ღირსი იოსებ ანალიტელი, რაითელი "ბრძენ იყო. და სწავლულ ყოვლითა საქმითა, და ღმერთი იყო მის თანა". დაჰყო მან უდაბნოში ოცდაათი წელი და ჰყავდა ერთი მოწაფე, რომელიც იქვე შორიახლოს ცხოვრობდა.
ერთხელ მასთან რაღაცის საკითხავად ვინმე მონაზონი მივიდა. კარზე დააკაკუნა და პასუხი არავინ გასცა, მაშინ ბერმა კარის ღრიჭოდან შეიხედა და "იხილა იგი ყოვლადვე თავითგან ვიდრე ფერჴამდე, ვითარცა ცეცხლი მოტყინარჱ, დგა რაჲ იგი ლოცვასა შინა თჳსსა". შეშინებული ბერი მიწაზე მკვდარივით დაეცა და დიდხანს იყო ასე, მერე კი წავიდა, რადგან მამა იოსები ლოცვას არ წყვეტდა. რაღაც დროის შემდეგ, ძმა ისევ მოვიდა მამა იოსებთან, ბერდიდმა კარი გაუღო. ჰკითხა, აქ როდის მოხვედიო. მონაზონმა უპასუხა ერთი ჟამის წინ ვიყავი, მაგრამ აღარ შეგაწუხეო. მიხვდა მამა იოსები რომ ღმერთმა ბერს გამოუცხადა "საქმე მისი", ბერი დამოძღვრა, განკურნა მისი სული და გულისსიტყვები და მშვიდობით გაუშვა. ის კი გაუშვა მშვიდობით, მაგრამ თვითონ "შეეშინა. ნუუკუ აწყინებდენ მას კაცნი" და ღმერთს ევედრა, დაეფარა მისი ღვაწლი. ამ დღიდან წმინდანი არავის ეჩვენებოდა. მივიდა მასთან მისი მოწაფე მამა გელასი, მაგრამ მოძღვარი სენაკში ვეღარ იხილა და მწარედ ატირდა.
გავიდა ექვსი წელი, საღამოს მეცხრე ჟამისას, ამბა გელასის სენაკის კარზე ვიღაცამ დააკაკუნა. "და განვიდა ამბა გელასი და პოვა მოძღვარი იგი თჳსი მდგომარ კარსა ზედა". თავიდან იფიქრა ეშმაკი ხომ არ მომეჩვენაო, ლოცვა ათქმევინა და როცა დარწმუნდა, რომ მამა იოსები იყო, სულიერი შვილი მოეხვია და ამბორს უყვეს ურთიერთს. გელასიმ უსაყვედურა მოძღვარს, მამაო წმინდაო, რად განეშორე ძმებს და დამტოვე ობლად, შენზე დამწუხრებული. წმინდა მამამ კი მიუგო, უწყის უფალმა, მე აქედან არსად წავსულვარ, არც წმინდა ზიარებას მოვკლებივარ, მაგრამ "თქვენგანი არავინ მხედვიდაო". გაოცდა გელასი, ასე როგორ მოხდა, რომ არავინ გხედავდა, ან ახლა რისთვის მოსულხარო? რაზეც მამა იოსებმა მიუგო: "დღეს მივიცვლები ჴორცთა ამათგან უბადრუკთა უფლისა ჩემისა და ვინებე, რაჲთამცა შენ დაჰმარხენ იგინი". წმინდა იოსებმა უკანასკნელად დამოძღვრა ღირსი გელასი "სარგებლისათჳს სულისა და მოლოდებისათჳს კეთილისა მერმისა საუკუნოჲსა". ბოლოს მამა იოსები იატაკზე პირით აღმოსავლეთით დაწვა, გულზე ხელები დაიწყო და მიიცვალა. "შევედრა ხელთა დამბადებელთა მისისაჲთა". მოწაფე გაიქცა და სხვა მამებს შეატყობინა. ისინიც მაშინათვე წამოვიდნენ, გალობითა და ბზის ტოტებით ხელში. ღირსი მამის გვამი ეკლესიაში გადაასვენეს და "პირი მისი ბრწყინვიდა, ვითარცა მზეჲ".
ბერებმა პატივით დაკრძალეს წმინდა ცხედარი.
ხატის წყარო
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი