ძველი სტილით 22 ოქტომბერს (ახალი სტილით 4 ნოემბერს) მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მოციქულთასწორ ამბერკის, ჰიერაპოლისის ეპისკოპოსს იხსენიებს.
ის მეორე საუკუნეში, იმპერატორ მარკუს ავრელიუსის ზეობისას ფრიგიაში მოღვაწეობდა. ფრიგიის ჰიერაპოლისი თავდაპირველად თითქმის მთლიანად წარმართებით იყო დასახლებული და ნეტარი მამაც მხურვალედ ლოცულობდა მათი სულების საცხონებელ გზაზე მოსაქცევად, იმპერატორმა მარკუს ავრელიუსმა ბრძანა მთელი იმპერიის ტერიტორიაზე დღესასწაული გამართულიყო ღმერთების პატივსაცემად. ღმერთებისათვის მსხვერპლშეწირვაში მონაწილეობა ყველას, მათ შორის ქრისტიანებსაც უნდა მიეღოთ და ამით სახელმწიფო რელიგიისადმი პატივისცემა გამოეხატათ.
სანამ ჰიეროპოლისის მცხოვრებლები კერპებს შესაწირს სწირავდნენ და წარმართულ დღესასწაულში მონაწილეობდნენ, მათი მღვდელმთავარი ცრემლებით ლოცულობდა უფლის წინაშე უმეცარი სამწყსოს გამო. ლოცვის პასუხად ამბერკს უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უბრძანა, წარმართთა საკრებულოში მდგარი კერპები შეემუსრა. საღვთო შურით აღძრული ეპისკოპოსი ღამით შევიდა აპოლონის ტაძარში და ზეციური კურთხევა შეასრულა. როცა ინათა, კერპთმსახურებმა შეიტყვეს მომხდარი და წმინდა ამბერკის შესაპყრობად მეომართა რაზმი შეკრიბეს. კეთილისმყოფელებმა ამის შესახებ გააფრთხილეს წმინდა ამბერკი და ურჩიეს, სადმე დამალულიყო, მაგრამ იგი, ქრისტესთვის მარტვილობის სურვილით ანთებული, ქალაქის მოედანზე გავიდა და საჯაროდ ამხილა წარმართთა ცრუსარწმუნოება. უსჯულოები კიდევ უფრო გააფთრდნენ და კბილების ღრჭიალით გაიწიეს მისკენ, მაგრამ ამ დროს ბრბოში მდგარმა სამმა ეშმაკეულმა ჭაბუკმა უეცრად საზარელი ღრიალი მორთო. ხალხი დაფრთხა. წმინდა მღვდელმთავარმა კი ლოცვის ძალით ბოროტი სულები განდევნა ყმაწვილებისგან. ეს სასწაული რომ იხილეს, შემოკრებილი უღმერთოები გონს მოეგნენ, ერთობით ადიდეს ჭეშმარიტი ღმერთი, ფეხებში ჩაუვარდნენ წმინდა ამბერკის და სთხოვეს, ქრისტიანულ სარწმუნოებაში განესწავლა ისინი. მხოლოდ რამდენიმე ღვთისმებრძოლი განერიდა უჩუმრად იქაურობას. უფლის რჩეული გვიან საღამომდე ქადაგებდა, შემდეგ კი დალოცა ხალხი და უბრძანა, წმინდა ნათლისღებისთვის მომზადებულიყვნენ.
ამ დღიდან მოყოლებული, ეპისკოპოსი ამბერკი დაუბრკოლებლად აღასრულებდა მწყემსმთავრის უმძიმეს მოვალეობას, მას შემდეგ კი, რაც მომძლავრებული ეპიდემიის აღმოსაფხვრელად წმინდანის ლოცვით მიწიდან თბილმა და მაკურნებელმა წყაროებმა ამოხეთქა, მთელი ჰიერაპოლისი ქრისტეს სამწყსოს შეუერთდა. რამდენიმე ხანში საკვირველმოქმედ მღვდელმთავარს რომში მოუწოდეს, სადაც მან, ექიმების ყოველგვარი მოლოდინის საწინააღმდეგოდ, იმპერატორ მარკუს ავრელიუსის (161-180) სასიკვდილო სარეცელს მიჯაჭვული ასული განკურნა. ამის შემდეგ მადლიერმა თვითმპყრობელმა დაუყოვნებლივ შეწყვიტა ქრისტიანთა დევნა და წმინდა ამბერკის თხოვნით, თითოეული გლახაკი ჰიერაპოლისელისთვის ყოველწლიურად სახელმწიფო ხაზინიდან ხორბალი გამოყო.
გარდა ჰიერაპოლისისა, წმინდა მღვდელმთავარი ამბერკი ქადაგებდა სირიაში, კილიკიაში, მესოპოტამიაში, სადაც ურიცხვი ადამიანი მოაქცია ქრისტიანობაზე. დაუცხრომელი ღვაწლისთვის ნეტარს მოციქულთასწორი უწოდეს. წმინდა მამა მრავალი წლის მანძილზე იცავდა ეკლესიას ერეტიკოსებისაგან, განამტკიცებდა მაცხოვრის მსასოებელთა სარწმუნოებას, გზაშეცდომილებს წრფელ გზაზე აყენებდა, სნეულებს კურნავდა. ბოლოს კი, დაახლოებით 167 წელს, 72 წლისამ სული უფალს შეჰვედრა. წმ. ამბერკის ცხოვრება შედგენილია V ან VI საუკუნეში.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი