელს; მაშ, მაინც როგორ? მას წარმოუდგა, თითქოს მე, ვინც განსაკუთრებით ვუყვარდი (იგი ძილშიც კი არავის მამჯობინებდა), მოულოდნელად გამოვეცხადე ღამით. ხელში მეჭირა საოცარი თეთრი პურებით სავსე კალათა. შემდეგ წარმოვთქვი ლოცვა, პურს ჯვარი გადავსახე ჩვენში მიღებული ჩვეულების თანახმად და გემოს გასასინჯად მივაწოდე, რითაც განვამტკიცე და ძალები აღვუდგინე. ეს ღამეული ჩვენება მისთვის რაღაც ნამდვილად არსებული იყო, რადგან ამ დროიდან გონზე მოვიდა და საიმედო პირი დაეტყო. ის, რაც მას შეემთხვა, ნათლად, გარკვევით გაცხადდა. როცა დილით ადრე მასთან შევედი, მაშინვე შევამჩნიე მდგომარეობის გაუმჯობესება.
შემდეგ ჩვეულებისამებრ ვკითხე, თუ როგორ გაატარა ღამე და რამე ხომ არ სჭირდებოდა. მან სხარტად და ტკბილად მიპასუხა: "საყვარელო შვილო, შენ თვითონ დამაპურე და ახლა კითხულობ ჩემს ჯანმრთელობას?! რა კეთილი და ლმობიერი ხარ!" მოახლეებმა მანიშნეს, რომ არ შევპასუხებოდი, მისი სიტყვები გულგრილად არ მიმეღო და ჭეშმარიტების გამჟღავნებით სასოწარკვეთილებაში არ ჩამეგდო".
374 წელს ასი წლის ასაკში გარდაიცვალა ეპისკოპოსი გრიგოლი (ხს. 1 იანვარს). წმინდა ნონა ქმრის სიკვდილის შემდეგ თითქმის აღარც გასულა ტაძრიდან, სადაც ლოცვის დროს შეჰვედრა კიდეც სული უფალს 374 წლის 5 აგვისტოს.
* * *
ნონა ჯერ კიდევ გრიგოლის დაბადებამდე ევედრებოდა ღმერთს, მისთვის ვაჟი ეჩუქებინა და აღთქმაც დადო, რომ შვილს მასვე მიუძღვნიდა. უფალმა ისმინა მისი და მისცა ძე, რომელსაც მამის სახელი - გრიგოლი უწოდეს. იგი მაშინვე არ მოუნათლავთ, რადგან იმ ხანებში ქრისტიანებს დაბადებისთანავე არ ნათლავდნენ, არამედ ზრდასრულ ასაკში. მოგვიანებით წმინდა მამებმა ეს ჩვეულება შეცვალეს და წესად დაადგინეს ყრმათა ადრეული ნათლობა.
ყრმა გრიგოლი ქრისტიანულად იზრდებოდა. იგი თავიდანვე გამოირჩეოდა თანატოლებისაგან განსაკუთრებული გონიერებითა და სწავლაში გულმოდგინებით. როდესაც გრიგოლმა კითხვა ისწავლა, დედამ წმინდა წერილი აჩუქა და დაბეჯითებით მოსთხოვა, აღესრულებინა მშობლის მიერ უფლისათვის მიცემული აღთქმა. გრიგოლმა სურვილი შეუსრულა: ადრეული ასაკიდანვე მიილტვოდა მისი სული ღვთისკენ, რომლის სათნო-ყოფა და სამსახური ცხოვრების მთავარ მიზნად ექცა.
სასწავლებლად ალექსანდრიასა და ათენში მშობლებმა ყმაწვილი გრიგოლი განათლების მისაღებად კესარიის სასწავლებელში გაგზავნეს, სადაც ბასილი გაიცნო; შემდგომ სწავლა ალექსანდრიაში განაგრძო, ბოლოს კი ათენს მიაშურა. ალექსანდრიიდან ათენში ხომალდით უნდა ჩასულიყო. როგორც თვითონ წერს, ზღვით სამოგზაუროდ მეტისმეტად არახელსაყრელი დრო შეარჩია.
კუნძულ კვიპროსთან მძვინვარე ქარებისაგან აღელვებული ზღვა დაღუპვით ემუქრებოდა ხომალდს. ყველა, ვინც ადრე ჭეშმარიტი ღმერთი არ იცოდა, ერთხმად მოუხმობდა საშველად ქრისტეს, რადგანაც შიში ყველაზე შთამაგონებელი გაკვეთილია. ამ საშინელი საფრთხის ჟამს გრიგოლ ღვთისმეტყველი ქრისტეს შეევედრა: "შენთვის ვიცხოვრებ, თუ თავს დავაღწევ ამ საშინელ საფრთხეს, ხოლო უკეთუ არა, შენ დაკარგავ ერთგულ მსახურს". უფალმა შეისმინა მისი ვედრება და ზღვა მსწრაფლ დაწყნარდა. ამ ლოცვის შედეგად ყველა, ვინც კი ხომალდზე იყო, იქიდან ქრისტეს მიმართ უღრმესი მოწიწების გრძნობით შეპყრობილი გადმოვიდა.
ათენში ერთმანეთს ისევ შეხვდნენ გრიგოლი და ბასილი. გულითადი მეგობრობა მათი სიცოცხლის ბოლომდე არ განელებულა. გრიგოლი წერდა: "ჩვენ ერთმანეთის თვის ვიყავით ყველაფერი: მეგობრებიც, თანამეინახენიც და ახლობლებიც. ერთი მიზნისკენ მიმავალთ სულ უფრო გვიღვივდებოდა ერთმანეთის სიყვარული, თითქოს ორივეს გვქონდა ერთი ინტერესი - სათნოება, და ერთი ძალისხმევა - განვრიდებოდით მიწიერს და გვეცხოვრა სამომავლო სიკეთეებისთვის".
ათენი, როგორც პავლე მოციქულის დროს, ახლაც სავსე იყო კერპებით. ამაოებათა სიბრძნის ამ დედაქალაქში წარმართებს ჯერ კიდევ საკმაოდ დიდი გავლენა ჰქონდათ. ამას სკოლების მასწავლებლებიც უწყობდნენ ხელს და ცდილობდნენ, ქრისტიანობა გონებრივი განვითარებისთვის საზიანო სწავლებად წარმოეჩინათ. ათენის სახელგანთქმული სასწავლებლების დამრიგებლების უმრავლესობას ცოდნისა და სწავლების სიყვარული იმდენად არ ამოძრავებდა, რამდენადაც ანგარება და პატივმოყვარეობა. ისინი ფუქსავატურად დასცინოდნენ ჭეშმარიტებას, ცდილობდნენ მეტი და მეტი მოწაფის მიზიდვას და მჭევრმეტყველებითა თუ გონებამახვილობით სახელის მოხვეჭას.
ბასილიმ და გრიგოლმა სწორად შეაფასეს, რაც ათენში ხდებოდა; არ მოხიბლულან ცრუ სიბრძნით, ზოგიერთი დამრიგებლის ფუჭი ენაწყლიანობით და მაღალი საზოგადოების თანამდევ სიამოვნებათა ბრწყინვალებით. მეცადინეობდნენ ბეჯითად, შრომობდნენ თავდაუზოგავად და გამუდმებით; ღვთისადმი სიყვარულით ფრთაშესხმულებმა არ იცოდნენ, რა იყო დაღლა ან გართობა. მეგობრობდნენ მხოლოდ თანამოაზრეებთან. ქალაქში მხოლოდ ორი გზა იცოდნენ: ერთი სასწავლებლის და მეორე - ეკლესიისკენ მიმავალი, სადაც ქრისტიანულ შეგონებებს ისმენდნენ. რადგან ჯერ არ იყვნენ ნათელღებულნი, საიდუმლოებში მონაწილეობის ნება არ ჰქონდათ.
უფალმა აკურთხა ორი ჭაბუკის შრომა და ისინიც მალე საუკეთესო მოწაფეები გახდნენ. მათ შორის ამაო მეტოქეობას ადგილი არ ჰქონია: თითოეულს საკუთარ წარმატებებზე მეტად მეგობრის წინსვლა უხაროდა და ყოველთვის მზად იყო პირველობის დასათმობად. მათ შეისწავლეს ფილოსოფია, ლოგიკა, რიტორიკა. მოგვიანებით, უკვე ცნობილი მქადაგებელი - გრიგოლი ამბობდა: "სიტყვას ვფლობ, როგორც მსახური ღმერთი-სიტყვისა. ნებით არასოდეს უგულებელვყოფ ამ სიმდიდრეს, რომელსაც ვუფრთხილდები, და რაც მანუგეშებს უფრო მეტად, ვიდრე სხვებს ამქვეყნიური სიმდიდრენი".
ბასილი ათენიდან ხუთი წლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. გრიგოლი დარჩა და რიტორიკის მასწავლებლობას შეუდგა.
დაბრუნება ნაზიანზში მშობლებთან
მოგვიანებით გრიგოლმა შეიტყო მამის ნაზიანზის ეპისკოპოსად კურთხევა და სამშობლოში დაბრუნდა. ამ დროს გრიგოლი უკვე 30 წლისა იყო და მამის ხელიდან მიიღო წმინდა ნათლისღება. მას ასკეტური ცხოვრება იზიდავდა და ძალიან უნდოდა, თავისი მეგობრის ახლოს დასახლებულიყო, თუმცა ნაზიანზში გარკვეული მოვალეობები აკავებდა - თუნდაც ის, რომ ღრმად მოხუცი მშობლები მარტონი იყვნენ. გრიგოლმა თავისი მისწრაფებები გაწირა და შეეცადა, მშობლებს შეშველებოდა: უვლიდა მამამისის მამულს, თვალყურს ადევნებდა სამეურნეო სამუშაოებს, ზრუნავდა გადასახადების გადახდაზე...
მას, მართალია, არ აკმაყოფილებდა ცხოვრების ახალი წესი, მაგრამ დარწმუნებული იყო, რომ მშობლებზე ზრუნვით ღვთისთვის სათნოდ იქცეოდა. იგი წერს: "ვფიქრობდი, შენთვის მოსაწონი აღმესრულებინა, მეუფეო ჩემო, ქრისტე, რამეთუ შენი წყალობით ეძლევათ მოკვდავთ შვილები; ისინი ხდებიან მოხუცთა დამხმარენი, რომლებიც მათზე, როგორც კვერთხზე, აყრდნობენ აცახცახებულ სხეულს."
მალე მამამ იგი თავისი ნების წინააღმდეგ მღვდლად აკურთხა და ეპისკოპოსად დადგინებასაც უპირებდა. ეს რომ შეიტყო, გრიგოლი გაიპარა შინიდან და პონტოს მონასტერს მიაშურა, სადაც უკვე მოღვაწეობდა მისი მეგობარი ბასილი. ამგვარად, ბასილი და გრიგოლი კვლავ ერთად ცხოვრობდნენ, ერთმანეთს ბაძავდნენ ღვთის სათნო ცხოვრებაში და ერთადვე ქმნიდნენ მონაზვნური ცხოვრების წეს-განგებას.
ამ დროს გარდაიცვალა გრიგოლის ძმა, კესარიოსი. მამამ წერილი მოსწერა, რომელშიც ცრემლით ევედრებოდა, ჩასულიყო და თანადგომა გაეწია მისთვის. გრიგოლი დაჰყვა მამის თხოვნას და დაბრუნდა ნაზიანზში, სადაც არიოზის წვალება მომძლავრებულიყო. აქ იგი ეხმარებოდა ღრმად მოხუცებულ მამას ეკლესიის მართვასა და არიოზის
ცრუ-მოძღვრების მხილებაში.
კონსტანტინე დიდის ძის, კონსტანტის სიკვდილის შემდეგ ბიზანტიის ტახტზე ავიდა უსჯულო იულიანე, რომელიც აშკარად განუდგა ქრისტეს და თავი წარმართად გამოაცხადა. მან განაახლა ქრისტიანების დევნა და დიდ საფრთხეს უქადდა ქრისტეს ეკლესიას, მაგრამ სპარსელებთან ერთერთ ბრძოლაში დაეცა. მის შემდეგ გამეფდა მართლმადიდებელი იმპერატორი იობიანე, რომელმაც ძლიერ ცოტა ხანს იცოცხლა და ტახტზე არიოზის მიმდევარი ვალენტი ავიდა. მის დროს ამ ცრუმოძღვრებამ ახალი ძალით იფეთქა და მრავალი მართლმადიდებელი ქრისტიანი აცთუნა.
თვით ეპისკოპოსი ევსები კესარიელიც კი შეორგულდა და გადაუხვია მართალ სარწმუნოებას. ეს რომ შეიტყო, გრიგოლმა წერილი მისწერა მას და ურჩია, კესარიაში ბასილი დიდი დაებრუნებინა. მანვე მისწერა ბასილის და სთხოვა, ეკლესიის საჭიროებისთვის მიეტოვებინა მონასტერი და კესარიაში წასულიყო. ამგვარად, მან შეარიგა ეს ორი მამა. ბასილი კესარიაში დაბრუნდა და მხარში ამოუდგა ევსევის. არიანელთა დიდი ნაწილი დადუმდა, დანარჩენები გაიქცნენ.
სასიმის ეპისკოპოსი
წმინდა გრიგოლი ერთ-ერთ მონასტერში განმარტოვდა, მერე კი უდაბნოში დაეყუდა, თუმცა მალე ყურად იღო მშობლების ვედრება და ნაზიანზში დაბრუნდა. მამა სთხოვდა, მის ნაცვლად ემართა ნაზიანზის ეკლესია, მაგრამ გრიგოლს არ სურდა ამ პატივის მიღება და უარზე იდგა. ბოლოს იგი დამორჩილდა ბასილი დიდისა და მამის ნებას და ქალაქ სასიმის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი. გრიგოლის მამა 45 წელი იყო ნაზიანზის ეპისკოპოსი და ღრმად მოხუცი, 100 წლისა, მიიცვალა. მალე ნეტარი ნონაც აღესრულა. გრიგოლმა დიდი პატივით დაკრძალა მშობლები და, თუმცა თანამოქალაქეებს ძალიან უნდოდათ, რომ მას მამის კათედრა დაეკავებინა, გრიგოლი არ დაჰყვა მათ თხოვნას.
მალე იგი ფარულად სელევკიაში გაემგზავრა, იქიდან კი კესარიაში ჩავიდა და ბასილის მიერ მოწყობილი საავადმყოფოებისა და ხანაგების გამგებლობას შეუდგა. ამასობაში არიანული წვალების წიაღიდან იშვა ახალი - მაკედონიოსის სულიწმიდის მგმობელი წვალება. ეს წვალება განსაკუთრებით გავრცელდა ბიზანტიაში. ბასილი დიდისა და მრავალი სხვა მამის რჩევით, გადაწყდა გრიგოლი ბიზანტიაში ჩასულიყო მართლმადიდებლობის დასაცავად. ამ დროს აღესრულა ბასილი დიდი, რამაც დიდად დაამწუხრა გრიგოლი, იგი ჩავიდა კესარიაში და თავისი უახლოესი მეგობარი დაიტირა.
კონსტანტინოპოლის მღვდელმთავარი
არსად ისე ძლიერ არ გავრცელდა და ჩაიკირა ბოროტება, როგორც კონსტანტინოპოლში, სადაც თითქმის ორმოცი წლის განმავლობაში არიანელი ეპისკოპოსები სამოქალაქო ხელისუფლებასთან ერთად მფარველობდნენ ცრუსწავლებას. მთელი მოსახლეობა საღვთისმეტყველო საკითხების განსჯისა და პაექრობის ვნებამ მოიცვა. ქუჩებში გაუთავებლად კამათობდნენ. ქრისტეს ღმერთობაზე დავობდნენ ხელოსნები, დახლიდარნი... ამტკიცებდნენ ან უარყოფდნენ სულიწმიდის ღმერთობას. საღვთისმეტყველო დავა პირადი შეურიგებელი ქიშპობის მიზეზიც ხდებოდა. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ დავიწყებული ჰქონდათ ქრისტიანული სიბრძნის არსი: რწმენა, სიყვარული, თავმდაბლობა და მოწყალება.
ცრუსწავლების გავრცელებას ხელს არავინ უშლიდა, ხოლო ნიკეის მრწამსს მუდამ დევნიდნენ. მართლმადიდებლებს კონსტანტინოპოლში ერთი ტაძარიც კი არ ჰქონდათ. ისინი ღვთისმსახურებისთვის ფარულად იკრიბებოდნენ ტყეებში, მთებში, სადაც მტერი მაინც აგნებდა და თავს ესხმოდა. სამაგიეროდ, ძნელბედობისა და დევნის დროს ძლიერდებოდა მათი ურთიერთსიყვარული და სარწმუნოებისადმი მხურვალე თავდადება.
როგორც კი ვალენტის სიკვდილის შემდეგ დევნა შეწყდა, მართლმადიდებლებმა საჩქაროდ წერილი აახლეს გრიგოლ ნაზიანზელს - სთხოვეს, ჩასულიყო კონსტანტინოპოლში და მფარველობა გაეწია მცირერიცხოვანი მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. განმარტოების მოყვარულ გრიგოლს არ უნდოდა თავისი მონასტრის დატოვება, მაგრამ უფალმა უჩვენა, სად იყო იგი უფრო საჭირო და რა გზით ევლო. ამიტომ მან ჩათვალა, რომ უარის თქმის უფლება არ ჰქონდა და დედაქალაქში ჩავიდა; გაჩერდა თავის ნათესავებთან და მათ სახლში მალე მოაწყო კიდეც ეკლესია, სადაც თავადვე აღასრულებდა ღვთისმსახურებასა და ქადაგებდა. გრიგოლმა ამ ეკლესიას უწოდა "ანასტასია" ანუ აღდგომა, იმ იმედით, რომ იქ ჩაეყრებოდა საძირკველი მართლმადიდებლობის აღორძინებას.
ერეტიკოსები, ცხადია, იმთავითვე მტრულად ეკიდებოდნენ გრიგოლს, მაგრამ ჯერ კიდევ არ იცოდნენ მისი შესაძლებლობები. გრიგოლის ღარიბული, მოკრძალებული შესამოსელი, ჩვევათა უბრალოება და ურთიერთობათა უშუალობა მათ სიცილს ჰგვრიდა და არა შიშს; ისინი ყოველნაირად ცდილობდნენ მის შეურაცხყოფას: შეხვედრისას ლანძღვა-გინებას არ აკლებდნენ, ზოგჯერ ქვებსაც უშენდნენ, რასაც გრიგოლი მშვიდად, ღვთისადმი მტკიცე სასოებით ითმენდა.
თავდაპირველად მის ღარიბულ ეკლესიაში რამდენიმე მსმენელი თუ დადიოდა, მაგრამ ყოველი ქადაგების შემდეგ მათი რიცხვი იზრდებოდა და მალე პატარა შენობამ ხალხი ვეღარ დაიტია. კონსტანტინოპოლში არასდროს გაეგონათ ასეთი მძლავრი, დამაჯერებელი სიტყვა. ახალი მქადაგებლის მოსასმენად ცნობისმოყვარეობის გამო მოსულ წარმართებსაც, ერეტიკოსებსაც, გულგრილ ერისკაცებსაც კი ატყვევებდა მისი ენამზეობა.
როდესაც "ანასტასიას" კათედრიდან გაისმოდა გრიგოლის ამაღლებული საუბრები ღვთისმეტყველებაზე, იარაღს საბოლოოდ ყრიდნენ მისი ყველაზე გააფთრებული მოწინააღმდეგენი; სიტყვასაც ხშირად აწყვეტინებდნენ მქუხარე ტაშითა და შეძახილებით. მან სამუდამოდ დაიმკვიდრა სახელი - "ღვთისმეტყველი". ბოლოს, ამ წარმატებებმა მისი მტრები ისე განარისხა, რომ დიდი მქადაგებლის სიცოცხლე საფრთხეში აღმოჩნდა. ერეტიკოსებმა მის წინააღმდეგ ერის ამხედრება სცადეს: ერთხელ, აღდგომის ღამეს, როდესაც გრიგოლი ახალმოქცეულებს ნათლავდა, ისინი იარაღითა და კეტებით შეცვივდნენ ეკლესიაში, შეურაცხყვეს სიწმინდეები, ბევრი მლოცველი დაჭრეს, მათ შორის გრიგოლიც. მეორე დღეს ის სამსჯავროზე წაიყვანეს, მაგრამ სასურველს ვერ მიაღწიეს - გრიგოლი გამართლებული დაბრუნდა.
მისი გავლენა და მსმენელთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდებოდა. გრიგოლი ცდილობდა, მორწმუნეები ჭეშმარიტად ქრისტიანული მოღვაწეობისთვის განეწყო, შთააგონებდა ურთიერთსიყვარულს და უშლიდა ქრისტიანული რჯულისთვის ესოდენ მიუღებელ დავასა და შუღლს.
ამასობაში მტრებმა სხვა განსაცდელი მოუმზადეს გრიგოლს: მისი მიმნდობი და უშუალო ხასიათი ბოროტად გამოიყენა მაქსიმე ცინიკოსმა, რომელმაც მოახერხა, თავი ერთგულ თანამოაზრედ ეჩვენებინა, ფარულად კი გრიგოლის კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსობიდან გადაყენებას და მისი ადგილის დაკავებას ცდილობდა. მაქსიმეს ვერაგობით განაწყენებულმა გრიგოლმა კათედრის მიტოვება გადაწყვიტა, რათა ახალი უთანხმოების მიზეზი არ გამხდარიყო, მაგრამ მართლმადიდებლებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი გრიგოლის ეპისკოპოსობას და მაქსიმე განდევნეს.
ამ დროს იმპერატორი თეოდოსიც ეწვია კონსტანტინოპოლს. ბავშვობიდან ქრისტიანული რჯულით აღზრდილმა თეოდოსიმ, რომელიც ცოტა ხნის წინ მონათლა თესალონიკის მართლმადიდებელმა ეპისკოპოსმა, გამოსცა ბრძანება, რომელშიც ნიკეის სიმბოლო სარწმუნოების ერთადერთ ჭეშმარიტ აღსარებად ცხადდებოდა, ხოლო მისი ყველა უარმყოფელი ერეტიკოსად იწოდებოდა. მანვე ქრისტიანებს დაუბრუნა არიანელთაგან წართმეული ტაძრები. კონსტანტინოპოლი დატოვა არიანელმა ეპისკოპოსმა დამოფილემ, ხოლო გრიგოლი თავად იმპერატორმა საზეიმოდ შეიყვანა საკათედრო ტაძარში, რასაც თან სდევდა მართლმადიდებელთა შეძახილები: "გრიგოლი ეპისკოპოსია!"
ეს ზარ-ზეიმი არ სიამოვნებდა და ამძიმებდა თავმდაბალ გრიგოლს: ჩემთვის უფრო სასიხარულო იქნებოდა, მეტოქენი დამემარცხებინა ჭეშმარიტების მშვიდი ძალმოსილებით, ვიდრე შეიარაღებული მეომრებისა და იმპერიის ხელისუფლების მფარველობაში მეგრძნო თავი; ასეთი დაცვა არ ესაჭიროება ჭეშმარიტებას, - ბრძანებდა იგი.
ტაძრისკენ მიმავალი გრიგოლი თავჩაქინდრული მიდიოდა და უხალისოდ შეჰყურებდა აღელვებულ არიანელთა ბრბოებს, უკმაყოფილებით კრიჭაშეკრულებს, რომლებზეც იძულებამ იმძლავრა. თითქოს ზეცაც არ უწყობდა ხელს ზეიმს - პირქუში, ღრუბლიანი ამინდი იდგა. მაგრამ როგორც კი გრიგოლმა საკურთხეველში ფეხი შედგა, ღრუბლებიდან მზის კაშკაშა სხივები გადმოიფრქვა. ხალხმა ეს ბედნიერების ნიშნად მიიღო და ხმამაღალი, მხიარული შეძახილებით მიესალმა ახალ ეპისკოპოსს!..
გრიგოლი, რომელსაც მტკიცედ სწამდა ჭეშმარიტების ძალა, იმპერატორს უშლიდა ერეტიკოსთა წინააღმდეგ მკაცრი ზომების გამოყენებას. მაგრამ ამით არიანელები უფრო გაბოროტდნენ და თავსაც დაესხნენ. ეს ასე მოხდა: გრიგოლი შეუძლოდ იყო და ამბის გასაგებად მის სახლში უამრავი ნაცნობი თუ უცნობი მნახველი მიდიოდა. ერთხელ გრიგოლის ოთახში მის მოსაკლავად არიანელთაგან მოსყიდული ჭაბუკიც შევიდა. მან უნებურად ყური დაუგდო ეპისკოპოსის საუბარს და ცოტა ხანში ქვითინითა და პატიების თხოვნით ფეხებში ჩაუვარდა. გრიგოლის მეგობრებმა იგი გვერდით გაიყვანეს და მონანულისგან ყველაფერი შეიტყვეს. გრიგოლმა ჭაბუკი იხმო და უთხრა: "დაე, უფალმა შეგიწყალოს და შეგინდოს, ოღონდ მიიქეცი მისკენ და მართლად ემსახურე".
დედაქალაქის მღვდელმთავრის ხარისხშიც გრიგოლი უწინდებურ უბრალოებას ინარჩუნებდა და მოღვაწის მკაცრი ცხოვრებით ცხოვრობდა. ბევრი ამისთვის მას კიცხავდა კიდეც, რადგან ახსოვდათ მისი წინამორბედი ეპისკოპოსების ფუფუნება. ჭეშმარიტი ქრისტიანები კი აფასებდნენ მის ამ ღირსებას და სულ უფრო მეტად უყვარდებოდათ მწყემსმთავარი.
381 წელს კონსტანტინოპოლში გამართულ მეორე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი, თავისი ნების წინააღმდეგ, მეფისა და მთელი ხალხის თხოვნით, კონსტანტინოპოლის პატრიარქის ტახტზე აიყვანეს. მალე მელენტი, ანტიოქიის პატრიარქი, ავად გახდა და გარდაიცვალა.
ამ დროს კრებაზე ჩამოვიდნენ მაკედონიისა და ეგვიპტის ეპისკოპოსები, რომლებმაც დიდი უკმაყოფილება გამოთქვეს გრიგოლის არჩევის გამო. ისინი ამტკიცებდნენ, კონსტანტინოპოლის პატრიარქის არჩევა ალექსანდრიის პატრიარქის საქმეა და არა ანტიოქიისაო. ეპისკოპოსებს შორის დავა ატყდა. ერთნი ამბობდნენ, გრიგოლი სამართლიანად არის არჩეულიო, მეორენი კი საწინააღმდეგო აზრისანი იყვნენ. მაშინ წმინდა გრიგოლმა შეკრიბა ეპისკოპოსები და სიტყვით მიმართა მათ: "წმინდანო მწყემსმთავარნო! არასოდეს ვცდილვარ კონსტანტინოპოლის ეკლესიის ტახტზე დამკვიდრებას, ხოლო თუ ეს ეკლესია ჩემი ღვაწლით გაიზარდა და გაძლიერდა, ამისთვის ღმერთს ვწირავ მადლობას და მისგანვე მოველი სასყიდელს. მხოლოდ ჩემი სამწყსოს სიყვარულმა და მღვდელმთავართა საერთო რჩევამ მაიძულა პატრიარქობის მიღება, მაგრამ ვხედავ, რომ ბევრი მტრულად მიყურებს. მაშ, იცოდეთ, მე არც სიმდიდრე მიზიდავს, არც მაღალი თანამდებობა და პატივი, არ მსურს კონსტანტინოპოლის პატრიარქის სახელი და დაუნანებლად ვთმობ ეპისკოპოსობას; თქვენ კი ითათბირეთ და, როგორც უმჯობესად მიიჩნევთ, ისე გადაწყვიტეთ. მე დიდი ხანია მონასტრის სიმყუდროვე მიხმობს - ვინც პატრიარქობას მართმევს, ის უფალს ვერ წამართმევს."
ამის შემდეგ გრიგოლმა დატოვა პატრიარქის სამყოფელი და ეკლესიის მახლობლად, პატარა სახლში განმარტოვდა. იგი ცდილობდა, თავი აერიდებინა მასთან მისული ხალხის ლაპარაკისა და მითქმა-მოთქმისათვის, მაგრამ ხალხი ევედრებოდა, არ მიეტოვებინა ქალაქი, რომელსაც ამდენი წყალობა უყო და ასეთი ღვაწლი დასდო. წმინდა გრიგოლს შეებრალა ისინი და აღარ იცოდა, როგორ მოქცეულიყო - ღმერთს ევედრებოდა, თავად მას გადაეწყვიტა ეს საკითხი. ამასობაში კრებაზე თავმოყრილ ეპისკოპოსთა რიცხვმა იმატა, შფოთი და უთანხმოება კი არ ცხრებოდა.
მაშინ გრიგოლი კვლავ წარდგა მათ წინაშე და მიმართა:
"მამანო და მღვდელმთავარნო! სირცხვილია, რომ თქვენ, ვინც სხვებს ასწავლით მშვიდობით ცხოვრებას, ერთმანეთთან ვერ დაგიმყარებიათ მშვიდობა. როგორ უნდა შეძლოთ სხვების დარწმუნება, თუ თქვენ თვითონ ვერ მიაღწევთ მშვიდობას? მაგრამ გვედრით ერთარსი და ყოვლადწმინდა სამების წინაშე, ზავი ჩამოაგდეთ და სიყვარული უჩვენეთ ერთმანეთს. თუ თქვენი ქიშპობის მიზეზი მე ვარ, მაშ იონა წინასარმეტყველივით გადამაგდეთ გემიდან - იქნება შეწყდეს ეს განხეთქილება. და თუმცა მე არა ვარ დამნაშავე ქარიშხლის ამოვარდნაში, მაგრამ ვარჩევ, მე დავზარალდე, ოღონდაც თქვენ გქონდეთ მშვიდობა ერთმანეთთან. გადამაგდეთ ტახტიდან, გამაძევეთ ქალაქიდან, მხოლოდ შეიყვარეთ მშვიდობა და ჭეშმარიტება: ამას გთხოვთ ზაქარია წინასწარმეტყველთან ერთად (ზაქ. 8, 19). სიკეთეს გისურვებთ, წმინდანო მღვდელმთავარნო! ნურც ჩემს შრომას დაივიწყებთ!"
ამ სიტყვამ ყველა მის მოწინააღმდეგესაც კი მოულბო გული. მაგრამ წმინდა გრიგოლმა მტკიცედ გადაწყვიტა, სამშობლოში დარბუნებულიყო. მივიდა მეფესთან და სთხოვა: - მეფეო! ღმერთმა მოგაგოს ყველა იმ სიკეთისათვის, რაც ეკლესიას უყავი. მაგრამ შეისმინე, მაღალო ხელმწიფეო, ჩემი დღევანდელი სათხოვარი: არც მამულის სათხოვნელად მოვსულვარ, არც ჩემი ნათესავების პატივს დავეძებ, მხოლოდ ჩემს შრომათა შემსუბუქება მსურს. დაე, ამით მოეღოს ბოლო მრავალთა შურს, დაე, შენი მცდელობით მშვიდობა ჩამოვარდეს ეპისკოპოსებს შორის! შენ, ვინც გამარჯვება მოიპოვე ბარბაროსებზე - მღვდელმთავართა შუღლიც დააცხრე! ამას კი მაშინ მიაღწევ, თუ მე სამშობლოში გამიშვებ. მხოლოდ ამ წყალობის სათხოვნელად მოვედი შენთან, მაშ, ნუ მეტყვი უარს ამ უკანასკნელ სიკეთეზე!"
ამ სიტყვებმა შეძრეს მეფე და ცრემლი მოერია, ატირდნენ იქ მყოფი დიდებულებიც. ყველა დიდ სიყვარულს გრძნობდა წმინდა გრიგოლის მიმართ და არ სურდათ მისი გაშვება. წმინდანმა კვლავ რამდენჯერმე გაუმეორა თხოვნა, თან თავის სიბერესა და სნეულებასაც ახსენებდა. ბოლოს, როგორც იქნა, დაარწმუნა მეფე, გაეშვა იგი, რათა დარჩენილი დღეები მშვიდად გაეტარებინა და დაესვენა ამდენი შრომის შემდეგ. მაშინ გრიგოლი ყველას გამოეთხოვა, უკანასკნელი დარიგება მისცა თავის სამწყსოს და გასცილდა ქალაქს. ხალხმა ტირილით გააცილა საყვარელი მღვდელმთავარი.
რამდენიმე ეპისკოპოსმა, ვისაც უყვარდა გრიგოლი და განიცდიდა მის წასვლას, დატოვა კრება და შინ გაემგზავრა. ასეთები იყვნენ გრიგოლ ნოსელი, ამფილოქე იკონიელი, ევლოგი ედესელი და სხვები. კრებაზე დარჩენილმა ეპისკოპოსებმა პატრიარქად სენატორი ნექტარიოსი აირჩიეს. კონსტანტინოპოლის დატოვების შემდეგ გრიგოლმა უპირველსად ნაზიანზი მოინახულა ეკლესიის საქმეების მოსაგვარებლად. კესარიაში გამოსამშვიდობებელი სიტყვით გამოეთხოვა თავის მეგობარ ბასილის და ბოლოს სოფელ არიანზას, თავისი დაბადების აკვანს, მიაშურა.
მამის მთელი მამულიდან მან დაიტოვა მხოლოდ მომცრო სახლი, რომელსაც გარს ეკრა ხშირი, დაჩრდილული ბაღი მორაკრაკე ნაკადულით - ამ მყუდრო თავშესაფარში გაატარა სიცოცხლის რვა წელი. მას ხშირად იწვევდნენ კრებებზე, მაგრამ სუსტი და სნეული გრიგოლი მხოლოდ წერილობით ახერხებდა ეკლესიის საქმეებში მონაწილეობას.
მისდევდა უმკაცრეს, სამოღვაწეო ცხოვრებას. სიბერის სიმარტოვეს იადვილებდა ლოცვითა და სიჭაბუკიდანვე შეთვისებული საქმეებით. მას იტაცებდა საკუთარი წარსულის კეთილხმოვან ლექსებად გადმოცემა: აღწერა ბედნიერი ბავშვობა მშობლიურ სახლში და გულითადი მეგობრობა ბასილისთან, უდაბნოს შრომა, წუთისოფლის ქარცეცხლში გამოვლილი სულის დარდი და უძლურებანი. ის წერდა: "სნეულებისგან გამოფიტული ლექსებში ვპოვებდი ნუგეშს, როგორც ბებერი გედი უსმენს ხოლმე თავისი ფრთების ტლაშუნს".
მის ყველა თხზულებაში იკვეთება ნაზი, მგრძნობიარე გული, ზეგარდმო მადლით გაცისკროვნებული სული. გრიგოლი აღწერდა ხილული ბუნების მშვენიერებას, სულის მოძრაობას, საუბრობდა ადამიანის დანიშნულებაზე, მგზნებარედ ისწრაფოდა მადლის მომნიჭებლისკენ; იგი ფლობდა სიტყვის ხელოვნებას და ამ სიმდიდრეს უფალს უძღვნიდა, ეს ნიჭი კი მისთვის მთელ ამსოფლიურ საუნჯესა და დიდებაზე ძვირფასი იყო.
დიდმა მღვდელმთავარმა სული მიაბარა უფალს 390 წელს, მანამდე თავისი მწირი ქონება ღარიბებს უანდერძა. მას დარჩა მრავალი, ფრიად მნიშვნელოვანი თხზულება, წერილები, ლექსები, ქადაგებები, ცრუსწავლებათა მხილებანი, წმინდა წერილის განმარტებანი...
............................................
აქვე შეგიძლიათ წაიკითხოთ:
ღირსი მამა გრიგოლ ნაზიანზელი, უფროსი (+374 წელი) - 01 (14) იანვარი
...........................................წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის ტროპარ-კონდაკი
ტროპარი
მწყემსობით ქნარი ღვთის-მეტყველებისა შენისა, რიტორთაცა მძლე ექმნა სიტყვებსა, რამეთუ სიღრმესა სულისასა მეძიებელთა, სიკეთეცა სიტყვათა მიემატოს მათ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, მამაო წმინდაო გრიგოლი, შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
კონდაკი
ღვთის-მეტყველითა ენითა შენითა თხზულებაჲ იგი რიტორთა დაარღვიე დიდებულო, და მართლ-მადიდებლობისა ზე ქსოვილითა კვართითა შემკულ-ჰყავ ეკლესია ქრისტესი, რომელი იგი შეიმოსა რა, ხმობს ჩუენ თანა შვილთა შენთა: იხარებდ მამაო, ღვთის-მეტყველებისა გონებაო ყოვლად ვრცელო.