წმინდა პეტრე VIII-IX საუკუნეების მიჯნაზე ცხოვრობდა. მთელი მისი ცხოვრება ღვთისმადლის გამოვლინება იყო, დაწყებული მისი სასწაულებრივი დაბადებისა,
მისი მშობლები ხომ დიდი ხნის მანძილზე, ვიდრე სიკვდილამდე უშვილონი იყვნენ. ის ადრეულ წლებიდანვე მკაცრად მარხულობდა და მოუკლებლად ლოცულობდა. ერთხელ მის წინაშე თავისით გაიღო ეკლესიის კარი, რომელიც კეთილმოკრძალებული ყმაწვილის შურით მნათემ დაკეტა. 18 წლის ყმაწვილი შვიდი დღის განმავლობაში უსმელ-უჭმელი ჩაიკეტებოდა ხოლმე. რის მერეც მას ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და მონაზვნური ცხოვრებისკენ მოუწოდა.
ღვთისმშობელმა პეტრე ფრიგიის და ბითინიის საზღვარზე მოსაგრე მეუდაბნოე პავლესთან მიიყვანა, რომელმაც წმინდანი მონაზვნად აღკვეცა და მძიმე გამოცდების შემდეგ მღვდლად ხელი დაასხა. თავის სულიერ მამასთან ერთად ღირსმა პეტრემ წმინდა მიწა მოილოცა. ისინი ადიდებულ მდინარე გალოსზე ისე გადავიდნენ, როგორც ხმელეთზე, შემდეგ კი მდინარე, რომელიც მოსახლეობას ნათესებს უფუჭებდა, ლოცვის ძალით თავის კალაპოტში დააბრუნეს.
ამის მერე მოსაგრენი მოსალოცად წავიდნენ, რამეთუ პავლემ ღვთისაგან გამოცხადება მიიღო, რომ დაეტოვებინა დაყუდებული ცხოვრება და ატროეს ველზე, ბითინიის ოლიმპოს ძირში კინოვიური მონასტერი დაეარსებინა წმინდა ზაქარია წინასწარმეტყველის სახელზე. ის დაემორჩილა ღვთის ნებას, შეკრიბა საძმო, რომელთაც ის სიმშვიდისა და გულმოწყალების სულით მართავდა, ასწავლიდა ძმებს ერთმანეთის ტვირთი ეტვირთათ. ღირსი პეტრე თითოეული გამოცდისას მორჩილებას აჩვენებდა, როცა მოძღვარმა უბრძანა თავისი სამღვდელო შესამოსელი ცეცხლში შეეგდო, მან ეს უყოყმანოდ გააკეთა. პავლეს სიკვდილის შემდეგ (806 წელს) მორჩილებით, საკუთარი ნების წინააღმდეგ იტვირთა მონასტრის ხელმძღვანელობა. მას მერე წმინდა პეტრემ უფრო გაამკაცრა მოსაგრეობა: წესად დაიდო და აღარ იღებდა პურს, ღვინოს, ზეთს და მხოლოდ ბოსტნეულით იკვებებოდა. თან უხეში მატყლისაგან მოქსოვილი სამოსი ეცვა, რომლის ქვეშაც სხეულზე ჯაჭვები ჰქონდა შემორტყმული. მთელი ღამე ლოცულობდა, ფსალმუნებს მთლიანად კითხულობდა. ამგვარად სულიერად შეიარაღებული მწყემსავდა, სულიერ შვილებს, ვიდრე ხატმებრძოლი ლეონ V სომეხი ავიდა სამეფო ტახტზე.
საეკლესიო გარდამოცემის ერთგულ მონაზვნებს ყველგან დევნიდნენ და ათასნაირად აწამებდნენ. მათ მოუწიათ მთებში და უდაბურ ადგილებში გაქცევა, პატარა ჯგუფებად ერთი ადგილიდან მეორეზე გადადიოდნენ, როგორც კი საფრთხეს შენიშნავდნენ. ამგვარი მწირი, მოხეტიალე ცხოვრება განდეგილებს მოუხელთებლებად აქცევდა და ქრისტეს აღმსარებლებს რწმენაში განამტკიცებდა რათა უფრო მკაცრი თავშეკავებით, ლოცვითა და მყუდროებით მოწამებრივი აღსასრულისთვის მომზადებულიყვნენ. წმინდა პეტრემაც თავისი მონაზვნები, ორ-ორ ან სამ-სამ კაცად გაუშვა, თვითონ კი ერთ მოწაფესთან ერთად მცირე აზიის ცნობილი სიწმინდეების მოსალოცად წავიდა. გზად მისი ლოცვით მრავალი ადამიანი განიკურნა ხორციელი და სულიერი სნეულებებისგან.
კვიპროსის მონახულების შემდეგ წმინდა პეტრე ოლიმპოზე დაბრუნდა, და თავისი მოწაფეები ქრისტესადმი სასოებაში განამტკიცა. ერთხელ, როცა მაცხოვრის ხატის წინ ლოცულობდა, უეცრად უფლის სახე გაბრწყინდა და რძის მსგავსი წვეთებით დაიფარა, ღმერთმა ამგვარი იდუმალი სახით გამოაჩინა თავის წმინდა ხატებზე მყოფობა.
წმინდა პეტრე ხან ერთ მღვიმეში ცხოვრობდა, ხან მეორეში და დაყუდებულ ცხოვრებას მოციქულებრივ ქადაგებას შეუერთებდა, მან მოიარა იპნოსი, ასია და შემდეგ მშობლიურ ქალაქ ელეაში დაბრუნდა. აქ მან მონაზვნად აღკვეცა საკუთარი ძმა, რომელიც მისი ერთგული ამხანაგი და მონასტრის იკონომოსი გახდა, დედამისიც სიკვდილის წინ აღიკვეცა მონაზვნად, მალე მონაზვნები გახდნენ მისი ოჯახის დანარჩენი წევრებიც. სადაც უნდა წასულიყო, ყველგან თან სდევდა უამრავი აღსრულებული სასწაული: კურნება, ეშმაკთა განდევნა, სასწაულმოქმედი წყაროების აღმოცენება, წინასწარმეტყველებანი, ნიშ-სასწაულნი, რომელიც მართლმადიდებელ სარწმუნოებას ამტკიცებდა, რომელმაც უარყო ხატთმებრძოლობის ერესი. ის ნახულობდა გადასახლებულებს, და თავისი სასწაულებით განამტკიცებდა ჭეშმარიტ სარწმუნოებაში. დიდი სიხარულით და შემწყნარებლობით იღებდა მათ სინანულს, რომლებმაც გარემოებათა გამო ეს ერესი მიიღეს. ლამარიის ეგზარქოსის ჯარისკაცებმა წმინდა პეტრე შეიპყრეს და გაშოლტეს. წმინდანმა მორჩილად დაითმინა ტკივილები და არ შეეწინააღმდეგა ბოროტებას. მაგრამ როცა ჯალათები მისი ძმის ტანჯვას შეუდგნენ, წმინდა პეტრეს ლოცვით უფლის ანგელოზი გარდამოვიდა და დასაჯა ჯარისკაცები.
როცა მიქაელ II-ის მეფობისას დევნა რამდენადმე ჩაქრა, წმინდა პეტრემ კვლავ შეკრიბა წმინდა ზაქარიას მონასტრის მკვიდრნი და თვითონ კი ლიდიაში კალონ ოროსის მთაზე განმარტოებულ კელიაში დასახლდა. აქ მან დედათა სავანე დააარსა და მოწაფეებს ცხოვრების წესი შეუცვალა თავისსავე ვალანტინის (კალონ ოროსის სიახლოვეს) და წმინდა პორფირეს (აპოლონიას ტბასთან) მონასტრებში. ამგვარად, წმინდა პეტრე რამდენიმე მონასტრის სათავეში აღმოჩნდა, რომელთაც ის ერთდროულად მართავდა, უფრო მეტად ღვთაებრივი ნიჭითა და სასწაულებით, ვიდრე ადამიანური ძალისხმევით. სასწაულები კი იმდენი იყო, რომ ზოგიერთმა ეპისკოპოსმა და იღუმენმა დააბრალეს, ეშმაკის დახმარებით ახდენს ამ სასწაულებსო. მაშინ წმინდა პეტრემ დასახმარებლად წმინდა თეოდორე სტუდიელს მიმართა, რომელიც გადასახლებაში იმყოფებოდა. მცირე ხნის გასაუბრების შემდეგ წმინდა თეოდორემ ღირს პეტრეს ღიად დაუჭირა მხარი.
იმპერატორ თეოფილეს გამეფების შემდეგ ხატთთაყვანისმცემელთა დევნა განახლდა. ღირსი პეტრე იძულებული გახდა, თავისი სამწყსო დაეშალა და რამდენიმეკაციან ჯგუფებად ტყეებსა, მთებსა და უდაბნოებში გაეშვა, თვითონ კი მოხეტიალე ცხოვრებას დაბრუნებოდა, ხან ერთის დასახმარებლად მიდიოდა, ხანაც მეორესი. მით უმეტეს, რომ მან სულში სიმშვიდე შეინარჩუნა და სულიერი სიბრძნით წარმართავდა თავის მოწაფეთა ცხოვრებას. იგი სულიერი ჭვრეტით ხედავდა სხვა ადამიანების გულისთქმებს და მხოლოდ მაშინ ამბობდა, თუკი ამას მისი სულიერი შვილებისთვის სიკეთის მოტანა შეეძლო და მათ სინანულში მოაქცევდა.
სამოცდასამი წელი მოსაგრეობდა წმინდა პორფირეს მონასტრის სიახლოვეს კელიაში, და მას მერე, რაც რამდენჯერმე სხვები განკურნა, საკუთარი თავიც განკურნა, არა იმიტომ, რომ ცხოვრების წლები გაემრავლებინა, რამეთუ ის უკვე კაი ხანია სულით ზეციური ქვეყნის მკვიდრი იყო, არამედ იმიტომ, რომ ღირსი იოანიკე დიდი ენახა. როცა ისინი შეხვდნენ ერთმანეთს, ერთობა სულისა და მასზე განსვენებული მადლი იმგვარი იყო, რომ ერთი კაცი გეგონებოდა უფლისა მიერ. ღირსმა მამებმა სულიერ ჭვრეტაში ერთად რამდენიმე დღე გაატარეს.
შემდეგ წმინდა პეტრემ სულიერ შვილებს უკანასკნელად უანდერძა, დაემარხათ მართლმადიდებლური რწმენა, უკან არ დაეხიათ სულიერ ბრძოლაში და სიხარულით დაეთმინათ განსაცდელები და დევნა. ამის მერე წმინდანი ვალანტიის მონასტრის სიახლოვეს მდებარე ვალანტიის მონასტერში განმარტოვდა, სადაც მშვიდობიანად აღესრულა 837 წლის 1-ლ იანვარს. ამ დღეს წმინდანი დიდი ხანია უკვე აღნიშნავდა როგორც განსაკუთრებულ დღესასწაულს, რამეთუ უფლისაგან იცოდა, რომ ის იყო მისი ამქვეყნიდან გასვლის დღე.
წმინდა პეტრეს საფლავი, ისევე როგორც სიცოცხლეში წმინდა პეტრე, ახლაც სასწაულქმედების და ყოველგვარ სნეულებათაგან კურნებათა წყაროდ იქცა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი