წმინდა იაკობი დაიბადა მესოპოტამიაში, მიგდონიის პროვინციაში, ქალაქ ნიზიბიაში. რომისა და სპარსეთის სამეფოთა საზღვარზე მდებარე ქალაქი ნიზიბია ადრე ხარკს რომაელებს უხდიდა და მათი ხელმწიფების ქვეშ იყო.
დიახ, ამ ქალაქში დაიბადა დიდი იაკობი, რომელმაც მეუდაბნოე და განმარტოებული ცხოვრება შეიყვარა და ყველაზე მაღალი მთების მწვერვალებზე იმალებოდა. გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომისას ბუჩქნარში, ღია ცის ქვეშ ცხოვროდა, ზამთარში კი ვიწრო მღვიმეს აფარებდა თავს. იმით კი არ საზრდოობდა, რაც ხელით ითესება და მოიწევა, არამედ რაც თავისთავად იზრდება. იმ მცენარეთა ნაყოფს აგროვებდა, რომლებიც ბოსტნეულს ჰგავდა. იმდენს ჭამდა, რამდენიც საჭირო იყო არსებობისთვის და ცეცხლზე მომზადება არ სჭირდებოდა. სამოსად იყენებდა არა ნაზი მატყლის ქსოვილს, არამედ გარეულ თხათა უხეში ბალნისაგან მოქსოვილ ქვედა სამოსელს და ლაბადას.
წმინდა იაკობი ამგვარად თრგუნავდა სხეულს და მუდმივად ზრუნავდა სულისთვის სულიერი საკვები მიეცა. განწმინდა თავისი სულის გონიერი თვალი და გონება ღვთის სულის ბრწყინვალე სარკედ აქცია, სიტყვისამებრ ღვთაებრივი მოციქულისა: როგორც სარკეში, იგი პირისპირ სჭვრეტდა უფლის დიდებას და "მასვე ხატსა" მიიცვალა "დიდებითი დიდებად, ვითარცა იგი უფლისგან სულად" (2 კორ. 3,18). ამიტომაც ყოველდღიურად ეზრდებოდა ღვთისადმი კადნიერება და რასაც სთხოვდა ღმერთს (თხოვნით კი მხოლოდ იმას სთხოვდა, რაც საჭირო იყო), უმალ იღებდა. ამიტომაც წინასწარმეტყველურადაც კი ხედავდა მომავალს და სულიწმიდის მადლით სასწაულმოქმედების ძალაც მოიპოვა. ზოგიერთ ამ სასწაულზე მოგითხრობთ:
იმ დროს კაცთა შორის კერპთა უგუნური თაყვანისცემა იყო გავრცელებული. უსულო კერპებს საღმრთო პატივს მიაგებდნენ, ხოლო ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისცემას კი მრავალი უგულებელყოფდა. ისინი (ზოროასტრის მიმდევარნი) სდევნიდნენ მათ, ვისაც არ სურდა მათ უგუნურ სიმთვრალეში მონაწილეობა. ჭეშმარიტ საგნებსა და მცნებებში გამტკიცებული ქრისტიანები, ფლობდნენ სულიერი გარჩევის ნიჭებს, დასცინოდნენ უსულო კერპებს და თაყვანს სცემდნენ სამყაროს შემოქმედს. ამ დროს იაკობი სპარსეთში გადავიდა, რათა იქ ღვთისმოსაობის ნერგნი მოენახულებინა და მათთვის შესაფერისი სამსახური გაეწია. როცა ერთ ჩანჩქერზე გადადიოდა, იქვე იყვნენ ვინმე ქალწულნი, რომლებიც თეთრეულს რეცხავდნენ და ფეხებით წურავდნენ. იმის მაგივრად, რომ შესაფერისად მოქცეულიყვნენ, ისინი სრულიად უკრძალველად, კადნიერი სახით და ურცხვი თვალებით მიაჩერდნენ ღვთის კაცს, არც თავი დაიბურეს და არც აწეული კაბები დაუშვეს. ღვთის კაცი გაწყრა ამაზე და მოისურვა, ამ შემთხვევაში გამოეჩინა ღვთის ძალა, სასწაულით განეგმირა სიბილწე და ჩანჩქერი დასწყევლა - წყალიც მაშინვე განხმა. დასწყევლა ქალწულნიც და მათი ურცხვი ახალგაზრდობა - ნაადრევი ჭაღარით დასაჯა. მის სიტყვას საქმეც მოჰყვა - შემოდგომის ხეებს მიემსგავსნენ. დაინახეს, რომ ჩანჩქერი გაქრა და ერთმანეთის თმაზე უცხო ცვლილება შენიშნეს და ქალწულები მიხვდნენ, რომ დაისაჯნენ. ქალაქისკენ გაიქცნენ და ეს ამბავი ყველას უამბეს. ზოგიერთი მოქალაქე გამოვიდა იაკობთან შესახვედრად, შეევედრნენ, შეემსუბუქებინა რისხვა და მოეხსნა სასჯელი. მას დიდხანს არ უყოყმანია - ილოცა და წყლის ნაკადს უბრძანა, კვლავ წამოსულიყო. უმალ აჩქაფუნდა წყალი. ამის მხილველი მოქალაქენი შეევედრნენ იაკობს, ძველებური თმის ფერი დაებრუნებინა მათი ქალიშვილებისთვის. ამბობენ, რომ ყურად იღო მათი სათხოვარი და ქალწულების მოსაყვანად კაციც კი გააგზავნა. ისინი არ მოვიდნენ, ამიტომ ძალაში დატოვა სასჯელი, რათა ამით სხვებსაც ესწავლათ თავმდაბლობა და აღძრა ისინი უმანკოებისა და ღვთის ძალის მუდმივად გახსენებისკენ.
ასეთი იყო სასწაული ახალი მოსესი, რომელიც, სხვათა შორის, კვერთხის დარტყმით კი არ მოიმოქმედა, არამედ ჯვრის ნიშის გამოსახვით. მე კი, თვითონ სასწაულმოქმედების გარდა, გამაოცა იაკობის სიმდაბლემ, ვინაიდან მან ეს ურცხვი ქალიშვილები, მსგავსად დიდებული ელისესი, არ მისცა გამძვინვარებულ დათვებს, არამედ უბრალო სასჯელით დასაჯა და ასწავლა ღვთისმოშიშება, კეთილკრძალულება. ამას იმისთვის კი არ ვამბობ, რომ განვიკითხო წინასწარმეტყველის სიმკაცრე (ამისთანა უგუნურებისაგან ღმერთმა დამიფაროს!) არამედ გიჩვენოთ, რომ იაკობი, რომელსაც ელისეს მსგავსი ძალა ჰქონდა, მოქმედებდა ქრისტესა და ახალი აღთქმისეული სიმშვიდით.
ერთხელ შეიტყო, რომ ვინმე სპარსმა მსაჯულმა უსამართლოდ განსაჯა საქმე. მაშინ იაკობმა უბრძანა იქვე მდებარე ლოდს, უმცირეს ნაწილებად დამსხვრეულიყო, რათა ასე ემხილებინა მსაჯულის უსამართლობა. ამის მხილველნი შეძრწუნდნენ, ზარდაცემულმა მსაჯულმა კი თავისი გადაწყვეტილება სიმართლით შეცვალა. იაკობმა აქაც მიჰბაძა თავის უფალს: იესომ განიზრახა, ეჩვენებინა, რომ თუკი მოისურვებდა, ნებაყოფლობით ევნო, ადვილად შეძლო მტრების გაცამტვერება, მან კი დასაჯა უსულო ლეღვი, განახმო იგი და ამით გამოაჩინა თავისი ძალა (მათე 21, 18-22). ასევე იაკობმაც მიჰბაძა კაცთმოყვარე უფალს, არ დასაჯა უსამართლო მსაჯული, არამედ ქვის დამსხვრევით ასწავლა მას მართლმსაჯულება!
ამგვარი საქმეებით განდიდებული იაკობი, რომელიც ყველას უყვარდა, თავის სამშობლოში ეპისკოპოსად აირჩიეს. მთებში განმარტოება კი დაუტევა და თავის ნების საწინააღმდეგოდ ქალაქში დამკვიდრდა, მაგრამ მან არც ძველებური ცხოვრების წესი დაუტევა და არც ფიჩვის სამოსი, რომლითაც იყო შემოსილი, მხოლოდ შრომა მოემატა - ყველანაირი საზრუნავი გაჭირვებულებზე, ქვრივ-ობლებზე, მხილება მაწყენართა და სამართლიანი დაცვა განაწყენებულთა... წმინდა იკობს განსაკუთრებით უყვარდა ამგვარი საქმენი, ვინაიდან უყვარდა და ეშინოდა ამ ცხოვართა პატრონისა (უფლისა).
რაც მეტად შეიძენდა სათნოებათა სიმდიდრეს, მით უფრო მიიღებდა სულიწმიდის მადლს. ერთხელ, სოფელში თუ ქალაქად მიმავალს გლახაკები დახვდნენ, ერთი გლახაკი აჩვენეს, რომელსაც თავი მოემკვდარუნებინა და წმინდანს მისი დასამარხი ფული სთხოვეს. იაკობმა მისცა და ღმერთს ცრუმიცვალებულისთვის ცოდვათა მიტევება და მართალთა თანა შეერთება შესთხოვა. ლოცვისას ცრუმიცვალებულის სული გაფრინდა სხეულიდან. როგორც კი წმინდა კაცი წავიდა, გლახაკებმა კაცის წამოყენება სცადეს. ნახეს - სიცრუე სიმართლედ ექცათ და ნიღაბი ჩამოეხსნათ. დაეწივნენ იაკობს, მოინანიეს - ჩვენი სიგლახაკის გამო მოგატყუეთო, მერე ცოდვათა მიტევება და გარდაცვლილისთვის სულის დაბრუნება სთხოვეს. იაკობმა მიჰბაძა კაცთმოყვარე უფალს, მოახდინა სასწაული - ლოცვით დაუბრუნა სიცოცხლე ლოცვით მოკვდინებულ კაცს.
ვფიქრობთ, რომ ეს სასწაული მსგავსია პეტრეს სასწაულისა, როცა მან სიკვდილს მისცა ანანია და საპფირა, რომელთაც ფული დამალეს და პეტრეს მოატყუეს.
როცა არიოზი - მამა და შემთხზველი სიცრუისა უფლის მხოლოდშობილ ძესა და სულიწმიდაზე, თავისი მოძღვრებით წინ აღუდგა შემოქმედს, აღავსო ეგვიპტე შფოთით და მღელვარებით, ხოლო დიდებულმა კონსტანტინემ - ზორობაბელმა ჩვენი ფარისა (რამეთუ მან მსგავსად უცხო ქვეყნიდან გამოიყვანა ყველა ტყვე - მართლმადიდებელი) აღადგინა და ააშენა დაქცეული ღვთის ტაძრები, შეკრიბა ნიკეაში ეკლესიის ყველა წარმომადგენელი. ჭეშმარიტ დოგმათა დასაცავად სხვებთან ერთად მივიდა იქ იაკობიც, ვითარცა მეწინავე მებრძოლი ქრისტეს მეომართა ფალანგისა, ნიზიბია ხომ მაშინ რომაელთა ხელმწიფების ქვეშ იყო.
ამ დიდ კრებაზე (ეკლესიის პირველი მსოფლიო კრება) ბევრი საღად და კარგად მსჯელობდა (მცირედნი მართალი დოგმატების საწინააღმდეგოდ აზროვნებდნენ, თუმცა თავიანთი უწმინდურების გამჟღავნებას ვერ ბედავდნენ და მას ერთგვარი ეშმაკობით ფარავდნენ), წაკითხული იქნა აღსარება რწმენისა (მრწამსი), რომელიც შემონახული იყო და იქადაგებოდა იმ დროს მთელ მსოფლიოში და ბევრმა აღიარა ის როგორც სიტყვით, ისე წერილობითაც, რომ ასე სწამთ და ასე ფიქრობენ. ბევრი ამას სრული ხალისით აკეთებდა. ღვთისმგმობი არიოზის შვიდმა მომხრემ, თუმცა ენით და კალმით, ასევე დაამოწმა რწმენის სიმბოლო, მაგრამ სულში საწინააღმდეგოს ფიქრობდნენ. ანუ წმინდა წერილი ბრძანებს: ეს ხალხი ბაგით პატივს მომაგებენ მე, გული მათი კი შორს არის ჩემგან (გამოსვლა 29,18). იერემიასთან კი წერია: "მახლობელ ხარ შენ პირისა მათისა და შორს თირკმელთაგან მათთა". ასევე დავითი ბრძანებს: "პირითა მათითა აკურთხევდეს და გულითა მათითა წყევდეს (ფს. 61.5) "ლბილ იყვნეს სიტყვანი მათნი უფროს ზეთის და იგინი იყუნეს, ვითარცა ისრის პირნი" (ფს. 54.22). და აი, ამ შვიდმა კაცმა სთხოვა ალექსანდრეს, ალექსანდრიის ეპისკოპოსს, შეეწყალებინა მთელი კრებისაგან შეჩვენებული არიოზი. მაგრამ მან იცოდა მათი ფარისევლობა, არიოზის მზაკვრობა და ყური არ უგდო მათ თხოვნას. ზოგიერთმა არიოზისგან მოტყუებულმა გულუბრყვილომ ქება დაუწყო კაცთმოყვარეობის სათნოებას, ამტკიცებდა, - იგი სათნოა ყოველთა მეუფისათვისო. მაშინ დიდმა ალექსანდრემ უსამართლო კაცთმოყვარეობა გაუთანაბრა არაადამიანობას, რომელიც საზიანოა მრავალთათვის, მიუთითებდა, რომ იგი შეიძლება გამხდარიყო მთელი ქრისტეს სამწყსოს დაღუპვის მიზეზი, ხოლო იაკობმა ყველას ურჩია მკაცრი მარხვა შეენახათ და ამ მშვიდობიანი მარხვის განმავლობაში შევედრებოდნენ უფალს, მშვიდობა ებოძებინა ეკლესიისთვის. ყველამ მიიღო ამ ღვთაებრივი კაცის რჩევა. იცოდნენ, რომ იგი მოციქულებრივი მადლით ბრწყინავდა. მარხვას ლოცვა შეუერთდა. დადგა კვირა დღე. ბევრი იმედოვნებდა, რომ იხილავდა შეწყალებულ არიოზს. აღსრულდა ღვთაებრივი და მართლაც საკვირველი სასწაული. ფეხისალაგში შესულ არიოზს, ამ უწმინდურს ნაჭამთან ერთად გადმოუვარდა შინაგანი მისი (ნაწლავნი) და არაწმინდებას შეერია. თავად მკვდარი დაეცა მიწაზე. მან დიდი იაკობის ლოცვით დამსახურებული საზღაური მიიღო ამ მყრალ ადგილას ამაზრზენი ღვთისგმობისთვის. წმინდა წერილი სამართლიანად აქებს მღვდელ ფინეზს, რადგან მან განგმირა ბელფეგორი, მიზეზი ისრაელის ერის უბედურებისა. ამიტომაც მეფსალმუნე დავითი შეაქებს მას და ამბობს: "და დასდგა ფინეზ, ლხინობა ჰყო და დაეყენა სხვაი და შეერაცხა მას სიმართლედ თესლითი თესლამდე მიუკუნისამდე" (ფს. 105, 30-31). ფინეზმა იარაღით განგმირა მტერი, ხოლო იაკობისთვის, ფარისა და მახვილის ნაცვლად, საკმარისი იყო სიტყვა, რომლითაც განგმირა უწმინდური, რათა მას არ ენახა დიდება ღვთისა. ეს ერთიც საკმარისი იყო უწმინდური
არიოზის თანამოაზრეთა სამხილებლად, რამეთუ იაკობმა, ვითარცა მქადაგებელმა და დამცველმა ჩვენ მიერ პატივმიგებული დოგმატებისა, სიტყვის იარაღით განგმირა მამა უწმინდურებისა და სხვებიც აიძულა, ებრუნებინათ პირი ამ უგუნური უწმინდურებისგან.
წმინდა კრების შემდეგ თითოეული წარმომადგენელი თავის სამწყსოს დაუბრუნდა. დაბრუნდა იაკობიც, ვითარცა ბელადი და მძლეველი, ღვთისმოსაობის გამარჯვებით ნუგეშინისცემული.
ცოტა ხნის მერე გარდაიცვალა დიდებული და ღირსი საკვირველებისა, ღვთისმოსაობის გვირგვინით გამშვენებული მეფე კონსტანტინე; სახელმწიფოს მეთაურობა მემკვიდრეობით მის ვაჟებს გადაეცათ. მაშინ სპარსეთის მეფემ, შაფურმა, კონსტანტინეს ვაჟები მამის თანასწორად არ მიიჩნია და უთვალავი ქვეითი და ცხენოსანი ჯარით ნიზიბიის წინააღმდეგ გაილაშქრა, თან სპილოებიც მოიყვანა. ჯარი ქალაქის საიერიშოდ განამზადა, მან ააგო საალყო მანქანები, სიმაგრეები, გაამაგრა ხიმინჯები, მათ შორის ადგილი ტოტებით გადაღობა, ჯარს მიწაყრილები გააკეთებინა, საალყო კოშკები ციხესიმაგრის წინ დააყენა და მასზე მეისრეები განალაგა. მათ უბრძანა გალავანზე მდგარი მცველებისთვის ისრის სროლა, დანარჩენ ჯარს კი გალავნის განგრევა. ღვთისმოსავი კაცის ლოცვის გამო ამან შედეგი არ გამოიღო. მაშინ შაფურმა თავის ხალხს მეზობელი მდინარე კაშხლით გადააღობინა. ზღვადდამდგარი წყალი გალავანზე მიუშვა. კედელმა ვერ გაუძლო წყლის ნაკადს და ერთი მხარე სრულიად დაინგრა. სპარსეთის ჯარმა გამარჯვების ყიჟინა დასცა. მათ არა იცოდნენ რა უდიდესი მეოხის შესახებ, რომელიც ქალაქის მკვიდრთ იცავდა. სპარსელებმა ქალაქის აღება გადასდეს, რადგან ხედავდნენ, რომ წყლის სიუხვის გამო გალავანთან მიახლოება შეუძლებელი იყო. ცოტათი მოშორდნენ იქაურობას, შრომით დაღლილებმა თავს დასვენების უფლება მისცეს და თანაც ცხენებზეც იზრუნეს. ქალაქის მკვიდრთ მხურვალე ლოცვებით ღმერთს მიმართეს, შუამდგომელი ჰყავდათ, დიდი იაკობი.
ყველა, ვისაც შეეძლო, გულმოდგინედ შეუდგა დანგრეული კედლის აშენებას, მის მშვენიერებასა და სიკოხტავეზე არ უფიქრიათ, ამ ქაოსში ვისაც რითი შეეძლო, იმით აშენებდა: ქვით, აგურით... სამუშაო წარმატებით წარიმართა, ერთ ღამეში კედელმა ისეთ სიმაღლეს მიაღწია, რომ ცხენოსანთა შეჩერებასაც შეძლებდა და ქვეითებიც უკიბოდ ვერ ავიდოდნენ გალავანზე. მერე კი ქალაქელებმა ღვთის კაცს გალავანზე ასვლა და მტრისთვის ლოცვის ისრების დაშენა შესთხოვეს. მან შეისმინა მათი ვედრება, ავიდა ერთ-ერთ კოშკზე, დაინახა ურიცხვი მტრის ჯარი, უფალს შესთხოვა მათზე მოსკიტებისა და კოღოების ღრუბელი მიეშვა. უფალმა შეისმინა მისი ლოცვა, ვითარცა ადრე შეისმინა ლოცვა მოსესი და სპარსეთის ჯარი ღვთისგან გამოგზავნილი ისრებით მოიწყლა. ცხენებმა და სპილოებმა აღვირი გაწყვიტეს და გაიფანტნენ - ვეღარ გაუძლეს მწერების შემოტევას.
უწმინდურმა მეფემ დაინახა, რომ წყლის მიშვებაც უსარგებლო გამოდგა, რადგან დანგრეული კედელი მალე აღდგა, იხილა, რომ მთელი მისი ჯარი იტანჯებოდა განღებული ცითა და ზეითგან გამოგზავნილი სასჯელით, ასევე დაინახა ქალაქის გალავანზე მოსიარულე ღვთის კაცი და ჩათვალა, რომ ის, თვითონ რომის იმპერატორი იყო (მან გალავანზე მოსიარულე კაცი პორფიროსანი და დიადემით განმშვენებული იხილა), - გაბრაზდა მათზე, რომელთაც დაარწმუნეს, ნიზიბიაში იმპერატორი არ არისო. მრჩევლებს სიკვდილი მიუსაჯა, ჯარი უკან გაგზავნა და თვითონაც სწრაფად გაბრუნდა.
ასეთი კადნიერება ჰქონდა ღვთის წინაშე ამ ღვთის კაცს! ზეითგან ასეთი მადლის მიღების ღირსი შეიქნა იგი! ცხოვრობდა ამგვარად, დღითი დღე წარემატებოდა ღვთაებრივში (საგნებში). ბრძენმა და განათლებულმა მწყემსმთავარმა ნიზიბიაში მორწმუნეთა მოსამზადებელი სკოლა დააარსა, სადაც ერთ-ერთ მოძღვრად თვითონაც იყო. თავისი წმინდა ცხოვრებით და მაღალი ზნეობრივი თვისებებით წმინდანი დიდ გავლენას ახდენდა მრევლზე.
შემორჩენილია წმინდა იაკობის 18 სიტყვა სომხურ ენაზე, რომელიც მან სომხეთის განმანათლებელს, წმინდა გრიგოლს მისივე თხოვნით მისწერა. აქ დაწვრილებით არის საუბარი, სარწმუნოებაზე, მარხვაზე, ლოცვაზე, მკვდრეთით აღდგინებაზე, მწყემსთა მოვალეობაზე, წინადაცვეთაზე იუდეველთა წინააღმდეგ, საკვების ამორჩევაზე, ქრისტეზე, როგორც ღვთის ძეზე და სხვა მრავალ საკითხზე.
მან უდიდესი სახელით დატოვა ეს ცხოვრება და გადასახლდა ამქვეყნიდან (350 წელს). მერე, როცა ეს ქალაქი რომის მაშინდელმა მეფემ სპარსელებს დაუთმო, ადრინდელი მცხოვრებნი გამოვიდნენ ქალაქიდან, წამოასვენეს თავიანთი მფარველისა და მეთაურის სხეული, დამწუხრებული და გულმტკივანნი, თავიანთი გადასახლებით, უგალობდნენ და ადიდებდნენ ძლევამოსილი იაკობის ქველობას. მერე ამბობდნენ, რომ წმინდა იაკობი ცოცხალი ყოფილიყო, ნიზიბიელები ბარბაროსთა ხელში არ ჩაცვივდებოდნენ.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი