წმინდა ქალწული ოლიმპიადა შვილი გახლდათ კეთილშობილი და სახელგანთქმული მშობლებისა და იმპერატორ თეოდოსი დიდის ნათესავი იყო.
ყმაწვილქალობაში დაწინდეს ცნობილი დიდებულის ვაჟზე, მაგრამ სიძე ქორწინებამდე გარდაიცვალა და წმინდა ქალწულმაც გადაწყვიტა, სიცოცხლე წმინდად გაევლო. მალე მშობლებიც გარდაეცვალა და უამრავი ქონება დარჩა. ოლიმპიადამ ყველაფერი ღმერთს შესწირა: განამდიდრა ეკლესიები, ღარიბ-ღატაკები, ავადმყოფები, მწირები. ქვრივ-ობლები მას დედას ეძახდნენ, არასოდეს გამოდიოდნენ ხელცარიელნი მისი სახლიდან.
თეოდოსი დიდმა კეთილი ქალიშვილის თავის ნათესავ ელპიტეზე დაქორწინება გადაწყვიტა, მაგრამ ოლიმპიადას გათხოვება არ სურდა. მეფემ მრავალგზის ურჩია, უარი არ ეთქვა კარს მომდგარ ბედნიერებაზე, ელპიტე ხომ ცნობილი კაცი იყო. ოლიმპიადა კი პასუხობდა: - უფალს რომ სდომოდა ჩემი ქორწინება, ჩემს პირველ ქმარს არ წაიყვანდაო. ბოლოს, თეოდოსი გაბრაზდა და ბრძანა, მეურვეობა დაეწესებინათ ოლიმპიადას ქონებაზე, ვიდრე ოცდაათი წელი არ შეუსრულდებოდა. შესაძლოა მეფე ასე იმიტომ მოიქცა, რომ ამდენი მოწყალების გაცემით ქალიშვილი თვითონ ქცეული¬ყო გლახაკად.
ოლიმპიადას აკრძალული ჰქონდა ეკლესიებში სიარული, სულიერ მამებთან საუბარი. წმინდა ქალწული ყველა¬ფრისთვის მადლობდა ღმერთს, მეფეს კი მისწერა: "შენ გამოიჩინე ჩემდამი დიდი პატივი და მოწყალება, უბრძანე, ჩემთვის მძიმე ტვირთის - ჩემი სიმდიდრის შენახვა, მის გამო ადრე ბევრს ვზრუნავდი, ახლა კი მშვიდად ვარ. ჰოი, მეფეო, უფრო დიდ წყალობას მოიღებ ჩემზე, თუ მას ეკლესიებს და გლახაკებს გაუყოფ. ამით მეც მომაშორებ "მოწყალის" ცრუ სახელს და ამაო დიდებას. მე კი კეთილ სიმდიდრეს, საღმრთო სიმდიდრეს გავუფრთხიდლებიო".
მეფეს გაუკვირდა ოლიმპიადას გონიერება და თავისი ქონების განკარგვის ნება დაუბრუნა: - იმდენად სათნო და ღვთისმოყვარეა ეს ქალწული, ჩვენზე უკეთ იცის, როგორ გამოიყენოს ამსოფლიური სიკეთეო. მალე ოლიმპიადა დიაკონისად აკურთხეს, მან დაუტევა ამაო სოფელი და თავი ღმერთს მიუძღვნა.
როდესაც იოანე ოქროპირი, როგორც მღვდელმთავარი კონსტანტინოპოლში ჩავიდა, იქ შეხვდა რამდენიმე სათნო დედას, რომლებსაც თავი ღვთისმსახურებასა და ღარიბებზე ზრუნვას მიუძღვნეს. ეპისკოპოსი თვალყურს ადევნებდა მათ მოღვაწეობას, ეხმარებოდა რჩევებითა და თანადგომით. ერთ-ერთი მათგანი იყო ოლიმპიადა. იოანე ოქროპირი მას სწერდა: "შენ სიყმაწვილიდანვე აპურებდი ქრისტეს, როდესაც შიოდა; ასმევდი, როდესაც სწყუროდა; აცმევდი შიშველს, შინ მიგყავდა უცხო, უვლიდი სნეულს, ზრუნავდი ტუსაღებზე. შენ სახლის კარი გაუღე ყველა გაჭირვებულს, დედამიწის ყველა კუთხეში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებმაც შენი გულუხვობა გამოსცადეს".
ქალწული ოლიმპიადა ზეცისკენ ამყვანებელ გზაზე მოშურნეობდა და გამუდმებით საღვთო წერილის შემეცნებას ესწრაფოდა. ოლიმპიადა იყო უფლის რძალი, საღვთო სიტყვას მიდევნებული. იგი გამოირჩეოდა ჭეშმარიტი სიმდაბლით, ეხმარებოდა ღარიბ-ღატაკებს და ემსახურებოდა მათ. მან უხვად გასცა აურაცხელი სიმდიდრე. მისი წყალობის გარეშე არ დარჩენილა არც ერთი ქალაქი, დაბა, უდაბნო, კუნძული თუ სხვა ადგილი. მისი მონაგები ყველას ჰყოფნიდა: ეკლესიებსა თუ ლავრებს, მონასტრებსა თუ გლახაკთა და გადასახლებულთა თავშესაფრებს. სანაქებო დედამ მთელ სოფელში დათესა მოწყალების თესლი და სიმდაბლის ისეთ მწვერვალზე ავიდა, რომელზე მაღლა ასვლაც შეუძლებელია. არავის დაეძლია ისე ქედმაღლობის ვნება, როგორც მას. შესახედავად იყო უბრალო, თავისუფალი ყოველგვარი ფუჭი აღკაზმულობისგან. სხეული ჰქონდა გალეული, დადიოდა აუჩქარებლად, გული და გონება ჰქონდა მშვიდი, უყვარდა ღამისთევა და მღვიძარება, სული ჰქონდა წრფელი, სავსე უსაზღვრო სიყვარულით, მოწყალებას გასცემდა შეუსვენებლად, თავშეკავებას იჩენდა საზრდოს მიღებისას, იყო გამორჩეულად მმარხველი, გონება მუდამ მიმართული ჰქონდა ღვთისკენ. შეუძლებელია მისი ქველმოქმედების სიტყვით გამოთქმა. წმინდა დედას მომეტებული თავმდაბლობაც ამშვენებდა.ბოროტისაგან მოწევნილი არაერთი განსაცდელი დაითმინა წმინდანმა. მას მრავალი ცრემლი დაეღვარა გაჭირვებულებისათვის. უფლის მორჩილებას სხვებისადმი მორჩილებით ავლენდა, ემსახურებოდა ეპისკოპოსებს, პატივს სცემდა მღვდლებს, შეეწეოდა და ანუგეშებდა მონასტრებსა და საეპისკოპოსოებს, ზრუნავდა ქალწულებზე, ქვრივ-ობლებზე, უვლიდა მოხუცებსა და სნეულებს, იყო შეცთომილთა წინამძღვარი, გაჭირვებულთა შემწე. მან მრავალი ურწმუნო დედაკაცი დამოძღვრა და ღვთის გზაზე დააყენა, ბევრი გაათავისუფლა მონობისაგან. სამართლიანია ისიც ითქვას, რომ ეს ქალები თავიანთი ჩაცმულობით გარეგნულად უფრო წარჩინებულები ჩანდნენ, ვიდრე თავად. რადგან ისეთი ძველი და უბრალო ტანსაცმელი ემოსა, რომ ვერავინ იფიქრებდა, მას თუ არისტოკრატული წარმომავლობა ჰქონდა.
ნეტარი ოლიმპიადა იყო ყრმათა გამომზრდელი, არამიწიერი, მხურვალე მონანული. ამ დედას თვალებიდან ცრემლი წყაროსავით მოსდიოდა და გულს ცეცხლივით უდაგავდა. მართალი სარწმუნოების მსახურმა დაითმინა არაერთი ცრუ ბრალდება. წმინდა იოანე ოქროპირის კონსტანტინოპოლიდან გაძევებისას ოლიმპიადას მძიმე დრო დაუდ¬გა. წმინდა ოქროპირის სხვა თაყვანისმცემლებთან ერთად ოლიმპიადას წმინდა აია სოფიის ტაძრისა და სენატის დაწვა დააბრალეს. მტრები დევნიდნენ მას კონსტანტინოპოლიდან გაძევების შემდეგაც. საბოლოოდ, ეს საოცარი ადამიანი 410 წელს ნიკომიდიაში ტყვეობაში გარდაიცვალა. ნეტარი ნიკომიდიის ეპისკოპოსს გამოეცხადა და უბრძანა, მისი სხეული კიდობანში ჩაესვენებინათ და ზღვისთვის მიეცათ: "სადაც ტალღები გარიყავენ კიდობანს, დაე, იქ დაიკრძალოს ჩემი ცხედარიც", - უთხრა მან ეპისკოპოსს. წმინდა ნეშტი კონსტანტინოპოლის მახლობლად, ბიოქტად წოდებულ ადგილთან მიცურდა. აქაურმა მცხოვრებლებმა, რომლებსაც ზეგარდმო ეუწყათ ამის შესახებ, ზღვიდან კრძალვით გამოაბრძანეს წმინდანის ცხედარი და თომა მოციქულის სახელობის საყდარში დაფლეს. შემდგომ, ბარბაროსთა შემოსევის დროს, ეს საყდარი დაიწვა, მაგრამ ღირსი დედის ნაწილები უვნებელი დარჩა. პატრიარქ სერგის (610-638) დროს წმინდა ნაწილები კონსტანტინოპოლში გადაასვენეს და თავად წმინდა ოლიმპიადას მიერ დაარსებულ დედათა მონასტერში დააბრძანეს.
.................................
აქვე წაიკითხეთ:
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი - შეგონებანი ოლიმპიადას
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი