წმინდა აბრაამი დაიბადა რომის მესოპოტამიაში (ასურეთი) ედესის ახლოს III საუკუნის მიწურულს. წმინდანი შეძლებული ოჯახის შვილი იყო.
მშობლებმა იცოდნენ, რომ ახალგაზრდა აბრაამს უფლის განსაკუთრებული ძლიერი რწმენა და სიყვარული ჰქონდა და ამის მიუხედავად, მისი ნების წინააღმდეგ წავიდნენ და გადაწყვიტეს, დაეოჯახებინათ. საქორწინო ცერემონიალის დროს ის მოწყენილი იჯდა, მოულოდნელად უფალმა გონება გაუნათა და გადაწყვიტა, დაეტოვებინა ახალშერთული მეუღლე, მშობლები, ქონება და მთელი დარჩენილი ცხოვრება შემოქმედისთვის შეეწირა. ასეც მოიქცა, დატოვა მშობლიური კერა და ერთ უკაცრიელ ქოხში დაეყუდა. აქ მან პირველი შვიდი დღე მკაცრ მარხვასა და ლოცვაში გაატარა, თითქმის არაფერი უჭამია და უსვია, მხოლოდ ლოცულობდა. მშობლები მიხვდნენ, რომ უფალმა მათი ვაჟი აირჩია და სულის საცხონებლად სხვა გზა უჩვენია, ამიტომ შეეგუენ მისი ცხოვრების წესს. დროდადრო მიდიოდნენ და ქოხის პატარა სარკმლიდან წყალს და პურს უტოვებდნენ, რომ ნეტარს სხეული სულ არ დაუძლურებოდა. როცა მშობლები გარდაეცვალა, აბრაამმა მისი კუთვნილი მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა.
ედესის ახლოს იყო ერთი წარმართული სოფელი, რომლის ქრისტეს რჯულზე მოქცევას ამაოდ ცდილობდა იქაური ეპისკოპოსი. ედესის ეპისკოპოსისა და სამღვდელოების თხოვნით აბრაამმა ხუცესის ხარისხი მიიღო და ამ წარმართულ სოფელში დაიწყო მოღვაწეობა. სამი წელი დაუცხრომლად იღვწოდა წმინდა მამა კერპთმსახურთა განსანათლებლად, მოთმინებით იტანდა მათგან ყოველგვარ ლანძღვა-გინებასა და გვემას: ერთხელ უღმერთოებმა სასიკვდილოდ ნაცემი მოღვაწე მახლობელ ტყეში უპატრონოდ დააგდეს, მაგრამ, ღვთის წყალობით, გადარჩა. ყოვლადსახიერმა უფალმა მოწყალებით მოხედა თავის ერთგულ მსახურს - მისი ღვაწლი წარმატებით დაგვირგვინდა: წარმართებმა ირწმუნეს ქრისტე და ნეტარი აბრაამის ხელით მოინათლნენ.
ამის შემდეგ ღირსი მამა კვლავ ძველ სამოღვაწეო ადგილს დაუბრუნდა. ბოროტმა ფიცხელი ბრძოლა გაუმართა ღირს მოსაგრეს. ამ ბრძოლიდან აბრაამი ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა. ბოროტი ცდილობდა, ამპარტავნობის ვნებით დაეთრგუნა ღვთის სათნომყოფლის სული. ერთხელ, შუაღამით, როცა ღირსი აბრაამი თავის სენაკში ლოცულობდა, უეცრად იქაურობა ნათლით გაბრწყინდა და გაისმა: "ნეტარ ხარ შენ, ნეტარ ხარ, როგორც არავინ კაცთა შორის". წმინდანმა გულისხმაყო მტრის მანქანება და თქვა: "მე ცოდვილი კაცი ვარ, მაგრამ ჩემი უფლის შეწევნასა და მადლს ვსასოებ და შენი არ მეშინია". უსაზღვრო იყო წმინდანის თავშეკავება - მის მთელ ქონებას შეადგენდა: ქიტონი და ჯვალო, რომელიც ემოსა, ჯამი, რომლითაც საზრდელს იღებდა და ჭილოფი, რომელზეც ეძინა. წმინდანი სულ უფრო და უფრო მაღლდებოდა სულიერი სრულყოფის სა¬ფეხურებზე.
გარკვეული დროის შემდეგ აბრაამს ძმა გარდაეცვალა, რომელიც ქვრივი იყო და შვიდი წლის ობოლი ძმისწული მარიამი მას ჩააბარეს აღსაზრდელად. თავის ქოხთან ახლოს, პატარა ქოხში დააბინავა მარიამი და თავისი ქოხის სარკმლიდან აძლევდა სულიერ რჩევა-დარიგებებს. ამ სარკმლიდან შეასწავლა ღირსმა აბრაამმა მარიამს "დავითნი და სხუანი წიგნნი". უბიწო ასული ბიძასთან ერთად მარხულობდა, მღვიძარებდა, გალობდა "და ისწრაფდა აღსრულებად ყოველთა სათნოებათა".
აბრაამმა ძმისწულის მთელი ქონება ობლებსა და გლახაკებს განუყო და ცრემლით ევედრებოდა უფალს, "რაჲთა არა შეიკრას გონებაჲ მისი რომელითამე ქუეყანისა საქმითა და ზრუნვითა". "აღბორგდა ეშმაკი მის ზედა". ნეტარის სიყვარულით აღძრულმა, ერთმა ყმაწვილმა შეძლო წმინდა ქალწულის ცთუნება - მარიამმა გააღო სარკმელი, დატოვა ოთახი და "შეიგინა მის თანა მწჳრითა მით ურჩულოებისაჲთა". ცოდვის აღსრულების შემდეგ გონს მოსული ასული სასოწარკვეთილებამ მოიცვა, სახლში დაბრუნება ვერ გაბედა, სხვა ქალაქს მიაშურა და გარყვნილ ცხოვრებას მიეცა. ძმისწულის დაკარგვა რომ შეიტყო, აბრაამი მწარედ ატირდა და გულმოდგინედ ევედრა უფალს, დაეცვა იგი "პირისაგან ვეშაპისა". ორი წლის შემდეგ წმინდა მამამ მარიამის ადგილსამყოფელიც გაიგო, გამოვიდა ქოხიდან, ერისკაცის სამოსელი შეიმოსა და ქალაქს მიაშურა. საროსკიპოში შესულმა წმინდანმა მოითხოვა მარიამი "ქალი ქმნულ-კეთილი". "მოუწოდე მას, რაჲთა დღეს ვიხარო მის თანა, რამეთუ ფრიადისა ჰამბავისა მისისათჳს ვეტრფიალე მას". ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ "პირი მისი აღივსო ცრემლითა", მაგრამ თავი შეიკავა, "რაჲთა არა ცნას და ივლტოდეს". მაშინ ნეტარმა მამამ, "რომელმან ერგასისთა წელთა მონაზონებისა მისისათა პურისა გემოჲ არა იხილა და არცა ყოველთავე ღჳნისა. ჴორცი ჭამა და ღჳნოჲ სუა, რაჲთა იჴსნეს სული წარწყმედული". ტრაპეზთან განცხრომის შემდეგ, როცა მარიამმა ოთახის კარი ჩაკეტა, სარეცელზე ჩამომჯდარმა ღირსმა აბრაამმა თავისთან მოუხმო მას, მაგრა ჩასჭიდა ხელი, რომ არ გაქცეულიყო, შემდეგ კი ქუდი მოიხადა, გამოემცნაურა სულიერ შვილს და გოდებით უთხრა: "შვილო ჩემო, მარიამ, ვერ მიცანა? მე ვარ მამის ძმაჲ შენი აბრაჰამ! შვილო ჩემო და ნაწლევო ჩემო, არა მიცანა? მე ვარ, რომელმან განგზარდე შენ! რაჲ ესე ჰქმენ, შვილო ჩემო, ანუ ვინ მოგკლა შენ? სადა არს ხატი იგი შენი ანგელოზებრი, რომელი გემოსა შენ?. რაჲსათჳს არა მითხარ, ოდეს იგი სცოდე, შვილო ჩემო და მემცა ვევედრე შენ წილ ღმერთსა საყუარელსა ჩუენისა ეფრემის თანა. რაჲსათჳს ესე საქმჱ ჰქმენ? რაჲსათჳს ესრეთ დამაგდე მე და მწუხარებასა დიდსა შემაგდე მე, შვილო ჩემო?" შემდეგ კი შეუნანებელ ცოდვილთათვის განმზადებული ჯოჯოხეთის სატანჯველები და მონანულთა მიმართ ღვთის უსაზღ¬ვრო გულმოწყალება მოაგონა დაცემულს. მარიამს ეს რომ ესმა, "იქმნა ვითარცა ქვაჲ უსულოჲ ჴელთა შინა მისთა შიშისაგან და სირცხჳლისა". აბრაამმა დასძინა: "არარას მომიგება, შვილო ჩემო მარიამ, და არას მეტყჳა, ნაწლევო ჩემო, ჩემ ზედა იყავნ ცოდვაჲ ეგე შენი, შვილო ჩემო, მე სიტყუაჲ მიუგო ღმერთსა დღესა მას საშჯელისასა, მე ვინანდე ცოდვისა მაგის შენისათჳს, შვილო ჩემო", და შუაღამემდე ტირილით ევედრებოდა და შეაგონებდა მას. ბოლოს მარიამმა თქვა: "უკუეთუ უწყი, ვითარმედ შემძლებელ ვარ სინანულად და თუ შეიწყნაროს ღმერთმან სინანული ჩემი და მომიტევნეს მე ღმერთმან შეცოდებანი ჩემნი, აჰა ესერა, მოვალ, შეუვრდები და ვჰლოცავ შენსა სიწმიდესა და ჰამბორს უყოფ ფერჴთა შენთა, რამეთუ ესრეთ წყალობა ჰყავ ჩემთჳს და მოხუედ აქა, რაჲთა გამომიყვანო მე მწჳრისა ამისგან არაწმიდებისა". მან თავი წმინდანის ფეხებთან დადო და, სინანულითა და ღვთისადმი უსაზღვრო მადლიერებით აღსავსე, მთელი ღამე ტიროდა. როცა გათენდა, ბიძა-ძმისწული დაყუდების ადგილს დაუბრუნდნენ. აბრაამმა წმინდა მარიამი შიდა სენაკში შეიყვანა, სადაც ადრე თავად მოღვაწეობდა, თვითონ კი გარეთა სენაკში დამკვიდრდა.
"მიერითგან ნეტარი იგი ქალი ინანდა ძაძითა და ნაცრითა, სულ-თქუმითა და ცრემლითა მწარითა, აღმსთობითა და მღჳძარებითა დიდითა, მარხვითა და ცრემლითა, სიმდაბლითა და სიმშვიდითა შურებოდა გულსმოდგინედ და ინანდა მოსწრაფედ და ჰმადლობდა დაუცხრომლად". ფიცხელი ღვაწლისთვის უფალმა თავის რჩეულს ცოდვათა მიტევება და კურნების ნიჭი მიმადლა.
ნეტარი აბრაამის გარდაცვალების შემდეგ ღირსმა მარიამმა ხუთი წელი იცოცხლა და "გარდარეულად შურებოდა და ცრემლითა ევედრებოდა ღმერთს დღჱ და ღამჱ". როცა უფალმა წმინდა დედის სულიც შეივედრა, "პირი მისი. გაბრწყინდა, ვითარცა მზე".
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი