ნეტარი დედა დაახლოებით 812 წელს იშვა კუნძულ ეგინაზე. დედამისი მშობიარობიდან მცირე ხანში გარდაიცვალა, მღვდელმა მამამ კი გოგონა აღსაზრდელად ნათლიას ჩააბარა, თავად კი ბერად აღიკვეცა.
წმინდა ქალწული ღვთისმოშიშებით აღიზარდა და სრულწლოვანებამიღწეული ეგვიპტის ყველაზე წარჩინებულ კაცზე დაინიშნა, მაგრამ რადგან მისი ერთ-ერთი ძმა არაბ ყაჩაღთა თავდასხმას ემსხვერპლა, ოჯახი იძულებული შეიქნა, საცხოვრებლად თესალონიკს გადასულიყო.
რამდენიმე წელიწადში თეოდორა გათხოვდა და მალე გოგონას, შემდეგ კი - კიდევ ორი შვილის დედა გახდა, მაგრამ სამი შვილიდან ორი ყრმობაშივე დაკარგა.
მაგრამ თეოდორა სასოწარკვეთას არ მისცემია, ანუგეშებდა და მოუწოდებდა, - ამიერიდან ჩვენი ექვსი წლის გოგონა უფალს ვუძღვნათ და წმინდა ლუკას სახელობის მონასტერს მივცეთო.
ქმრის გარდაცვალების შემდგომ თეოდორაც განეკრძალა ამა სოფლის ამაოებას და წმინდა სტეფანეს სახელობის სავანეს მიაშურა, რომლის წინამძღვარიც მისი ნათესავი, ანა იყო, წმინდა ხატთა დაცვისას რომ დაზარალდა. ამ უკანასკნელმა, რომელსაც ახალგაზრდა ქვრივის გადაწყვეტილების სიმტკიცე ეეჭვებოდა, თეოდორას თავიდან უნდობლად შეხვდა: - აქაურ განსაცდელებს ვერ გაუძლებს და უკან გაბრუნდებაო და ყოველნაირად გამოსცდიდა, მაგრამ ბოლოს მის ნებას დაჰყვა და სავანეში მიიღო.
თეოდორა საკვირველი მოშურნეობით შეუდგა თავის ღვაწლს და მორჩილად მსახურებდა წინამძღვარსაც და მონასტრის სხვა ბინადართაც, ხოლო როდესაც ამსოფლიური სული შემოუტევდა, თავს მყისვე აღსარებით განიკურნავდა და თავი კაცთა შორის ყველაზე უღირსი ეგონა.
იმ დროისათვის მიიცვალა წმინდა ლუკას სახელობის სავანის იღუმენია, სადაც თეოდორას ქალიშვილი, თეოპისტა იღვწოდა. იგი წმინდა სტეფანეს სავანეში მიიღეს და დედის, - თეოდორას სენაკში დააბინავეს.
ეშმაკმა ამით თეოდორასთვის მახის დაგება და მასში დედობრივი გრძნობების გაღვივება სცადა.
დედა ანამ გულისხმაჰყო, რომ ამ განსაცდელს დედა-შვილის დაბრკოლება შეეძლო, თან თეოდორას სენაკში იმ დროს შეუსწრო, როდესაც ქალიშვილის სამოსს აწესრიგებდა და მაცხოვრის სიტყვა შეახსენა: - "რომელსა უყუარდეს მამაი ანუ დედაი უფროის ჩემსა, არა არს იგი ჩემდა ღირს; და რომელსა უყუარდეს ძე ანუ ასული უფროის ჩემსა, იგი არა არს ჩემდა ღირს." (მათე, 10, 37), შემდეგ ერთურთთან ყოველგვარი ურთიერთობა აუკრძალა.
თხუთმეტი წლის მანძილზე მორჩილად აღასრულებდა დედა-შვილი იღუმენიას განჩინებას, თუმცა, კვლავ ერთ სენაკში ცხოვრობდნენ, იღვწოდნენ და ტრაპეზობდნენ.
ამ ჟამის გასრულების შემდეგ თეოდორა მძიმედ დასნეულდა, იღუმენიამ კი მონაზონთა ვედრება შეიწყნარა თეოპისტას დედასთან საუბრის უფლება მისცა, თუმცა, ორივემ იგრძნო, რომ ერთურთის მიმართ განსაკუთრებული, მხოლოდ დედა-შვილისთვის ჩვეული მიჯაჭვულობა აღარ აკავშირებდათ, ოდენ ქრისტესმიერი ერთობა და სიყვარული.
როდესაც თეოდორას ორმოცდათექვსმეტი წელი შეუსრულდა, თესალონიკის მთავარეპისკოპოსმა თეოპისტა მონასტრის იღუმენიად ღრმად მოხუცებული ანას ნაცვლად დაადგინა (სხვა წყაროს თანახმად, სავანის იღუმენიად ანას გარდაცვალების შემდეგ თეოდორას დაასხეს ხელი, თეოპისტას კი - მისი გარდაცვალების შემდგომ).
ნეტარი დედა, რომელიც საკუთარი ქალიშვილის სულიერ შვილად იქცა, ისევე ჰმორჩილებდა, როგორც უწინდელ წინამძღვარს.
სამოცდაათი წელი რომ შეუსრულდა, თეოდორა ყოველგვარი მორჩილებისაგან გათავისუფლდა, თუმცა, დედებს შეძლებისდაგვარად შეეწეოდა - ხან ფარულად ეზიდებოდა წყალს, ხანაც სხვათაგან დაწუნებული მასალით წნავდა თოკებს.
ხოლო როდესაც 892 წელს მიიცვალა, მის დანაოჭებულ სახეს თითქოს ახალგაზრდობა დაუბრუნდა, არამიწიერმა ნათელმა გააბრწყინა და იქაურობა საკვირველმა კეთილსურნელებამ აღავსო.
ნეტარი თეოდორას გარდაცვალების შემდგომ მისი სამარის კანდელიდან ზეთი განუწყვეტლივ გარდამოედინებოდა და მრავალს კურნავდა.
მირონმდინარებდა მისი ხატიც, რის გამოც წმინდა თეოდორა, წმინდა დიმიტრის მსგავსად, მირონმდინარედ იწოდება.
1430 წელს, თესალონიკის დაპყრობის შემდგომ თურქებმა ნეტარი დედის სამარე დაამსხვრიეს, მისი უხრწნელი სხეული კი - დაანაწევრეს, თუმცა, ღვთის შეწევნით, ქრისტიანებმა ისინი კვლავ მოიძიეს და გაამთლიანეს და იმ მონასტერში დააბრძანეს, რომელიც დღემდე წმინდა თეოდორას სახელს ატარებს.
* * *
წმინდა ნიკოდიმოსის სვინაქსარი ორ თეოდორა თესალონიკელს განარჩევს: - მასზე, ვისი ხსენების დღესაც წმინდა ეკლესია დღეს ზეიმობს, ვის შესახებაც უძველესი სვინაქსარები მოგვითხრობენ და იმ თეოდორაზე, ვისი ცხოვრებაც საიდუმლოებითაა მოცული და ოდენ ის ვუწყით, ვისი სხეულიც გარდაცვალების შემდგომ სასწაულებრივად გადაადგილდა. თუმცა, არსებობს სხვა თეოდორაც, რომელსაც ეკლესია 29 აგვისტოს იხსენიებს.
შესაძლოა, ეს ერთი და იგივე წმინდანია, რომლის აგვისტოში მოხსენიება მის წმინდა ნაწილთა გადაბრძანებას უკავშირდება.
წმინდა თეოდორას უმთავრესი დღესასწაული 3 აგვისტოს ემთხვევა, რომელსაც განსაკუთრებულად სწორედ თესალონიკში აღნიშნავდნენ.
* * *
ამავე დღეს არის ხსენება მღვდელმოწამისა ალექსისა (კროტენკოვისა), პრესვიტერისა (+1930), მღვდელმოწამისა ნიკოლოზისა (სიმოსი), პრესვიტერისა (+1931)
* * *
ამავე დღეს არის ხსენება წმინდისა მოწამისა თერმისა, ცეცხლში დამწვარისა, დისა მისისა და მსახურისა მისისა, რომელთაც თავნი წარჰკვეთეს
* * *
ამავე დღეს არის ხსენება პომპიასი, მახვილით განგმირულისა
* * *
ამავე დღეს არის ხსენება წმინდისა მოწამისა ზინონისა, რომელი შთააგდეს ფისში, შემდგომ - ცეცხლში, განგმირეს მახვილით და კოცონზე დაწვეს (IV-V)
* * *
ამავე დღეს არის ხსენება წმინდათა მოწამეთა მაქსიმესი და ტერენტისა, მახვილით განგმირულთა
* * *
ამავე დღეს არის ხსენება ხუთი ლესბოსელი ქალწულისა, მახვილით განგმირულთა (II)
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი