ღირსი გაბრიელი დაიბადა 910 წელს (ისტორიკოსების ნაწილი მას XI-XII საუკუნის მამად თვლის და ლესნოვოს მონასტრის დამაარსებლად,
რომელიც მსხვილი კულტურული ცენტრი იყო შუასაუკუნეების ბულგარეთში) სოფელ ოსტიჩში, სკოპოვოდან სამოც კილომეტრში. როცა გაიზარდა, მშობლებმა მისი დაქორწინება გადაწყვიტეს, მაგრამ ვაჟმა მათ განუცხადა, რომ მას თავი ღვთისთვის უნდა მიეძღვნა, რადგან იგი მათი ლოცვის ნაყოფი იყო.
გაბრიელმა დაიწყო ადგილის ძებნა, სადაც ღვთივსათნოდ იცხოვრებდა. ამ დროს ის შეხვდა დიაკვან თომას, რომელმაც თავისი საუბრებით, მასში მოსაგრე ცხოვრების ცეცხლი გააღვივა. ამის მერე, ღირს გაბრიელს ანგელოზი გამოეცხადა, რომელმაც უბრძანა, საკუთარ სოფელში დაბრუნებულიყო და იქ ეკლესია აეშენებინა.
ამ ღვთივსათნო საქმის ასრულების შემდეგაც ის ძველებურად სახარებისეული სრულყოფილებისკენ ისწრაფოდა. მან კვლავ დატოვა მშობლები და სოფელ ლესნოვოს სიახლოვეს, პავლიცის მთის ქედზე აგებულ წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მონასტერში დაიწყო მოსაგრეობა. იგი გამოირჩეოდა თავმდაბლობითა და მორჩილებით, ამიტომაც მას იღუმენმა განმარტოებულ კელიაში დასახლების ნება მისცა, რათა მთელი დრო ლოცვისთვის მიეძღვნა.
ამ დაყუდებისას ღირსმა გაბრიელმა ისეთი კადნიერება მოიპოვა ღვთის წინაშე, რომ მისი ლოცვით ავადმყოფობისგან იკურნებოდნენ. სახელი გაუვარდა, მასთან უფრო და უფრო მეტი ხალხი მოდიოდა. მან უჩუმრად დატოვა იქაურობა და ლაკოვოში, უღრან ტყეში დასახლდა. მალე ერთმა მწყემსმა იგი ქვაზე მლოცველი იხილა - მეზვერეს ლოცვას განუწყვეტლივ იმეორებდა. მწყემსის თხოვნით წმინდა გაბრიელმა მისი ფარა აკურთხა, და იმწამსვე ცხვრებს ზურგები სქელი მატყლით დაეფარათ. ხალხის თაყვანისცემისგან თავდასაღწევად წმინდა გაბრიელი ლესნოვოში დაბრუნდა და თავის მონასტრიდან მოშორებით ბორცვზე დასახლდა, რომელსაც მრგვალ მწვერვალს ეძახოდნენ, სწორედ აქ გაატარა მან ცხოვრების დარჩენილი ოცდაათი წელი ყველასგან დაფარულად. მისი ლოცვით იმ მხარის მკვიდრნი ბევრჯერ გაადაურჩნენ ათასნაირ განსაცდელს.
ღირსი გაბრიელი 980 წელს გარდაიცვალა. მისი გარდაცვალებიდან ოცდაათი წლის მერე წმინდა გაბრიელი გამოეცხადა სოფიელ მონაზონ იოსებს და თავისი საფლავის გახსნა უბრძანა. მამა იოსებმა თავის ხილვის შესახებ მიტროპოლიტს მოუთხრა, მან ხილვის ნამდვილობა დაადასტურა და მამა იოსებთან და სხვა მღვდლებთან ერთად იმ ადგილას წავიდა, სადაც ღირსი გაბრიელი ცხოვრობდა. მათ მოიპოვეს წმინდა გაბრიელის უხრწნელი სხეული და დიდი პატივით ლესნოვოს მონასტერში გადაასვენეს. შემდგომში სერბმა დესპოტმა (მმართველმა) ღირსი გაბრიელის სახელობის ეკლესია ააშენა, ფრესკებით განამშვენა და ლესნოვოს მონასტერი განაახლა (1347). სულთან მურად I-ის (1359-1389) დროს თურქების შიშით ტირნოვოს მთებში, წმინდა მოციქულთა სახელობის ეკლესიაში გადაასვენეს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი