ღირსი ანტონი დიდი თავის მოწაფეებთან ეგვიპტის უდაბნოში ცხოვრობდა, ერთხელაც გაიფიქრა, რომ არავინ იყო ბერი, რომელიც მასზე ადრე განმარტოვდა უდაბნოში.
მოგვიანებით თავად იხსენებდა, როცა ეს გავიფიქრე, ხმა ჩამესმა:
- ანტონ! არის ერთი ბერი, რომელიც შენზე ადრე დასახლდა აქ. ის შენზე სრულყოფილია. თუ სურვილი გაქვს, შეგიძლია მოძებნო უდაბნოში. ოღონდ აჩქარდი, მოძებნე, სანამ უფლის წინაშე წარდგებოდესო.
ეს გაიგონა თუ არა, გონს მოვიდა, მაშინვე გზას გაუდგა, რათა სწრაფად ეპოვა ის ბერი, ვის შესახებაც ეუწყა. შუადღე იყო და ისე ცხელოდა, მზის სიმხურვალისგან ქვებიც კი დნებოდა. მოხუცს ძალიან გაუჭირდა სიარული, მაგრამ სულიერ სიმხნევეს არ კარგავდა. უკან დაბრუნება არც უფიქრია და გზას აგრძელებდა, თან ამბობდა:
- მჯერა, რომ ღმერთი დაპირებისამებრ შემახვედრებს თავის მონას.
უდაბურ უდაბნოში დადიოდა, მაგრამ მხეცების ნაკვალევის მეტს ვერაფერს ნახულობდა. ორი დღე-ღამე დადიოდა და ლოცულობდა. მესამე დღეს, გამთენიისას, ძუ მგელს მოჰკრა თვალი, რომელიც მთისკენ ყმუილით მიძუნძულებდა. წმინდანი მას გაჰყვა და გამოქვაბულს მიადგა, სადაც ღვთის რჩეული პავლე ცხოვრობდა. ღირს მამას ძალიან გაუხარდა გამოქვაბულის დანახვა, მაგრამ მისმა ბინადარმა წმინდა ანტონი რომ შენიშნა, კარი ჩაკეტა. ბერმა დააკაკუნა, მაგრამ პასუხი არავინ გასცა. ის კი მაინც აგრძელებდა კაკუნს. როდესაც მიხვდა, რომ კარს არ გაუღებდნენ, შესასვლელთან მიწაზე დაემხო და დიდხანს ლოცულობდა.
წმინდანი თან ამბობდა:
- ქრისტეს ერთგულო მონავ, გამიღე კარი! შენ ხომ იცი, რატომაც მოვედი. შენ შესახებ თავად უფლისგან შევიტყვე. ვიცი, რომ არ ვარ ღირსი შენი ნათელი სახის ნახვის, მაგრამ აქედან არ წავალ, სანამ არ გიხილავ. ნუ იმალები, მხეცებს იღებ და რატომ უარყოფ ადამიანებს? დიდი ხნის ძებნის შემდეგ მოგაგენი. გიკაკუნებ და კარი გამიღე. თუ არ გახსნი კარს, აქვე მოვკვდები.
კიდევ ბევრ სხვა რამესაც ლაპარაკობდა, თან ტირილით სიმკაცრისთვის კიცხავდა. მაშინ ღმერთის რჩეულმა შიგნიდან გამოსძახა.
- განა შეიძლება მუქარით რაიმეს თხოვნა, ან ცრემლებით საყვედური? შენ გიკვირს, რომ კარს არ გიღებ. ამის მიზეზი შენი ტრაბახია, რომ აქ სასიკვდილოდ მოხვედი.
ამ სიტყვებით გააღო კარი და წმინდა მამები ერთმანეთს გადაეხვივნენ. სახელებით მიმართავდნენ, რადგან უფლისგან ეუწყათ ერთმანეთის ვინაობა.
როდესაც ჩამოსხდნენ, ღირსმა ანტონიმ თქვა:
- გიხაროდეს, პავლე, რჩეულო ჭურჭელო და ცეცხლოვანო სვეტო!
წმინდა პავლემ უპასუხა:
- ამხელა ღვაწლი რისთვის გასწიე, ჩემისთანა ცოდვილისა და არარაობის სანახავად? ახლა შენ წინაშე დაუძლურებული მოხუცი ზის, რომელიც მზად არის იქცეს ფერფლად და მტვრად. მაგრამ სიყვარულმა არ იცის დაბრკოლებები. ამიტომაც მოხვედი. მითხარი, გთხოვ, როგორ ცხოვრობენ ახლა ადამიანები? რა ხდება ქვეყანაზე? არიან თუ არა კიდევ კერპთაყვანისმცემლები და კვლავ ხომ არ დევნიან მართლმადიდებლებს?
- შენი ლოცვების წყალობით, - უპასუხა ანტონმა, - ქვეყანაში ქრისტიანების დევნა შეწყდა, ეკლესიაში ჭეშმარიტად ღმერთს ადიდებენ. რადგან დევნა ახსენე, გთხოვ, მიამბე, ღვთის გულისთვის, რა მიზეზით დატოვე ქვეყანა და რატომ დასახლდი უდაბნოში?
- თებეში დავიბადე (დაახლ. 228 წელს), - მოყოლა დაიწყო წმინდა პავლემ, - ერთი და მყავდა, რომელიც მშობლებმა გაათხოვეს. ისინი მართლმადიდებლები იყვნენ, კარგი განათლებაც მიმაღებინეს და ჭეშმარიტ რწმენაშიც გამაძლიერეს. სიკვდილის წინ დიდძალი ქონება გაგვინაწილეს. ჩემი დის ქმარმა გადაწყვიტა, ჩემი წილი მიეთვისებინა, ამიტომ ჩაიფიქრა, როგორც ქრისტიანი, საწამებლად წარმართი თავადისთვის გადაეცა ჩემი თავი. ჩემი დაღუპვით ქონებას მთლიანად ჩაიგდებდა ხელში. მეფე დეციუსი (249-251 წწ.) ყველა ქრისტიანს დევნიდა და მისი რისხვის შიშით მთელი თებე ძრწოდა. იმ ხანებში ერთი ქრისტიანი ჭაბუკი შეიპყრეს. დიდხანს აწამებდნენ, რათა ქრისტეს სჯულზე ეთქვა უარი, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. ბოლოს, ულამაზეს ბაღში მიიყვანეს, მდიდრულ საწოლში ჩააწვინეს და რბილი თოკით ხელები და ფეხები დაუბეს. ყველა რომ წავიდა, ჭაბუკთან მშვენიერი ასული შეუშვეს საცდუნებლად. ურცხვი დიაცი ეხვეოდა და კოცნიდა მას, ყველანაირად ცდილობდა, ეცდუნებინა. ვაჟი მიხვდა, რომ დიდი განსაცდელის წინაშე იდგა, ენა მოიკვნიტა და მაცდურ ქალს სახეში შეაფურთხა. საშინელი ტკივილის ფასად ვნება დაიცხრო და სულ ერთიანად სისხლში მოსვრილი ქრისტეს მადლობდა, რომ უცოდველი გადარჩა. მეორე ჭაბუკი კი, რომელიც ასევე ერთგული იყო ქრისტიანული რწმენისა, დიდი წამების შემდეგ გააშიშვლეს, სხეულზე თაფლი წაუსვეს და მზის გულზე დააწვინეს. ეგონათ, რომ ვერ გაუძლებდა ფუტკრების, კრაზანებისა და ბუზების დაკბენას და დასთანხმდებოდა კერპებისთვის ეცა თაყვანი. წამებულმა, რომელიც სულ ერთიანად იყო დაკბენილი და დასისხლიანებული, მაინც არ უარყო ქრისტე. ეს ყველაფერი გაგონილი მქონდა. ამასთანავე, ვიცოდი, ჩემი სიძეც უკან არ დაიხევდა, არაფრად ჩააგდებდა ჩემი დის ცრემლებს, ნათესავების თხოვნას და მწვალებლების ხელში ჩამაგდებდა. ამის გამო ყველაფერი მივატოვე და ამ უდაბნოს შევაფარე თავი. ღმერთის დახმარებით ეს გამოქვაბული ვიპოვე, სადაც წყარო მოედინება და მივხვდი, რომ თავად უფალმა ინება ჩემი აქ დასახლება. მას შემდეგ აქ ვცხოვრობ, ფინიკით ვიკვებები და მისი ფოთლებისგან ვიმზადებ სამოსს.
წმინდანი რომ საუბრობდა, უეცრად ყორანი მოფრინდა, რომელსაც ნისკარტით პური ეჭირა. ჩუმად დადო წმინდანის წინ პური და გაფრინდა. ნეტარი ანტონის გაოცებული სახე რომ დაინახა, წმინდა პავლემ თქვა:
- ეს ყოვლადმოწყალე უფალმა გამოგვიგზავნა საკვები ჩვენ, მის მონებს. უკვე თექვსმეტი წელია, ნახევარ პურს ვიღებ. ახლა, რადგან შენ ხარ სტუმრად, უფალმა გააორმაგა ძღვენი და მთლიანი პური გვიწყალობა.
პური აიღო და ღვთის კაცებმა ერთმანეთს დაუწყეს თხოვნა, პური გაეტეხათ და ეკურთხებინათ პატივისცემის ნიშნად. წმინდა პავლეს სურდა პატივი ეცა ღირსი ანტონისთვის, რადგან სტუმრად იყო, ხოლო ნეტარი ანტონი კი პატივს სცემდა წმინდა პავლეს, როგორც მასპინძელს და ასაკით უფროსს. ბოლოს, წმინდა პავლემ პური ერთი მხრიდან დაიჭირა, მეორე მხარეს კი ღირს ანტონს მოაკიდებინა ხელი. პური თავისით გატყდა შუაში და თითოეულმა თავისი წილი ულუფა მიიღო. შემდეგ წყაროსთან ჩამოსხდნენ, წყაროს წყალი დააყოლეს. სამადლობელი ლოცვის წარმოთქმის შემდეგ, კვლავ დასხდნენ და დილამდე საუბრობდნენ. ინათა თუ არა, წმინდა პავლემ აბბა ანტონს უთხრა:
- დიდი ხანია ვიცოდი, რომ შენ ამ უდაბნოში ბინადრობდი და სურვილი მქონდა, ერთად გვემსახურა უფლისთვის. მაგრამ ჩემი აღსასრულის დრო მოახლოვდა, რასაც სიხარულით ველოდები, ღმერთმა გამოგგზავნა, რომ ჩემი სხეული მიწას მიაბარო.
ამის გაგონებაზე ანტონის ცრემლები მოადგა და შესძახა:
- არ დამტოვო, მამაო, მეც თან წამიყვანე!
- შენს თავზე კი არ უნდა იზრუნო ახლა, - უთხრა წმინდა პავლემ, - არამედ მოყვასზე. შენ ახლა ვალდებული ხარ, სულიერი ძმების გვერდით იყო, დაარიგო და გააძლიერო ისინი. გთხოვ, მალე დაბრუნდი შენს მონასტერში და მოიტანე ეპისკოპოს ათანასეს ნაჩუქარი მანტია, რათა ჩემს სხეულს გადააფარო.
წმინდა პავლეს მანტია არ სჭირდებოდა. ნეტარი ანტონი მონასტერში იმიტომ გაგზავნა, რომ გარდაცვალების დროს სიკვდილს მარტო შეხვედროდა.
ანტონი დიდად განცვიფრდა, როდესაც ათანასეს მანტიის შესახებ გაიგო. ის წმინდა პავლეში თავად ქრისტეს ხედავდა, ამიტომ შეპასუხება ვერ გაბედა. დიდხანს დუმდა და წმინდანს თვალებსა და ხელებს უკოცნიდა, შემდეგ კი თავისი სურვილის წინააღმდეგ მონასტრისკენ გაეშურა, ნეტარი მამის ბრძანება რომ შეესრულებინა. თავის სენაკთან ორი მოწაფე დახვდა, რომლებმაც ჰკითხეს:
- სად იყავი აქამდე, მამაო?
- ვაი, მე ცოდვილს, შვილებო, - უპასუხა ანტონიმ, - ჩემს თავს ბერს ვუწოდებ და ახლა ვიხილე ის, ვინც ჭეშმარიტად არის ილია, იოანე უდაბნოში. მე ნამდვილად ვიხილე პავლე სამოთხეში.
მოწაფეებს დაწვრილებით სურდათ ყველაფრის გაგება და სთხოვდნენ ანტონის, რაც ნახა, მათთვის ეამბა. მაგრამ ღირსმა მამამ თქვა:
- ყველაფერს თავისი დრო აქვს.
წუთითაც არ დაუსვენია, მანტიას ხელი დასტაცა, საგზალიც არ წაუღია, უდაბნოსკენ გაეშურა, რადგან ეშინოდა, თუ არ აჩქარდებოდა, პავლეს ცოცხალს ვერ მიუსწრებდა.
მეორე დღეს, სამი საათისთვის, გზად მიმავალმა ცაში ანგელოზთა დასი, წინასწარმეტყველთა და მოციქულთა გუნდი იხილა, მათ შუაში კი წმინდა პავლე იმყოფებოდა, რომელიც გზაზე მეტად ანათებდა და ზეცად მაღლდებოდა. წმინდა ანტონი მიწაზე დაეცა, თავზე ქვიშა დაიყარა და ქვითინით წარმოთქვა:
- პავლე, რატომ მიმატოვე? ახლა, როცა შეგხვდი და გაგიცანი, რატომ დამტოვე?
ნეტარმა ანტონიმ დარჩენილი მანძილი ისეთი სისწრაფით გაიარა, თითქოს მიფრინავდა. მიწაზე ფეხს არ აკარებდა, ისე გარბოდა. გამოქვაბულში რომ შევიდა, წმინდანი მუხლებზე დაჩოქილი და ცისკენ ხელებაპყრობილი და მზირალი იპოვა. ეგონა, რომ ცოცხალი იყო და ლოცულობდა და ამიტომ ისიც ლოცვას შეუდგა. ერთმა საათმა განვლო და წმინდა პავლეს სიტყვა რომ არ წარმოუთქვამს, ღირსი ანტონი მიუახლოვდა და ნახა, რომ გარდაცვლილი იყო. დიდხანს ტიროდა და კოცნიდა ღირსი მამის სხეულს. ბოლოს, მანტიაში გაახვია და წესის მიხედვით ფსალმუნების გალობა დაიწყო. შემდეგ იმაზე დაიწყო ფიქრი, როგორ დაეკრძალა წმინდანი, რადგან არაფერი ჰქონდა სამარის გასათხრელად.
- საჭირო იარაღისთვის მონასტერში რომ დავბრუნდე, - ფიქრობდა გულში, - იქამდე სამი გზის სავალია. აქ რომ დავრჩე? ნიჩბის გარეშე ვერაფერს გავხდები. უმჯობესია, მაინც აქ დავრჩე და აქვე მოვკვდე.
ამ ფიქრებში იყო, როდესაც უდაბნოდან ორი ლომი მოვიდა და ისე ღმუოდნენ, თითქოს წმინდანს დასტიროდნენ. ანტონი თავდაპირველად შეშინდა, მაგრამ როდესაც დაინახა, რომ საშიში მხეცები უწყინარი კრავებივით იწვნენ წმინდანის სხეულთან, დიდად გაოცდა. ლომებმა თავიანთი ბრჭყალებით დაიწყეს მიწის ამოთხრა, სათანადო ზომის ორმო რომ ამოთხარეს, ისევ წმინდანის წინ დაწვნენ და კვლავ საწყალობელი ხმა ამოუშვეს. შემდეგ ღირს ანტონისთან მივიდნენ, ხელებსა და ფეხებს ულოკავდნენ, თითქოს კურთხევას და დალოცვას სთხოვდნენ. ნეტარმა მამამ როცა ნახა, როგორ იხრიან ქედს მხეცები უფლის წინაშე, ქრისტე ადიდა და თქვა:
- ღმერთო, შენი ნების გარეშე ხიდან ფოთოლიც კი არ ჩამოვარდება. დალოცე ეს მხეცები.
შემდეგ მხეცებს ხელით უდაბნოსკენ ანიშნა და უბრძანა, წასულიყვნენ. ლომები თვალს რომ მიეფარნენ, აბბა ანტონიმ დაკრძალა პატიოსანი სხეული წმინდანისა, რომელიც 113 წლის ასაკში გარდაიცვალა. მთელი ღამე წმინდანის საფლავთან ლოცვასა და გოდებაში გაატარა. დილით კი თავისი მონასტრისკენ გასწია, თან ნეტარი მამის ფინიკის ფოთლებისგან დამზადებული სამოსი წაიღო. მონასტერში დაბრუნებულმა ყველაფერი უამბო თავის მოწაფეებს. წმინდანის სამოსს დიდად უფრთხილდებოდა და წელიწადში მხოლოდ ორჯერ იცვამდა - აღდგომაზე და სულთმოფენობაზე.
კონდაკი, ხმაი გ
ვითარცა მთიებსა დაუვალისა საცნაურისა მზისასა, დღეს შემოკრებულნი შეგასხამთ გალობითა, რამეთუ აღმობრწყინდი მყოფსა ბნელსა უმეცრებისასა და ყოველთა აღმოუწოდებ საღმრთოსა მიმართ სიმაღლისა, თებაიდისა სამკაულო პავლე ღირსო, მამათა დამმარხველთა მტკიცე საფუძველო.
......................
ხატის წყარო
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი